ახალი ამბებისაკითხავი

თანამედროვე ინტერნეტის არქიტექტორები


თანამედროვე ინტერნეტის არქიტექტორები

ამას წინათ ჟურნალმა BusinessWeek თავის მკითხველებსა და ავტორებს შორის გამოკითხვა ჩაატარა. შედეგების მიხედვით კი 25 ადამიანი შეარჩია, რომლებმაც ჟურნალის აზრით ყველაზე დიდი გავლენა იქონიეს თანამედროვე ინტერნეტის ფორმირებაზე.

მემგონი საინტერესო იქნება, გავიხსენოთ ბუმბერაზი კლასიკოსები :)

1. შემქმნელი: ტიმ ბერნერს-ლი

როგორც Webpark წერს, 1989 წელს ბერნერს-ლიმ ჰიპერტექსტის გამოგონებით საფუძველი ჩაუყარა ინტერნეტში ინფორმაციის ორგანიზების ძირითად პრინციპს – მარტივად რომ ვთქვათ, მან ბმულების სისტემა შექმნა. 90-იან წლებში კი სწორედ მან დაიწყო ე.წ. ”სემანტიკურ ვებზე” (Semantic Web) მუშაობა, რომელიც ინტერნეტში ინფორმაციის განაწილების უფრო მოსახერხებელ, ტეგებზე აწყობილ ფორმას გულისხმობდა. დღეს ბერნერს-ლი, ორგანიზაცია World Wide Web Consortium-ის ხელმძღვანელი, საერთაშორისო სტანდარტების შემუშავებითაა დაკავებული.

2. პიონერი: მარკ ანდრისენი

მარკ ანდრისენმა რევოლუცია მოახდინა ინტერნეტ-ნავიგაციის სფეროში. მან მნიშვნელოვნად გააიოლა ეს პროცესი პირველი ბრაუზერის – Mosaic-ის გამოგონებით. მოგვიანებით ჯიმ კლარკთან ერთად მან დააარსა ქსელი Netscape Communications, რომელიც მომავალში AOL-მა შეიძინა. დღეს იგი პროექტ Ning-ზე მუშაობს, რომლის ძირითადი კონცეფცია ნებმისმიერი მომხმარებლისთვის საკუთარი სოციალური ქსელის შექმნის შესაძლებლობის მიცემაა.

3. გამყიდველი: ჯეფ ბეზოსი

1994 წელს ჯეფ ბეზოსმა დაუჯერებელი სტატისტიკა აღმოაჩინა – ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა წელიწადში 2300%-ით იზრდებოდა! მაშინ მას მშვენიერი სამუშაო ადგილი ქონდა, მაგრამ იგი მივიდა თავის უფროსთან და განუცხადა: ”ერთ შეშლილ იდეას მინდა შევასხა ხორცი – წიგნები უნდა გავყიდო ინტერნეტითო”. როგორც დღევანდელი გადმოსახედიდან ჩანს, იდეა სულაც არ ყოფილა სულელური – ბეზოსმა სწორედ წიგნების გაყიდვით დაიწყო უდიდესი ონლაინ-მაღაზია Amazon.com-ის მშენებლობა.

4. მაძიებლები: სერგეი ბრინი და ლარი პეიჯი

სადღეისოდ ყველაზე ძლევამოსილი ინტერნეტ-გვერდი Google სწორედ ამ წყვილმა შექმნა. გუგლის პოპულარობა მისმა საოცრად ზუსტმა ძიების შედეგებმა გამოიწვია, რაც თავის მხრივ, ვებ-რესურსებს შორის ბმულების სისტემის ანალიზის უნიკალურმა ალგორითმმა განაპირობა. ყველაფერი კი 1996 წელს, სტენფორდის უნივერსიტეტში პეიჯის მიერ დაცული დისერტაციით დაიწყო, სადაც ვებ-ბმულების სისტემა უზარმაზარი გრაფიკის სახით იყო განხილული. დღეს ბრინი და პეიჯი მილიარდელები არიან.

5. დეკორატორი: მარისა მეიერი

იგი კიდევ ერთი Google-ერია. 1999 წელს მეიერი გუგლის პირველი ქალი-ინჟინერი იყო. სადღეისოდ კი იგი კომპანიის ვიცე-პრეზიდენტია საძიებო სისტემებისა და მომხმარებლებთან მუშაობის დარგში. ბრინისა და პეიჯის ბრწყინვალე ტექნიკურ კონცეფციებს სწორედ მარისას დიზაინერული და სტრუქტურული იდეები დაეხმარნენ მზა პროდუქტად ჩამოყალიბებაში, რომელიც ინტერნეტში ყველაზე პოპულარული უნდა გამხდარიყო. Google-ის ყველა პროდუქტის ახლანდელი ვიზუალური მხარე მარისა მეიერის დამსახურებაა.

