არქივი

სიამაყითა და დარდიანი ცრემლით დასველებული ბარათი

1fc3f9bfef28

1962 წლის 29 ივნისი ოქროს ასოებით ჩაიწერა ქართული სპორტის ისტორიაში. თბილისის “დინამოს”” კალათბურთელთა გუნდმა ჟენევაში, ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის ფინალში 90:83 დაამარცხა სახელგანთქმული მადრიდის “რეალი” და ევროპული კალათბურთის ყველაზე პრესტიჟული ჯილდო საქართველოში ჩამოიტანა.

ლეგენდარული ოთარ ქორქიას მიერ დამოძღვრილმა ბიჭებმა, ბრწყინვალე სტილში, კალათბურთის გაკვეთილი ჩაუტარეს ათასობით გულშემატკივართა მხარდაჭერით შეგულიანებულ ესპანელებს და მატჩის გადარჩენის ყოველგვარი შანსი მოუსპეს. იმ დროს, მოგეხსენებათ, რაოდენ რთული იყო საზღვარგარეთ გასვლა და ამდენად, ქართველ კალათბურთელებს საკუთარი გულშემატკივრების ომახიანი შეძახილები ძალიან დააკლდათ. თუმცა, არ გატყდნენ, ნირი არ შეიცვალეს და შესანიშნავად დააგვირგვინეს კარგად დაწყებული საქმე.

ამ დროს კი მათ არც უწყოდნენ, რომ ჟენევის საკალათბურთო დარბაზის ტრიბუნაზე იჯდა კაცი, იმდროინდელი საქართველოს რჩეულთაგანი, რომელიც ახლოს მისვლასაც ვერ ბედავდა თანამემამულეებთან, რათა მათთვის პრობლემები არ შეექმნა საბჭოთა უშიშროებას. არადა, ცრემლით უდუღდა გული, ერთდროულად სიხარულისა და მძიმე კაეშნის ცრემლით. სამშობლოს ნატვრით, საკუთარი სისხლისა და ხორცის ნატვრით გატანჯული ქართველი კაცი გულწრფელად ხარობდა ქართველი ბიჭების წარმატებით. მისი გამხნევება და სწორედაც გულიდან ამოხეთქილი ლოცვა ალბათ ბევრად მეტი და ბევრად ცხოველმოსილი გახლდათ, ვიდრე ესპანური “ფლამინგოთი” აბობოქრებული ტრიბუნების გრიალი…

ის კაცი დიდი ქართველი – გრიგოლ რობაქიძე იყო!..

დიდი მწერლის არქივში, თავისი დისთვის გაგზავნილ ბარათებში შემორჩენილია ქართული კალათბურთის ტრიუმფის აღწერა გრიგოლის მადლიანი სიტყვაკაზმულობით. მისი წაკითხვისას ხვდები, თუ როგორ სისხლხორცეულად განიცდიდა სამშობლოდან გადახვეწილი მწერალი თითოეულ წამს, ყოველ გაელვებას ქართული ნიჭისა და სიჩაუქისა. როგორ ესიყვარულებოდა და ეფერებოდა ყოველივე ქართულს – ასე დანატრებულსა და საოცნებოს:

b7af278b4812

“ძვირფასო ლიდა!
გუშინ აქ გაიმართა შეჯიბრი კალათბურთელების – ქართველებისა და ესპანელების – პირველობისთვის ევროპაში. გაგებული გექნება: გაიმარჯვეს ქართველებმა, შვიდი პუნქტით გაუსწრეს ესპანელებს (90:83). ქართველები თამაშობდნენ აუღელვებლად, შეწყობილად – აქ სჩანდა უთუოდ ხელი მათი ხელმძღვანელის – ოთარ ქორქიასი.

მე ძალიან ვღელავდი. გასაგებია: სისხლი! ეს გამარჯვება ქართველებისთვის დიდად მნიშვნელოვანია, დავინახე ყამირითგან ამოხეთქილი ძალა ქართული: მაგარი!..

აქ ესპანელები ბევრნი არიან. ზოგიერთი ბუკებით მოვიდნენ. ყვიროდნენ – გასამხნევებლად თავისიანებისა, და ცხადია, ნერვების ასაშლელად ქართველებისა. ვაკვირდებოდი ამათ: ყვირილი, ხივილი, განგაში – არავითარ გავლენას არ ახდენდა მათზე. არ ამჩნევდნენ თუ არ იმჩნევდნენ, აღმოაჩნდათ გასაოცარი წვართი ხასიათის…

პირველ ნახევარში შეჯიბრისა ჩვენებმა 2 წერტით გაუსწრეს ესპანელებს. მე მჯეროდა, რომ ისინი პირველ შებმაში თუ ვერ გაიმარჯვებდნენ, არც დამარცხდებოდნენ, თანასწორ გამოვიდოდნენ ესპანელებთან ერთად. მეშინოდა მეორე შებმისა. საშინლად ვღელავდი. რატომ?

ცნობილია, რომ ქართველები საერთოდ პირველ შემართებაში ხარჯავენ” მთელ ცეცხლს” და შემდგომ ძალა აღარ ჰყოფნით, ცეცხლი აკლდებათ (მონღოლებს რომ არ გაეგოთ ეს თვისება ქართველთა, საქართველოს დაპყრობა ძალიან გაუჭირდებოდათ. “ქართლის ცხოვრებაში” არის სიტყვა შესახებ ამისა). ახლა ვიკითხოთ, რა მოხდა შეჯიბრის მეორე ნახევარში: ცეცხლი კი არ მოაკლდათ – პირიქით: კიდევ მოემატათ. ეს ისეთი დიდი ამბავია, რომ იგი სპორტულ გამარჯვებას სცილდება, ბევრად, ბევრად მეტია უკანასკნელზე. როგორც ქართველი – მე მხრებში გავიმართე!..

გამარჯვებულები არ აყვიჩილებულან” გამარჯვებით. ერთი მათგანის სახეზეც ვერ ამოიკითხავდი: “ხომ გაჯობეთ!” ზრდილად, რაინდულად, ქართველურად გაუწოდეს ხელი მოპირდაპირეთ – დაუვიწყარი სურათი!
გამარჯვებულთა ნახევარი თითქმის გამარჯვებულთა ხელმძღვანელს უნდა ვაკუთვნოთ: ოთარ ქორქიას. ვთქვათ პირდაპირ: მათს სულისჩამდგმელს. დიდი ოსტატი ყოფილა, დიდი! მატჩის დროსაც ამა თუ იმ დარიგებას აძლევდა აღზრდილებს თავისსა. აღსანიშნავია ესეც: ყოველ მათგანს ექცეოდა როგორც ნამდვილი ძმა, უფროსი ძმა… გავიფიქრე: მივსალმებოდი გამარჯვებულებს, – გადავიფიქრე. შეიძლება “ეუცხოვოთ-მეთქი”, გავივლე გულში (მიხვდები რის გამო). სიხარულთან ერთად ბასრი ტკივილი ვიგრძენი სულის სიღრმეში!..

გულითადი მოკითხვა ჩვენებს ყველას. შენი გრიგოლ.
29 ივნისი, 1962. ჟენევა…”. “

მსგავსი ამბები

Back to top button