არქივი

UFO – საუკუნეთა მიღმა

f727c726ad47

ბევრი მეცნიერის ვარაუდით კაცობრიობის ისტორიის უძველეს პერიოდში არამიწიერი ცივილიზაციების წარმომადგენელთა აქტივობა გაცილებით უფრო დიდი იყო, ვიდრე ახლაა. უძველეს ისტორიულ წყაროებსა და ხალხურ თქმულებებში ბევრი რამაა შემორჩენილი ისეთი, რაც ოდესღაც ჩვენს პლანეტაზე უცხოპლანეტელთა შესაძლო სტუმრობას მოწმობს. მათ დიდი როლი შეასრულეს ჩვენს პლანეტაზე განვითარებული ცივილიზაციის ჩამოყალიბებაში. მოგონებები იმ შორეულ ეპოქაზე დღემდე შემორჩა ხალხთა მეხსიერებას.

ბრაზილიაში მცხოვრები ინდიელების – ტუპანიმბას ტომმა შემოინახა თქმულება ყოვლისშემძლე მონანზე, რომელმაც შექმნა სამყარო და ადამიანი. თქმულების მიხედვით, მონანი უხსოვარ დროს ადამიანთა შორის ცხოვრობდა და ისინი თაყვანს სცემდნენ მას. მაგრამ შემდეგ ადამიანებმა იწყეს მონანის მცნებების დარღვევა და უგულებელყოფა. განრისხებულმა მონანმა “უზარმაზარი ცეცხლოვანი ღრუბლით” ზეცას მიაშურა, რათა იქიდან დაესაჯა ურჩი ადამიანები. მან გამოგზავნა მიწაზე “ციური ცეცხლი”. რომელმაც ყველა გაანადგურა. მონანმა მხოლოდ ერთი ადამიანი დაინდო, სახელად ირინ-მაგე, რამეთუ იგი ღმერთის მორჩილი იყო. მას შემდეგ, რაც მიწაზე მობობოქრე ცეცხლი ჩაცხრა, ირინ-მაგემ ცოლად მოიყვანა მონანის ერთ-ერთი ქალიშვილი, დაბრუნდა მიწაზე და გააგრძელა ადამიანთა მოდგმა.

* * *
ამაზონის ერთ-ერთი შენაკადის, მდინარე ხინგუს ნაპირებზე ცხოვრობს მცირერიცხოვანი ტომი, რომლის ზეპირ გადმოცემებში უამრავი საინტერესო ამბავია კაცობრიობის ისტორიიდან. უხსოვარ დროს ადამიანები “შორეულ ვარსკვლავზე” ცხოვრობდნენ. ერთხელ მათ ახალი საცხოვრებელი ადგილის შერჩევა გადაწყვიტეს და თათბირი დაიწყეს. ერთმა ადამიანმა უამბო თათბირის მონაწილეებს, რომ ზეცაში არსებული “ხვრელის” გავლით, შემთხვევით მოხვდა ულამაზეს პლანეტაზე. მისი ნაამბობი ყველას მოეწონა და დედამიწაზე გადასახლება გადაწყვიტეს. ვარსკვლავები შეუდგნენ ბამბის ძაფის გრეხას, რომლის დახმარებითაც ნელ-ნელა უნდა ჩამოშვებულიყვნენ ლამაზ პლანეტაზე და ამ ძაფის მეშვეობით გამუდმებული კონტაქტი ჰქონოდათ ვარსვლავზე დარჩენილ თანამოძმეებთან. მაგრამ ბოროტმა დემონმა გაწყვიტა ეს ძაფი და ვარსკვლავთან კავშირი სამუდამოდ დაიკარგა.

