გასართობიზღაპრებისაკითხავი

ქალიშვილებზე მონადირენი (ნაწილი 4)

იხილეთ სრულიადში 

იმავ წამს გვერდითა ოთახიდან ლაურას ხმა მოისმა:

– შეიძლება შემოვიდე?

– ო, რა თქმა უნდა.

– მაიკ, უსიამოვნებები გაქვს? – ის სკამზე ჩამოჯდა და ფეხი ფეხზე გადაიდო, – ჩამბერსი სულ შენზე მელაპარაკებოდა, ეტყობა, ვერ გიტანს.

– ადრე მეგობრები ვიყავით, ახლა კი…

– მეგობრობაც დროებითია, ჩემო კარგო. ჯერ ბავშვობის მეგობრები გვყავს, მერე – სკოლის, მერე – სტუდენტობის წლების, ბოლოს კი შეიძლება ძველი მეგობრები მტრებადაც კი გვექცნენ. 1945 წელს რუსეთი ჩვენი მოკავშირე იყო, გერმანია და იაპონია კი – მტრები. ახლა? ახლა ყველაფერი პირიქითაა.

– თურმე პოლიტიკაშიც ერკვევი, – გამეღიმა.

– ეს ლეოს დამსახურებაა. სენატორის მეუღლე ძალაუნებურად პოლიტიკაშიც ჩახედულია. მაიკ, რა მაინტერესებს, შენი და ჩამბერსის მტრობა იმ ქალს უკავშირდება, რომელზეც ადრე მიყვებოდი? როგორც ჩანს, ის ორივეს გიყვარდათ…

– ალბათ – მხოლოდ მე. პატს ის მკვდარი ჰგონია და ამაში მე მადანაშაულებს.

– არადა ცოცხალია?

– ჯერ არ ვიცი და ვცდილობ, გავარკვიო. თუ ცოცხალია, ვიპოვი, თუ მკვდარია, მის მკვლელს ვიპოვი და ვაზღვევინებ.

– მესმის შენი, მაიკ. იგივე გრძნობა მეც დამეუფლა, როცა ლეო მოკლეს. ის დიდი ადამიანი იყო და უმიზეზოდ გამოასალმეს წუთისოფელს.

– მე ლეოს მკვლელსაც ვიპოვი და გავუსწორდები.

– არა, მაიკ! ამას თავად ვიზამ, ოღონდ შენ იპოვე.

– ისე, გამოძიების უფლებამოსილება არც მაქვს.

– მაგრამ არ გაჩერდები, ხომ?

– მიზანში მოახვედრე, პატარავ.

ლაურამ ჩაიცინა:

– მე შენ იმ ქალის მოძებნაში დაგეხმარები, შენ კი ლეოს მკვლელი მაპოვნინე. მაიკ, მე მდიდარი ვარ და შეგიძლია ჩემი ფულით ისარგებლო. ხვალ 5 000 დოლარს გამოგიგზავნი, დანარჩენი კი მერე იქნება. იცოდე, რომც არაფერი გამოგივიდეს, შენდამი პრეტენზიები არ მექნება.

– ლეო ძალიან გიყვარდა?

– ისევე, როგორც შენ შენი ქალი, – ლაურა წამოდგა, – ჩემი წასვლის დროა…

– რა გეჩქარება?

– მაიკ, ხომ მოხვალ ჩემთან?

– აუცილებლად.

კარამდე რომ ვაცილებდი, იქვე დაგდებულო წერილის ნაგლეჯს მოვკარი თვალი, “საყვარელო მაიკ…”–ით რომ იწყებოდა და წამით სირცხვილიც ვიგრძენი და დანაშაულიც…

›* * *

და რიკერბაი ბარ “მორიარტიში” ვისხედით და ცივ ლუდს ვსვამდით.

– რამე გაიგე? – შევეკითხე და კათხა მაგიდაზე დავდგი.

– რა თქმა უნდა.

– მაშინ მოყევი.

– ომის დროს რიჩი ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იყო.