6. ენციკლოპედისტი: ჯიმი უეილსი

უეილსმა ლარი სენგერთან ერთად 1999 წელს შექმნა ინტერნეტის ყველაზე პოპულარული ენციკლოპედია – Wikipedia. ეს ვებგვერდი ისეთივე სოციალური ფენომენი გახდა, როგორიც თავის დროზე გუგლი. მას დიდი რაოდენობით ფული შემქმნელისთვის ვერ მოაქვს, მაგრამ უეილსი აუცილებლად აპირებს ამის გამოსწორებას. ამჟამად იგი ამავე, ”სახალხოობის” პრინციპზე დაფუძნებულ ახალ პროდუქტებზე მუშაობს, რომელთა შორის ყველაზე საინტერესოა საძიებო სისტემის პროექტი, რომლის მოქმედებაში დიდ როლს მომხმარებლების ცოცხალი ძალა შეასრულებს.

7. კომერსანტი: მარგარეტ უიტმანი

უიტმანმა მოუწესრიგებელი ინტერნეტ-აუქციონი eBay ელექტრონული კომერციის უძლიერეს საერთაშორისო ინსტრუმენტად აქცია. ამ საქმის წარმატებით დასრულების შემდეგ კი მან სხვა მსგავსი, მაგრამ განუვითარებელი სერვისების შეძენა დაიწყო; დღეს კი მის იმპერიაში შედის ისეთი გიგანტები, როგორიცაა ინტერნეტ-გადახდების სისტემა PayPal და ინტერნეტ-ტელეფონია Skype.

8. ბლოგერი: ევან უილიამსი

1999 წელს მან ინტერნეტ-საიტი Blogger შექმნა – ინსტრუმენტი, რომელიც ყველა მსურველს აძლევდა საშუალებას შეექმნა საკუთარი ვირტუალური ტრიბუნა და ფართო მასებისთვის ეთქვა ის, რაც სურდა. კომპანია კვლავ წარმატებით განაგრძობს მუშაობას, თუმცა ამჟამად უილიამსის გარეშე, რომელმაც ბლოგერი ზედმეტი ყოყმანის გარეშე მიყიდა გაუმაძღარ გუგლს. ფასი უცნობია, მაგრამ აშკარაა, რომ უილიამსს ტკბილი სიბერე გარანტირებული აქვს. ახლა კი მას შეუძლია ”წვრილმანი” პროექტებით გაერთოს, მაგალითად შექმნას მიკრობლოგინგის სისტემა Twitter, რომელიც საშუალებას იძლევა ერთ ადგილზე შეგროვდეს იმ ხალხის ნააზრევის ნაგლეჯები, რომელთაც არ სურთ სრულყოფილი ბლოგის გაკეთება, მაგრამ რაღაც მაინც აქვთ სათქმელი.

9. შემგროვებელი: კევინ როუზი

კევინ როუზმა სიახლეების ცოცხალი აგრეგატორის – Digg-ის შექმნით ინტერნეტში სიახლეების კითხვის ახალი ფორმა დაამკვიდრა. ახლა იმისათვის, რათა გაიგოთ რა ხდება მსოფლიო ინტერნეტში, საკმარისია შეხვიდეთ ერთ საიტზე – Digg.com. მომხმარებლების ხმების მიხედვით დიგის სისტემა თავად საზღვრავს უკანასკნელი სიახლეებიდან რომელია მართლაც მნიშვნელოვანი და რომელი – სახსენებლადაც არ ღირს. დღეს უკვე Digg-ერები უზარმაზარი და საკმაოდ მნიშვნელოვანი ძალაა, რომელთაც იძულებულები არიან ანგარიში გაუწიონ არა მხოლოდ ინტერნეტში, არამედ რეალურ სამყაროშიც.

