საკითხავისასარგებლოსაქართველო

თბილისის არქიტექტურა

192121c02c0e

თბილისი ვიწრო ზოლადაა გაჭიმული მდინარე მტკვრის ორივე ნაპირის გასწვრივ და ამფითეატრივითაა შეფენილი სამი მხრიდან მთებით შემოფარგლული ქვაბულის ფერდობებზე.თბილისის ძველი უბნები ქალაქის სამხრეთ ნაწილშია, ცხელ მინერალურ წყაროებთან, სადაც IV საუკუნეში მდ. მტკვრის ყველაზე ვიწყო ადგილზე აუგიათ ხიდი, ხოლო მარჯვენა ნაპირზე, მთაზე და მის კალთებზე — ციტადელი (სხვადასხვა დროს ეწოდებოდა კალა, ნარიყალა, დედა-ციხე), რომელიც ადრინდელი ფეოდალური ხანის ციხე-ქალაქის, შემდეგ ქართლის დედაქალაქის — თბილისის მთავარი ხუროთმოძღვრული დომინანტი იყო.

რენესანსი

განვითარებულ ფეოდალურ ეპოქაში გაერთიანებული საქართველოს სამეფოს დედაქალაქი თბილისი დიდი, მაღალი კედლებითა და ციხე-კოშკებით დაცული, კეთილმოწყობილი, მდიდარი ქალაქი იყო. გაიზარდა ქალაქის ტერიტორია. სავარაუდოა, რომ ქაშვეთის ეკლესიის, ლურჯი მონასტრის მიმდებარე უბნები ქალაქის საზღვრებში შედიოდა, დიდუბე კი გარეთუბანი იყო. საკმაოდ დიდი დასახლება გაჩნდა მტკვრის მარცხენა ნაპირზე ისნის (ავლაბარი) უბანში. აქვე, მეტეხთან, იყო მეფის სასახლე. ჩამოყალიბდა ფეოდალური თბილისის დამახასიათებელი სილუეტი: მდინარის მარჯვენა ნაპირზე ნარიყალას ციხესიმაგრე, მარცხენაზე – კლდის ციცაბო ქარაფზე – გალავნით შემოფარგლული მეფის სასახლე (არ შემორჩენილა) და მეტეხის ეკლესია.

გვიანდელი შუასაუკუნეები

გვიანდელი ფეოდალური ხანის თბილისის არქიტექტუტაზე შეიძლება წარმოდგენა ვიქონიოთ შემორჩენილი ჩანახატებით (ჟან შარდენი, ტურნეფორი) და ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შედგენილი (1735) ქალაქის გეგმითა და აღწერით. XVII-XVIII საუკუნეებში თბილისი 4 ნაწილისაგან შედგებოდა:
სეიდაბადი ანუ “საკუთრივ ტფილისი” – ქალაქის უძველესი მინერალური წყლების რაიონი;
კალა – ქალაქის უმთავრესი ნაწილი; იგი შემოფარგლული იყო ციხე-გალავნით, რომელსაც 6 კარი ჰქონდა;
ისნის (ისანი, ავლაბარი) – მეტეხის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიის დასახლება;
გარეთუბანი – საკმაოდ მჭიდროდ დასახლებული ტერიროტია ქალაქის ზღუდის ჩრდილოეთით, ქალაქს გარს ერტყა (განსაკუთრებით სალალაკის უბანში) “წალკოტნი და სავარდენი, ყოვლის ხილითა და ყვავილითა სავსე”.

ამ ხნის თბილისის გეგმარება ტიპურია შუა საუკუნეების ფეოდალური ქალაქისათვის – ვიწრო, მიხვეულ-მოხვეული ქუჩების, შესახვევებისა და ჩიხების ქსელი. ადმინისტრაციულმა და ფუნქციურმა ცენტრმა გადმოინაცვლა კალაში – მეფის მოედანზე (ახლენდელი ერეკლე II-ის მოედანი) და სიონისა და ანჩისხატის შემაერთებელი ქუჩის გასწვრივ (ახლანდელი სიონის, ერეკლე II-ის და შავთელის ქუჩები). შეიძლება აღვადგინოთ ამ პერიოდის თბილისის ხუროთმოძღვრული სახე – მთელი განაშენიანება მდინარისკენ არის მიმართული – მის ნაპირებზეა მტავარი ეკლესიები, “მტკვარგადაკიდებით” ნაგები სასახლეების, ქარვასლების, ფერდობებზე ტერასებად შეფენილი “ქვითკირითა და გაჯით გალესილი” ერთსართულიანი ბანიანი სახლების ფასადები.