* * *
აფრიკის კონტინენტზე მოსახლე ზოგიერთი აბორიგენი ტომის თქმულებები საოცარი სიზუსტით ემთხვევა ბრაზილიელი ინდიელების ლეგენდებს. აფრიკულ მითოლოგიაში ნათქვამია, რომ უძველეს დროს “ღმერთის შვილები, შემოქმედ მამასთან ერთად, ბედნიერი და უზრუნველი ცხოვრებით ცხოვრობდნენ ზეცაში”. მაგრამ, ერთხელ ღმერთმა გადაწყვიტა, გამოეცადა თავისი შვილები – გაუშვა ისინი დედამიწაზე და აუკრძალა “მიწის მარილის” ჭამა. “ღმერთის შვილები” დედამიწაზე დაეშვნენ ძაფის დახმარებით, რომელიც თვითონ მამამ დაუგრიხა. მაგრამ თითქმის ყველას დაავიწყდა მამის გაფრთხილება. მათ შეჭამეს “მიწის მარილი” და როცა ზეცაში დაბრუნება გადაწყვიტეს, ძაფი გაწყდა და იძულებული გახდნენ, სამუდამოდ დარჩენილიყვნენ მიწაზე. მხოლოდ ერთმა, მამის მორჩილმა შვილმა მოახერხა ზეცაში დაბრუნება.

* * *
უძველეს ტიბეტურ ტექსტებში “კანდშურში” და “ტანდშურში”, რომელიც ბუდისტური მონატრების საცავებშია შენახული, არსებობს ხელნაწერი გადმოცემები მფრინავი მანქანების შესახებ, რომლებიც მარგალიტებივითაა მიმობნეული ცაში და გამჭირვალე ბურთებზე, რომლებშიც “ადამიანები ხანდახან ხედავენ იუგებს”.
უძველეს ხელნაწერ ძეგლად, რომელშიც ამოუცნობი მფრინავი ობიექტებია მოხსენიებული, ითვლება პაპირუსი, რომელიც აღმოჩნდა ვატიკანის მუზეუმის ეგვიპტის განყოფილების დირექტორის, პროფესორ ა.ტულის კოლექციაში. პაპირუსი დათარიღებულია ჩვ.წ.აღ.-მდე მე-15 საუკუნით, როცა ეფობდა ფარაონი ტუტმოს მესამე .ტექსტი გვიამბობს: “ოცდამეორე წელს, ზამთრის მესამე თვეს, დღის 6 საათზე, მწერლებმა ცაში დაინახეს მოძრავი ცეცხლოვანი წრე… მისი სიგრძე და სიგანე ერთი წყრთა იქნებოდა. მათ მოახსენეს ფარაონს, ხოლო ფარაონი ჩაფიქრდა… გავიდა რამდენიმე დღე, ცაში ეს საგნები – უფრო მრავალრიცხოვანნი გახდნენ და მზეზე მეტად კაშკაშებდნენ… ფარაონიც უცქერდა მათ თავის ჯართან ერთად. საღამოს ცეცხლოვანი წრეები უფრო მაღლა ავიდნენ და სამხრეთის მიმართულებით დაიძრნენ… ციდან რაღაც მფრინავი საგანი ჩამოვარდა… ფარაონმა აღავლინა ლოცვა ღმერთებისადმი და განკარგულება გასცა, ეს შემთხვევა სიცოცხლის სახლის აღწერებში შეეტანათ.

* * *
დისკოსმაგვარი მფრინავი ობიექტები არაერთხელაა მოხსენიებული ალექსანდრე მაკედონელის ქრონიკებში. ყველაზე საინტერესო აღწერა მოცემულია ჯოვანი დროისენის “ალექსანდრე მაკედონელის ცხოვრებაში”, რომელიც თარიღდება ჩვ.წ.აღ.-მდე 332 წლით, როცა მაკედონელის ლაშქარს ფინიკიის ქალაქ ტირიზე ალყა ჰქონდა შემორტყმული. ერთ დღეს სამხედრო ბანაკის თავზე მოულოდნელად გამოჩნდა “ხუთი მფრინავი ფარი”, რომლებიც სამკუთხა წყობით მოძრაობდნენ. ობიექტი, რომელიც წყობის თავში იყო, ზომით დაახლოებით ორჯერ აღემატებოდა დანარჩენებს. გაოცებული თვითმხილველების თვალწინ ფარებმა აუჩქარებლად დაარტყეს რამდენიმე წრე ტირის თავზე, ხოლო მათგან გამოკრთა ცეცხლის ელვები, რის შედეგადაც დაინგრა რამდენიმე კედელი. გახარებული მაკედონელები იერიშზე გადავიდნენ, “ფარები” კი განაგრძობდნენ ფრენას ქალაქის თავზე, სანამ მაკედონელებმა ის ბოლომდე არ აიღეს, მერე კი გაუჩინარდნენ.

