არქივი

სონკა – ბანდიტი თუ არისტოკრატი?

195abd20ab96
რუსეთი ნახევრად ევროპული და ნახევრად აზიური ქვეყანაა. ამიტომ კაპიტალისტური ურთიერთობები აქ მოგვიანებით და დამახინჯებული ფორმებით დაინერგა. ამან წარმოშვა არა მარტო სოციალური ანტაგონიზმი, არამედ ნამდვილი კრიმინალური აფეთქებაც.

მე–19 საუკუნის ბოლოს, რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე ჩნდებიან პირველი ორგანიზებული ბანდები. მე–20 საუკუნის დასაწყისში აღნიშნული ბანდების რაოდენობა იზრდება. “კრიმინალური ელემენტები აქტიურდებიან, მათი გავლენა მოზარდ თაობაზე კატასტროფულად იზრდება. სულ უფრო მეტ ახალგაზრდას უჩნდება სურვილი, ეზიაროს კრიმინალურ რომანტიკას. სულ უფრო მეტი მოზარდი აცხადებს, რომ ბანდიტი მისთვის მისაბაძი მაგალითია”, – ნათქვამია პოლიციის დეპარტამენტის მოხსენებაში.

რევოლუციური მოძრაობის გააქტიურებასთან ერთად, იკვეთება კრიმინალებისა და რევოლუციონერების ალიანსიც. რევოლუციას სათანადო დაფინანსების გარეშე ვერ მოახდენ. საამისოდ კი, ერთ–ერთი საიმედო წყარო ბანკების გაძარცვა (რევოლუციონერთა ტერმინოლოგიით, ექსპროპრეაცია) იყო. ამიტომ, ყველა რევოლუციური პარტია, დაწყებული ანარქისტებითა და დამთავრებული ბოლშევიკებით, ამყარებდა კონტაქტს კრიმინალებთან. ხშირი იყო კრიმინალური ავტორიტეტების რევოლუციონერებად გადაქცევის შემთხვევებიც.

“ოქროსხელება” სონკა

“ოქროსხელება” სონკა, – ასე შევიდა ისტორიაში ოდესელ განგსტერთა ერთ–ერთი მეთაური სოფია ბლივშტეინი. ის დაიბადა ვარშავაში, ღარიბ ებრაულ ოჯახში. გამოირჩეოდა ბრწყინვალე გარეგნობითა და კარგი მანერებით. ამიტომაც, არა მარტო სამჯერ გათხოვდა, არამედ არა ერთხელ გაასაღა თავი არისტოკრატად. სონკა საკმაოდ მალე დამკვიდრდა ოდესის კრიმინალურ სამყაროში. მის მიერ შექმნილი ბანდა თავს ესხმოდა ბანკებს, მდიდრულ რესტორნებს და ა.შ. სონკა ამის შესახებ ამბობდა:

– ჩვენ მასშტაბურად ვმუშაობთ, წვრილმანი საქმეები არ გვაინტერესებს.

სონკა არა მარტო გეგმავდა აქციებს, არამედ პირადადაც მონაწილეობდა ძარცვებში. მას ძალიან უყვარდა ოქროულობა, ამიტომაც ორივე ხელზე უხვად ეკეთა ოქროს ბეჭდები.

– ნამდვილი “ოქროსხელება” ხარ, – ეხუმრებოდნენ მეგობრები. აქედან დაიბადა მისი მეტსახელიც.

კარგა ხანს, სონკა და მისი ბანდა მოუხელთებელნი იყვნენ. თუმცა, ბოლოს, პოლიციამ მათ კვალს მიაგნო. ზოგიერთები წინააღმდეგობის გაწევისას ჩაცხრილეს, ზოგიც შეიპყრეს. სონკა ამ უკანასკნელთა შორის იყო. მას თავი უკრეს კატორღაში კუნძულ სახალინზე. თავდაპირველად, როგორც ქალი, შეღავათებით სარგებლობდა. სონკა უფრო გადასახლებული გახლდათ, ვიდრე კატორღელი. როდესაც სახალინზე მწერალი ანტონ ჩეხოვი ჩამოვიდა, ის საგანგებოდ დაინტერესდა “ოქროსხელებათი”, ვისი პორტრეტებითაც აჭრელებული იყო გაზეთები:

– საოცარია, ეს ქალი ბანდიტს კი არა, არისტოკრატს ჰგავს, – გაოცებით ჩაილაპარაკა ჩეხოვმა.

მალე სონკა კატორღიდან გაიქცა. ის მაშინვე შეიპყრეს, უკან დააბრუნეს და ბორკილები დაადეს. მიუხედავად ამისა, სონკამ იხტიბარი არ გაიტეხა. ქალმა შეძლო შეუძლებელი: მან მოხიბლა ზედამხედველი და დაითანხმა, გაქცევაში დახმარებოდა.