– კონკრეტულად?

– ის მე–17 ჯგუფს ხელმძღვანელობდა, სახელწოდებით “ბატერფლაი–2”.

– ეს საერთაშორისო შპიონაჟის გერმანული სისტემა უნდა იყოს, პირველი მსოფლიო ომიდან დაწყებული.

– მიკვირს, ეს რომ იცი.

– ნუ გიკვირს. მეგობრები ყველგან მყავს.

– გყავდა.

– ახლაც მყავს.

– მაიკ, როცა რიჩი შინ იყო, ზოგჯერ შენს ველდას ხვდებოდა. ისინი ომის დროიდან იცნობდნენ ერთმანეთს. ბოლოს რიჩიმ ის პარიზში ნახა ომის დამთავრების წინ. იმ დროს რიჩი უკვე მუშაობდა “ბატერფლაი–2″–ში. ამ საიდუმლო ორგანიზაციის მიზანი ჰერალდ ერლიხის განადგურება იყო, რომელიც თავის მხრივ 1920 წელს დაარსებულ ჯაშუშურ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა და რომელიც გერმანიის გენერალურ შტაბსაც არ ემორჩილებოდა და მთელი მსოფლიოს დაპყრობას ჰიტლერის ჩაურევლადაც კი აპირებდა.

– გაგიჟდი?!

– სულაც არა. 1919 და 1941 წლებში დაწყებულ ომებში ბევრი ქვეყანა მონაწილეობდა, ახლა კი რეალურად რამდენი ვართ?

– ორი. ჩვენ და რუსეთი.

– გმადლობთ. ორნი დავრჩით და ერთმანეთს მამასისხლად გადავემტერეთ.

– მერე ამ ყველაფერთან ველდას რა კავშირი აქვს? შენი აზრით, ის ამ ორგანიზაციის წევრია?

– ვშიშობ, რომ კი.

– მერედა რიჩი სიკვდილის წინ რაზე მუშაობდა?

– ეს მისი ჩვეულებრივი სამუშაო იყო ოქროს კონტრაბანდასთან დაკავშირებით.

– დარწმუნებული ხარ?

– უეჭველად.

– ამ ერლიხს რაღა მოუვიდა?

– ჩაძაღლდა ან აორთქლდა. არავინ იცის.

– ვინმეს ეცოდინება… სპეცსამსახურებს ასეთი რანგის ჯაშუში არ გამოეპარებოდათ.

– ალბათ. ისე, უკეთესი იქნებოდა, თუ ეს ყველაფერი შენ არც გეცოდინებოდა.

მცირე ფიქრის შემდეგ ჯიქურ შევეკითხე:

– არტ, “დრაკონი” რა არის?

– რას მეკითხები, მაიკ? – ვითომ ვერ გაიგო კითხვა.

– “დრაკონზე” გეკითხები.

არტმა სათვალე მოიხსნა და შევნიშე, ხელები რომ უკანკალებდა:

– შენ საიდან გაიგე?

– დიდი საიდუმლოა?

– უდიდესი!

– ნუ სულელობ, არტ, თქვი, რა იცი.

– “დრაკონი” ორი პარტნიორისგან შედგება: კბილისგან და ფრჩხილისგან და დამსჯელთა ჯგუფის კოდური სახელწოდებაა.

– არ მატყუებ?

– შემიძლია ბევრი ცნობილი გვარი დაგისახელო, ვინც ამ ჯგუფს ემსხვერპლა. ახლა შენ მითხარი, რა იცი “დრაკონის” შესახებ?

– მან რიჩი მოკლა, ახლა კი ველდას განადგურებას აპირებს.

– შენ რა იცი?

– რიჩიმ მითხრა სიკვდილის შინ, – მივუგე დაბეჯითებით.

– შენ არაფერი იცი, – განაცხადა რიკერბაიმ, – როცა მათი საკუთარი ხალხი ნდობას კარგავს, ისინიც სამიზნედ იქცევიან. ასე რომ, ფრთხილად იყავი, შენც “დრაკონის” სამიზნე არ გახდე.

