ლაგოდეხის ნაკრძალი
ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი და აღკვეთილი
ლაგოდეხის ნაკრძალი საქართველოს უკიდურეს ჩრდილო – აღმოსავლეთ ნაწილში, აღმოსავლეთ კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე, ზღვის დონიდან 3500 მ.-ზე მდებარეობს. ჰავა ნახევრად სუბტროპიკულია.
ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი პირველია საქართველოში შექმნილ ნაკრძალთაგან, იგი 1912 წელს არის დაარსებული. თავისი ფლორითა და ფაუნით ნაკრძალი საქართველოს ბუნების უნიკალურ ძეგლს წარმოადგენს. მკვეთრად დასერილი რელიეფი, სიმაღლეების დიდი ამპლიტუდა, სხვადასხვა დაქანებისა და ექსპოზიციის ფერდობები, ღრმა ხევები მდინარეებით, ძლიერ განსხვავებულ ფიზიკურ – გეოგრაფიულ პირობებს ქმნის. ამით არის განპირობებული მცენარეული საფარის მრავალფეროვნებაც. ნაკრძალში საქართველოში გავრცელებულ მცენარეთა ორი მესამედია თავმოყრილი. დაცულია უნიკალური რცხილნარ – წიფლნარი ფოთლოვანი ტყე და აქ წარმოდგენილი ტყის შემქმნელი სახეობები: წიფელი, დიადი ბოყვი, რცხილა, მდინარეთა გაყოლებაზე მურყანი; ჩნდება ლაფანი, ცაცხვი, წაბლი, უფრო იშვიათად უთხოვარი; ლაგოდეხის გენციანა და ლაგოდეხის ენძელა, რომლებიც ვიწროლოკალურ ენდემებს წარმოადგენენ.
ნაკრძალი გამორჩეულია ძველი წიფლნარ – ფოთლოვანი ტყით, ალპური ზონის ხელუხლებელი მდელოებით, გამყინვარების დროინდელი ტბებით, ენდემური და უძველეს რელიქტურ სახეობათა სიუხვით; ვერტიკალური სარტყელების დიდი დიაპაზონით. აქვეა ლაგოდეხის ტყის უმშვენიერესი ჩანჩქერიც.
ნაკრძალში გავრცელებულია იშვიათი მცენარეები: მლოსკევიჩის იორდასალამი, იულიას ფურისულა, ლაგოდეხის იორდასალამი, მრგვალი წამალი. დაფიქსირებულია ყვავილოვან მცენარეთა 1500 – მდე სახეობა, მათ შორს მრავლად ვხვდებით ენდემურ სახეობებსაც (იულიას ფურისულა, მლოკოსევიჩის იორდასალამი, ლაგოდეხის ნაღველა და სხვ.).
ლაგოდეხის ნაკრძალში ბინადრობს საქართველოში გავრცელებულ მტაცებელ და წყვილჩლიქოსან ცხოველთა უმეტესობა, ამათგან ზოგიერთი სახეობის არეალი ძალზე შემცირებულია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს კავკასიაში (არჩვი, აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი). ბინადრობს, აგრეთვე, აფთარი, წავა, დათვი, მგელი, ირემი, შველი, გარეული ღორი.
ფრინველთა სახეობებიდან აღსანიშნავია კრავიჭამია, მონოტიპური გვარის წარმომადგენლები – მთის არწივი, თეთრკუდა არწივი, შევარდენი; ეს სახეობები ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის წითელ ნუსხაშია შეტანილი. აგრეთვე აღსანიშნავია კავკასიის ენდემური სახეობა – კავკასიური როჭო, ხოხობი, შურთხი და სხვ.. ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის წითელ ნუსხაშია შეტანილი ამფიბია – კავკასიური ჯავრიანა.
ნაკრძალში დაშვებულია მხოლოდ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ტურიზმი, გადაადგილება შესაძლებელია ფეხით და ცხენით სპეციალურად განსაზღვრულ მარშრუტებზე. ფუნქციონირებს ფლორისა და ფაუნის მუზეუმი.
ლაგოდეხის აღკვეთილი
ლაგოდეხის აღკვეთილი დაარსებულია 2003 წელს, მისი ფართობი 1970 ჰექტარია. მდებარეობს ლაგოდეხის ნაკრძალის სამხრეთით მიმდებარე სოფლების გასწვრივ. ლაგოდეხის აღკვეთილი გამორჩეულია წიფლნარ – რცხილნარი ფართოფოთლოვანი ტყით, გურგენიაბის ჩანჩქერით. აღკვეთილი მოიცავს, აგრეთვე, ტყისა და ალპური მდელოების დამაკავშირებელ ბილიკთა სისტემას.
გადაადგილება დასაშვებია ფეხით და ცხენით სპეციალურად განსაზღვრულ მარშრუტებზე.