არქივი

ალავერდის მთავარ ტაძარში სენსაციური აღმოჩენა გაკეთდა

8b28d9a58090
ალავერდის მთავარ ტაძარში სენსაციური აღმოჩენა გაკეთდა ..

ალავერდის მთავარ ტაძარზე მიმდინარე არქეოლოგიური სამუშაოების დროს სენსაციური აღმოჩენა გაკეთდა.
არქეოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ ცამეტთაგან ერთ-ერთის, იოსებ ალავერდელის ნეშტი, როგორც აქამდე ითვლებოდა, არა ალავერდის ტაძარში, არამედ ტაძრის კედელში განისვენებს.

როგორც “ინტერპრესნიუსს” კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა განუცხადა, არქეოლოგიური კვლევის დროს, ალავერდის წმინდა გიორგის ტაძრის ჩრდილოეთ მკლავში, ასურელი მამის – იოსებ ალავერდელის საფლავი აღმოჩნდა.

“დღემდე ითვლებოდა, რომ ალავერდის ლავრის დამაარსებელი – იოსებ ალავერდელი საკურთხევლის მარჯვენა მხარეს იყო დაკრძალული, თუმცა ეს საფლავი მხოლოდ სიმბოლური გამოდგა. როგორც გაირკვა, ნეშტი არ განისვენებდა შიგნით. აღმოჩნდა, რომ XV საუკუნეში წმინდანის ნეშტი საგანგებოდ გადამალეს, რადგან შემოსვებისა და არეულობის დროს მისთვის შეურაცხყოფა არ მიეყენებინათ”, – განმარტა ვაჩეიშვილმა.

მისივე თქმით, კვლევის დროს ეს კედელი გაიხსნა და გამოჩნდა, რომ მოწყობილია სამეფო რანგის საფლავი. გაკეთებულია ლუსკუმა, რომელიც ქვის კედლებიან სამარხში დევს. სამარხის კედლები კი, სხვადასხვა ფერის ქვით არის გაწყობილი და ჩუქურთმებით შემკული. საფლავს აქვს სარქველიც, რომელიც იხსნება გვერდიდან, რათა მლოცველებს საშუალება ჰქონოდათ, ნეშტისთვის პატივი მიეგოთ. ისეთი საფლავი, რომელიც შემორჩენილი იყოს თავდაპირველი სახით, მეორე არ მახსენდება”, – განაცხადა ვაჩეიშვილმა.

მისივე თქმით, თავად საფლავი XI საუკუნისაა. როგორც ჩანს, იგი ტაძარში იდგა და მოგვიანებით კედელში ჩააყოლეს. მის ადგილზე კი სიმბოლური საფლავი დაიდგა.

ალავერდის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები მესამე წელია, მიმდინარეობს. წელს დაიწყო კომპლექსის მთავარი, წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის რეაბილიტაცია. ტაძარაზე მიმდინარე სამუშაოები მოიცავს კონსტრუქციებს გამაგრებას, ფასადების აღდგენას და არქეოლოგიურ კვლევას.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button