– არ გამიკვირდება.

– კიდევ რა იცი?

– რიჩიმ ისეთი რაღაცა მითხრა, რაც დამეხმარება, მის მკვლელს რომ გავუსწორდე.

– მერედა რას ითხოვ ამ ინფორმაციის სანაცვლოდ?

– იარაღის ტარების ოფიციალურ ნებართვას.

– როგორც ადრე გქონდა?

– ჰო. როგორც ადრე.

ჰიუ გარდნერი თავის კაბინეტში მარტო დამხვდა. ჩვენ ერთმანეთს მივესალმეთ, მერე სკამზე ჩამოვჯექი, ის კი შემეკითხა:

– მაიკ, როგორ მიდის საქმე?

– მგონი, წინ მიიწევს. შენ თუ გაიგე რამე?

– გავიგე, ბენი ჯოს დაწესებულებაში ხმაური რომ აგიტეხიათ, – გაიცინა მან.

– ვინ მოგიყვა?

– ბეილისმა.

– კიდევ რა თქვა?

– როგორ იმოგზაურეთ და, მგონი, ვიღაცის ნასროლი ტყვია აგცდათ.

– ჰიუ, შეიძლება რაღაც გთხოვო?

– გისმენ.

– ოკეანისგაღმა კავშირებთან როგორა ხარ?

ჰიუმ ყურადღებით შემომხედა:

– რომელიმე ლამაზმანი გაინტერესებს?

– გამოიცანი.

– ოკეი. ჩვენ, რეპორტიორებს, ინტერპოლზე უკეთესი კავშირები გვაქვს.

– კარგი. მაშინ ჯერ გამიგე, ვინ იცის რამე “დრაკონის” შესახებ.

– ამას ახლავე გაგიგებ, – ჰიუმ ტელეფონზე დარეკა. პასუხი პირადად მის ოფისში უნდა მოსულიყო ყოველდღიურ სიახლეებთან ერთად.

მან ყურმილი დაკიდა და მე მომიბრუნდა:

– ახლა რა?

– ჯერ ცოტა წავიხემსოთ, მერე კი ერთი პოლიციელი უნდა მოვინახულოთ, ადრე რომ ჩემი მეგობარი იყო.

›* * *

ემს დანახვაზე პატს სახე მოეღუშა, თუმცა თავის კონტროლი არ დაუკარგავს.

ლარი სნაიდერი სკამიდან წამოიწია და გულთბილად გამიღიმა.

– ჰიუ გარდნერი, – წარვუდგინე მეგობარი იქ მყოფთ, – დოქტორი ლარი სნაიდერი, პატ ჩამბერსს კი, მგონი, იცნობ.

ჰიუ ლარის მიესალმა, მერე იქვე, სკამზე ჩამოჯდა, მე კი ფეხზე დგომა ვარჩიე.

– რა გნებავთ? – ცივად ისროლა პატმა.

– ჰიუს ისტორიის დაბოლოება აინტერესებს, – ავუხსენი კაპიტანს.

– აქედან მოუსვით! – კბილებშუა გამოსცრა პატმა.

– იქნებ მუშტების ამოქმედებამდე სიტყვიერად მოილაპარაკოთ? – მშვიდად ჩაილაპარაკა ლარიმ.

– მოკეტე, ლარი! – შეუღრინა პატმა.

– ტყვია თუ შეამოწმებინე? – შევეკითხე კაპიტანს.

– ოკეი. სად იპოვე?

– ჩვენ ხომ შეთანხმება გვქონდა…

– ჯანდაბას შეთანხმებები! შენ მე ისედაც ყველაფერს მომიყვები! და საერთოდ, შემიძლია დაგაკავო კიდეც!

– ხმადაბლა, პატ! – შეაჩერა ლარიმ.

– ახლა კი ეს წაიკითხე! – პატმა ფოტოსტატზე გადაღებული ასლი გამომიწოდა.

