საკითხავისამხედროსასარგებლო

კაცი, რომელმაც დაამარცხა სტალინი

3031382eb24f

სტალინზე გამარჯვებული  :wtf: :papa:

მსოფლიო ისტორია პარადოქსებითაა სავსე. გამოჩენილ ადამიანთა მიერ განვლილი გზა უჩველოა. მათგან განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ კარლ გუსტავ მანერჰეიმი (1867–1951), შვედი არისტოკრატი, რომელიც ჯერ რუსი მონარქისტი იყო, შემდეგ კი ფინეთის ეროვნული გმირი გახდა.

რუსეთის იმპერატორის სამსახურში

მანერჰეიმი დაიბადა ფინეთში, ადგილობრივი შვედი არისტოკრატის ოჯახში. ბაბუამისი შედიოდა დელეგაციაში, რომელიც პეტერბურგში იმპერატორ ალექსანდრე |–ს ეწვია და ფინეთის ავტონომიის აღიარებას მიაღწია. იმპერატორმა საზეიმოდ აღუთქვა:

– ფინეთი არასოდეს გადაიქცევა გუბერნიად!

რუსეთის ხელმწიფენი ასეთ დაპირებებს უხვად იძლეოდნენ, მაგრამ არღვევდნენ. ფინეთის მიმართ ეს არ მოხდა. ფინეთს ბოლომდე ფართო ავტონომია გააჩნდა და, ლენინის თქმის არ იყოს, “წარმოადგენდა სახელმწიფოს რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში”. მანერჰეიმების ოჯახიც ერთგულად ემსახურებოდა რუსეთს. ფინურად აქ არ ლაპარაკობდნენ, მხოლოდ შვედურად, გერმანულად და რუსულად. გამონაკლისი არც მომავალი გმირი გახლდათ, რომელიც ჩხუბის გამო კადეტთა კორპუსიდან გარიცხეს. შემდეგ ის ჰელსინკის უნივერსიტეტში სწავლობდა. საბოლოოდ მანერჰეიმმა სამხედრო კარიერა აირჩია და ნიკოლაევის სამხედრო სასწავლებელი დაამთავრა. ცხოვრებაში მას თავად მოუწია გზის გაკაფვა, რადგან მამამისი გაკოტრდა, შემდეგ კი ოჯახი მიატოვა და პარიზში გაემგზავრა. კარლ გუსტავის კარიერულ წინსვლას დიდად შეუწყო ხელი რუს არისტოკრატზე ქორწინებამ. მალე მანერჰეიმი იმპერატორის სასახლესთან დაახლოებულ პირად გადაიქცა. ის ნიკოლოზ ||–ის ამალაში მსახურობდა და პირადად იცნობდა იმპერატორს.

– თქვენ ჩემი ხელმწიფე ხართ! – უთხრა მან ნიკოლოზ ||–ს, – თქვენთვის სიცოცხლეს არ დავზოგავ!

ეს ლიტონი სიტყვები როდი იყო. რუსეთ–იაპონიის ომის დროს მანერჰეიმი ფრონტზე იბრძოდა და არნახული გმირობა და მხედართმთავრული ნიჭი გამოავლინა. იგივე განმეორდა პირველი მსოფლიო ომის პერიოდშიც. გამოჩენილი მამაცობისათვის გენერალი მანერჰეიმი გიორგის ჯვრითაც დააჯილდოვეს.

თებერვლის რევოლუციას მანერჰეიმი შეხვდა, როგორც რუსი მონარქისტი. თავის მემუარებში ის წერს, რომ საგანგებოდ ინახულა გენერალი სახაროვი და უთხრა:

– იმპერატორი გადადგა, რუსეთი იღუპება!

– ასეა, – მწუხარედ დაუკრა კვერი სახაროვმა.

– რაღაც უნდა ვიღონოთ, თორემ ქვეყანას ანარქია მოედება.

– გეთანხმები, მაგის დროც მოვა.

