გართობაუცნაური

ქალიშვილებზე მონადირენი (ნაწილი 3)

1a1ee6a7179d

პოსტის დათვალიერება შეგიძლიათ სრულიადში 
ბარ “ავტომატში” რომ შევედი, რიკერბაი ყავას სვამდა. მეც ყავა შევუკვეთე და მის პირდაპირ ჩამოვჯექი.

– დღეს ლაურა კნეპს შევხვდი თავის აგარაკზე, – ვთქვი ცოტა ხნის შემდეგ.

– ჩვენ იქ ყველაფერი შევამოწმეთ, – მშვიდად თქვა არტმა, – კნეპი შინ მხოლოდ მნიშვნელოვანი დოკუმენტების დუბლიკატებს ინახავდა. თანაც არა მგონია, კნეპისა და რიჩის სიკვდილს შორის რაიმე კავშირი არსებობდეს. მაიკ, მეტყვი ბოლოს და ბოლოს, კოულმა რა გითხრა?

– არა.

– ოკეი, ეს საიდუმლოა, მაგრამ ის ხომ ცოცხალი აღარ არის? შენ მკვლელი გჭირდება. იგივე მჭირდება მეც. ჩვენ თუ შეთანხმებულად არ ვიმოქმედებთ, არაფერი გამოგვივა, – რიკერბაიმ სათვალე შეისწორა და განაგრძო, – რიჩის უკანასკნელი მისიის შესახებ მე არაფერი ვიცოდი და არა მგონია, ოდესმე გავიგო, მაგრამ ერთ რამეში დარწმუნებული ვარ: ის აქ არასოდეს დაბრუნდებოდა, რადგან ბრძანება არ შეასრულა და რომ არ მოეკლათ, დააპატიმრებდნენ.

– კი მაგრამ, კოული ხომ ახალბედა არ იყო?

– სწორედ ეს მიკვირს. 45 წლის ასაკში საკმაოდ გამობრძმედილი ჩანდა და ეს როგორ დაემართა?

– ეტყობა, ამისკენ ვიღაცამ უბიძგა, – გამოვთქვი ვარაუდი.

– მოკლედ, არაფერს მიყვები.

– ცოტას თუ მადროვებ, იქნებ მოგიყვე.

– მაინც რამდენს?

– ერთ კვირას.

– კარგი, იყოს ერთი კვირა, – დამეთანხმა არტი.

– ამასობაში მკვლელსაც ვიპოვი.

– ტრაბახი გყვარებია, – გაიღიმა რიკერბაიმ.

– ერთ დროს მართლა მაგარი ვიყავი.

– ამ დრომ ჩაიარა, ჰამერ. არ ვიცი, ახლა რა შეგიძლია. ისე, კარგი იქნება, საქმეს თუ არ გააფუჭებ.

– შევეცდები, – სკამიდან წამოვდექი.

– დაგირეკავ.

– დაგელოდები.

* * *

აკარდ–ბილდინგის ღამის ახალი დარაჯი მოხუცი მორის ფლემინგი იყო, რომელიც გაკვირვებით მიმზერდა, როცა სარეგისტრაციო წიგნში ხელს ვაწერდი და მერეც, როცა ლიფტისკენ მივდიოდი.

ჯიბიდან გასაღები ამოვიღე და ჩემი ოფისის კარი გავაღე. ის იყო, ნაბიჯი გადავდგი, რომ თავში რაღაც მაგარი მომხვდა და ძირს ჩავიკეცე. მერე უცნობის ხელში პისტოლეტმა გაიელვა და ალბათ სიცოცხლესაც გამომასალმებდა, თავგასისხლიანებული უკვე მკვდარი რომ არ ვგონებოდი. მოკლედ, მისმა მოყენებულმა ჭრილობამ გადამარჩინა. ის ვიღაცა ისე გავარდა გარეთ, თვალის მოკვრაც ვერ მოვასწარი.

ამჯერად სიკვდილს გადავურჩი და ამით ბედნიერი ვიყავი.

კაბინეტი არეულ–დარეული იყო. როგორც ჩანს, ის ვიღაცა რაღაც მნიშვნელოვანს ეძებდა. გადატრიალებული იყო ველდას მაგიდაც, მისი უკანასკნელი გზავნილი კი იატაკზე ეგდო, რომელიც შემდეგი სიტყვებით იწყებოდა: “ძვირფასო მაიკ…”, დანარჩენის გარჩევა კი უკვე შეუძლებელი იყო.

