გართობაკულტურა

წინასაახალწლო რჩევები ასტროლოგ მიხეილ ცაგარელისგან

f28c87ddf1af

ასტროლოგიური ცნობები ახალ წელთან დაკავშირებით

ახალი წლის დადგომის წინ ყველას აინტერესებს, როგორი წელიწადი იქნება მათთვის, რა უნდა გაითვალისწინონ საახალწლო სუფრის გაშლის, ახალი წლის შეხვედრის დროს. წინასაახალწლო პროგნოზები და რჩევები ასტროლოგ მიხეილ ცაგარელისგან მივიღეთ.

– ბატონო მიხეილ, როგორ შევხვდეთ ახალ წელს?
– მაგიდა, რომლის ირგვლივ შეიკრიბებით ახალი წლის ღამეს, შეძლებისდაგვარად დადგით ოთახის შუაგულში. გადააფარეთ ყვითელი, ნარინჯისფერი, ვერცხლისფერი გადასაფარებელი (შეიძლება თეთრიც). ჭურჭელი უმჯობესია იყოს ლითონის, სპილენძის, მელქიორის, ვერცხლის ან ხის. მაგიდაზე სასურველია მოათავსოთ ერთი ან რვა ნარინჯისფერი ან ყვითელი სანთელი. მაგიდაზე აუცილებლად უნდა იყოს ვეფხვის გამოსახულების რამე სუვენირი. კარგი იქნება, მაგიდაზე რამე ნაკეთობის მოთავსება.

ახალი წელი რომ დადგება და მოიპატიჟებთ ვეფხვის წელიწადს სახლში, ამ დროს ზედმეტად ნუ შეაქებთ გასული წლის მბრძანებელ ხარს, რადგან ვეფხვი ეპაექრება ხარს.

– ნაძვის ხეზე რომელი ფერები უნდა ჭარბობდეს?
– აუცილებლად უნდა იყოს ვერცხლისფერი და ოქროსფერი წვიმები და სათამაშოები. სხვა ფერები მრავალფეროვნებისთვის ძალიან ცოტა გამოიყენეთ. ჩიჩილაკიც აუცილებლად შეიძინეთ.

– საახალწლო სუფრაზე რა საჭმელი უნდა ჭარბობდეს?
– საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი. ტრადიციულ კერძებთან ერთად (საცივი, გოზინაყი, ჩურჩხელა) დიდი რაოდენობით უნდა იყოს ხორცეული. მომავალ წელს, მათ შორის საახალწლო სუფრაზე, თავი შეიკავეთ ლუდის, ცხვრის ხორცისა და ბრინჯის გამოყენებისგან. ვეფხვს არ უყვარს ზედმეტი ხმაური. ამიტომ ჯობია, ახალი წლის დადგომას შეხვდეთ მშვიდ ვითარებაში, მხიარულად, სროლის გარეშე.

ყვითელი ფერის ლითონის სტიქიის ვეფხვის წელიწადი ძალაში ოფიციალურად 2010 წლის 14 თებერვალს შევა. ეს ზოდიაქოს ნიშანი აღმოსავლურ მეტაფიზიკაში გამოსახავს ძალას, იღბალს, ძალაუფლებას და ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ნიშნად მიიჩნევა აღმოსავლური ასტროლოგიური ზოდიაქოს ნიშნებიდან.
მსოფლიოს ასტროლოგიური სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ მსხვილი ცვლილებები, საზღვრების შეცვლა, მსხვილი სამხედრო კონფლიქტები და დაპირისპირებები ვეფხვის წელიწადში ხშირად ხდებოდა. საკმარისია გავიხსენოთ კარიბის კრიზისი 1962 წელს, რეფორმები საბჭოთა კავშირში 1986 წელს.

ტრადიციულად ვეფხვის წლებში შეიმჩნევა თანამდებობიდან ხშირი გადადგომა, ახალი სახეების დანიშვნა, მოულოდნელი ცვლილებების განხორციელება. მათ შორის მაღალ სახელმწიფოებრივ დონეზე. ამიტომ 2010 წელიწადი რთულია ხელმძღვანელ პირთათვის. ბევრი ადამიანი გამოავლენს გადამეტებულ ემოციურობას და იმპულსურობას, ხშირად იმოქმედებს მორალისა და ეთიკის გარეშე. თუმცა 2011 წელს, ანუ კატის წელიწადში, ბევრ ადამიანს მიეცემა საშუალება, გააანალიზოს 2010 წელს დაშვებული შეცდომები და შესაბამისი დასკვნები გამოიტანოს. მთლიანობაში ვეფხვის წელი ხელს უწყობს მასების აქტიურობის გამოვლენას და ახალი უშიშარი ლიდერების გამოვლენას. აღმოსავლეთში ამბობენ, რომ “ვეფხვის წელიწადი საჭიროა იმისთვის, რომ გამოვლინდეს საუკეთესონი ჩვენ შორის”.