10. მეოცნებე: ფილიპ როუზდეილი

ხელოვნური სამყარო Second Life-ის შექმნით როუზდეილმა პირველმა შეძლო ხორცი შეესხა დიდი ხნის ოცნებისთვის ვირტუალური რეალობის შესახებ. პროექტი Second Life თავიდან იწყებოდა, როგორც უბრალო გასართობი სერვისი, თუმცა დღეს იგი სულ უფრო და უფრო სერიოზული ხდება. ამჟამად მასში 9 მლნ ვირტუალური მაცხოვრებელია, ხოლო ვირტუალური ეკონომიკის ბრუნვა 12 მლნ დოლარამდე ადის. უკვე ბევრია, ვისთვისაც მეორე სიცოცხლე პირველზე მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარია, რომ ამ პრინციპმა მასიური სახე არ შეიძინოს.

11. მეგობარი: ტომ ანდერსონი

2003 წელს ანდერსონმა და კრის დევოლფომ დააარსეს საიტი MySpace.com, რომელსაც მუსიკოსები და მათი თაყვანისმცემლები ერთმანეთთან უნდა დაეკავშირებინა. 2005 წლის შუა პერიოდში, როდესაც MySpace-ს უკვე 22 მლნ რეგისტრირებული მომხმარებელი ყავდა, იგი News Corp-მა 580 მლნ დოლარად შეიძინა. ამჟამად მსოფლიოს ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელის ყოველთვიური უნიკალური მომხმარებლების რაოდენობა 115 მილიონია. მიუხედავად ამ რიცხვისა, მართალია პროგრამა-რობოტის დახმარებით, მაგრამ ანდერსონი მაინც ახერხებს ყოველი ახალი მომხმარებლის მის მეგობრების სიაში ჩამატებას.

12. მეგობრების ფავორიტი: მარკ ცუკერბერგი

2004 წლის თებერვალში მარკ ცუკერბერგმა ჰარვარდის უნივერსიტეტის საეთო საცხოვრებლის მეზობლებთან ერთად შექმნა საიტი, სადაც სტუდენტები ერთმანეთს ეკონტაქტებოდნენ. სულ მალე Facebook-ში სტენფორდის, კოლუმბიის და იელის უნივერსიტეტების სტუდენტების გაწევრიანდნენ. ცუკერბერგმა მიატოვა სწავლა და საუნივერსიტეტო კამპუსიდან სილიკონის ველზე გადაბარგდა, სადაც საიტის განვითარებას მიჰყო ხელი. რამოდენიმე თვეში სოციალური ქსელი 800 კოლეჯით გაიზარდა, ორ წელიწადში კი საიტი უკვე საერთო მოხმარებისთვის გაიხსნა. უკანასკნელი მონაცემებით საიტს 41 მლნ აქტიური მომხმარებელი ყავს.

13. მეგაზეთე: რუპერტ მერდოკი

76 წლის ამერიკელმა მედია-მაგნატმა ბევრ მის კოლეგაზე ადრე გააცნობიერა ინტერნეტის მნიშვნელობა და ის საფრთხე, რომელსაც იგი მასმედიის ტრადიციულ საშუალებებს უქმნიდა. მისი მთელი ქონება ხომ სწორედ მედია-ბიზნესზე იყო აწყობილი. ამიტომ, სულაც არ იყო შემთხვევითი, როდესაც მერდოკის ნიუსკორპმა რამოდენიმე ასეული მილიონი დოლარი ჩადო სოციალურ ქსელ MySpace-ში.

14. დიზაინერი: სტივ ჯობსი

სტივ ჯობსი, რომელიც 1996 წელს დაბრუნდა კომპანია Apple-ში გენერალურ დირექტორად, წვრილმან და, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო დეტალებზეა ჩაციკლული. თუმცა სწორედ ამ თვისებამ შეაქმნევინა მას რიგი პროდუქტებისა, რომლებსაც ბევრნი იდეალურად მიიჩნევენ. მისი ძალისხმევის შედეგად ყველამ იცის, რომ მუსიკა ყველაზე სასიამოვნოდ iPod-ზე ისმინება, ამ მუსიკის შეძენა კი – iTunes-ის მაღაზიიდან შეიძლება. საბედნიეროდ, მონოპოლია შეუძლებელია და ჯობსსაც მუდმივად უწევს ახალი სვლების მოფიქრება Apple-ის კულტის შესაბამის დონეზე შესანარჩუნებლად.