პირველ რიგში, თავი დავიბანე, სისხლი რომ ჩამომერეცხა. საბედნიეროდ, ჭრილობა სერიოზული არ ჩანდა და ალბათ მალე შემიხორცდებოდა. მერე ჩემი კაბინეტი ცოტა წესრიგში მოვიყვანე და ვესტიბიულში ჩავედი.

მოხუცი დარაჯი ძირს ეგდო და აღარ სუნთქავდა. ეტყობა, იმ ნაძირალას მსხვერპლი გახდა, ჩემს მოსაკლავად რომ შემოიპარა.

სარეგისტრაციო წიგნი ხელუხლებელი დამხვდა. იქიდან ბოლო ფურცელი ამოვხიე, ქუჩაში გავედი და ნაკუწებად ქცეული ურნაში ჩავყარე. მერე ტაქსი დავიჭირე და მძღოლს “გრისი–ბარში” წაყვანა ვთხოვე.

* * *

ის ბარი იყო, სადაც ძალიან ჭრელი საზოგადოება იყრიდა თავს და სადაც ბევრი ახალი ამბის გაგებას შეძლებდა ადამიანი.

კარის სიახლოვეს ორი ახალგაზრდა იდგა და კუშტი გამომეტყველებით ადევნებდა თვალს იქაურობას. ჩემს დანახვაზე ერთ–ერთი მომიახლოვდა და უხეშად მითხრა:

– უკვე ვიკეტებით, შეგიძლია აქედან მოუსვა!

ამ დროს მეორეც მოვიდა და მუშტის მოღერება დამიპირა, მაგრამ მე დავასწარი და ისეთი ვხეთქე, რომ იატაკზე მოადინა ზღართანი. ამ დროს ჩემსკენ პირველმაც გამოიწია, მაგრამ ისიც იგივე დღეში ჩავაგდე.

– ათს ჩამოვდივარ სუსნიას წინააღმდეგ! – მოისმა გამეფებულ სიჩუმეში ვიღაცის ხმა.

– მე კი ხუთს მის სასარგებლოდ! – ეს ხმა კი ბარის შორეული კუთხიდან ერთ პატარა, შეუხედავ კაცს ეკუთვნოდა.

– ენამწარემ რაღაცა იცის, – გაიცინა ვიღაცამ.

– მე რაღაცა ყოველთვის ვიცი, – გაეპასუხა შორიდან ჩია.

ამასობაში წაქცეულები წამოდგნენ და უფრო ჩასუქებულმა ისე მითავაზა საერთო სიცილსა და მხიარულებაში, იატაკზე თავდაღმა გავიშოტე.

– მართალი გამოდექი, – თქვა ენამწარემ.

– არ გეწყინოს, მაიკ, – თქვა სუსნიამ, – ასეთია ჩემი სამუშაო.

ის იყო, ძლივძლივობით წამოვდექი, რომ ბარის მეპატრონე მომიახლოვდა ღიმილით:

– ძველი დრო გამახსენდა, მაიკ.

– ჰო, ბენი ჯო… კარგი დრო იყო.

– ახლა კი გირჩევ, აქედან წახვიდე.

– შენ რა, მაგდებ?

– რაც გინდა, ის დაარქვი.

მოულოდნელად ჩია კაცი მომიახლოვდა და ღიმილით შემეკითხა:

– ვეღარ მიცანი, მაიკ?

უარის ნიშნად თავი გავაქნიე.

– “ტელეგრამის” კორესპონდენტი ვარ, ბეილის ჰენრი, მეტსახელად ენამწარეს მეძახიან.

– აა, გამახსენდი! ახლა რაზე მუშაობ, ბეილის?

– ნიუ იორკში მასალას რა გამოლევს, მაიკ? ისე, არ ჩანდი, მაგრამ შენს ამბებს გაზეთებიდან ვიგებდი.

ჩვენ მაგიდას მივუსხედით და ლუდი შევუკვეთეთ. – მაიკ, ათი წუთია, გელაპარაკები, მაგრამ მგონი, არც მისმენ.

– მაპატიე, მეგობარო, რაღაცაზე ჩავფიქრდი.

– ოკეი. ასე მეც მომსვლია. ახლა კი მინდა, რაღაცა გკითხო.

– გისმენ, ენამწარე, – გავუღიმე ძველ ნაცნობ ჟურნალისტს.