– საქართველოს რა სიახლეებს მოუტანს 2010 წელი?
– როგორც საქართველოში, ასევე სხვა ქვეყნების პოლიტიკურ ცხოვრებაში მოსალოდნელია მსხვილი პოლიტიკური სკანდალები, დაპირისპირებები და ინტერესთა სფეროს შეჯახება, სამხედრო გადატრიალება, მოწინააღმდეგეების ძალადობრივი მეთოდებით მოშორება, კანონების შეცვლა. მაქსიმალური ყურადღებაა საჭირო ახალი წინადადებების, სიტუაციებისა და მოვლენების მიმართ წლის დასაწყისში. მათი მეშვეობით გასაგები გახდება, როგორ დაიწყება წელიწადი და როგორ დასრულდება… აღმოსავლეთში ლითონის სტიქია შემოდგომის პერიოდს უკავშირდება, ამიტომ სწორედ შემოდგომაზე გამოვლინდება წელიწადის ძირითადი ტენდენციები.

ვეფხვის წელიწადში ადამიანებში სექსუალურობა და შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენის უნარი მოიმატებს. წყვილებს შორის ურთიერთობა უფრო ვნებიანი და ემოციური იქნება. წლის უარყოფით ტენდენციებს შეიძლება მიეკუთვნოს მოვლენების დრამატიზებისადმი მიდრეკილება, კომპრომისების უქონლობა ოჯახში და კონტრაქტების ხელმოწერისას ზედმეტი თვითრწმენა, მოუთმენლობა და გადამეტებული ლტოლვა თავისუფლებისადმი. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ვეფხვის წელიწადში სასიყვარულო ურთიერთობები არასტაბილურ სახეს იძენენ, გაიზრდება კონკურენტული ბრძოლა, რომელიც ზოგჯერ ულმობელი გახდება. ძლიერი კომპანიები უფრო სუსტებს დაიპყრობენ, ამიტომ გაკოტრების ალბათობა მოიმატებს. ვეფხვის წელიწადში წარმატება მათ დარჩებათ, ვინც შეძლებს კონკრეტული მიზნების დასახვას.

აღმოსავლეთში ითვლება, რომ ვეფხვი გვათავისუფლებს სამი უბედურებისგან: ქურდებისგან, ცეცხლისა და მატყუარა ადამიანებისგან. ეს წელიწადი კარგია ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. სასიკეთო ზეგავლენას მოახდენს ადამიანებზე, რომლებიც დაიბადნენ ძაღლის, ცხენის ან კატის წელიწადში. განსაკუთრებით გაუმართლებთ ტახის წელიწადში დაბადებულებს. ვეფხვის წელიწადი მშვიდ ცხოვრებას ჰპირდება თხის, ხარისა და დრაკონის წელში დაბადებულებს. სირთულეებს შეუქმნის მაიმუნის და გველის წელში დაბადებულებს.
აქტიურად იმოქმედეთ და ძირითადად საკუთარი თავისა და იღბლის იმედი უნდა გქონდეთ.

ვერძი (21.03-20.04)
დევიზი: “მე ვარსებობ!”
მმართველი პლანეტა: მარსი.
ქვა: ლალი.
ფერი: წითელი, ნარინჯისფერი.
ბედნიერი დღე: სამშაბათი.

მთელი 2010 წლის განმავლობაში პლანეტა სატურნის ადგილმდებარეობა თქვენგან დიპლომატიური თვისებების გამოვლენას ითხოვს.
ზამთარი: პლანეტა მარსის მოძრაობა გაიძულებთ, მოქმედებისას მეტი სიფრთხილის გამოვლენას, წინდახედულ მოქმედებას. ამ პერიოდში ძალები და ენერგია უნდა დაზოგოთ.
გაზაფხული: კეთილი საქმეების გამო მაისში დასაჩუქრდებით. ახლობლებისადმი გამოვლენილი უანგარო დახმარება პესიმიზმისგან დაგიცავთ.
ზაფხული: თქვენი აქტიურობა ხელს შეუწყობს ახალი პარტნიორების გამოჩენას. ამ დროს იწყება თქვენი ვარსკვლავური პერიოდი.
შემოდგომა: ყოველდღიური საქმიანობა შეიცვლება უფრო აქტიური პერიოდით. აუცილებელი იქნება ყველა წინადადების ზედმიწევნით აწონ-დაწონა.