დოკუმენტი ჩუმად წავიკითხე: ომის დროს ველდა დაზვერვის აგენტი იყო და თავის დამსახურებებისთვის ნიუ იორკის შტატში კერძო დეტექტივის მოწმობა მიიღო.

ასლი პატს დავუბრუნე, თან კოულის ბინის ბრუკლინის მისამართიც ვუთხარი… საინტერესოა, რას იზამს, ველდას ფოტოებს რომ წააწყდება?

– მაიკ, კოლტით თამაშს როდის შეეშვები? – დამცინავად შემეკითხა პატი, – რომ იცოდე, რა სიამოვნებით დაგაპატიმრებდი!

– გმადლობთ.

– არაფრის, – “გამიღიმა” მან.

ლარისკენ შევბრუნდი და კაპიტანზე მივანიშნე:

– ეს კაცი ავადაა, დოქტორო. აქამდე არ აღიარებს, ის ქალი რომ უყვარს.

ის იყო მე და ჰიუ კარს მივუახლოვდით, რომ უკნიდან ჩამბერსის შეძახილი მოგვესმა:

– ჰო! მიყვარს, მიყვარს…

›* * *

უჩაში რომ გამოვედით, ჰიუმ რომელიღაც ბარში შემათრია და ვიდრე დავსხდებოდით, ლუდი შეუკვეთა.

– აბა, – დაიწყო მან, როცა კათხა მოსვა, – გელოდები, რას მომიყვები. საგაზეთო სტატია საინტერესო უნდა გამოვიდეს.

– კარგი… დავიწყოთ “ბატერფლაი–2″–ით და ვინმე ჰერალდ ერლიხით.

– “ბატერფლაი” საიდან იცი? – გაუკვირდა ჰიუს.

– თავად საიდან იცი? – შევუბრუნე კითხვა.

– მე ხომ იქ ვმუშაობდი!

– შენ თქვი, რომ სპეციალური დანიშნულების ჯგუფში კაპიტანი იყავი.

– ჰოდა, ეს ისაა. კი მაგრამ, ეს ყველაფერი 17 წლის წინ იყო და შენ რაღაში გაინტერესებს?

– “ბატერფლაი–2” არც ისე დაძველებულა.

– მისმინე…

– ერლიხზე რაღას იტყვი?

– ამბობენ, მოკვდაო, თუმცა დანამდვილებით არ ვიცი. მას სულ ორჯერ თუ სამჯერ შევხვდი. მერე გავიგე, რომ ის სატვირთო მანქანა აფეთქებულა, რომლითაც ტყვეები გადაჰყავდათ და რომელშიც ერლიხიც იყო.

– მისი გვამი ნახე?

– არა, მაგრამ არც გადარჩენილებში ჩანდა.

– მოკლედ, გაქრა, – ავიჩეჩე მხრები, – ჰიუ, მაშინდელი ფოტოები თუ გაქვს?

– მაქვს და თუ გაინტერესებს, გაჩვენებ კიდეც.

ჩვენ პრესცენტრში დავბრუნდით, სადაც დარაჯის გარდა აღარავინ დაგვხვდა.

ფოტოების დათვალიერებამ ახალი არაფერი მომცა.

– მაიკ, ამიხსენი, შენს საქმესთან ერლიხი რა შუაშია? – შემეკითხა ჰიუ.

– სენატორი კნეპი და რიჩი კოული ერთი იარაღით მოკლეს. მგონი, მეც იმავედან მესროლეს. კნეპმა პოლკოვნიკობით დაიწყო და გენერლობას მიაღწია. საინტერესოა, ხომ არ არსებობს რაიმე კავშირი მასსა და ერლიხს შორის? მოკლედ, საიდუმლო დავალება შეიძლება კნეპსაც ჰქონოდა.

– კარგი, რა, მაიკ. მაშინ კნეპი პოლიტიკურ კაპიტალსაც დააგროვებდა, მერე კი…

– შენი სამუშაოს შესახებ მხოლოდ უფროსობამ იცის?