– აქ რის გასაგებად მოხვედი?

– ბევრს ხომ არ ითხოვ?

– არც ისე ბევრს. უბრალოდ, გეკითხები, რადგან ამ ბუნაგში უსაქმო ადამიანი არც შემოდის. მითხარი, რა გინდა, იქნებ შენი დახმარება შევძლო.

– რით უნდა დამეხმარო?

– ყველაფრით, – ფართოდ გაიღიმა მან, მაგრამ მე ღიმილისთვის ნამდვილად არ მეცალა.

– რიჩი კოულს თუ იცნობ?

– რა თქმა უნდა. ჩემს თავზე ქირაობდა ოთახს. კარგი ბიჭი იყო, კარგი მეგობრობაც იცოდა, ოღონდ კონტრაბანდაში ერია ხელი.

– ახლაც იქ ცხოვრობს?

– არა. მდიდრულ ბინაში გადავიდა, სადაც ნამყოფიც ვარ. ბევრი ფული აქვს, გესმის? კონტრაბანდა რომ არა, უბრალო მატროსს ამდენი ფული საიდან ექნებოდა?

– ახლა სად ცხოვრობს?

– მაიკ, ის ჩემი მეგობარია და არ მინდა, რამე უსიამოვნებებში გაეხვიოს.

– ვეღარც გაეხვევა, რადგან მკვდარია.

– რა თქვი?

– ჰო, ესროლეს.

– მაიკ, გული მიგრძნობდა, რიჩის რაღაც ამგვარი რომ შეემთხვეოდა.

– რატომ?

– მისი პისტოლეტები მაქვს ნანახი… სამ მათგანს ჩემოდანში ინახავდა. გარდა ამისა, სხვადასხვა უჩვეულო ინფორმაციებს ითხოვდა ჩემგან.

– რას ნიშნავს, უჩვეულოს?

– ისეთს, ჩვეულებრივ კონტრაბანდისტს რომ არ უნდა აინტერესებდეს.

– ამაზე მასთან გილაპარაკია?

– ჰო, ოღონდ მის საქმეებში ცხვირს ზედმეტად არ ვყოფდი.

– შეიძლება მისი ბინა ვნახოთ?

– შეიძლება, მაგრამ ჯერ მითხარი, ვინ იყო რიჩი სინამდვილეში.

– გფბ–ს აგენტი, რომელმაც, ცოცხალი რომ იყო, რაღაცა მთხოვა.

რეპორტიორმა მხრები აიჩეჩა და კეპი თვალებამდე ჩამოიფხატა:

– გასაგებია. აბა, წავედით.

* * *

იჩი აგურის სახლის პირველ სართულზე ცხოვრობდა ბრუკლინში. მე და ბეილისი ჯერ ხის მესერზე გადავძვერით, მერე კი რიჩის ბინის ფანჯრებს მივადექით და ერთ–ერთი მათგანით შიგნით შევაღწიეთ.

ჯიბის ფანარმა დივან–საწოლი გაანათა, ვიწრო საწერი მაგიდა და სავარძელი. ყველაფრიდან ჩანდა, რომ რიჩი კომფორტს იყო მიჩვეული, ჩემთვის საინტერესო მასალას კი მის საწერ მაგიდაში მივაგენი.

ეს ჩვეულებრივი ალბომი გახლდათ, რომელშიც კოული ფოტოებს ინახავდა. აქ ძირითადად თავად იყო გადაღებული სხვადასხვა ქალიშვილებთან და ყმაწვილებთან ერთად, თუმცა მხოლოდ ქალიშვილების ფოტოებიც უხვად იყო. რამდენიმე ფურცლის შემდეგ ისეთ ფოტოს წავაწყდი, მოულოდნელობისაგან მომარჯვებულ პისტოლეტს მაგრად მოვუჭირე ხელი: კოული აქ ბარში, რამდენიმე ამერიკელ ჯარისკაცთან ერთად იყო გადაღებული, მის გვერდით კი ველდა იჯდა!

მას თავისი შავი თმა ბიჭურად ჰქონდა შეკრეჭილი და სველი ტუჩებით ვიღაცას უღიმოდა, ეს ვიღაცა კი ერთ–ერთი ამერიკელი ჯარისკაცი იყო, აღტაცებით რომ შესცქეროდა ველდას.

