საკითხავისაქართველოუცნაური

ინტერნეტ სიყვარული

Photobucket
ნუცას თავგადასავალი, უბრალოდ, ტყუილს უკავშირდება, ტყუილს, რომელმაც 20 წლის გოგონა ლამის თვითმკვლელობამდე მიიყვანა.

ნუცა: – დაახლოებით, ორი წლის წინ, რადიოში მუსიკალურ წამყვანად ვმუშაობდი. ერთი, მორიგი ეთერის დროს, მესიჯი მომივიდა, სადაც ეწერა, რომ ძალიან სასიამოვნო ხმა მქონდა, ეთერიც კარგად მიმყავდა და პატარა რჩევაც იყო მიწერილი. დღემდე არ ვიცი, რატომ, მსგავსი რამ თავში არასდროს მომსვლია, მაგრამ მაშინ გადავწყვიტე, უცნობისთვის საპასუხო მესიჯი გამეგზავნა და მეკითხა, ვინ იყო.

– ასეთი გადაწყვეტილება რატომ მიიღე?

– არ ვიცი, დღემდე არ მაქვს ამ კითხვაზე პასუხი, ალბათ, იმიტომ, რომ მესიჯი ძალიან საინტერესოდ იყო დაწერილი და პატარა პროფესიული რჩევაც საინტერესოდ მომეჩვენა.

– როცა საპასუხო მესიჯი გააგზავნე, შემდეგ რა მოხდა?

– მესიჯს ჩემი სახელიც მივაწერე. უცნობმა “პასუხის პასუხი” არ დააგვიანა, თუმცა გაკვირვებული ჩანდა, ალბათ, არ ეგონა, რომ მივწერდი.

– თუკი ხმა მოსწონდა, ლოგიკურია, რომ შენი ცოცხლად ნახვის სურვილიც გამოეთქვა, არა?

– რა არის ლოგიკური და რა – არა ამ ისტორიაში, დღემდე ვერ გამიგია. შეხვედრა? კარგი, რა?! შეხვედრა ერთხელაც არ უხსენებია. პირველად რომ მომწერა, იმ დღის შემდეგ რეგულარულად ვკონტაქტობდით, ინტერნეტით საათობით ვსაუბრობდით, მაგრამ სიტყვა “შეხვედრა” ერთხელაც არ უხსენებია.

– მისმა ასეთმა საქციელმა არ დაგაეჭვა?

– როგორ არა, იყო უამრავი ეჭვი, უსაზღვრო ჯაჭვი გაურკვეველი სიტუაციების. ძალიან ხშირად საკუთარ თავმოყვარეობასაც გადავაბიჯე და როგორ არ მივუდექი, რომ შეხვედრაზე დამეთანხმებინა, რადგან უსაზღვრო ინტერესი მქონდა მის მიმართ, მაგრამ ყველა მცდელობა უშედეგოდ მთავრდებოდა. ეს ყოველივე კი უფრო მეტ ჟინს მმატებდა, გამეგო, ვინ იყო ეს ბურუსით მოცული ადამიანი.

– რითი მოგხიბლა ასე ძალიან? მხოლოდ იმით, რომ შეხვედრაზე არ გთანხმდებოდა და ჟინი გქონდა?

– არა მარტო ამითი ძალიან საინტერესო ადამიანი ჩანდა. ერკვეოდა ყველა საკითხში – მუსიკაში, ლიტერატურაში, მედიცინაში… ძალიან მომწონდა მისი ხმა, ძალიან მამაკაცური იყო. თან ისე მიღწერდა თავს, რომ ძალიან მაგარი ტიპი უნდა ყოფილიყო, ჩემნაირ “სნობ” ადამიანებს კი, კაი ტიპები ყოველთვის უყვართ. თან, მიგზავნიდა სურათს, რომელიც ძალიან მომწონდა, დამერწმუნეთ, აბსოლიტურად ყველა ქალის სიმპატიას დაიმსახურებდა. მერე, შემთხვევით ვნახე, რომ თურმე, სხვა ადამიანის სურათს მიგზავნიდა და ამან, რაღა თქმა უნდა, ინტერესი უფრო გაზარდა. თან, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი იყო, რატომ მიგზავნიდა სხვის სურათს.

– რამდენ ხანს გაგრძელდა ყველაფერი ეს?

– დაახლოებით, წელიწად ნახევარს, ამ დროის განმავლობაში ეს ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ ნანახი არ მყავდა, ძალიან შემიყვარდა, მივეჩვიე. რადიოშიც, როცა ეთერი მქონდა, მისმენდა, ჯოკერს “ონლინე”-ზე ერთად ვთამაშობდით, ფილმებსაც კი ვუყურებდით ერთად – მე ჩემი კომპიუტერიდან, ის – თავისი. ასე მიჯაჭული და უზომოდ შეყვარებული ვიყავი ადამიანზე, რომელიც მართალია, არასდროს მენახა, მაგრამ ჩემთვის იდეალური მამაკაცის აბსოლუტურად ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდა.

– შეხვედრაზე რომ არ გთანხმდებოდა, რა მიზეზს ასახელებდა?

– გამუდმებით მეუბნებოდა, რომ მოვიდოდა დრო და აუცილებლად მნახავდა. ასევე, ამბობდა, რომ ისეთ სამსახურში მუშაობდა, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობა აკრძალული ჰქონდა. ხშირად მეუბნებოდა, რომ ამ ჯოჯოხეთს მალე დააღწევდა თავს, მოვიდოდა და მერე მთელი ცხოვრება ბედნიერად ვიქნებოდით.