აღა-მაჰმად-ხანის გამანადგურებელი შემოსევის (1795) შედეგად საერო ხასიათის ნაგებობებიდან არაფერი შემორჩა გარდა მეფე როსტომის სასახლის აბანოს (შემდგომში აქ ზარაფხანა იყო) ნაშთებისა.
569969a99d48

XIX საუკუნე და XX საუკუნის დამდეგი

XIX საუკუნის დამდეგიდან თბილისი ამიერკავკასიაში მეფის რუსეთის ხელისუფლების ადმინისტრაციული ცენტრი, სწრაფად ვითარდება და იზრდება. ისპობა ქალაქის გალავანი და კარები. თავდაპირველად ქალაქი იზრდება გარეთუბნის ხარჯზე, შემდეგ ახალი კვარტალები იკავებს სალალაკის ბაღებს. 40-იანი წლებიდან იწყება მდინარის მარცხენა ნაპირის სოფლების კუკიისა დაჩუღურეთის განაშენიანება. ქალაქის ადმინისტრაციული, კულტურული და სავაჭრო ცენტრმა გარეთუბანში გადაინაცვლა (ახლანდელი თავისუფლების მოედნის მიმდებარე უბნები).XIX საუკუნის II ნახევრიდან თბილისის არქიტექტურაში გაჩნდა ახალი ტიპის ნაგებობები – შემოსავლიანი საცხოვრებელი სახლები, ფაბრიკა-ქარხნები, ბანკები, დიდი მაღაზიები და სასტუმროები, რკინიგზის სადგური, საგამოფენო პავილიონები და სხვა. სახლები შენდება სხვადასხვა ისტორიული სტილის მიბაძვით, დამკვეთის გემოვნებით. ამ ხანის ნაგგებობათაგამ აღსანიშნავია: სახაზინო თეატრი (1851, არქიტ. სკუდიერი; დაიწვა 1874. შემდეგ აქ თამამშევის ქარვასლა იყო. აილეს 1934), მთავარმართებლის რეკონსტუირებული სასახლე, სამხედრო ტაძარი (1877, არქიტ. რ. გედიკე, დ. გრიმი; ახლანდელი მთავრობის სახლის ადგილას), ქალაქის მერიის შენობა (80-იანი წწ., არქიტ. ა. შტერნი; გეგმა არქიტ. ა. ოზეროვისა), სახაზინო თეატრი (1880-1896, არქიტ. ვ. შრეტერი; ახლანდელი ოპერისა და ბალეტის თეატრი; რეკონსტრუქცია 1976), დიდების ტაძარი (80-იანი წწ.; ახლანდელი საქართველოს მხატვართა გალერეა), არტისტული საზოგადოების თეატრი (1901, არქიტ. კ. ტატიშჩევი, ა. შიმკევიჩი; ახლანდელი შ. რუსთაველის სა. დრამატული თეატრი), ქართული გიმნაზია (1906, არქიტ. ს. კლდიაშვილი; ახლანდელი თსუ-ის მთავარი კორპუსი), სასტუმრო “მაჟესტიკი” (XX ს. 10-იანი წწ., არქიტ. გ. ტერ-მიქელოვი; ახლანდელი სასტუმრო “თბილისი”) და სხვა.

XIX საუკუნის მიწურულში შეიმჩნევა “მოდერნის” მომძლავრება. ეროვნულ-განმათავისუფლებელი იდეების გავლენით ძლიერდება აგრეთვე ინტერესი ქართული ისტორიული არქიტექტურისადმი – შენდება “ქართული სტილის” რამდენიმე საზოგადოებრივი და საცხოვრებელი სახლი: საუფლისწულო უწყების ღვინის სარდაფი (1876, არქიტ. ა. ოზეროვი; ახლანდ. ღვინის ქარხანა № 1), ქაშვეთის ახალი ეკლესია (1910, არქიტ. ლ. ბილფელდი), სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკი (1916, არქიტ. ა. კალგინი, მხატვარი ჰ. ჰრინევსკი; ახლანდელი საქართველოს პარლამენტის

მდინარის მარჯვენა მხარეს ყალიბდება ქალაქის მთავარი არტერია გოლოვინის (ახლანდელი რუსთაველის) პროსპექტი და ოლქის ქუჩა (ახლანდელი კოსტავას ქუჩა), მარცხენა მხარეს კი მოგვიანებით (XIX საუკუნის შუა წლები) ქალაქის მეორე გრძივი მაგისტრალი – მიხეილის (ახლანდელი დ. აღმაშენებლის) პროსპექტი.