ველდა მომდევნო ფოტოებზეც ჩანდა. ერთ–ერთ მათგანზე ის ვიღაც ჯარისკაცთან ერთად პოზირებდა, მეორეზე კი იმავე ჯარისკაცთან და ვიღაც ქალიშვილთან ერთად დაბომბილი შენობის ფონზე იყო გადაღებული.

ამგვარი ფოტოებიდან ექვსი 1944 წლით იყო დათარიღებული და კოულს ეგზავნებოდა ნიუ იორკში. აშკარა იყო, რომ მათ შორის რაღაც სიახლოვე არსებობდა და ამან ისე გამაბრაზა, ვინანე კიდეც, კოული თავად რატომ არ მოვკალი.

ღრმად ამოვიხვნეშე, რაც ბეილისმა მაშინვე შენიშნა:

– მაიკ, ცუდად ხომ არ ხარ?

– არა, ყველაფერი რიგზეა.

– რამე ხომ არ იპოვე საინტერესო?

– ისეთი არაფერი.

– იარაღს რა ვუქნათ? ის რომელიღაც ჩემოდანშია.

– აღარ გვჭირდება. წავედით.

– მაიკ, შენ მაინც იპოვე რაღაცა. იქნებ მითხრა, ჰა?

– ოკეი. მე და კოულს საერთო მეგობარი გვყავდა.

– ახლა ამას რამე მნიშვნელობა აქვს?

– შესაძლოა. ახლა კი დროა, წავიდეთ.

– წავიდეთ, მაიკ.

უკან იგივე ფანჯრიდან გადმოვძვერით, საიდანაც ბინაში შევედით. მესერზე რომ გადავდიოდით, უკნიდან რაღაც ხმაური შემომესმა და უკვე წაქცეულმა ჩემი 45–იანით უმისამართოდ გავისროლე.

მერე ვიღაცის გაქცევის ხმა მოგვესმა, წამოვხტით და უკან გამოვედევნეთ, მაგრამ რაღას დავეწეოდით.

ბოლოს, იმედგაცრუებულებმა ტაქსი დავიჭირეთ და ედ დეილის ბარს მივადექით, ცოტა რომ მოვსულიერებულიყავით. ჩვენ ორი ორმაგი ვისკი შევუკვეთეთ და როცა მოგვიტანეს, ბეილისმა გაბრაზებით თქვა:

– ჯანდაბას ჩემი თავი! ვისწავლი კი ოდესმე ენაზე კბილის დაჭერას?

* * *

“პირეი–ბროკერზში” რომ შევედი, თმაში ჭაღარაშეპარული არტ რიკერბაი კუთხეში იჯდა და ყავას სვამდა.

– აბა? – თქვა მან, როცა მივუახლოვდი.

– კოულს კარგად იცნობდი?

– მგონი, კი.

– დარდიმანდულად ცხოვრობდა?

– რას გულისხმობ? – არტმა ფინჯანი ლამბაქზე დადგა.

– გოგონებს… ქალებს…

– რიჩის ცოლი ჰყავდა, რომელიც 1949 წელს გარდაიცვალა.

– დიდი ხნის ნაცნობობა ჰქონდათ?

– რიჩი და ენი ერთად გაიზარდნენ. ენის ავადმყოფობის შესახებ ორივემ იცოდა, მაგრამ ომის შემდეგ მაინც დაქორწინდნენ. შვილების ყოლა კი არც უფიქრიათ.

– ქორწინებამდე ერთმანეთთან როგორ იყვნენ?

– ვფიქრობ, პატიოსნად.

– ომის დროსაც კი? ამ დროს კოული ვინ იყო?

საკმაო პაუზის შემდეგ რიკერბაიმ მომიგო:

– კოული სამხედრო დაზვერვის უმცროსი აგენტი იყო, კაპიტანი, მერე კი ინგლისში გადაიყვანეს. ის თავის შესახებ ბევრს არაფერს მიყვებოდა და მეც აღარ ვაცივდებოდი.

– ქალიშვილებს დავუბრუნდეთ.

– როგორც ნორმალური მამაკაცი, მათდამი გულგრილი არ იყო.

– თავისუფალ დროს ვისთან ატარებდა?

– იყვნენ ვიღაცეები, თუმცა ენის სიკვდილის შემდეგ ამ ამბებით აღარ დავინტერესებულვარ.

– მაგრამ შენ მათ იცნობდი.