15. მწყემსი: მიტჩელ ბეიკერი

კომპანია Mozilla-ს თავმჯდომარე ბეიკერი, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე დიდ open-source პროექტს – ბრაუზერ Firefox-ს ხელმძღვანელობს, ახერხებს, რომ ერთდროულად გამოუვიდეს ორი საქმე: მას შეუძლია თან ხელი შეუწყოს თავისუფლებისა და ენთუზიაზმის სულს, რაც ქმნის Microsoft-ის ბრაუზერზე უფრო ხარისხიან უფასო პროდუქტს, და თან საქმეები აწარმოოს ისე, რომ გაყიდვების გარეშე კომპანიას ქონდეს მუდმივი და საკმაოდ მაღალი შემოსავალი. შედეგად კი ვღებულობთ ბაზრის 15%-ს, რომელიც Firefox-მა თითქოს-და ხელშეუხებელ გიგანტ Internet Explorer-ს რამოდენიმე წელიწადში წაართვა.

16. მხსნელი: ჯერი იანგი

ჯერი იანგმა თავის მეგობარ დევიდ ფილოსთან ერთად 1995 წელს პორტალი Yahoo! დააარსა. იმ პერიოდის შემდეგ პატარა გვერდი, სადაც უბრალოდ კატეგორიებში ჩალაგებული ბმულები იყო წარმოდგენილი, რამოდენიმემილიარდიან იმპერიად გადაიქცა. მართალია იანგი მთელი ამ ხნის მანძილზე ”Yahoo!-ს ხელმძღვანელის” მოკრძალებულ თანამდებობას ჯერდებოდა, მაგრამ ახლა, როდესაც Yahoo რბოლას Google-თან აგებს, იგი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა. იანგმა არამხოლოდ თანამშრომლების მორალური განწყობა უნდა აამაღლოს, არამედ უნდა მოახერხოს და ქმნას სასწაული – კვლავ გახადოს Yahoo საძიებო სისტემების ბაზრის ლიდერი.

17. ინვესტორი: პიტერ ტილი

პიტერ ტილი ონლაინ-გადახდების სისტემა PayPal-ის ერთ-ერთი დამაარსებელია. მან ასევე შექმნა გლობალური ფონდი Clarium Capital Management, რომელიც 2 მლრდ. დოლარამდე ინვესტიციებს მართავს. ამის გარდა, ტილი ფონდ Founders Fund-ის მმართველი პარტნიორია, ფონდის, რომლის საქმიანობა ტექნოლოგიურ საწარმოებში ინვესტირებაა. იმ კომპანიათა სიაში, რომლებსაც ტილმა თავისი კლიენტების ფული ანდო, ისეთი სტარტაპებია, როგორიცაა Facebook, Slide და Ooma. ასერომ, თუ თქვენ გაქვთ გენიალური მაღალტექნოლოგიური იდეა, მაგრამ ფული არ გყოფნით მის განსახორციელებლად, გირჩევთ მის გენიალურობაში ტილი დაარწმუნოთ – მისი თანხმობა ნახევარი გზაა წარმატებული პროექტისკენ.

18. ანგელოზი: რიდ ჰოფმანი

რიდ ჰოფმანი კიდევ ერთი ადამიანია, რომლის გაცნობაც აუცილებლად მოუწევს აშშ-ის ნებისმიერი პერსპექტიული სტარტაპის ავტორს. მთელს სილიკონის ველში იგი ალბათ ყველაზე გავლენიანი პიროვნებაა. და არამარტო იმიტომ, რომ იგი პროფესიული სოციალური ქსელის LinkedIn-ის დამაარსებელია, არამედ იმიტომაც, რომ 60-მდე სხვადასხვა კომპანიის ინვესტორია, მათ შორის Facebook-ის, Digg-ისა და Last.fm-ის, და ასევე იმიტომ, რომ ისეთი კომპანიების დირექტორთა საბჭოში შედის, როგორებიცაა SixApart, Kiva.org და Mozilla.

19. მეფე: მაიკლ მორიცი

მორიცი მესამე ინვესტორია ინტერნეტში ყველაზე გავლენიანთა სიაში. თუმცა მასთან მისვლა მხოლოდ მაშინ ღირს, თუ რაიმე წარმატებას უკვე მიაღწიეთ. საინვესტიციო ფონდ Sequoia Capital-ის მმართველ პარტნიორობამდე იგი ჟურნალ Time-ის კორესპოდენტი იყო, ასევე მას ეკუთვნის პოპულარული წიგნები Apple-ისა და Chrysler-ის შესახებ. მაგრამ მოგვიანებით მან კალამი კალკულატორზე გაცვალა და არნახულ წარმატებებს მიაღწია. ახლახანს ჟურნალმა Forbes იგი ყველაზე წარმატებულ მეწარმედ დაასახელა.