* * *
ამოუცნობი მფრინავი ობიექტები ძველ საბერძნეთშიც შეუმჩნევიათ. ფილოსოფოსი ანაქსაგორე, რომელიც ჩვ.წ.აღ.-მდე მე-5 საუკუნეში ცხოვრობდა, წერს, რომ ცაზე იხილა დიდი “მორის” მსგავსი ობიექტი, რომელიც რამდენიმე დრე გაუნძრევლად ეკიდა და არაჩვეულებრივ სინათლეს ასხივებდა. ფილოსოფოსი სენეკა ცხოვრობდა ჩვ.წ.აღ.-მდე პირველ საუკუნეში. თავის ნაშრომში “ნატურალიზმის საკითხები”, ის წერდა: “არაერთხელ გვინახავს მოწმენდილ დღეს ცაზე სინათლის სხივების კონები, რომლებიც კვეთდნენ ცას აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ, ან პირიქით… ამ კლასს მიეკუთვნება პოსიდონიუსის მიერ აღწერილი ობიექტებიც – სვეტები, ცეცხლოვანი ფარები და სხვა მანათობელი სხეულები. ისინი ცაზე ღამეც ჩნდებიან, დღეც და არ წარმოადგენენ ვარსკვლავებს ან რამე სხვა ციურ სხეულებს”.

* * *
ერთ-ერთი საინტერესო აღწერა გვხვდება პლუტარქეს ისტორიაში. მასში მითითებულია, რომ ჩვ.წ.აღ.-მდე 102 წელს იტალიაში, ქალაქების ამერის და ტურდენტის თავზე გამოჩნდა უზარმაზარი განათებული ხანჯლები და ფარები, რომლებიც ჯერ ცალ-ცალკე მოძრაობდნენ, მერე კი შეერთდნენ. ზოგი ობიექტი მეორეს უსწრებდა, მაგრამ მათ შორის შეჯიბრი არ შეიმჩნეოდა. მოძრავი სხეულებიდან ზოგს წაგრძელებული,ზ ოგს კი დისკოს ფორმა ჰქონდა.
პლუტარქეს მიერ აღწერილი მეორე შემთხვევა დათარიღებულია ჩვ.წ.აღ.-მდე 73 წლით. დარდანელის სრუტესთან ახლოს რომაელი მხედარმთავრის ლუკულის და ბოსფორელი მეფის მითრიდატეს ლაშქარი ერთმანეთის პირისპირ იდგა და ორთაბრძოლისთვის ემზადებოდა. “უცბად ცა გაიხსნა და გამოჩნდა კასრის მსგავსი, უზარმაზარი ცეცხლოვანი სხეული, რომელიც მოექანებოდა ძირს, ორ დაპირისპირებულ ლაშქარს შორის. შეშინებულმა მეომრებმა ბრძოლის გარეშე მიატოვეს ველი”.