– მეც შენთან ერთად წამოვალ, – გადაჭრით განუცხადა ზედამხედველმა.

– დაე, ასე იყოს, – უმალ დაეთანხმა სონკა.

მალე ისინი გაიქცნენ. მათი შეპყრობა, ამჯერად, იოლი როდი გამოდგა, თუმცა, ეს მოხერხდა. დაპატიმრებული ზედამხედველი ახლა თავად გადაიქცა კატორღელად, თუმცა, ის ამას არ ნანობდა.

– ოღონდაც სონკას გვერდით ვიყო და ყველაფერზე თანახმა ვარ!

ზედამხედველმა ვერ აიტანა კატორღის მძიმე პირობები. ის ფილტვების ანთებით დაავადდა და გარდაიცვალა. რაც შეეხება სონკას, მან გულწრფელად დაიტირა შეყვარებული, შემდეგ მართლმადიდებლად მონათვლის სურვილი გამოთქვა და მართლაც მოინათლა.

– აბა, ამის შემდეგ, არავითარი გაქცევა აღარ უნდა სცადო! – განუცხადა სონკას ახალმა ზედამხედველმა.

– ქალმა უსიტყვოდ დაუქნია თავი, თუმცა, ეს მხოლოდ ხრიკი გახლდათ. სინამდვილეში სონკა გაფაციცებით ემზადებოდა გასაქცევად. მართლაც, შეარჩია მოხერხებული მომენტი და გაიქცა. ამჯერად, მისი შეპყრობა ვერ მოხერხდა. ქალმა მოსკოვამდე მიაღწია, შემდეგ შექმნა ახალი ბანდა. ცალკეული ცნობით, სონკა პოლიციასთან შეტაკებისას დაიღუპა. მეორენი თვლიან, რომ “ოქროსხელება” ტუბერკულოზით დაავადდა და აღესრულა.

გრიგორი კოტოვსკი

გრიგორი კოტოვსკი, მეტსახელად “ქაჩალა”, რევოლუციამდელი რუსეთის კრიმინალური სამყაროს ერთ–ერთი ყველაზე კოლორიტული პერსონაჟი იყო. კოტოვსკი დაიბადა ბესარაბიაში. მამამისი გაღარიბებული პოლონელი არისტოკრატი გახლდათ, დედა ეროვნებით რუსი იყო. კოტოვსკი ადრე დაობლდა. ექვსი წლისა იყო, როდესაც დედა გარდაეცვალა, ცოტა ხნის შემდეგ, მამაც მოუკვდა. კოტოვსკის ნათლიდედა ზრდიდა. განსაკუთრებული მზრუნველობა ბიჭზე ნათლიმამამ, მდიდარმა მემამულე მანუქ ბეიმ, გამოიჩინა. მან მიაბარა კოტოვსკი სასოფლო–სამეურნეო სკოლაში.

– შენ, გრიშა, კარგი ბიჭი ხარ, ნიჭიერი, მალე სასწავლებლად გერმანიაში გაგაგზავნი.

ბავშვობიდავე კოტოვსკი გამოირჩეოდა ათლეტური აღნაგობითა და ლიდერის თვისებებით. მას ძალიან უყვარდა სპორტი, განსაკუთრებით ჭიდაობა და კრივი. უდიდესი ფიზიკური ძალა და ლიდერის მონაცემები დაეხმარა უბნის ბიჭების ყოჩი გამხდარიყო. წიგნებიდან ყველაზე ძალიან სათავგადასავლო და დეტექტიური ჟანრის ნაწარმოებები იტაცებდა. სკოლაში კარგად სწავლობდა, თუმცა მასწავლებლები მასზე ამბობდნენ, რომ გრიშას განსაკუთრებით სჭირდება თვალ–ყური. მისგან ან ბანდიტი გამოვა, ან დიდი მეცნიერი.

მანუქ–ბეის სიკვდილმა დაასამარა გერმანიაში სასწავლებლად წასვლის პერსპექტივები. მალე კოტოვსკიმ დაამთავრა სასოფლო–სამეურნეო სკოლა და მემამულეებთამ მოურავად დაიწყო მუშაობა. ერთ–ერთი მემამულე, რომელთანაც მას მუშაობა მოუხდა, ჰომოსექსუალისტი აღმოჩნდა. მან კოტოვსკის უხამსი წინანადება შესთავაზა. კოტოვსკიმ პასუხად მთელი ძალით გაარტყა. დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ მემამულე იქვე მოკვდა. კოტოვსკის პატიმრობა ემუქრებოდა, ამიტომ მან ტყეს მისცა თავი. მალე მას ისინი შეუერთდნენ, ვისაც სარჩო–საბადებლის შოვნა ძარცვა–გლეჯით ჰქონდათ განზრახული.

