გართობაუცნაური

ქალიშვილებზე მონადირენი (ნაწილი 1)

1a1ee6a7179d

მაგარია   :)

გათენებისას მიპოვეს გზისპირა თხრილში. გავიგონე, როგორ გაჩერდა ჩემ გვერდზე მანქანა, კარი გაჯახუნდა და ვიღაცეების ხმებიც მომესმა. მძლავრი ხელები იღლიებში მწვდა და ფეხზე წამომაყენა.

– მთვრალია? – იკითხა ერთმა პოლიციელმა, – ფეხზე ძლივს დგას.

– სუნზეც ეტყობა, თავზე კი მაგრად მოხვედრია, – მიუგო მეორემ.

ორი საათის წინ ბარში მართლა ნასვამი ვიყავი და მოღრიალე ლომს ვგავდი, მერე კი, როცა ბოთლების სროლა ატყდა, ერთ–ერთი თავში მომხვდა და ლომისაგან აღარაფერი დარჩა.

– ნორმალურად აცვია, – თქვა პირველმა, – მოდი, საბუთები გავუსინჯოთ… აჰა, მაიკ ჰამერი ყოფილა, კერძო დეტექტივი, რომელსაც ლიცენზია აქვს ჩამორთმეული.

ვიდრე მანქანაში ჩამსვამდნენ, ჩემთვის ვლუღლუღებდი რაღაცას.

– თქვენი ამდენი ლაქლაქი ვიღაცას არ მოეწონება, – შენიშნა მეორე პოლიციელმა.

– მაგალითად, ვის? – მაშინვე დავინტერესდი.

– კაპიტან ჩამბერსს. ახლა წაგიყვანთ და ვნახოთ, რას იტყვის.

საპატრულო მანქანა ადგილიდან დაიძრა, მე კი თვალები დავხუჭე და ისე ვუსმენდი მათ საუბარს.

›* * *

– მაიკ, ეწევი? – მომესმა ნაცნობი ხმა: ჩემ წინ პატ ჩამბერსი იდგა და სიგარეტს მიწვდიდა.

– აღარ.

– ეს კარგია, თუმცა სმას მაინც ვერ შეეშვი.

– პატ, მგონი, დამაპატიმრეს. შენ ხომ შემეშველები, მეგობარო?

– ჩვენი მეგობრობა დიდი ხანია, დამთავრდა, მაიკ, – ცივად მომიგო მან.

– კარგი. ასე იყოს. ოღონდ მითხარი, ჩემი ტანსაცმელი სად არის?

– სანაგვეზე, სადაც შენ უნდა იყო, მაგრამ ამჯერად გაგიმართლა.

– მამაძაღლო! – მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე, რადგან მან ბარაქიანი სილა მითავაზა და კედელს მიმანარცხა, მერე კი ძირს ჩავიკეცე.

რის ვაივაგლახით წამოვდექი და სავარძელში ჩავჯექი, მან კი ნიშნის მოგებით მომმართა:

– მაიკ, ყოველთვის ჩემზე ძლიერი მეგონე, ახლა კი ჩემს განკარგულებაში ხარ.

– მამაძაღლო! – უფრო ხმადაბლა გავიმეორე.

მან მხრები აიჩეჩა და ჭიქა გამომიწოდა.

– აჰა, წყალი. შენს ალკოჰოლიან კუჭს მოუხდება.

– მომწყდი თავიდან! – ავად შევუღრინე.

კარზე დარეკეს. პატი გასაღებად წავიდა, მერე კი უკან დაბრუნდა რაღაც ყუთით ხელში.

– ახალი ტანსაცმელია, ჩაიცვი.

რაკი არ მომეშვებოდა, ასეც მოვიქეცი და ახალ საზღვაო ფორმაში გამოწყობილი ტახტზე ჩამოვჯექი.

ამ დროს კარი გაიღო და ოთახში ახალგაზრდა კაცი შემოვიდა მომცრო ჩემოდნით ხელში.