მანერჰეიმი აღტაცებით შეხვდა კორნილოვის ამბოხს. გადატრიალების ჩახშობის შემდეგ კი მჭმუნვარე ფიქრებმა შეიპყრო.

“კორნილოვი ერთადერთი ძალა გახლდათ, ვისაც შეეძლო ხელი შეეშალა ბოლშევიკური გადატრიალებისათვის, – წერს თავის მემუარებში მანერჰეიმი, – კორნილოვის დაპატიმრების შემდეგ ძველი რუსეთი უკვე განწირული იყო”.

მანერჰეიმის პროგნოზი გამართლდა. 1917 წლის ოქტომბერში ბოლშევიკებმა წარმატებით განახორციელეს გადატრიალება.

არჩევანი

1917 წლის დეკემბერში მანერჰეიმი დაბრუნდა ფინეთში თავის მამულში. ის მიესალმა ფინეთის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებას.

– მე გავაკეთე არჩევანი და ფინეთის სამსახურში ჩავდექი, – იგონებდა შემდგომში გენერალი.

მანერჰეიმმა არ იცოდა ფინური. უკვე მოწიფულობის ასაკში მოთმინებით შეუდგა მის შესწავლას. ეს იოლი საქმე როდი აღმოჩნდა. თავდაპირველად გენერალს ენა ებმებოდა. ამის გამო ბევრი ფინელი პატრიოტი უნდობლად ეკიდებოდა:

– ჩვენიანი არაა! როგორ უნდა ენდო ამისთანას?!

სხვა შემთხვევაში მანერჰეიმს ალბათ თავიდან მოიშორებდნენ, მაგრამ ახლა ვითარება ძალიან რთული იყო. ლენინმა ფარისევლურად აღიარა ფინეთის დამოუკიდებლობა, სინამდვილეში კი იქ ბოლშევიკურ გადატრიალებას ამზადებდა. მანერჰეიმის მეთაურობით შეიქმნა თავდაცვის ძალები. ბოლშევიკებმა მათ ფინელი თეთრგვარდიელები უწოდეს. თავდაცვის ძალებმა სასტიკად დაამარცხეს წითლები. მაშინ მეომრებმა პირველად შესძახეს:

– მანერჰეიმს გაუმარჯოს!

გენარალს ეს სასტიკად ეწყინა:

– მე რად მინდა გამარჯვება! ფინეთს გაუმარჯოს!

მანერჰეიმმა ბევრი გააკეთა ფინეთის რეგულარული არმიის შესაქმნელად. მალე ეროვნულმა კრებამ მას რეგენტის წოდება მიანიჭა. არმია მას აღმერთებდა. ზოგიერთმა ოფიცერმა შესთავაზა:

– ხომ არ დადგა დრო, რომ ეროვნული კრება გავრეკოთ და ხელში ავიღოთ ძალაუფლება?

– როგორ, ხალხის მიერ არჩეული კრება გავრეკოთ? – შეიცხადა მანერჰეიმმა, – არავითარ შემთხვევაში!

ის თავგამოდებით იცავდა ფინეთის ინტერესებს. გენერალი ვერ იტანდა ბოლშევიკებს, თანაუგრძნობდა რუს თეთრგვარდიელებს, მაგრამ ესმოდა ისიც, რომ თეთრ გენერლებს ფინეთის დამოუკიდებლობის დასამარებაც სურდათ. ეს აისახა გენერალ იუდენიჩთან ურთიერთობებშიც. ადმირალ კოლჩაკს კი მანერჰეიმმა პირდაპირ დაუსვა საკითხი:

– ფინეთის არმია მზადაა შეუერთდეს იუდენიჩის ლაშქარს და მასთან ერთად გაილაშქროს პეტროგრადზე, ოღონდ ერთი პირობით: თქვენ, ადმირალო, რომელიც დღეს რუსეთის უმაღლესი მმართველი ბრძანდებით, უნდა აღიაროთ ფინეთის დამოუკიდებლობა!

– ეს გამორიცხულია! – მტკიცედ მიუგო კოლჩაკმა.