– ბესარაბიაში აღდგა ჰაიდუკობა! – ხმამაღლა გამოაცხადა კოტოვსკიმ.

ბანდა თავს ესხმოდა მსხვილ მემამულეებს და დაუნდობლად ძარცვავდა მათ. წინააღმდეგობის გაწევის მცირე მცდელობაც კი უსასტიკესად ისჯებოდა. ნაძარცვი ქონების დიდ ნაწილს კოტოვსკი და მისი ამფსონები ითვისებდდნენ, დანარჩენს გლეხებს ურიგებდნენ:

– მოსახლეობის მხარდაჭერის მოსაპოვებლად ეს აუცილებელია, – ასე განმარტა კოტოვსკიმ ხსენებული ნაბიჯის აუცილებლობა.

– კი, მაგრამ რაში გვჭირდება ხალხის მხარდაჭერა? – შეეკითხა ერთ–ერთი ჰაიდუკი.

– სხვაგვარად მალე დაგვიჭერენ, – ბრაზით მიუგო კოტოვსკიმ.

მართლაც, ხსენებულმა ნაბიჯმა განაპირობა კოტოვსკელთა პოპულარობის ზრდა. გლეხები ხალისით აძლევდნენ კოტოვსკელებს სურსათს, ცნობებს ჟანდარმების მოსალოდნელი აქციების შესახებ. კოტოვსკიც კარგა ხანს რჩებოდა მოუხელთებელი. მის შესახებ დაიბეჭდა გაზეთებში. “ყაჩაღი–არტისტი, მომხიბვლელი და იმავდროულად, საშიში”, –ასე ახასიათებდა კოტოვსკის მოსკოვური პრესა.

ბოლოს და ბოლოს, პოლიციამ შეძლო მისი შეპყრობა. როდესაც საკანში მოათავსეს, ყველა გაოცებული შესცქეროდა ამ გოლიათური აღნაგობისა და ძალის კაცს. კოტოვსკიმ კიდევ უფრო გააოცა ყველანი, როდესაც ვარჯიშების გაკეთება დაიწყო.

– ესაა ატლასის სისტემა. არავითარი ჰანტელები და შტანგა არაა საჭირო. ერთი თვე და უზარმაზარი მუსკულები გექნება.

– ბიჭიკო, ხომ არ გეჩვენება, რომ შენი ადგილი “პარაშასთანაა”? – დაცინვით შეეკითხა ერთ–ერთი ასევე გოლიათური აღნაგობის პატიმარი და გამეტებით ამოსცხო წიხლი.

დარტყმა ძლიერი იყო. კოტოვსკი შებერბაცდა, მაგრამ არ წაიქცა.

– რატომ დამარტყი?! დაგიშავე რაიმე? – კოტოვსკიმ ეს საწყალობელი ხმით წარმოთქვა, გეგონებოდათ ცოტაც და აქვითინდებაო.

– ზოგიერთი პატიმარი უკვე დამცინავადაც იკრიჭებოდა. მოულოდნელად, კოტოვსკიმ მოპირდაპირეს პირდაპირ გულის კოვზში აგემა დარტყმა.

– რას იტყვი ამაზე?

დარტყმა ოსტატური იყო. პატიმარიც წაიქცა, მაგრამ უმალ წამოხტა, კოტოვსკის მივარდა და გამეტებით დაუშინა მუშტები. კოტოვსკი არც კი განძრეულა. ეტყობოდა, ეს დარტყმები მასზე სრულიადაც არ მოქმედებდა. მან მხოლოდ მოხერხებულად ლეწა მეტოქეს ყბაში და ძირს დასცა.

– თავს ნუღარ გაიწვალებ, საყვარელო.

პატიმარმა წამოდგომა სცადა, მაგრამ კოტოვსკიმ ელვისებური დარტყმით კვლავ იატაკს გააკრა. დარწმუნდა რა, რომ მართლაც აღარ შეეძლო წამოდგომა, მასთან მივიდა, ტუჩებში ხელი წაავლო და მაგრად გამოსწია.

– ოი! – დაიღრიალა პატიმარმა. შუაზე გახეული პირიდან კი შადრევანივით იფეთქა სისიხლმა.