სიყვარული: იანვარ-თებერვალში შეიძლება გაგახსენდეთ დიდი ხნის წინ მივიწყებული სიყვარული. მხოლოდ მარტის ბოლოს გაერკვევით, როგორ უნდა მოიქცეთ შემდგომ. აპრილი გამოცდას მოუწყობს უკვე ჩამოყალიბებულ ურთიერთობებს. ივნისის პირველ რიცხვებში ნუ აჰყვებით ილუზიებს, რამაც შემდგომ შეიძლება, გული გატკინოთ. ივნისის შუა რიცხვებში სასიყვარულო განცდები მოიმატებს. აგვისტოში მოისურვებთ სასიყვარულო ურთიერთობის სერიოზულ ფერხულში ჩაბმას, ამისთვის საუკეთესო დროა 12 აგვისტოდან 7 სექტემბრამდე და 23 სექტემბერიდან 6 ოქტომბრამდე პერიოდები.

ოჯახი: ძირითადი საოჯახო საკითხები წელს თავისთავად მოგვარდება. სხვების რჩევაც დროული იქნება, რაც ხელს შეუწყობს ზოგიერთი ჩახლართული სიტუაციის მოგვარებას. მარტსა და აპრილში საოჯახო შემოსავალი გაიზრდება. მაისში გაგიჩნდებათ ახალი საოჯახო პრიორიტეტები, რითაც თქვენი ოჯახის პრესტიჟი გაიზრდება. ზაფხულში და სექტემბერში ჰარმონიული ურთიერთობები გექნებათ შვილებთან.
ჯანმრთელობა: ვეფხვის წელიწადი არ უქმნის სერიოზულ პრობლემას თქვენს ჯანმრთელობას, თუმცა გადატვირთვას უკუჩვენება ექნება. გაუფრთხილდით თვალებს. ზედმეტად ნუ დაძაბავთ მათ. მოერიდეთ სიმძიმეების აწევას. სუსტდება წელის არე. მცირე დაავადებებმა შეიძლება, თავი იჩინონ მაის-ივლისში. აგვისტოს ბოლოს და სექტემბერში დაიცავით ზომიერება კვებაში. საკვებ რაციონში აუცილებლად შეიტანეთ თევზეული და რძის პროდუქტები.

კურო (21.04-20.05)
დევიზი: “მე მაქვს!”
მმართველი პლანეტა: ვენერა
ქვა: აქატი, მალაქიტი.
ფერი: ლიმონისფერი, ყავისფერი, მწვანე.
ბედნიერი დღე: პარასკევი, ორშაბათი.

მკაცრი პლანეტა სატურნი თქვენგან ენერგიის სრულად დახარჯვას მოითხოვს. საკუთარ თავს ამ დროს გვერდიდან შეხედეთ, რითაც პირად ურთიერთობებში გაუგებრობებსა და კონფლიქტებს აიცილებთ.
ზამთარი: კარგი პერიოდია უცხოეთში მოგზაურობისთვის. მოსალოდნელია, სასიყვარულო-რომანტიკული თავგადასავლებისა და გართობის წინაშე აღმოჩნდეთ. მიენდეთ ინტუიციას.
გაზაფხული: თქვენი ძირითადი დრო და ენერგია ამ პერიოდში ოჯახურ საკითხებს დასჭირდება, მოგიწევთ ინტერიერის შეცვლა, საყვარელ ადამიანებსა და ახლობლებთან კონტაქტების გამყარება.
ზაფხული: მეტი მოთმენა და თავდაჭერა გმართებთ საყვარელი ადამიანის მიმართ. თქვენი ხასიათის უარყოფითი თვისებების გამოვლენამ შეიძლება მარტო დაგტოვოთ.
შემოდგომა: საერთო სიტუაცია სამსახურში საგრძნობლად გაუმჯობესდება. ძველი მეგობრები თავს შეგახსენებენ.