აშენდა ხიდები – ვორონცოვისა (1851, არქიტ. სკუდიერი; ახლანდელი…, რეკონსტრუირებულია 1960, ინჟ. გ. ქარცივაძე, არქიტ. გ. მელქაძე, შ. ყავლაშვილი), ვერისა (1884, ინჟ. პ. ზამიატინი, არქიტ. ს. უმანსკი. 1953 მის ადგილზე აიგო ახალი – ი. სტალინის სახ. ხიდი, ინჟ. გ. ჩომახიძე, არქიტ. მ. მელია), მუხრანის (1911, ინჟ. ე. პატონი. შედუღების წესით აგებული პირველი ხიდი რუსეთის იმპერიაში; 1965 იგი შეცვალა ახალმა – ბარათაშვილის სახ. ხიდმა, ინჟ. გ. ქარცივაძე, არქიტ. შ. ყავლაშვილი, ვ. ქურთიშვილი).

თბილისის ქალაქთმშენებლობით პრაქტიკაში ინერგება გეგმიანი საწყისები. ახალი უბნების განაშენიანება შედარებით რეგულარულ ხასიათს ატარებს. ცენტრალურ უბნებში (გარეთუბანი, კუკია) ნელა, მაგრამ მაინც ტარდება კეთილმოწყობითი სამუშაოები, გაშენდა რამდენიმე მაღი და სკვერი – წავკისის ხეობაში ყოფ. სამეფო ბაღბის ადგილზე, სახაზინო ბაღის ნაცვლად გაიხსნა (1845) ბოტანიკური ბაღი; ასპარეზის (ყაბახის) ადგილზე – ალექსანდრეს ბაღი (1859, არქიტ. ო. სიმონსონი, ახლანდელი … ბაღი), დიდუბის უბანში – ე. წ. მუშტაიდის ბაღი (40-იანი წწ. ახლანდ. ..) და სხვა.

თბილისში გაჰყავთ ჯერ კონკა (პირველი ხაზი – 1883), შემდეგ ტრამვაი (პირველი ხაზი – 1904); მამადავითის მთაზე აგებენ ფუნიკულიორს (1905).

XIX საუკუნის დასაწყისიდან 60-იან წლებამდე თბილისის ოფიციალურ მშენებლობაში ინერგებოდა რუსეთის იმპერიაში იმ დროს გავრცელებული ე. წ. გვიანდელი რუსული კლასიციზმი: მთავარმართებლის სახლი (1802; 1807 ააგეს უფრო მოზრდილი სასახლე; 1865-1868 გადააკეთეს და გააფართოვეს არქიტ. ო. სიმონსონის პროექტით; ნაგებობამ ამ სახით მოაღწია დღემდე; ახლანდელი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე), ყოფილი შტაბის შენობა (საფუძველი ჩაეყარა 1824), ი. ზუბალაშვილის სახლი (30-იანი წწ. არქიტ. ბერნარდაცი. შემდეგ აქ სასულიერო სემინარია იყო; ამჟამად საქართველოს ხელოვნების მუზეუმი) და სხვა. ამ ხანებში აშენებული ქარვასლებისა და აბანოების არქიტექტურაში (განსაკუთრებით ინტერიერში) კვლავ რჩება აღმოსავლეთის არქიტექტურის გავლენა.

XIX საუკუნის 40-იანი წლებისთვის ყალიბდება ორ- და სამსართულიანი ე. წ. თბილისური საცხოვრებელი სახლის არქიტექტურა. მასში ორგანულად არის შერწყმული კლასიცისტური ფორმები, ელემენტები და ადგილობრივი ტრადიციები. კლიმატური პირობებს ითვალისწინებს სახლის თითქმის მთელი ფასადის გასწვრივ მიშენებული ღრმა. მოხარატებული ხის აივანი, რომლის ფართობი ხშირად ჭარბობს ოთახების ფართობს. ამის საუკეთესო ნიმუშები გვხვდება როგორც ძვ. ქალაქის ფარგლებში (გომის ქ. 4, 5; აზიზბეკოვის ქ. 3, 11; ალავერდოვის და ერეკლე II-ის მოედნებზე და ა. შ.), ასევე შედარებით ახალ უბნებში (ლერმონტოვის ქ. 15; დადიანის ქ. 5, 16; ფურცელაძის ქ. 13; დავითაშვილის ქ. 8; გრიბოედოვის ქ. 9, 16 და სხვა).