– ეს ლარი სნაიდერია, ჩემი მეგობარი ექიმი, – თქვა პატმა, – მოვიდა, რომ გაგსინჯოს, მაიკ!

უარის თქმაც ვერ მოვასწარი, ისე სწრაფად დააძრო ექიმმა სტეტოსკოპი და ჩემს მკერდზე აათამაშა.

– ნაცემს ჰგავს, – თქვა, პროცედურას რომ მორჩა, – თან თავშიც აქვს რაღაც მაგარი მოხვედრილი. საერთო სურათი ალოჰოლურ ინტოქსიკაციას გვიჩვენებს. ეტყობა, დალია და ჩხუბში მოხვდა სადმე… მოიცა, ეს ის ტიპი ხომ არ არის, შენ რომ მიამბე?

– ისაა, – კვერი დაუკრა პატმა.

– მე თქვენ მეგობრები მეგონეთ…

– ოდესღაც ვიყავით, მაგრამ მას შემდეგ, რაც კერძო დეტექტივი მაიკ ჰამერი სმას გადაჰყვა, ჩვენს მეგობრობას წერტილი დაესვა. რამდენჯერ დავარიგე, რამდენჯერ გავაფრთხილე, მაგრამ არაფერი გამოდის. მოკლედ, გამოუსწორებელი ლოთია და მე რა უნდა ვქნა? – აღელდა პატი.

– ექიმს სთხოვე, რამე დამამშვიდებელი გამოგიწეროს, – ვურჩიე დამცინავად.

– თანაც რაღაც სხვა პრობლემაც აქვს, – დაამატა პატმა გამომწვევად.

– მოკეტე! – ვიყვირე მაშინვე.

– რა პრობლემა? – იკითხა ლარიმ.

– მაიკ, მოყევი. მინდა, ერთხელაც მოვისმინო, – თქვა პატმა.

– მამაძაღლო! – შევძახე გაბრაზებით.

– მაშინ მე ვიტყვი, – პატმა ექიმს შეხედა, – მაიკმა გოგო დაკარგა, მომხიბვლელი ქალიშვილი, რომლის ცოლად შერთვასაც აპირებდა.

– მოკეტე–მეთქი! – ვიყვირე ისევ, მაგრამ პატი არ მისმენდა.

– მაიკს არ სჯერა იმ ქალიშვილის სიკვდილის და ილუზიებით იმშვიდებს თავს, არადა, თავისი მდივანი ისეთ სარისკო საქმეზე გაუშვა, ძნელი დასაჯერებელია, გადარჩენილიყო. მან მგონი, იარაღის ხმარებაც კი არ იცოდა ხეირიანად, ისე წავიდა დავალების შესასრულებლად და უკან აღარ დაბრუნებულა. ლარი, ერთი მითხარი, შეიძლება ასეთი ადამიანი ცოცხალი იყოს?

– ქვეყნად ყველაფერი ხდება, – ჩაილაპარაკა ექიმმა და ჩემკენ შემობრუნდა, – ეს კაცი ახლა ძალიან ცუდადაა. რა გინდა მისგან?

– ერთი დაკავებული უნდა დაკითხოს, – მიუგო პატმა.

ოთახში წამით სიჩუმე ჩამოვარდა, მერე ექიმმა თქვა:

– ეს არასერიოზულია, პატ!

– ძალიანაც სერიოზულია. იმ ყმაწვილმა განაცხადა, რომ მაიკ ჰამერის გარდა კრინტსაც არავისთან დაძრავს.

– მაინც რა მოხდა?

– იმ ბიჭს ვიღაცამ ესროლა, მაგრამ ვინ და რატომ, არ ვიცით. ამიტომ მჭირდება ფხიზელი მაიკი, იმ ტიპს რომ ელაპარაკოს. ეს საქმე სასწრაფოცაა, რადგან ექიმები ამბობენ, შეიძლება ვერც გადარჩესო. მოკლედ, ჰამერი ჭკუაზე უნდა მოვიყვანო, თანაც მალე!