– რა თქმა უნდა.

– მერილინმა?

– ერთხელ მოვუყევი 17 წლის წინ არსებული შტაბის შესახებ. თავაზიანად მომისმინა, მერე კი რაღაც სულელური შენიშვნა მომცა. სულ ეს არის.

– მოკლედ, მან მაინც იცის.

– მერედა ამით რა შავდება?

– შეიძლება ლაურა კნეპმაც იცოდეს რამე.

– ისევ ამ ქვრივის ნახვას აპირებ?

– რატომაც არა? – გამეცინა, – შეიძლება ერლიხის ფოტო წავიღო?

მან ერთ–ერთ ფოტოს გვერდი მოახია და გამომიწოდა:

– აჰა, გაერთე, ოღონდ, იცოდე, მოჩვენებებს ებრძვი.

– იცი, როცა ამას ხანგრძლივად აკეთებ, მოჩვენება რეალობად იქცევა ხოლმე.

– როგორც ეს გოგო, არა?

– ჰო, – აღარ შევეწინააღმდეგე და სკამიდან წამოვდექი…

›* * *

დან–დაკ ჯონსისგან შევიტყვე, რომ პოლიციელებს მოხუცი დიუის ოთახი გადაუქოთებიათ, მაგრამ მნიშვნელოვანი ვერაფერი უნახავთ. მერე ვიღაც შინაბერა ქალი გამოჩენილა, დიუის დეიდაშვილი ვარო და ოთახიც მას დაუსაკუთრებია. ამ ქალს იქ რაღაც პაკეტი თუ კონვერტი უნახავს, რომელიც დან–დაკისთვის გადაუცია ხელუხლებლად, არ ვიცი და არც მაინტერესებს, შიგ რა არისო.

– დან–დაკ, – ავღელდი მაშინვე, – ეს კონვერტი შენთანაა?

– ჰო, მაიკ. ისე ჩავაგდე უჯრაში, არც გამიხსნია.

– ჰოდა, არც გახსნა, რადგან ეს კონვერტი დიუის ერთმა კაცმა გადასცა ჩემთვის მოსაცემად.

– დარწმუნებული ხარ?

– თითქმის, დან–დაკ, ასე რომ, ძალიან გთხოვ, შემინახე და როცა მოგაკითხავ, მაშინ მომეცი.

– კარგი, მაიკ, მასე ვიზამ, – დან–დაკი თავის კიოსკში შებრუნდა, მე კი გეზი ლაურა კნეპის აგარაკისკენ ავიღე…

›* * *

აურას ვილასთან რომ გავჩერდი, გვერდით მუქ–ლურჯმა “ბიუიკმა” ჩამიქროლა, რომელიც ადრეც შევნიშნე, უკან რომ მომყვებოდა გარკვეული დისტანციით.

ძრავა გამოვრთე თუ არა, სახლის უკანა მხრიდან მუსიკის ჰანგები მომესმა და მეც იქითკენ გავწიე, რადგან ქვრივი სწორედ იქ მეგულებოდა.

ბიკინისამარა ლაურა აუზის გვერდით იწვა და მზეს ეხუხებოდა. გვერდით მოკლეტაღლიანი რადიომიმღები ედგა და მუსიკის ხმაც იქედან ისმოდა.

– ჰელოუ, ლაურა!

– ო, მაიკ! როგორ შემაშინე!

– მართლა? ისეთი ლამაზი ხარ, თვალი ვერ მოგწყვიტე.

– შენ, რა, ავად ხარ თუ შეგიყვარდი?

– ზუსტად ვერ გეტყვი. ხშირად ეს ორი რამ გადახლართულია ერთმანეთში.

– გინდა, გავცუროთ?

– შენ გაცურე, მე კი გიცქერ და დავტკბები.

