უცნაური

თანამედროვე სპორტის მილიონერები, რომელთაც კრიზისი არ შეხებიათ

tiger woods

1. ტაიგერ ვუდსი (გოლფი) – „ფორბსის“ დაანგარიშებით, მსოფლიოს უმდიდრეს სპორტსმენთა საუკეთესო ოცეული წლიურად 789 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს და აქედან 110 მილიონი მხოლოდ ტაიგერ ვუდსზე მოდის. ყველა დროის ყველაზე ძლიერი მეგოლფე ბოლო დროს ცოტას ზარმაცობს, რადგან უფრო მეტ დროს ოჯახსა და ახლად შეძენილ შვილებს უთმობს, მაგრამ მსუყე ჰონორარის მქონე ტურნირებს არ აცდენს და წლიურად 110 მილიონიც ამიტომ აქვს. ვუდსი ხშირად იმეორებს, მთავარი ფული კი არა, ოჯახური ბედნიერებააო, მაგრამ, ალბათ დაგვეთანხმებით, ყოველწლიურად ასეთი თანხა ოჯახური ბედნიერების ერთ-ერთი მთავარი საწინდარია.

2. კობი ბრაიანტი (კალათბურთი) – ამერიკული საკალათბურთო ნაციონალური ლიგის წლევანდელი გათამაშება ლოს-ანჯელესის „ლეიკერსმა“ მოიგო და ეს მეტწილად გუნდის ლიდერისა და კაპიტნის, კობი ბრაიანტის კარგი თამაშის ხარჯზე მოახერხა. კობი ამერიკულ კალათბურთში გამორჩეული არა მარტო კარგი თამაშით, არამედ ყველაზე მაღალი ჯამაგირითაცაა – იგი წლიურად 45 მილიონს იღებს. ვუდსის ჰონორართან შედარებით, ეს თითქოს უმნიშვნელო თანხაა, მაგრამ: გაითვალისწინეთ, რომ ეს კალათბურთელის ხელფასია და არა სარეკლამო კონტრაქტი. მალე ალბათ კობის კვირაში მილიონს გადაუხდიან – დიდი შანსია, რომ ეს უკვე მომავალ სეზონში მოხდეს.

. კიმი რაიკონენი („ფორმულა 1“) – „ფერარის“ ფინელმა პილოტმა ჩემპიონატი ორი წლის წინათ მოიგო და იტალიურ საჯინიბოსთან ასეთი სარფიანი კონტრაქტიც სწორედ მაშინ გააფორმა. წლიურად რაიკონენი, ბრაიანტის დარად, 45 მილიონს იღებს, თუმცა, წლევანდელ სეზონში ამის მეოთხედიც კი არ ეკუთვნის, რადგან, ჩემპიონატის მოგებას ვინ ჩივის, კიმის ჯერ ერთი გრან-პრიც არ მოუგია და „ფერარის“ ბოსები ამის გამო ძალიან წუხან, აქაოდა, თუ ასე გაგრძელდა, სარეკლამო შემოსავლები გაგვინახევრდებაო.

4. დევიდ ბექჰემი (ფეხბურთი) – ლოს-ანჯელესის „გელექსის“ ნახევარმცველმა გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარის წესით „მილანში“ კი გაატარა, მაგრამ ხელფასს „ამერიკულად“ იღებდა. მისი ჯამაგირი 42 მილიონი დოლარია და დევიდსა და მის ოჯახს ფინანსური კრიზისის გადაგორება აშკარად არ გაუჭირდება.

5. ლებრონ ჯეიმსი (კალათბურთი) – მეორე მაიკლ ჯორდანად შერაცხული ლებრონი მთლად „ჰაერის მეფესავით“ ჯერ ვერ თამაშობს, მაგრამ იმაზე მეტს აშკარად იღებს, ვიდრე თავის დროზე ჯორდანს უხდიდნენ. ჯეიმსის წლიური ხელფასი 40 მილიონი დოლარია. ამასთან, მას ამერიკული საკალათბურთო ნაციონალურ ლიგაში ყველაზე დიდი სარეკლამო კონტრაქტი აქვს და „ნაიკისგან“ წლიურად 16 მილიონს იჯიბავს.

6. ფილ მიკელსონი (გოლფი) – ვუდსის შემდეგ „ბალახის მეფე“ ფილი გახლავთ, მაგრამ მეორე კაცად ყოფნა არა მარტო თავად ამ სიტყვების მნიშვნელობით არის ცუდი, არამედ იმითაც, რომ მიკელსონი თითქმის სამჯერ ნაკლებს იღებს. მისი წლიური შემოსავალი 40 მილიონია.

7. მენი პაკიაო (კრივი) – მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ მძიმე წონაში, საჩემპიონო ქამრები უკრაინელ ძმებ კლიჩკოებს უპყრიათ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათი წლიური შემოსავალი იმაზე მეტია, ვიდრე მსუბუქ წონაში მოასპარეზე პაკიაოს აქვს. ფილიპინელი მოკრივე გულშემატკივართა შორის უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობს და ამიტომაც, მისი შეხვედრების დროს დარბაზი მუდმივად გადაჭედილია. შედეგად, მენი 40 მილიონ დოლარს ერთ სეზონზე უპრობლემოდ აგროვებს.

8. ვალენტინო როსი (მოტორბოლა) – შარშანწინ იტალიელ მოტომრბოლელს საგადასახადო სამსახური „ჩაუჯდა“ და 30 მილიონიანი დარღვევა აღმოუჩინა. ვალენტინო თვითონ გაჯიუტდა და ვალს არ აღიარებდა, მაგრამ მერე ყველაფერი მოინანია და განაცხადა, რომ გადასახადებს მართლა მალავდა, მაგრამ არა 30 მილიონს, როგორც ეს ჩინოვნიკებმა დაიანგარიშეს, არამედ სამი მილიონით ნაკლებს. ჰოდა, მან 27 მილიონი ხელის ერთი მოსმით გაისროლა, რათა ციხეში არ წასულიყო. მისი წლიური შემოსავალი 35 მილიონი დოლარია და, თუ ამას „იამაჰასთან“ გაფორმებულ 15-მილიონიან სარეკლამო კონტრაქტს დავუმატებთ, მივხვდებით, რატომ ირევიან როსის გვერდით იტალიის ულამაზესი ქალები.

9. დეილ ენჰარდტი (მოტორბოლა) – დეილ ენჰარდტი ნასკარის შვიდგზის გამარჯვებულია, მაგრამ საუბარი ახლა არა მასზე, არამედ მის შვილზე, უმცროს დეილ ენჰარდტზე გვაქვს. შვილი მამას შედეგებით აშკარად ჩამორჩება, პოპულარობით კი – არა და წლიურად 34 მილიონს იღებს.

10. როჯერ ფედერერი (ჩოგბურთი) – მხიარული როჯერი ერთადერთი ფეხბურთელია „მილიონერთა კლუბად“ წოდებული საჩოგბურთო სამყაროდან, რომელმაც ათეულში შეაბიჯა. მისი წლიური შემოსავალი 33 მილიონი დოლარია და დიდი შანსია, წელს ეს თანხა შეიცვალოს. კარიერაში პირველად, შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა „როლან გაროსის“ ტურნირი მოიგო და, შარშანდელისგან განსხვავებით, მინიმუმ მილიონზე მეტი უკვე აქვს.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button