– ჰო, – რიკერბაიმ კეფა მოიფხანა, – გრეტა კინგი, სტიუარდესა “ამერიკენ ერლაინსიდან”, პატ ბენდერი, მემანიკიურე ქალი. ისინი რამდენიმე წელს მეგობრობდნენ. მისი ძმა ლესტერი რიჩისთან ერთად მსახურობდა, მაგრამ ომის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე მოკლეს. რიჩი ენის სიკვდილის შემდეგ უკვე თავშეკავებულად ცხოვრობდა და ალექს ბერდსაც კი ვეღარ ნახულობდა, ასე რომ…

– ეს ვიღაა? – შევაწყვეტინე სიტყვა.

– ალექსი, რიჩი და ლესტერი მთელი ომის განმავლობაში ერთად იბრძოდნენ და მეგობრობდნენ. ომის შემდეგ ალექსმა მეფრინველეობის ფერმა შეიძინა მალბოროში და მეგობრებთან, ასე ვთქვათ, კავშირი დაკარგა.

– სულ ეს არის?

რიკერბაიმ სათვალე გაისწორა. მის სახეზე დაუფარავი გაღიზიანება გამოიხატა.

– არა, იყო კიდევ ერთი ქალი, რომელთან შეხვედრასაც რიჩი ყოველთვის მოუთმენლად ელოდა.

– სერიოზული ურთიერთობა ჰქონდათ?

– არა მგონია. ისინი ერთად ვახშმობდნენ ხოლმე და როგორც ვხვდები, ძველი მეგობრები იყვნენ.

– იმ ქალის სახელი თუ იცი?

– რიჩის არ უთქვამს და არც მე მიკითხავს.

– კარგი. თუ ამ ტიპზე კიდევ შეიტყობ რამეს, აუცილებლად გამაგებინე.

ქაღალდზე ტელეფონის ნომერი დავწერე და რიკერბაის გავუწოდე:

– აი, ჩემი ოფისის ნომერი. იქ ხშირად ვარ და დამირეკე. აბა, ჯერჯერობით.

– კარგად, მაიკ…

რიკერბაის კანტორიდან ერთ პატარა ოტელს მივაშურე, ასევე პატარა ნომერი დავიქირავე და ფოსტით ჩემს ოფისში, ჩემსავე სახელზე, კარგად შეფუთული ჩემივე 45 კალიბრიანი პისტოლეტი გავგზავნე.

* * *

ვიცი, რატომ, მაგრამ გულმა ისევ კოულის სახლისკენ გამიწია. ეტყობა, პოლიციელს ვგავდი, რადგან არავის სურდა ჩემთან გასაუბრება და როცა ვინმეს რამეს შევეკითხებოდი, მხოლოდ ზედაპირული ფრაზით მიშორებდნენ.

ბოლოს ერთი დედაბერი შემხვდა, რომელმაც დამიდასტურა, გუშინ ეზოში ვიღაცეები დაბორიალობდნენ, ბოლოს კი გასროლის ხმაც მომესმაო. ქალს მადლობა გადავუხადე და ვთხოვე, იმ ადგილამდე მივეყვანე, სადაც გუშინ უკვე ნამყოფი ვიყავი.

როცა დედაბერი წავიდა, ის ტყვია ვიპოვე, რომელმაც მესერი გახვრიტა და მეორე ეზოში გავარდა. ის ტყვია მაშინვე ავიღე და ყოველი შემთხვევისათვის ჯიბეში შევინახე.

ორიოდე კვარტლის შემდეგ ტაქსი დავიჭირე, ჩემს ოფისში რომ დავბრუნებულიყავი. თუ ველდა ჯერ ისევ ცოცხალი იყო, მის გადასარჩენად სასწრაფოდ უნდა მემოქმედა.

მოკლედ, ფიქრის დრო აღარ იყო, ახლა აქტიურობა მჭირდებოდა.

ჰაკარდ–ბილდინგში რომ დავბრუნდი, დარაჯის გვამი უკვე წაეღოთ, ორი დეტექტივი ნატ დრატმანის დაკითხვას აწარმოებდა, ამათგან ერთ–ერთი კი სარეგისტრაციო წიგნს ფურცლავდა.

მე, ვითომც აქ არაფერი, მათ თავი დავუკარი და ვთქვი:

– დილა მშვიდობისა, ნატ.