სნაიდერი მომიახლოვდა, ქუთუთოები ამიწია, თვალებში ჩამხედა და თქვა:

– ძალიან ცუდადაა, პატ. თუ მის წვალებას კიდევ გააგრძელებ, შეიძლება ვეღარ გაუძლოს. მგონი, დროა, საავადმყოფოში გადავიყვანოთ.

›* * *

ია კარში დავინახე, როგორ ელაპარაკებოდა ლარი ვიღაც ექიმს, პატი კი ჩემთან იყო.

– როგორ არის?

– ამას არა უშავს, ის კი, მგონი, კვდება.

– რომ ესროლეს?

– ჰო, ის.

– მაშინ დროა, ერთმანეთს შეახვედრო.

თითქმის მაშინვე იმ პალატაში გადამიყვანეს, სადაც მომაკვდავი იწვა.

– მაიკ, – მომიბრუნდა პატი, – შეეკითხე, ვინ ესროლა.

– ასე გაინტერესებს?

– ტყვიის ბალისტიკურმა ექსპერტიზამ აჩვენა, რომ სენატორი კნეპიც იგივე ავტომატიდან მოკლეს. თუ ეს ტიპი მოკვდა, სენატორის მკვლელობისკენ მიმავალ ძაფს დავკარგავთ, რაც დაუშვებელია. გასაგებია? ამიტომ გამიგე, ამას ვინ ესროლა.

– ოკეი. მეგობრისთვის რას არ გავაკეთებ, ოღონდ ჯერ რამე მაგარი დამალევინეთ.

– არავითარი სასმელი! – შესძახა პატმა.

– მაშინ მე პას!

– კარგი, მოუტანეთ, – ბრძანა სნაიდერმა და მეც მაშინვე მომართვეს ჭიქა ორმაგი ვისკით.

– გაგიმარჯოთ! – ვთქვი ხმამაღლა და ჭიქა ზალპით გამოვცალე.

მომაკვდავმა ჩვენკენ მოაბრუნა თავი. სახე ტკივილისაგან დამანჭვოდა. ის იყო, მის საწოლს მივუახლოვდი, რომ თავად შემეკითხა:

– მაიკ ჰამერი ხარ?

– ჰო.

– რაღაც არ ჰგავხარ…

– ცუდად ვარ და ალბათ იმიტომ.

ჩემს უკან პატი ქშინავდა გაშმაგებით. ეს მომაკვდავმა შენიშნა და ზიზღით დაიკვნესა:

– აქედან გაეთრიოს!

როცა ლარიმ პატი გარეთ გაიყვანა და კარი გაიხურა, დაჭრილს მივმართე:

– ოკეი, მეგობარო. აბა, მოყევი, რისთვის დაგჭირდი. ისე, ადრე არასოდეს მინახიხარ. თქვი, ვინ ხარ?

– რიჩი კოული.

– კარგი. ახლა მითხარი, ვინ გესროლა?

– მას… დრაკონი ერქვა. სხვა სახელი არ ვიცი… მისმინე… თუ არ იჩქარე, მას ვერაღასოდეს ნახავ…

– ვის მას, დრაკონს?

– დრაკონს კი არა, ველდას… ქალიშვილს, რომელსაც ეძებ.

მოულოდნელობისაგან გავშრი:

– შენ მას… იცნობდი?

– მე ვიცნობ მას.

– სად არის? – დავიხრიალე უცხო ხმით.

– ამჟამად უსაფრთხოდაა, მაგრამ შეიძლება დრაკონმა მოკლას… თუ შენზე ადრე იპოვის…

– სად არის, სად?

– მოხუც დიუის კონვერტი მივეცი შენთვის… “კლოვერ–ბარში” იპოვი… – მას სულ უფრო უჭირდა ლაპარაკი.

– კოულ! მითხარი, სად არის ველდა?

– არა, შენ დრაკონი იპოვე… ვიდრე ის მას იპოვის…

– კოულ, ეს ამბავი პოლიციას თუ უთხარი?

