არქივი

ქართული ღვინო

4a0918bf1fea

ქართული ღვინო ისტორიით ერთ-ერთი უძველესია ევროპაში.

დღეისთვის ნაპოვნი ყველაზე ადრეული ნიშნები მევენახეობისა და ღვინის წარმოებაზე მიუთითებს საქართველოში ღვინის კულტურის არსებობაზე დაახ. 7000 წლის წინ, რაც საქართველოს ღვინის სამშობლოს სტატუსს ანიჭებს.

ყველაზე განთქმული მევენახეობით საქართველოს რეგიონებს შორის არის კახეთი (რომელიც იყოფა თელავისა და ყვარელის მიკრორეგიონებად), მას მოჰყვება ქართლი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, ასევე აფხაზეთი.

ისტორია

ქვემო ქართლის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილ იქნა ყურძნის წიპწები, რომელიც ძვ.წ. 7-6-ე ათასწლეულებს განეკუთვნება და ენეოლითური პერიოდით თარიღდება. 6-5-ე ათასწლეულებით ჩვენს ერამდე დათარიღდა ანაკლიის დიხა-გუძუბაში აღმოჩენილი წიპწები, რის შედეგადაც დადასტურდა, რომ ჯერ კიდევ ნეოლითის დროს, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში იცნობდნენ ვაზის კულტურას და მას საკმაოდ დიდი როლი ეკავა ადვილობრივი მოსახლეობის სამეურნეო ცხოვრებაში. ასევე ნაპოვნია კულტურული ვაზის უშუალო წინაპარი – გარეული ვაზი-კრიკინა (უზურვაზი), რომელიც დღეს წითელ წიგნშიც არის შეტანილი. ეს კი იმის მაჩვენებელიც არის, რომ გარდა ვაზის კულტურისა, მევენახეობის კულტურამ აქ ყველა მისთვის დამახასიათებელი საფეხური გაიარა.

გარდა ამისა, საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია ენეოლითის დროინდელი ძველისძველი მარანი, აქ ღვინის შესანახად გამოიყენებოდა უზარმაზარი, მიწით დაფარული თიხის ქვევრები. აგრეთვე აღმოჩენილია ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს ფიალები. განსაკუთრებით აღსანიშნავია ალაზნის ველის სამაროვნები (ძვ.წ. III-II ათას.). ამ მხრივ ძალიან მდიდარია მტკვარ-არაქსის კულტურის ქართული კერები. გათხრების შედეგად აღმოჩენილია მცხეთის რაიონის მახლობლად (ბაგინეთში) სხვადასხვა კერამიკული ჭურჭელი, რომელიც თარიღდება ძვ.წ. IV-III ათასწლეულებით. ბორჯომში ნაპოვნია 11, ვარძიაში კი – 100-მდე ქვევრი, რომელთა შორის ერთ-ერთი იყო ორმაგკედლიანი, თერმოსის მსგავსი, რაც თავისთავად უნიკალური მოვლენაა და მეტყველებს იმაზე, რომ მისი ავტორები კარგად იცნობდნენ ქიმიას, ფიზიკას და სხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს.

ჩვენი მატერიალური მემკვიდრეობა აგრეთვე იცნობს: ყურძნის სახლავ სპეციალური დანებს, ღვინის დასაწურ მოწყობილობებს, თიხის და ლითონის ჭურჭელს, სხვადასხვა ფორმისა და სახის სასმისებს, ღვინის დასაყენებელ და შესანახ ქვევრებს და სხვა. ეს კულტურული კერები მდებარეობენ, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტიაზე. კერძოდ: შულავერი, მცხეთა, თრიალეთი, ბიჭვინთა, ალაზნის ველი, მესხეთი და სხვა. მეღვინეობის ამსახველი სხვადასხვა ორნამენტებიან ჭურჭელი აღმოჩენილია სამთავისში, იყალთოში, ზარზმაში, გელათში, ნიკორწმინდაში, ვარძიასა და საქართველოს სხვა რეგიონებში.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია თრიალეთის კულტურა (ძვ.წ. III-II ათასწ.), სადაც უნიკალური ღვინის თასები , ბარძიმები, დოქები და სხვა სახის ჭურჭელია აღმოჩენილი. მათ შორის გამორჩეულია ვერცხლის ცნობილი თასი, რომელზეც გამოსახულია რელიგიური რიტუალი, რაც ღვინის თანხლებით სრულდებოდა და საკმაოდ მასშტაბური უნდა ყოფილიყო ორნამენტული კომპოზიციის მიხედვით. აგრეთვე აღსანიშნავია, ოქროს თასი, რომელიც მოპირკეთებულია სხვადასხვა სახის პატიოსანი თვლებით. ასეთი ბარძიმები უმთავრესად მათრობელისითხის – ღვინის დასალევად გამოიყენებოდნენ. ამაზე მიუთითებს მათ ზედაპირზე დალექილი ნარჩენებიც.

სრულიად ახლახანს (2006 წ.) მცხეთასთან აღმოჩენილ იქნა ”თამადის” პატარა ბრინჯაოს სკულპტურა, რომელიც ძვ.წ. I ათასწლეულის დასაწყისით დათარიღდა. ამ სკულპტურაში კაცის ქანდაკს ხელში უჭირავს ყანწი (ძველქართულად – ჯიხვი).