ლაურა ასეც მოიქცა და მალე აუზის მეორე ბოლოში აღმოჩნდა. წყალში ის მომხიბვლელ ქალთევზას ჰგავდა, სიყვარულისთვის რომ იყო გაჩენილი. მერე უკან გამოცურა, მალე ამოვიდა და ჩვენ რადიომიმღების გვერდით მოვკალათდით.

– მაიკ, შეიძლება რაღაცა გაგიმხილო?

– რა თქმა უნდა.

– მომწონხარ.

– მეც იმავეს ვგრძნობ, არადა ეს არ უნდა მჭირდეს.

– რატომ?

– რატომ და, ჩვენ ერთმანეთს საერთო არ ვგავართ. ჩვენ შორის დიდი უფსკრულია, გესმის? ერთადერთი, რამაც აქ მომიყვანა, ჩემი ხორციელი შიმშილია ანუ შენი ლამაზი სხეულის დაუფლების ჟინი.

მან ვნებიანად ჩაიცინა:

– მაშინ რაღას ვუცდით?

– ლაურა, ჯერ მინდა რაღაცაზე მიპასუხო.

– გისმენ, მაიკ.

– ომის დროს ლეო მართლა გენერალურ შტაბში მუშაობდა?

– ჰო, – დასერიოზულდა ლაურა, – გენერალი იყო და იქ მუშაობდა.

– თუ უთქვამს, კონკრეტულად რას აკეთებდა? შეიძლებოდა საიდუმლო საქმე ჰქონოდა?

– შენი აზრით, ლეო ჯაშუში იყო?

– ვეჭვობ, რომ იყო.

ლაურამ თავი გააქნია:

– ამას მეც შევიტყობდი. მის ხელქვეითებს კარგად ვიცნობდი და მსგავსი არაფერი შემინიშნავს. ლეო უბრალოდ განიცდიდა, სხვები რომ მოწინავე ხაზზე იბრძოდნენ, თავად კი მუდამ კაბინეტში იჯდა.

– ალბათ მართალი ხარ, – წამოვდექი, ჯიბიდან ფოტოს ნაგლეჯი ამოვიღე და ქალს გავუწოდე – ამას თუ ცნობ?

ლაურა ფოტოს ყურადღებით დააკვირდა.

– არა, ვინ არის?

– ჰერალდ ერლიხი, ნაცისტი, რომელიც ომის დროს ჯაშუშობას ეწეოდა.

– კი, მაგრამ ამ კაცს ლეოსთან რა კავშირი აქვს?

– კარგად არ ვიცი, თუმცა რაღაცა შეიძლება იყოს.

– მაიკ, იქნებ შენ გეპოვა ლეოს საბუთებში რამე?

– კარგი იქნება.

ამის თქმა და გასროლის ხმა ერთი იყო. ტყვია აშკარად ჩემკენ იყო დამიზნებული, მაგრამ რადიომიმღებს მოხვდა და ნამსხვრევებად აქცია. იმავ წამს მუქ–ლურჯ “ბიუიკს” მოვკარი თვალი, ადგილს რომ მოსწყდა და ქალაქისკენ აიღო გეზი.

– მაიკ, ვინ ისროლა, ჰა? – აკანკალებული ხმით შემეკითხა ლაურა.

– ჩემი მოკვლა უკვე მეორეჯერ სცადეს.

– კი, მაგრამ ხომ შეიძლებოდა მე მომხვედროდა? – გაბრაზებით ჩაილაპარაკა ქალმა.

– ორივე გადავრჩით, – ხელი მოვხვიე ლაურას, – ამიერიდან კი შენ აუცილებლად პირადი მცველი უნდა აიყვანო.

– ეს სხვამაც მითხრა… საინტერესოა, ვის უნდა ესროლა?

– ჩემი ვარაუდით, დრაკონი იყო, დაქირავებული მკვლელი.

– ო, ღმერთო ჩემო! რომ მოგვხვედროდა, რა უნდა მექნა?

– მოკლედ, სადაც მე ვარ, იქ ყოფნა ყველასთვის საშიშია და მცველი ამიტომ გჭირდება.