სიყვარული: წლის დასაწყისში მოიმატებს სასიყვარულო განცდები. თებერვლის ბოლოს საქორწინო წინადადების განხილვა მოგიწევთ. ივნისში გამახვილდება ვნება და სექსუალური მიზიდულობა. ივლისში კი საგრძნობლად გაიზრდება თქვენი სექსუალური მიზიდულობა. აგვისტოში თქვენი სექსუალური შარმი პიკს მიაღწევს, თუმცა სამსახურებრივი დატვირთვა ხელს შეუშლის თქვენი რომანტიკული აღგზნების რეალიზაციას. გვიანი შემოდგომა იდეალურ მშვიდობას დაამყარებს თქვენს ურთიერთობაში.
ოჯახი: წლის პირველ ნახევარში მაქსიმალური თავდაჭერა და მოთმინება დაგჭირდებათ. გადადებული საოჯახო პრობლემები ამჯერად კონფლიქტებს გამოიწვევენ. ეცადეთ, ღრმად ჩასწვდეთ ოჯახის წევრთა გრძნობებს.

ჯანმრთელობა: ორგანიზმი წელს სისტემატურ ყურადღებას მოითხოვს. განსაკუთრებული ყურადღება ესაჭიროება ყელსა და ყურებს. მაღალია გაციებისა და ინფექციური დაავადებების ალბათობა. საკვებ რაციონში შეიტანეთ ზღვის პროდუქტები, ხილი, ბოსტნეული, ძროხის ხორცი.

ტყუპები: (21.05-21.06)
დევიზი: “მე ვფიქრობ!”
მმართველი პლანეტა: მერკური
ქვა: ქრიზოლიტი,
ფერი: ოქროსფერი, ცისფერი.
ბედნიერი დღე: ოთხშაბათი, კვირა.

2010 წელი ხელს შეუწყობს სწავლას, მით უმეტეს, რომ ინტელექტუალური მოღვაწეობა მეტად ნაყოფიერი იქნება. მატერიალური შემოსავალი მაინცდამაინც დიდ სიხარულს არ მოგიტანთ. შემოქმედებითი მუშაობისთვის კარგი წელიწადია.
ზამთარი: ფუნდამენტურად გადახედეთ თქვენი ურთიერთობის წრეს. შესაძლებელია ძველი კონტაქტების აღდგენა.

გაზაფხული: პლანეტა იუპიტერი კოსმოსურ გამოცდებს მოგიწყობთ. შესაძლებელია, იძულებული გახდეთ და რამდენიმე არაპოპულარული გადაწყვეტილება მიიღოთ, რომლებიც დროებით იზოლაციაში მოგაქცევენ.

ზაფხული: მოერიდეთ ოჯახში სიტუაციის გამძაფრებას. პრობლემები შეგხვდებათ სამსახურში.
შემოდგომა: თქვენი კარგად მოფიქრებული საინტერესო იდეები, სამწუხაროდ, ხელმძღვანელებთან დაპირისპირებას შეეწირება. გადაერთეთ იმ საქმიანობაზე, რაც სიამოვნებას მოგიტანთ.
სიყვარული: შეეცდებით, საიმედო და ერთგული პარტნიორი მოძებნოთ. სინაზე, ეშხი და მიზიდულობა თქვენში მაისში მოიმატებს, რაც ბევრად განაპირობებს თქვენს სასიყვარულო წარმატებას. აგვისტოს პირველ ნახევარში იმედგაცრუება გელით, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდება.
ოჯახი: იანვრიდან ივნისის ჩათვლით თქვენს ოჯახში პრობლემები აგრესიულ-დიქტატორული გზით მოგვარდება. ეს კი სირთულეებს შექმნის ურთიერთობებში, მაგრამ თქვენ იპოვით ძალას და ყველაფრის შეცვლას მოახერხებთ.

ჯანმრთელობა: ჯანმრთელობის მხრივ 2010 წელს მცირეოდენი პრობლემები გექნებათ. ზამთარში მოიმატებს ტრავმების ალბათობა. ზაფხულში შეიძლება იმუნიტეტი დაგიქვეითდეთ, მაგრამ ორგანიზმი ძალებს სწრაფად აღიდგენს. მიაქციეთ ყურადღება კვებას. შეამცირეთ მარილიანი და ცხიმიანი საკვები.

მსგავსი ამბები

Back to top button