– არავითარი პოლიცია… ვიდრე უკიდურესი აუცილებლობა არ დადგება… მერე გაიგებ, რატომაც…

– კოულ!

– იჩქარე… – ეს მისი ბოლო სიტყვა იყო, მერე თვალები დახუჭა და სული განუტევა.

მან თან წაიღო ის, რაც იცოდა და რასაც ჩემი დახმარება შეეძლო.

გვამს გაშტერებული დავაცქერდი. ვერც კი გავიგე, როგორ გაიღო კარი და როგორ შემოვიდნენ პატი და ლარი. მათ ჯერ გვამს შეხედეს, მერე კი მე. ლარი ტელეფონის ყურმილს დასწვდა და რაღაც დავალებები გასცა. ცოტა ხნის შემდეგ სხვა ექიმი შემოვიდა ორი მედდის თანხლებით, სიკვდილი რომ დაერეგისტრირებინათ.

– როგორ ხართ? – შემეკითხა ექიმი.

– კარგად.

– რამეს ხომ არ დალევთ?

– არა.

– ალბათ ჯობს, დალიო, – ჩაერია ლარი.

– არ მინდა.

– შეეშვი, – ჩაერთო პატიც, მერე კი გვერდითა ოთახში გამიყვანა, ვილაპარაკოთო.

როცა სკამზე ჩამოვჯექი, პირველი მე შევეკითხე:

– ვინ იყო ეს ტიპი, პატ?

ჩემბერსმა პასუხის ღირსადაც არ ჩამთვალა და თავად შემეკითხა თვალების ბრიალით:

– რა გითხრა? მაიკ, იცოდე, ყველაფერს გათქმევინებ და ეს შენც კარგად იცი. რადაც არ უნდა დამიჯდეს, გესმის?

– პატ, თავი დაანებე! – მომესმა უცებ ლარის მკვეთრი ხმა, – დღეს ისედაც ბევრი გადაიტანა!

– ლარი, გაჩუმდი! – გასძახა პატმა, – ჩემი საქმისა მე ვიცი.

– ვინ იყო ეს ტიპი? – გავუმეორე შეკითხვა კაპიტანს.

პატმა მხარზე დამადო ხელი:

– მოკლედ, არ მეუბნები. მაშინ სხვანაირად მოგექცევი.

– პატ, აკი გაგაფრთხილე! – ისევ ჩაერია ლარი.

– შემეშვი, ლარი! კაპიტანმა ჩემბერსმა იცის, რასაც აკეთებს. თუ მაინც გაჯიუტდა, მის ასალაპარაკებლად სხვა ხერხებიც ვიცი. გასაგებად აგიხსენი?

– ყველაფერი გავიგე, პატ. ჩემი აზრით, რაღაც ტაბლეტების მიღება ნამდვილად მოგიხდებოდა, – ურჩია ლარიმ.

– ექიმი მართალია, – ის იყო, ვთქვი, რომ ჩამბერსისგან ისეთი დარტყმა მივიღე, იატაკზე მოვადინე ზღართანი.

›* * *

– როგორ ხარ? – შემეკითხა ლარი, როცა თვალი გავახილე, – საავადმყოფოში გაგაჩერებთ.

– თქვენს გულმოწყალებას არ ვსაჭიროებ.

– მაიკ, მებრალები, მაგრამ საზოგადოებისათვის შენნაირი ალკოჰოლიკი მართლა ხორცმეტია. ისე, ახლახან პატმა გიკითხა.

– ჯანდაბას მისი თავი!

– და არა მხოლოდ მან.

– აბა, კიდევ ვინ?

– საოლქო პროკურორს, მის თანაშემწეს და კიდევ ერთ ვიღაცას მთავარი სამმართველოდან ძალიან აინტერესებთ, აწ განსვენებულმა რა გითხრა.

– ჯანდაბას იმათი თავი!

– ვშიშობ, აქედან წაგიყვანენ.

– რაც უნდათ, ის ქნან… ისე კი, აქაური ლოგინი ძალიან მომწონს.