– ისე, ყოველ ოთახში პისტოლეტი მაქვს დამალული.

– მერე სროლა იცი?

– იმ მაღალმა პოლიციელმა მასწავლა, შენც რომ ნახე.

– ეს კარგია, მაგრამ მცველი უფრო საიმედო იქნება.

– ამ კვირაში ვაშინგტონში ქალთა კონგრესი იკრიბება და იქ უნდა ვიყო, თანაც შეჯიბრებაც ტარდება საუკეთესო დიასახლისის გამოსავლენად.

– რა სისულელეა!..

– მაგას ნუ იტყვი, მაიკ. ეს ყველაფერი ლეოს უნდოდა, მე კი ძალიან მიყვარდა ის… – წყენით ჩაილაპარაკა ლაურამ.

– მაპატიე… ჩვენ ხომ სხვადასხვა ფენას ვეკუთვნით, მე კი სათანადო აღზრდას მოკლებული ვარ.

– ჩვენ უფრო ახლოს ვართ ერთმანეთთან, ვიდრე შენ გგონია, – გამიღიმა ლაურამ, – ისე, ამ გასროლასთან დაკავშირებით რის გაკეთებას აპირებ?

– ამიერიდან მის ავტორზე თავად ვინადირებ.

– კარგი. მოდი, ახლა ლეოს არქივი დავათვალიეროთ.

ლეო კნეპის კაბინეტში ლაურამ მარტო დამტოვა, თავად კი მეორე ოთახში გავიდა და მალე მომესმა როგორ ელაპარაკებოდა ვიღაცას ტელეფონზე შეშფოთებით. ცალკეული სიტყვები არ მესმოდა, თუმცა საერთო ტონი ისტერიკული იყო…

კნეპის საბუთებში ჩემთვის საინტერესო ვერაფერი ვიპოვე, მისი დღიური კი მხოლოდ ზოგად შთაბეჭდილებებს შეიცავდა.

ლაურა დაახლოებით ათი წუთის მერე დაბრუნდა, საწოლის კიდეზე ჩამოჯდა და მიცქერდა, როგორ ვიქექებოდი კნეპის არქივში.

ის უკვე სავსებით დამშვიდებული ჩანდა და ცოტა ხნის შემდეგ ღიმილით შემეკითხა:

– მაიკ, ნახე რამე?

– არა. ლეოს ჩანაწერებში ომი თითქმის ნახსენებიც არ არის, – მივუგე დანანებით.

– სამწუხაროა.

– არც ისე, – გავუღიმე ქალს, – ზოგჯერ მიწის ნამცეცებში მარგალიტსაც კი წააწყდება ადამიანი. ერთ საინტერესო ძაფს ვფლობ, რომლის გამოქაჩვაც, იმედია, შედეგს გამოიღებს.

– რას გულისხმობ?

– თუ შენს გარდაცვლილ ქმარს ერლიხთან რაიმე კავშირი აქვს, ამას სხვაგვარად გავარკვევ.

– რანაირად?

– გამოძიების ფედერალურ ბიუროში ერთი ნაცნობი აგენტი მყავს, რომელიც ამის გარკვევაში დამეხმარება. ისე, ერთი რამაა ცუდი.

– რა, მაიკ?

– გამოძიება ძალიან გაიწელება, რაც არ მაწყობს, არადა მეგონა, ამ არქივში რამე საინტერესოს წავაწყდებოდი.

– მართლა?

– აბა, რა. კნეპი ხომ თურმე ყველაფერს სკრუპულოზურად ინახავდა.

– პედანტი იყო და იმიტომ, – ლაურა წამოდგა და ტანის მაცდური რხევით მომიახლოვდა, – მაიკ…

– რა იყო, ლაურა?

– რაღაცა რომ გთხოვო, შემისრულებ?

– გააჩნია, რას მთხოვ…

სექსს გთხოვ, მაიკ! მხოლოდ სექსს და სხვას არაფერს!..

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close