ამ ჩხუბის გამო, კოტოვსკი “კარცერში” ჩააგდეს, თუმცა, ამან უდიდესი ავტორიტეტი შესძინა. საკმარისი იყო ეთქვა – “მე კოტოვსკი ვარ” და ყველაზე თავზეხელაღებული ბანდიტიც კი, მასთან ჩხუბს, გაცლას ამჯობინებდა. ამრიგად, ციხეში კოტოვსკი საკმაოდ კარგად მოეწყო, ის კრიმინალურ ელიტაში დამკვიდრდა, თუმცა, ქურდები მასზე ამბობდნენ:

– კოტოვსკი “ურკაშია” და არა ქურდი. მაგისთანები ცუდად ამთავრებენ.

მალე კოტოვსკი გაიქცა ციხიდან. ოდესაში მან კვლავ შექმნა თავზეხელაღებულთა ბანდა და თავაწყვეტილი ყაჩაღობა დაიწყო. კოტოვსკი ძარცვავდა მაღაზიებს, რესტორნებს, მდიდართა სახლებს. ამ დროს გამოიკვეთა მისი მისწრაფება თეატრალური ეფექტებისადმი. კოტოვსკი ხან ვითომ უბრალო მტვირთავი იყო და პორტში მუშაობდა, ხანაც თავადურად მორთული, ოპერაში, პრემიერას ესწრებოდა. მთელ ოდესაში გამოკრული იყო მისი პორტრეტები: იძებნება განსაკუთრებით საშიში ბანდიტი გრიგორი კოტოვსკი. “ქაჩალა” ინტერესით ათვალიერებდა ამ პორტრეტებს, შემდეგ მშვიდად ჩაუვლიდა პოლიციელებს და ვითომც არაფერიო, თეატრში შედიოდა. ერთხელ, მის გვერდით, თავად ოდესის პოლიციის შეფი აღმოჩნდა ცოლითურთ. კოტოვსკი მას გამოემცნაურა, პოლიციის უფროსსაც ძალზე მოეწონა ეს მდიდარი და გალანტური მანერების მქონე არისტოკრატი. ერთმანეთს მეგობრულად დაემშვიდობნენ. შინ მისვლისას პოლიციის შეფმა ჯიბეში წერილი იპოვა:

“მოხარული ვარ, რომ გაგიცანით. გულწრფელად მწყდება გული, რომ თქვენებრ კარგი კაცი პოლიციელია.

გრიგორი კოტოვსკი”.

“ქაჩალამ” ახლო ურთიერთობა დაამყარა ოდესელი კრიმინალების მეფესთან მოისეი ვინიცკისთან. ეს კაცი ცნობილი იყო მეტსახელით მიშკა “იაპონჩიკი”. მალე მათ საკუთარ კონტროლქვეშ მოაქციეს ოდესური ბორდელები და სათამაშო ბიზნესის ნაწილიც. კოტოვსკი ამას როდი დასჯერდა. ის დაუახლოვდა რევოლუციონერებს და ერთხანს ესერთა (სოციალისტ–რევოლუციონერები) პარტიის წევრიც გახდა. ექსპროპრირებული თანხის ნაწილს “ქაჩალა” ერთხანს ესერებს გადასცემდა. თუმცა, მალე გული აუცრუვდა და ესერებს ზურგი შეაქცია. პოლიციას კოტოვსკი დიდხანს და წარმატებით ეთამაშებოდა დამალობანას. ამიტომ მისი სახელი ფართოდ გახდა ცნობილი რუსეთის იმპერიის მთელ ტერიტორიაზე. კოტოვსკის შესახებ იცოდნენ არა მარტო ოდესასა და კიევში, არამედ მოსკოვში, პეტერბურგშიც. მას ბევრი რუსი ინტელიგენტი თანაუგრძნობდა, თვლიდნენ რა ერთგვარ “რობინ ჰუდად”. ძალზე ცოტა თუ აცნობიერებდა იმას, თუ სინამდვილეში რაოდენ საშიში კაცი ბრძანდებოდა კოტოვსკი. როდესაც “ქაჩალა” ბოლო–ბოლო დაიჭირეს, გენერალ ბრუსილოვის ცოლმა განაცხადა:

– მე ძალიან გამიხარდება, თუკი კოტოვსკი კვლავაც გაიქცევა.

ბრუსილოვამ ყველაფერი გააკეთა კოტოვსკის ხვედრის შესამსუბუქებლად.

ეპილოგი

“ოქროსხელება” სონკა და “ქაჩალა” წარმოადგენდნენ ყველაზე კოლორიტულ ფიგურებს რევოლუციამდელ რუსულ კრიმინალურ სამყაროში. სონკა ადრე მოკვდა. კოტოვსკიმ კი განაგრძო მოღვაწეობა ახალ საბჭოთა ეპოქაშიც.

Back to top button