– მაიკ, პატს რაღაცა სჭირს, – შეშფოთებული ხმით წარმოთქვა სნაიდერმა.

– კონკრეტულად?

– აშკარა ნევრასტენიკია.

– თუმცა გამოცდილი პოლიციელი.

– შეიძლება, მაგრამ ველდას გაქრობის შემდეგ ხასიათი ძალიან გაუფუჭდა.

– საინტერესოა, რატომ?

– ასე თქვა, ეს ქალიშვილი ჩემი მეგობარი იყოო, ალბათ ამიტომაც.

– კი მაგრამ, ჩემთვის რომ მეტი იყო?

– გასაგებია, მაიკ, მაგრამ ხომ შეიძლება, პატს ველდა შეყვარებოდა?

ამაზე გამეცინა:

– ველდას მე ვუყვარდი, ექიმო!

– ჰო, მაგრამ მასზე პატიც შეყვარებული იყო. ის ხომ ჯერაც უცოლოა.

– შეიძლება ასეც იყოს.

– მაიკ, ჩემბერსისათვის შენ ახლა ველდას მკვლელი ხარ და ამიტომ გექცევა ასე დაუნდობლად, შენ კი თავი ფაქტობრივად დაიღუპე.

– რით?

– ცხადია, სმით. ამით ხომ პრობლემებს არ ეშველება?

– მოკლედ მითხარით, რა გინდათ.

– ველდას შესახებ მომიყევით.

›* * *

ცირე პაუზის შემდეგ ლარის შევეკითხე:

– ჩამბერსს ამის შესახებ არაფერი უთქვამს?

– არაფერი.

რაკი ასე იყო, გადავწყვიტე, ექიმისთვის ყველაფერი მეამბა.

– მოკლედ, ჩემთან ვინმე რუდოლფ ჩივასი მოვიდა ჩიკაგოდან და თავისი მეუღლის ბრილიანტების დაცვა მთხოვა. ჩივასის მეუღლე, მარტა სინგლტონი ქვრივი გახლდათ და მემკვიდრეობით მანუფაქტურული წარმოება დარჩა. მან თავისი მეორე ქმარი ნიუ იორკში იმიტომ გადმოიყვანა, ამერიკის მაღალი საზოგადოებისათვის რომ ეზიარებინა.

– ჩვეულებრივი სიტუაციაა, – შენიშნა ლარიმ, – მერე რა მოხდა?

– ასე გახდა ჩვენი ჯგუფი სინგლტონის ნახევარმილიონიანი ძვირფასეულობის მცველი, რომელიც, სხვათა შორის, დაზღვეული იყო. მთავარი მცველი, ცხადია, მე ვიყავი, მაგრამ ერთ საღამოს ჩემი მდივანი ველდა გავგზავნე კლიენტთან, რადგან თავად რაღაც მკვლელობის გამო ვიყავი გამოძახებული. ისე, ველდას მცველობა უკეთესიც კი იყო, რადგან კლიენტს ტუალეტშიც არ მოსცილდებოდა გვერდიდან.

– ერთი წამით, – შემაჩერა ლარიმ, – თქვენი ჯგუფის ამგვარი დაყოფა აუცილებელი იყო თუ მხოლოდ ჰონორარზე ფიქრით გამოწვეული?

– ეს აუცილებელი იყო.

– ველდას რეაქცია მაინტერესებს.

– ჩემი მდივანი ქალი პროფესიონალი იყო, პირად იარაღსაც ატარებდა და ლიცენზიაც ჰქონდა, ასე რომ, ჩემს დავალებას გაგებით შეხვდა.

– ნებისმიერ სიტუაციაში გაერკვეოდა?

– რა თქმა უნდა.

– არადა, როგორც დრომ გვიჩვენა, ასე არ აღმოჩნდა.

– ეს ჯერ კიდევ საკითხავია.

– მაიკ, ხომ არ დალევ რამეს?

– არა.

– უკეთესად გახდები.

– შემეშვით!

– კარგი, მაშინ განაგრძე, რას ყვებოდი.