ვაზის კულტთან არის დაკავშირებული ქრისტიანობის გავრცელებაც საქართველოში. როცა წმინდა ნინომ, საკუთარი თმით ვაზისგან შეკრა ჯვარი და იმით უქადაგა ქართლოსის ნათესავთ ქრისტეს რჯული. საფიქრებელია, რომ ვაზის ჯვარი წარმართულ საქართველოშიც ღვთაებრივ სიმბოლოდ, საიდუმლოს ზიარად ითვლებოდა, რისი ჯვარად ქცევაც ერის სულიერების უმაღლეს ცოდნასთან ზიარების ნიშანი იყო. აღსანიშავია, რომ საქართველს გორდა, არც ერთ ქრისტიანულ ქვეყანაში არ არსებობს ”ვაზის ჯვრის კულტი”.

ქართული სამარკო ღვინოები

სუფრის მშრალი ღვინოები: წინანდალი (თეთრი), გურჯაანი (თეთრი), ნაფარეული (თეთრი), ბახტრიონი (თეთრი), მანავი (თეთრი), ვაზისუბანი (თეთრი), ციცქა (თეთრი), ცოლიკაური (თეთრი), რქაწითელი (თეთრი), ტიბანი (თეთრი), თელავი (თეთრი), სვირი (თეთრი), , სამება (თეთრი), თელიანი (წითელი), ნაფარეული (წითელი), ყვარელი (წითელი), მუკუზანი (წითელი),

სუფრის მშრალი ორდინალური ღვინოები: ჰერეთი (თეთრი), გარეჯი(თეთრი), გელათი (თეთრი), კახეთი (თეთრი), დიმი (თეთრი), ბოდბე (თეთრი), შუამთა (თეთრი), საფერავი (წითელი),

ახევრადმშღალი ღვინოები: აგუნა (თეთრი), საჩინო (წითელი), მთაწმინდა (წითელი), ანაკოფია (თეთრი), თბილისური (თეთრი), ფიროსმანი (წითელი), ბარაკონი (წითელი).

ნახევრადტკბილი ღვინოები: ახმეტა (თეთრი), ტვიში (თეთრი), თეთრა (თეთრი), ჩხავერი (თეთრი), სავანე (თეთრი), ფსოუ (თეთრი), ალაზნის ველი (თეთრი), ხვანჭკარა (წითელი), ოჯალეში (წითელი), ქინძმარაული (წითელი), ახაშენი (წითელი), თავკვერი (წითელი), უსახელაური (წითელი), აფსნი (წითელი), ლისნი (წითელი), ალაზნის ველი (წითელი), ალადასტური (წითელი).

მაგარი ღვინოები (პორტვეინი): კარდანახი (თეთრი), ანაგა (თეთრი), სიღნაღი (თეთრი), ივერია (თეთრი), კოლხეთი (წითელი), ტარიბანა (თეთრი), ლელო (თეთრი), მარაბდა (თეთრი),

სადესერტო ღვინოები: საამო (თეთრი), ხიხვი (თეთრი), სალხინო (წითელი), აფხაზეთის თაიგული (თეთრი)

171ca410cb56

წერილობითი ცნობები

საქართველოში ღვინოს არსებობაზე წერილობითი ცნობები დაცულია ბერძნულ, სპარსულ და ქართულ წყაროებში.

ქსენოფონტე (ძვ. წ. V ს.) წერს, რომ კოლხების ღვინო ”სურნელოვანი და საამო” იყო.

სტრაბონის (ძვ. წ. I ს.) ცნობით, იბერიაში ყურძენი ფართოდ გავრცელებული ყოფილა და ვაზის ისეთი მოსავალი მოდიოდა, მოსახლეობას მისი სრულიად მოხმარება არ შეეძლოო.

პროკოფი კესარიელი (VI) გვიამბობს: : ”მესხები შრომის მოყვარენი არიან, მათ ბევრი ვენახი აქვთ და თავიანთი ღვინო მიაქვთ სხვადასხვა ქვეყნებში გასაყიდად”. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცნობაა, ვინაიდან ცხადი ხდება, რომ ძველ მესხებს ცხოველი სავაჭრო ურთიერთობა ქონდათ დამყარებული მეზობელი ქვეყნებთან და ადგილობრივი პროდუქტი ექსპორტზე იგზავნებოდა. გარდა ამისა, გემო ერთ-ერთი ყველაზე რთული გადასაადგილებელი პროდუქტია და, თუ სათანადოდ არ მოეპყარი მას, გაგიფუჭდება. აქედან გამომდინარე, გაკვირვებას აღარ იწვევს ის ფაქტი, რომ საქართველოში თერმოსის ტიპის ქვევრები არსებობდა და შესაძლოა მათი მეშვეობითაც ხდებოდა მსგავსი ტიპის ექსპორტიზაციაც.

ქართველების ვაზისადმი სიყვარული მტრისთვისაც იმდენად კარგად იყო ცნობილი, რომ თემურ-ლენგმა საქართველოში თავისი მეხუთე ლაშქრობის დროს, ვაზის ამოძირკვა მთლიანად ერის განადგურებასთან გააიგივა. ამიტომ აწარმოა ”ეკონომიკური ომი” საქართველოსთან და კახეთში ვაზი თავის ჯარს მთლიანად გააჩეხინა, თუმცა მიზანი განუხორციელებელი დარჩა და უდიდესი ზიანის მიუხედავად, ქართველმა გლეხმა არა თუ აღადგინა ვაზის კულტურა აღმოსავლეთ საქართველოში, არამედ ყველა ვაზის ჯიშის გადარჩენაც შესძლო.

მრავლის მეტყველელია ის ფაქტიც, რომ შაჰ-აბასის დროს კახეთიდან ირანში ღვინო ხარკის სახით გაჰქონდათ, ეს იყო უპრეცენდენტო მოვლენა იმ ეპოქისთვის და შაჰის კარზე ქართლ-კახურ ღვინო ”ედემის სითხედ” იწოდებოდა.

4d1baf121328

მსგავსი ამბები

Back to top button