– მერე რა მოხდა?

– მერე მოხდა ის, რაც მოხდა… სრულიად შემთხვევით, ამდენი ხნის შემდეგ, გავიგე, რომ კაცი, რომლის მოლოდინშიც წელიწადნახევარი გავატარე, ქალი იყო?!

– ეს როგორ გაიგე?

– სრულიად შემთხვევით და მოულოდნელად. მანამდე რა აღარ გავაკეთე, რომ გამეგო, გადავამოწმე მისი ნომერი, იყო თუ არა ამ ადამიანზე დარეგისტრირებული. მისი სახელი, გვარი და ასაკიც კი გადავამოწმე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ასეთი ადამიანი საქართველოში არ არსებობდა. ამდენი წვალების შემდეგ, ჩემმა მეგობარმა, ერთ-ერთი მეგობრული კამათის დროს მითხრა, რომ ამ დროის განმავლობაში ქალს ველაპარაკებოდი და არა – კაცს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი ჩემმა მეგობარმა, რომელსაც ამ ადამიანის შესახებ ყოველთვის ემოციებით ვუყვებოდი, იცოდა, რომ გოგო მიყვარდა, მაგრამ არ მეუბნებოდა.

– რატომ გიმალავდა, იქნებ, ამასაც ჰქონდა მიზეზი?

– სიმართლე გითხრათ, დღემდე არ ვიცი, რატომ მიმალავდა, როგორც შემდეგ მითხრა, ის ემუქრებოდა, თუ ეს ამბავი ჩემს ყურამდე მოვიდოდა, მოკლავდა, მოკლავდა და კიდევ ერთხელ მოკლავდა.

– მეგობარმა ისიც გითხრა, ვინ იყო ეს ქალი?

– მითხრა და გავოცდი, როცა გავიგე, რომ ის ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი იყო. ვერ აგიღწერთ, ისეთ შოკში ვიყავი. გამოვშტერდი, ადამიანი, რომელიც ბიჭად ასაღებდა თავს და რომლის ნახვაც ლამის ოცნებად მექცა, აღმოჩნდა, რომ გოგო იყო, გოგო, რომელსაც ყოველ დღე ვხვდებოდი.

– ამ ამბის გამოაშკარავების შემდეგ, არ გიცდია შენი მეგობარი გოგოს ნახვა?

– მაშინ მართლა შოკში ვიყავი, ერთ წელზე მეტი ველოდი ბიჭს და ხელში გოგო შემრჩა. არადა, გოგო რათ მინდა? ქალის სიყვარული მართლა არ შემიძლია. იმ პერიოდში ვიფიქრე, რომ აზრი აღარ ჰქონდა ამ ადამიანთან ლაპარაკს და კონტაქტი გავწყვიტე, რადგან ჯერ იმან დამთრგუნა, რომ ამდენი ხანი მატყუებდა და მერე იმან, რომ გოგო აღმოჩნდა, უზომოდ გამიჭირდა ყველაფრის “გადახარშვა” და გაანალიზება…

თუმცა, რაც ყველაზე ძალიან არ მიყვარს, ეს ადამიანის გარიყვაა და სწორედ ამიტომ, ერთ დღესაც გადავწყვიტე, ეს ადამიანი მენახა და მეკითხა, თუ რატომ მოიქცა ასე. თუ ჩემს მეგობარს დავუჯერებთ, ვინც სიმართლე მითხრა, თურმე, სიგიჯემდე ვუყვარდი. თუმცა, იმ გოგომ ჩემთან საუბარში ცოცხალი თავით არ აღიარა, რომ თვითონ იყო. მეუბნებოდა, რომ რაღაცეებს ვაბრალებდი, არადა, ჩემი ყურით გავიგე და ვნახე, რომ რეალურად ეგ იყო, სწორედ ამაიტომ არ ჰქონდა მასთან ლაპარას აზრი. ვიცი, უზომოდ თავმოყვარეა და არ აღიარებს, რომ იტყუებოდა და თავს ბიჭად ასაღებდა.

– იმ მეგობართან, რომელმაც სიმართლე გითხრა, მაგრამ საკმაოდ დიდი ხანი გიმალავდა ყველაფერს, როგორი ურთიერთობა გაქვს?

– ჩვეულებრივი, გადავწყვიტე, რომ ყველასთვის ყველაფერი მეპატიებინა, თუმცა ერთ დღეს ყველას დრო დადგება და ყველა თავისას მიიღებს. საერთოდ, არ ვიცი, კარგია თუ ცუდი, მაგრამ მე ადამიანებს ყველაზე დიდ შეცდომებსაც კი ვპატიობ!

– გაგიჭირდა ვირტუალური შეყვარებულის დავიწყება?

– გამიჭირდა… ნებისმიერს გაუჭირდებოდა, დამერწმუნე, როცა ადამიანზე უზომოდ მიჩვეული ხარ, როცა ადამიანი მართალია, არ გინახავს, მაგრამ მაინც უზომოდ გიყვარს, მართლა ძნელია, ასე უცებ ყველაფერს ხაზი გადაუსვა და დაამთავრო.

ჩემთვის მართლა ძნელი აღმოჩნდა ისეთი ადამიანის დავიწყება, რომელიც სულიერ სიმშვიდეს, ცხოვრების ხალისს, ჟინს, სტიმულს, მართალია, ვირტუალურად, მაგრამ ყოველთვის მაძლევდა. მინდოდა, რომ ის ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის ყოფილიყო, მაგრამ როგორც კაცი და არა – როგორც ქალი…

წყარო: www.factnews.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close