– მაშინ გამორიცხულია ჩვენი რუს თეთრგვარდიელებთან კავშირიც!

კოლჩაკთან, იუდენიჩთან და სხვა გენერლებთან მას პირადი მეგობრობა აკავშირებდა, მაგრამ ახლა ეს მეორე პლანზე გადავიდა. მთავარი ეროვნული ინტერესები იყო.

სახელმწიფოს იდეალისტები და პატრიოტები ქმნიან

1919 წელს მანერჰეიმმა წამოაყენა კანდიდატურა პრეზიდენტის პოსტზე. მან მარცხი განიცადა. გენერალს აღმერთებდა ჯარი, მაგრამ უბრალო ხალხს ჯერ არ მიაჩნდა თავისიანად.

“მარცხმა გული დამწყვიტა. მიუხედავად ამისა, ფინეთის სამსახურში დავრჩი. ფინეთი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, შედგა. ახლა მისი განმტკიცება იყო საჭირო. ვაჭრუკანების, მსტოვრებისა და კარიერისტების მიერ აშენებული ქვეყანა არავის უნახავს. სახელმწიფოს იდეალისტები და პატრიოტები ქმნიან, რომლებიც მზად არიან უყოყმანოდ შესწირონ თავი სამშობლოს”, – იგონებდა შემდგომში მანერჰეიმი.

ის კვლავ უანგაროდ და ბოლომდე ემსახურებოდა ფინეთს. როდესაც დიპლომატიურ სამუშაოზე იმყოფებოდა (იყო სრულუფლებიანი წარმომადგენელი ლონდონსა და პარიზში), ყველაფერს აკეთებდა, რათა ევროპას ეცნო დამოუკიდებელი ფინეთი. ამ საქმეში მანერჰეიმის წვლილი უზარმაზარია. მან გაზარდა მისი პოპულარობა. პარლამენტმა მანერჰეიმს მარშლის წოდება მიანიჭა. გენერალიც მთელი ენერგიით ჩაება სამხედრო აღმშენებლობის საქმეში. ის ეროვნული თავდაცვის საბჭოს პრეზიდენტი გახდა.

– ჩვენი დამოუკიდებლობის მთავარი მტერი საბჭოთა რუსეთია! მასთან ომი გარდუვალია და ამისთვის ახლავე უნდა მოვემზადოთ! – ეს სიტყვები მან 1930 წელს განაცხადა.

1931 წელს დაიწყო სიმაგრეების მშენებლობა. შემდგომში მას “მანერჰეიმის ხაზიც” უწოდეს. მიმდინარეობდა ფინური არმიის გადაიარაღების პროცესიც. შედეგად ჯარი თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვა. პარალელურად მანერჰეიმმა რეზერვისტების ეფექტური სისტემაც შექმნა.

სსრკ–ფინეთის ომი

1939 წელს დაიდო მოლოტოვ–რიბენტროპის პაქტი. ფინეთი და ბალტიისპირეთი საბჭოთა გავლენის სფეროში მოექცნენ. იმავე წლის 1 სექტემბერს გერმანია თავს დაესხა პოლონეთს. დაიწყო მეორე მსოფლიო ომი. ინგლის–საფრანგეთი მზად არ იყვნენ ომისთვის. გერმანული ვერმახტიც სწრაფად მიიწევდა წინ. პოლონეთი დაეცა. ეცემოდნენ ევროპის სხვა ქვეყნებიც. ასეთ ვითარებაში სტალინმა ფინეთსა და ბალტიისპირეთში თავისი ბაზების განლაგება მოითხოვა. ბალტიელებმა ეს წინადადება მიიღეს. ფინელებმა კი რუსეთს მტკიცე უარით უპასუხეს.

– ფინეთი სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს! – სტალინი გააფთრებული იყო.

მანერჰეიმმა იცოდა, რომ მოსკოვში უკვე შექმნილი იყო ე.წ. “ფინეთის სახალხო მთავრობა”, რომლის სათავეშიც ოტო კუსინენი იდგა.