f9b926f369d4

XX საუკუნე

XX საუკუნის პირველ ათეულ წლებში თბილისის განაშენიანებული ტერიტორიის საზღვრები ვრცელდებოდა მტკვრის მარჯვენა ნაპირზე – ძველი ქალაქიდან ვარაზისხევსა და მდინარე ვერემდე (დაწყებული იყო ვაკისა და საბურთალოს დასახლებაც), ხოლო მარცხენა ნაპირზე ისნიდან და ნავთლუღიდან დიდუბემდე (ეს უბანი ბაღ-ბოსტნებს ეჭირა) და ღრმაღელემდე. მაგრამ რევოლუციამდე თბილისს არ გააჩნდა ერთიანი გეგმა. ყურადღება არ ექცეოდა ქალაქის რელიეფს, ბუნებრივი მონაცემების მხატვრულ გააზრებულ გამოყენებას (მაგ., დაიკარგა ქალაქსა და მდინარეს შორის მხატვრულ-გეგმარებითი კავშირი). თბილისი ჩამოყალიბდა როგორც ტიპური ბურჟუაზიული ქალაქი: შედარებით კეთილმოწყობილ ცენტრალურ უბნებს უპირისპირდებოდა მუშათა განაპირა კეთილმოუწყობელი დასახლებები. ძირითადი განაშენიანება ერთ- და ორსართულიანი იყო. მხოლოდ ცენტრალურ უბანსა და მთავარი მაგისტრალების გასწვრივ შენდებოდა მრავალსართულიანი სახლები.
de93a9438a32

ძეგლები და მონუმენტები

სხვადასხვა დროს თბილისში დაიდგა ძეგლები და მონუმენტები: ა. პუშკინისა (1892, მოქანდაკე თ. ხოდოროვიჩი), გოგოლისა (1904, მოქანდაკე თ. ხოდოროვიჩი), ა. წერეთლისა (1922, მოქანდაკე ი. ნიკოლაძე), ე. ნინოშვილისა (1922, მოქანდაკე ი. ნიკოლაძე), ბ. ძნელაძისა (1929, მოქანდაკეები რ. თავაძე, კ. მერაბიშვილი; 1958 ჩამოისხა ბრინჯაოსაგან, გაუკეთდა ახალი კვარცხლბეკი; არქიტ. გ. მელქაძე, შ. ყავლაშვილი), ლადო კეცხოველისა (1936, მოქანდაკე ვ. თოფურიძე), ა. კიროვისა (1936, მოქანდაკე კ. მერაბიშვილი), შ. რუსთაველისა (1942, მოქანდაკე კ. მერაბიშვილი, არქიტ. შ. თულაშვილი), ი. ჯავახიშვილისა (1953, მოქანდაკე თ. ღვინიაშვილი, არქიტ. კ. ნახუცრიშვილი), ვ. ი. ლენინისა (1956, მოქანდაკე ვ. თოფურიძე, გ. ჯაფარიძის მონაწილეობით, არქიტ. გ. მელქაძე, შ. ყავლაშვილი, კ. ჩხეიძე, გ. ხეჩინაშილი), ს. ტერ-პეტროსიანისა (კამო) (1956, მოქანდაკე ი. ოქროპირიძე, არქიტ. კ. ნახუცრიშვილი), კ. ლესელიძისა (1945, მოქანდაკე ი. ნიკოლაძე), “ქართლის დედა” (1958, მოქანდაკე ე. ამაშუკელი), ი. ჭავჭავაძისა და ა. წერეთლისა (1958, მოქანდაკეები შ. მიქატაძე, ვ. თოფურიძე, არქიტ. გ. მელქაძე), ა. გრიბოედოვისა (1961, მოქანდაკე მ. მერაბიშვილი, არქიტ. გ. მელქაძე), ვახტანგ გორგასლისა (1967, მოქანდაკე ე. ამაშუკელი, არქიტ. თ. კანდელაკი, დ. მორბედაძე), დ. გურამიშვილისა (1965, მოქანდაკე მ. ბერძენიშვილი), ზ. ფალიაშვილისა (1971, მოქანდაკე მ. ბერძენიშვილი, არქიტ. ა. ბაქრაძე), ვაჟა-ფშაველასი (1973, მოქანდაკე გ. ოჩიაური, არქიტ. რ. კიკნაძე, თ. მიქაშავიძე), ი. თარხნიშვილისა (1971, მოქანდაკე კ. მერაბიშვილი), მ. გორკისა (1973, მოქანდაკე ა. თოფურიძე, არქიტ. ო. ლითანიშვილი), ნ. ფიროსმანაშვილისა (1975, მოქანდაკე ე. ამაშუკელი, არქიტ. ნ. მგალობლიშვილი), რ. ერისთავისა (1975, მოქანდაკე ე. ამაშუკელი, არქიტ. გ. მირიანაშვილი) და სხვა.

Back to top button