მან გაკვირვებით შემომხედა, მხრები აიჩეჩა, მომესალმა და წიგნის მფურცლავ პოლიციელს მიუბრუნდა:

– ეს მისტერ ჰამერია 808–დან.

– მაიკ ჰამერი? არ ვიცოდი, აქ თუ იყავით.

– ახლახან დავბრუნდი.

– მართლა? – მის ხმაში სარკაზმი გამოსჭვიოდა, – გასულ ღამეს სად იყავით?

– ქალაქგარეთ, მეგობართან ერთად…

პოლიციელმა ფანქარი მოიმარჯვა და ჩემი ჩვენების ჩასაწერად მოემზადა.

– ჟურნალისტია, ბეილის ჰენრი… იქნებ ამიხსნათ, აქ რა ხდება?

– მაიკ, მოხუცი მორის ფლემინგი მოკლეს, – ამოღერღა ნატმა, – ვიღაცამ თავი გაუხეთქა…

– რისთვის? – ვკითხე ყასიდად.

პოლიციელმა სარეგისტრაციო წიგნზე მიმანიშნა:

– მკვლელმა წასვლისას ფურცელი ამოხია.

– მაღლაც ხომ არ მოკლეს ვინმე?

პოლიციელებმა ერთმანეთს გადახედეს:

– რა მიხვედრილი ყოფილა! იქნებ დაგეთვალიერებინათ თქვენი კაბინეტი?

– ამას ახლავე ვიზამ.

ოფისში რომ შევედი, ჩემს სავარძელში პატ ჩამბერსი დამხვდა გაქვავებული სახით, ხელში კი ყუთი ეჭირა ჩემი 45–იანის ვაზნებით. მის წინ, ჩემსკენ ზურგით, ლაურა კნეპი იჯდა.

– ერთობით? – ვიკითხე დამცინავად.

ლაურა სწრაფად შემოტრიალდა და ჩემს დანახვაზე სახე გაებადრა:

– მაიკ!

– აქ როგორ მოხვდით?

– კაპიტანმა ჩამბერსმა მომიწვია. როგორც ჩანს, ჩემი ქმრის მკვლელობის დეტალები მასაც აინტერესებს.

– პატ, ნუთუ ეს საქმე ჯერ არ დაგიხურავს? – მივმართე ჩემს ახლანდელ მეტოქეს.

– მოკეტე! – შემომიღრინა მან.

– პატ, აქ რისთვის მოხვედი?

– შენი ოფისის გასაჩხრეკად!

– მერე იპოვე, რასაც ეძებდი? – შევეკითხე ღიმილით.

ის ნელ–ნელა წამოდგა და ლაურას შეხედა:

– მისის კნეპ, იქნებ ცოტა ხნით გვერდითა ოთახში გასულიყავით?

ლაურამ პატს გაკვირვებით შეხედა, მერე კი უხმოდ გავიდა გვერდითა ოთახში, თან კარი გაიკეტა.

– მაიკ! – გაბრაზებული სახით შემომხედა პატმა, – ახლავე ყველაფერი მომიყევი, თორემ…

– რომ არ მოგიყვე, რას იზამ?

– მაშინ… რამე მიზეზს ვიპოვი შენს დასაკავებლად.

– რაც გინდა, ის ქენი, ოღონდ მანამდე ველდას სამსახურებრივ მოწმობაში ჩაიხედე. ჩემი აზრით, გამოძიების ჩატარების უფლება არ უნდა ჰქონოდა.

– შენთან მუშაობდა და ამაზე თავად უნდა გეფიქრა!

– ხომ იცი, რა მიმნდობი ვარ?

– მიმნდობი კი არა, ნაძირალა ხარ!

– ცოტა წესიერად, პატ, – მივუგე და მაგიდაზე ჯიბიდან ამოღებული ტყვია დავუდე, – შენ რაც გთხოვე, ის გააკეთე, მე კი ამ ტყვიაზე მოგიყვები.

პატმა ტყვია აიღო, დააკვირდა და ჯიბეში ჩაიდო.

– კარგი, ასე იყოს, – თქვა და კარისკენ წავიდა, – ოღონდ ამის გაკეთებას ბევრი დრო დასჭირდება.

– პატ!

– რა იყო?

– ველდა შენც გიყვარდა?

მან ისე შემომხედა, ჩემს ეჭვში დამაჯერა, მერე კი უხმოდ გავიდა კაბინეტიდან.

მსგავსი ამბები

Back to top button