სტალინმა ომის ატეხის საბაბი მარტივად გამოძებნა. თუმცა, რუსებს გააფთრებული წინააღმდეგობა შეხვდათ. ფინელებმა წარმატებით მოიგერიეს პირველი იერიშები.

– ჩვენ იმედი გვქონდა, რომ ევროპა ახლა მაინც დაგვეხმარებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ჩვენ მარტონი ვიყავით, – იგონებდა შემდგომში მანერჰეიმი.

მარტოდ დარჩენილი ფინელები არნახული გააფთრებით იბრძოდნენ. იარაღი ხელში ქალებმა და ბავშვებმაც კი აიღეს. ამ ომის მონაწილე საბჭოთა ჩეკისტი სტანისლავ ვაუპშასოვი იგონებს:

– ასეთი რამ არასოდეს მინახავს და არც მსმენია. დედები თავიანთ 10–15 წლის შვილებს ავტომატით ხელში ნაძვებზე აბამდნენ. ეს ბავშვები დაუზოგავად გვიხსნიდნენ ცეცხლს. როდესაც დასახლებულ პუნქტში შევდიოდით, თავს მშვიდად ვერ ვგრძნობდით, რადგანაც მოხუცს, ქალს ან ბავშვს შეეძლოჩვენთვის ზურგში ესროლა.

მანერჰეიმი პირადად ხელმძღვანელობდა თავდაცვას. ის გადიოდა პოზიციებზე, მონაწილეობდა ხელჩართულ შეტაკებებში. რიცხობრივი უპირატესობა რუსების მხარეს იყო. საბჭოთა არმია ნელა, მაგრამ მტკიცედ უახლოვდებოდა ჰელსინკის. მანერჰეიმი ხედავდა, რომ ყველა რეზერვი ამოწურული იყო.

– ჯარისკაცებო, – მიმართა მეომრებს მანერჰეიმმა, – რეზერვები ამოწურულია! გადარჩენის შანსები აღარაა! დაგვრჩა ერთადერთი გამოსავალი: რაც შეიძლება ძვირად გავყიდოთ საკუთარი ტყავი. სამშობლო ან სიკვდილი! ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ!

მანერჰეიმს მთელმა ერმა დაუჭირა მხარი. ყველა ფინელი ამ მძიმე წუთებში ერთად დადგა.

ხალხის აღფრთოვანებას იწვევდა ისიც, რომ არც მანერჰეიმს, არც პრეზიდენტს, არც მთავრობის წევრებსა თუ პარლამენტის დეპუტატებს უფიქრიათ ქვეყნიდან გაქცევა. პრეზიდენტი და მთავრობა ჰელსინკიში დარჩნენ. ფუნქციონირებდა ყველა სამთავრობო დაწესებულება. ხელში იარაღი აიღეს მინისტრებისა და დეპუტატების ცოლებმა, სასულიერო პირებმა, 10–12 წლის გოგო–ბიჭებმაც კი.

ასეთმა თავგანწირვამ შედეგი გამოიღო. ჰელსინკთან მოხერხდა წითელი არმიის შეჩერება. ახლა ფინეთის დასაცავად ყველამ ამოიღო ხმა. მათ შორის იყო ჰიტლერიც, რომელიც ძალიან შეაშფოთა კრემლის გაზრდილმა მადამ. საბჭოთა არმიამ კი უდიდესი ზარალი განიცადა. ყველაფერმა ამან აიძულა სტალინი დათმობაზე წასულიყო. საომარი მოქმედებები შეჩერდა. მალე ოფიციალურად გაფორმდა ფინეთ–სსრკ–ს მშვიდობიანი ხელშეკრულება. ფინეთმა დაკარგა ტერიტორიის 12 პროცენტი, მაგრამ შეინარჩუნა დამოუკიდებლობა.