* * *
ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ განსაკუთრებით ბევრი ცნობაა რომაელი ისტორიკოსების და მწერლების ნაშრომებში, მაგალითად იულიუს ობსეკენსთან, ტიტუს ლივიუსთან, ციცერონთან, პლინიუს უმცროსთან, დიოს კასიუსთან. არისტოტელე მათ ციურ დისკოებს უწოდებდა, პლინიუსმა კი თავის “ბუნების ისტორიის” მეორე ტომში მანათობელ ობიექტებს შემდეგი კლასიფიკაცია მისცა: “დისკოიდები” – ქარვისფერი, დისკოსმაგვარი სხეულები, რომელთაგანაც შედარებით მცირე ნათება ასხივებს. “პითები” – კასრისმაგვარი ან მრგვალები, “სერატიები” – რქის ფორმის, “ლამპადები” – ანთებული ჩირაღდნის მსგავსი.მფრინავი ობიექტების აღწერისას რომაელი ავტორები მათ, ჩვეულებრივ, მზეს, მთვარეს, მრგვალ ფარს, მორს და სხვა ნაცნობ საგნებს ადარებდნენ.
რომაელი ავტორების ორმოცდაათი ნაშრომის ანალიზმა აჩვენა, რომ ცაში ცეცხლის აღწერა მათში ოცდაცხრამეტჯერ გვხვდება, “ფარებისა” – თერთმეტჯერ, ცეცხლის ბურთებისა – რვაჯერ, ორი და მეტი მზის ერთდროულად – თორმეტჯერ, ღამის მზე ნახსენებია ხუთჯერ და უცნობი საგანი – შვიდჯერ.

* * *
ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ უძველეს ბიბლიურ წყაროებშიც არის ცნობები. მაგალითად, წინასწარმეტყველ ზაქარიას წიგნში მეხუთე თავში აღწერილია “მფრინავი კასრი”, იმავე წიგნის სხვა მონაკვეთში კი ნათქვამია, რომ ზაქარიამ დაინახა ცილინდრული მფრინავი საგანი, ხოლო ანგელოზმა ამცნო მას, რომ ეს არის წყევლა, რომელიც მარად იქნება დედამიწის თავზე.
წინასწარმეტყველ ეზეკიელსაც გამოეცხადა მეტად საინტერესო ტიპის მფრინავი აპარატი, რომლის საკმაოდ ზუსტი აღწერილობაა მოცემული ბიბლიაში – “ეზეკიელის წიგნში”. წინასწარმეტყველი დანიელის წიგნში აგრეთვე ნახსენებია ამოუცნობი “მფრინავი ბორბლები”.
ცნობილ “კუმრანის გრაგნილებში” მოთხრობილია, როგორ იხილა ევამ ცეცხლოვანი ეტლი, რომელსაც ღრუბლებში მიაქანებდნენ არწივები, ხოლო ადამმა, რომელთაც ახლოს დაეშვა ეს ეტლი, აშკარად დაინახა ბოლი ბორბლებს შორის. შემონახულია ბევრი წერილობითი ცნობა ამოუცნობ მფრინავ ობიექტებზე დაკვირვების შესახებ ჩვ.წ.ღ.-მდე პირველ საუკუნეშიც. მაგალითად: “235 წელს ჩინეთში, მხედარმთავარ ლიანჟის ლაშქრის თავზე, ვეი-ნანასთან ახლოს, ცაზე გამოჩნდა ცეცხოვანი, წითელი მეტეორიტი, რომელიც ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისაკენ მოძრაობდა და ხანჯლებისმაგვარ სხივებს უშვებდა. ის წინ და უკან მოძრაობდა და სამჯერ დაეშვა ლაშქრის წინ და უკან”.

ლეგენდები ამოუცნობ მფრინავ ობიექტებზე საუკუნეებს გასდევს, არ არსებობს ხალხი დედამიწის ზურგზე, რომელსაც რაიმე თქმულება არ ჰქონდეს მათ შესახებ. ისტორიული წყაროებიც უხვად არის გაჯერებული მსგავსი ცნობებით. მეცნიერთა აზრით, მთელს მსოფლიოში საკვირველი ნაგებობებიც არ იქნებოდა შექმნილი არამიწიერი ცივილიზაციების “ჩარევის” გარეშე – იქნება ეს ეგვიპტური პირამიდები, ნასკას ზეგანის ნახატები, მაიას ტომის ულამაზესი ქალაქები, “მაჩუ პიჩკუ”, ოლმეკთა თუ აღდგომის კუნძულის იდუმალი ქვის ქანდაკებები, ბაბილონის გოდოლი, ურის დიდებული ზიკურათი და ბევრი სხვა… რა არის ეს, თუ არა დამამტკიცებელი საბუთები იმისა, რომ ჩვენ ამ სამყაროში მარტონი არ ვართ?!

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button