– თერთმეტ საათზე ველდამ დამირეკა და მითხრა, რომ წვეულება ჩივასებთან ჩვეულებრივად გრძელდებოდა და განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა. ამ დროს უკვე სადილი ჩამოატარეს და ყველა მისტერ ჩივასს ელოდა… ეს ჩემი უკანასკნელი საუბარი იყო ველდასთან.

– ვინმემ პოლიციას აცნობა?

– რა თქმა უნდა. თორმეტის თხუთმეტ წუთზე მისტერ ჩივასი მოვიდა, სტუმრებს მიესალმა და ცოლთან ერთად მაღლა ავიდა თავის მოსაწესრიგებლად. ველდაც, ცხადია, მათ უკან გაჰყვა. როცა მასპინძლები ნახევარ საათშიც არ დაბრუნდნენ უკან, მოახლე გოგონა ავიდა მაღლა, მაგრამ იქ აღარავინ დახვდა. ის უკან დაბრუნდა, სტუმრებს ბოდიში მოუხადა და მალე წვეულებაც დასრულდა… მეორე დღეს თავგახვრეტილი მარტა ჩივასი მდინარეში იპოვეს. მისი ძვირფასეულობა გაქრა, მისტერ ჩივასი და ველდა კი მას შემდეგ აღარავის უნახავს.

– როგორც ჩანს, ძვირფასეულობის გამო გაიტაცეს, – შენიშნა ლარიმ.

– ეს ლოგიკური ახსნაა. ეტყობა, ბანდიტები სამივეს დაემუქრნენ, წყნარად რომ ასულიყვნენ მაღლა, მერე კი მიიმალნენ.

– ველდაც მათ გაჰყვა?

– ასე იქნებოდა, რადგან თავისი კლიენტის გვერდით უნდა ყოფილიყო. მარტა მსუქანი ქალი იყო და ყოველ ხელზე სამ–სამი ძვირფასი ბეჭედი ეკეთა. როგორც ჩანს, როცა ბეჭდებს აძრობდნენ, მან ტკივილისაგან დაიყვირა, ამიტომ იქვე მიახვრიტეს, მერე კი მდინარეში გადააგდეს.

– ეტყობა, დანარჩენ ორსაც იგივე უქნეს, მაგრამ მათი გვამები ჯერ არ უპოვიათ, – შენიშნა ლარიმ.

– პრესაში ასე გამოცხადდა.

– პატი კი შენ გადანაშაულებს, ასეთ საქმეზე ქალი როგორ გააგზავნაო.

– რა ვიცოდი, თუ… – სათქმელი აღარ დამისრულებია, რადგან ექიმისთვის ისედაც ცხადი იყო.

– მაიკ, ახლა რას ფიქრობ? რამე ახალი შეიტყვე?

– რა უნდა შემეტყო?

– იმ ბიჭს ხომ ელაპარაკე? არ გითხრა რამე საინტერესო?

– არაფერი.

– მე კი მგონია, რომ გითხრა, რადგან რამდენიმე წუთში აშკარა ალკოჰოლიკიდან ფხიზელ ადამიანად იქეცი.

– მაინც რა მითხრა?

– მკვლელის სახელი, – ჩაიცინა ლარიმ, – ახლა რას აპირებ?

– ჯერ არ გადამიწყვეტია.

– იქნებ ჯობდეს, ყველაფერი პატს უამბო?

– მაგას არ ვიზამ.

– ჩამბერსი შენთვის ბრალდების წამოყენებას აპირებს.

– ძალიან კარგი. მაშინ ადვოკატს ავიყვან და ვნახავთ, ვინ მოიგებს.

– მაიკ, – ლარი წამოდგა, – მინდა, გითხრა, რომ შენი მტერი ნამდვილად არ ვარ. უფრო პირიქით. მინდა, რაღაცით დაგეხმარო კიდეც.

– ამისთვის გმადლობთ, – გაღიმება ვცადე.