20. კრიტიკოსი: მაიკლ ერინგტონი

თუ თქვენს კომპანიაში ჰოფმანმა და ტილმა უკვე ჩადეს რამოდენიმე მილიონი, ესეიგი უკვე დროა მაკლ ერინგტონთან სცადოთ დამეგობრება. იგი ბლოგ TechCrunch-ის ავტორი და მფლობელია. სულ რაღაც ორ წელიწადში ერინგტონმა შეძლო თავისი რესურსი მცირე, მაგრამ საკმაოდ გავლენიან მედია-იმპერიად ჩამოეყალიბებინა. თუ თქვენ კომპანიას ერინგტონი ბლოგში ახსენებს, ჩათვალეთ, რომ კიდევ მეოთხედი გზა გაიარეთ წარმატებისაკენ, და, შესაძლოა უკვე მომავალი განვითარებისთვის ფულის სათხოვნელად მორიცთან მისვლაც გახდეს საჭირო.

21. მასწავლებელი: ტიმ ო’რეილი

ო’რეილიმ კომპიუტერის თემატიკაზე წიგნების გამოცემა ჯერკიდევ 1980-იან წლებში დაიწყო. და 25 წლის შემდეგაც, მისი კომპანიის მიერ გამოშვებული ცნობარები და სახელმძღვანელოები მთელი მსოფლიოს ყველა წიგნის მაღაზიის კომპიუტერული განყოფილების თაროებს ავსებენ.

22. გამფორმებელი: მაკს ლევჩინი

1998 წელს ლევჩინს 2 ათასი დოლარის სესხება დაჭირდა, რათა კომპანია PayPal-ში, რომლის ერთ-ერთი თანადამაარსებელი იყო, თავისი წილი ეყიდა. რამოდენიმე წელიწადში კი ამ უკრაინელის ძალისხმევით PayPal მიყიდეს მარგარეტ უიტმანს eBay-დან, 1,5 მლრდ. დოლარად (ამ თანხიდან თავად ლევჩინის წილი 34 მლნ დოლარი იყო). ახლა ლევჩინს უფრო მეტი ფულის შოვნის იმედი აქვს თავისი ახალი კომპანიით Slide, რომელიც ე.წ. ”ვიდჯეტებს” აწარმოებს – მცირე ონლაინ-პროგრამებს (ვთქვათ, სლაიდშოუებს) სოციალური ქსელების გვერდებისა და ბლოგების გასაფორმებლად.

23. გამყიდველი: მარკ ბენიოფი

თანამედროვე სავაჭრო კომპანიები აქტიურად გადადიან ახალი თაობის პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებაზე, რომლებიც თავის მხრივ ინტერნეტით გავრცელებულ სერვისს წარმოადგენენ. ასეთი სერვისის პიონერი იყო საიტი Salesforce.com, რომლის დამაარსებელი იყო Oracle-ის ყოფილი სავაჭრო წარმომადგენელი მარკ ბენიოფი. იგი დღემდე აწარმოებს ინსტრუმენტებს სხვა კომპანიებისთვის, რათა მათ საკუთარი პროგრამების შექმნა გაუადვილდეთ.

24. პროვოკატორი: დეივ უაინერი

უაინერი ყველაზე მეტად RSS-ფორმატის შექმნითაა ცნობილი. RSS საშუალებას აძლევს მომხმარებელს არამარტო ერთდროულად იკითხოს რამოდენიმე საიტის სიახლეები, არამედ მომენტალურად მიიღოს ინფორმაცია განახლებების შესახებ. პოპულარობის მიუხედავად, უაინერს ბევრი მტერიც ყავს, რომელთა რიცხვი დეივის საოცრად მწარე ენის გამო დღითი დღე იზრდება.

25. სტრატეგი: რე ოზი

მას შემდეგ, რაც ბილ გეითსმა სულ უფრო და უფრო აქტიურად დაიწყო Microsoft-ის უშუალო მმართველობისგან ჩამოშორება, ოზიმ თავის თავზე სტრატეგის ფუნქციები აიღო. სწორედ იგი უნდა დაეხმაროს კომპანიას, რომელიც პროგრამულ უზრუნველყოფაში მონოპოლისტია, იგივეს მიაღწიოს ინტერნეტ-სივრცეშიც. შეიძლება ითქვას, რომ მომავალი წლები ოზის დასვენების საშუალება არ მიეცემა, რადგან ამ სფეროში Microsoft როგორც არასოდეს, ისე შორსაა გამარჯვებისგან.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Linebet
Close
Close