ალიანსი ჰიტლერთან

შექმნილმა ვითარებამ ლოგიკურად უბიძგა ფინეთს ჰიტლერელებთან კავშირისკენ. მოლოტოვ–რიბენტროპის პაქტში ნათქვამი იყო, რომ ბალტია რუსების გავლენის ქვეშ მოექცეოდა. სტალინი ჰპირდებოდა გერმანელებს, რომ ბალტიის ქვეყნების სუვერენიტეტი შენარჩუნებული იქნებოდა. პარიზის აღების შემდეგ ჰიტლერმა ამ რეგიონისთვის მოიცალა. ლატვიის, ლიტვისა და ესტონეთის რესპუბლიკები უკვე აღარ არსებობდნენ. სამაგიეროდ, გადარჩა ფინეთი. ჰიტლერმაც უმალ განალაგა იქ თავისი ბაზები. მანერჰეიმი ამას დათანხმდა, რადგან ყოველ წამს რუსების ახალ თავდასხმას ელოდა.

იმ შფოთიან დროში მანერჰეიმი გამოიკვეთა, როგორც ეროვნული ლიდერი. ფინელებმა ის ლამის ერთხმად აირჩიეს პრეზიდენტად. სსრკ–გერმანიის ომის დაწყებასთან ერთად, ფინეთის ჯარიც გადავიდა საბჭოთა ტერიტორიაზე. თუმცა მანერჰეიმს კვლავაც თავი ღირსეულად ეჭირა:

– ჩვენ მხოლოდ ჩვენი ტერიტორიების დაბრუნება გვსურს და მეტი არაფერი!

ასეთმა პოზიციამ ჰიტლერი გააღიზიანა. ფიურერმაც ერთ–ერთ თათბირზე განაცხადა:

– ხომ არ დადგა დრო, მანერჰეიმის ნაცვლად, სხვა პარტნიორი მოვძებნოთ?

– ეს შეუძლებელია, ჩემო ფიურერ, – მიუგო სდ–ს შეფმა ჰეიდრიხმა, – მანერჰეიმის ჩამოშორების ნებისმიერი მცდელობა ჩვენთვის ცუდად დამთავრდება. ფინელების სახით ახალ პარტიზანებს მივიღებთ.

ჰიტლერმაც ხელი აიღო მანერჰეიმის დამხობაზე.

მანერჰეიმი იძულებით გახდა ჰიტლერელთა მოკავშირე. იმავდროულად მას კავშირი ჰქონდა დასავლეთთან. მეტიც, ფინეთის დახმარებით დასავლეთთან კავშირი დაამყარეს უკრაინელმა ნაციონალისტებმაც. ამ საქმეს მანერჰეიმმა პირადად შეუწყო ხელი:

– უკრაინა ჩვენი მოკავშირეა, – ასეთი გახლდათ მარშლის პოზიცია.

სტალინგრადის ბრძოლის შემდეგ ჰიტლერელთა მარცხი აშკარა გახდა. მანერჰეიმს უკვე საკმაოდ მტკიცე კავშირი ჰქონდა დასავლეთთან, უწინარეს ყოვლისა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან. მარშალი ემზადებოდა ჰიტლერულ ბლოკთან კავშირის გასაწყვეტად.

გადამწყვეტი ბრძოლა სამშობლოსთვის

სტალინს ფინეთის პირველ ომში განცდილი მარცხი კარგად ახსოვდა. ამიტომ გულმოდგინედ ემზადებოდა რევანშისთვის.

– ეს გამოწკეპილი არისტოკრატი ცოცხლად უნდა მომგვარონ კრემლში. მე მას გავესაუბრები ჭიქა ღვინის თანხლებით, – განაცხადა სტალინმა პოლიტბიუროს სხდომაზე.

საბჭოთა არმიაც მტკიცედ მიიწევდა წინ. მანერჰეიმმა დახმარების თხოვნით მიმართა დასავლეთს:

– ჩვენ ხვალვე გავწყვეტთ კავშირს ჰიტლერელებთან, მაგრამ გვაშფოთებს საბჭოთა არმიას წინსვლა!