მან გაიცინა, თავი დამიკრა და ოთახიდან გავიდა. ალბათ დერეფანში ბოლომდე გავლილი არც იქნებოდა, ღრმად რომ ჩამეძინა.

›* * *

ვალი რომ გავახილე, ჩემ წინ პატარა ტანის, სათვალიანი, საოცრად მშვიდი კაცი იჯდა.

– არტ რიკერბაი, გამოძიების ფედერალური ბიუროდან, – თქვა მან, – საკმაო ხანია, გძინავს.

– რომელი საათია?

– ხუთის ხუთი წუთი. შეგიძლია სერიოზულად ვილაპარაკოთ?

– მერე ექიმმა ნება დაგრთო? მე ხომ…

– უკვე შევეკითხე.

– ოკეი. ისე, რამდენიმე წელია, სერიოზულ საქმეებს ჩამოვცილდი.

– 7 წელია, – შემახსენა არტმა.

– დიდი დრო გასულა, არა? რით შემიძლია, გემსახურო?

– რიჩი კოულზე უნდა მიამბო. უფრო სწორად, რისი მოყოლა მოასწრო.

– საიდან, ასეთი ცნობისმოყვარეობა?

– მომიყევი და გაათავე, – მის ხმას სიმკაცრე დაეტყო.

– არა.

– რატომ?

– პოლიციელებმა ძალიან გამაწვალეს. ერთ–ერთი მათგანი ჩემი მეგობარი იყო, ახლა კი მტრად გადამეკიდა.

– სრული ხელშეუხებლობა რომ შემოგთავაზო?

– ეს უკვე საინტერესოა.

– ადრე ერთმა ქალმა შენი მეგობარი მოკლა, მერე კი შენ ის ქალი მოკალი.

– მოკეტე! – მაშინვე შარლოტა გამახსენდა, მაგრამ ეს დიდი ხნის წინ იყო…

– მაიკ, იმოქმედა?

– კოულს იცნობდი? – შევუბრუნე კითხვა.

– ძმასავით იყო ჩემთვის, თანაც ერთად ვმუშაობდით. ამიტომ ვალდებული ვარ, მის მკვლელზე ვიძიო შური და ამ გზაზე ვერაფერი შემაჩერებს. მგონი, გავუგეთ ერთმანეთს. ასე არ არის?

– ჰო, არტ, ოღონდ ერთ რამეში უნდა დამეხმარო.

– რას გულისხმობ?

– ამ დაწყევლილი საავადმყოფოდან გაღწევას.

– ეს ძნელი არ არის.

– ჰოდა, მადლობა.

– ოღონდ ერთი პირობით: როცა გამოხვალ, თავად უნდა მომძებნო… აჰა, ჩემი სავიზიტო ბარათი.

›* * *

ეოთხე დღეს ვიღაც მაღალმა კაცმა მომაკითხა, ახალი ტანსაცმელი გადმომცა და როცა გამოვიცვალე, გაოცებული მედდის თანდასწრებით საავადმყოფოს შენობიდან გამომიყვანა.

როცა შავ ფორდში ჩავსხედით, მაღალი შემეკითხა:

– საით წავიდეთ?

– “კლოვერ–ბარისკენ”, თუ შეიძლება, – მაშინვე მოხუცი დიუი გამახსენდა, რომელსაც კოულმა კონვერტი დაუტოვა ჩემთვის გადმოსაცემად.

– მოვედით, – თქვა მაღალმა ცოტა ხნის შემდეგ და მანქანა გააჩერა.

– გმადლობთ, – მივუგე თავაზიანად და ფორდიდან გადავედი.

›* * *

– მოხუცი დიუი? – შემომაჩერდა კარისკაცი, – კარგა ხანია, აღარ დამინახავს… საქმე გქონდათ რამე?

– ჰო, ცოტა საქმე მქონდა.

– მაშინ… – კარისკაცმა ჯიბიდან ბარათი ამოიღო და გამომიწოდა, – აი, მისი მისამართი და შინ მიაკითხეთ. ჩვენც გვაინტერესებს, სად დაგვეკარგა ეს კაცი.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button