– მოაგვარეთ ყველა სადავო საკითხი რუსეთთან! – ასეთი იყო დასავლეთის პასუხი.

მანერჰეიმმაც საიდუმლოდ აფრინა ემისრები მოსკოვში. სტალინი კმაყოფილებით შეხვდა ფინეთის გერმანიისგან ჩამოცილების პერსპექტივას, მაგრამ წითელი არმია განაგრძობდა წინსვლას. იმავდროულად, კონტრდაზვერვამ დააფიქსირა რუსული აგენტურის მკვეთრი გააქტიურება. სტალინი გულდასმით ამზადებდა გადატრიალებას ფინეთში. მანერჰეიმსაც აღარ რჩებოდა სხვა გამოსავალი, გარდა იმისა, რომ განეგრძო ბრძოლა დასაღუპავად განწირული გერმანიის მხარეზე.

“ჰიტლერთან კავშირი უნდა გაწყვეტილიყო მხოლოდ მაშინ, როდესაც გერმანია ვეღარ შეძლებდა ჩვენ წინააღმდეგ რაიმე სადამსჯელო ზომების განხორცილებას და შესაძლებლობა გვექნებოდა მოგვეხდინა მთელი ძალების მობილიზაცია საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ”, – იგონებდა შემდგომში მანერჰეიმი.

მან მართლაც ზუსტად შეარჩია მომენტი. ჰიტლერთან კავშირი მან გაწყვიტა მხოლოდ მაშინ, როდესაც გერმანია უძლური იყო რაიმე კონტრზომები განეხორციელებინა. ფინეთმა ომი გამოუცხადა “მესამე რაიხს”. გერმანული ჯარები, რომლებიც ფინეთში იმყოფებოდნენ, განაიარაღეს. ახლა რჩებოდა მთავარი პრობლემა – რუსები.

– განაგრძეთ წინსვლა ჰელსინკისკენ და აუცილებლად აიღეთ ეს ქალაქი! – გასცა განკარგულება სტალინმა.

ფინელები კვლავ მედგრად იბრძოდნენ. მარცხით დასრულდა რუსული აგენტურის მცდელობა განეხორციელებინათ გადატრიალება.

დასავლეთმა დაინახა ფინელთა ერთობა. ამის შემდეგ ამ პატარა, მაგრამ ამაყ ქვეყანას აღმოუჩინეს დახმარება. გადამწყვეტი აშშ–ს პოზიცია გახლდათ. ამან გამოიღო შედეგი. სტალინმა უკან დაიხია.

ომის შემდეგ

მანერჰეიმს ერთსულოვნად აღიარებდნენ ეროვნულ გმირად. მთელი ფინეთი დანაღვლიანდა, როდესაც შეიტყვეს, მარშალი მძიმედ ავად არისო. 1948 წლიდან მანერჰეიმი ჩამოშორდა პოლიტიკურ მოღვაწეობას. დროის უმთავრეს ნაწილს ის შვეიცარიაში ატარებდა, სადაც მკურნალობის კურსს გადიოდა. პარალელურად ინტენსიურად მუშაობდა მემუარებზე.

მარშალი მანერჰეიმი 1951 წელს გარდაიცვალა. ის მთელმა ფინეთმა გულწრფელად დაიტირა.

ეპილოგი

“ომი უბედურებაა, მაგრამ ყველაზე უარესი სახელმწიფოს შიგნით ატეხილი შფოთია. ჩვენი მტრებიც ჯიუტად ცდილობდნენ ფინეთში სამოქალაქო ომის გაჩაღებას. ქვეყანა გადარჩა იმიტომ, რომ ყველა ფინელი განურჩევლად ასაკისა და კლასობრივი კუთვნილებისა, ერთად დადგა. სამშობლო ან სიკვდილი! – ეს ყველას იდეოლოგია გახდა”, – წერს თავის მემუარებში მარშალი მანერჰეიმი, კაცი, რომელმაც თავად სტალინის დამარცხება შეძლო.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close