არქივი

ინტერვიუ სტივენ ჰოკინგთან

a2pgr

როგორც იცით, სტივენ ჰოკინგი არის დღესდღეობით ყველაზე ცნობილი და ძლიერი ფიზიკოსი. ამერიკულმა ჟურნალმა “TIME” მკითხველების მიერ გამოგზავნილი კითხვებიდან ამოარჩია 10 საუკეთესო და თვის დასაწყისში მეცნიერისგან აიღო ინტერვიუ. დაწვრილებით იხილეთ გაგრძელებაში

  • თუკი ღმერთი არ არსებობს, რატომ გაჩნდა და გავრცელდა მისი არსებობის შესახებ მოსაზრებები თითქმის მთელ მსოფლიოში?
  • ბასანტა ბორა, შვეიცარია

    – მე არ ვამტკიცებ, რომ ღმერთი არ არსებობს. ადამიანებმა ასე უწოდეს იმ მიზეზს, რის გამოც ისინი დედამიწას მოევლინენ. მაგრამ ვფიქრობ, სიცოცხლის გაჩენის მიზეზი ფიზიკის კანონებით უფრო აიხსნება, ვიდრე იმ პიროვნებით, რომელთან ურთიერთობაც შესაძლებელია. მე უპიროვნო ღმერთის მწამს.

  • აქვს თუ არა სამყაროს დასასრული? თუკი აქვს, რა იქნება მის შემდეგ?
  • პოლ პერსონი, ინგლისი

    – დაკვირვებები ცხადყოფს, რომ სამყარო მუდმივად იმატებს ზომაში და ფართოვდება. ეს პროცესი იქნება მუდმივი, სამყაროც თანდათანობით უფრო ბნელი და ცარიელი გახდება. სამყაროს არ აქვს დასასრული, თუმცა ჰქონდა დასაწყისი დიდი აფეთქების დროს. შეიძლება ვინმემ იკითხოს, რა იყო დიდ აფეთქებამდე, მაგრამ პასუხი არის “არაფერი”. დიდ აფეთქებამდე დრო არ არსებობდა, ისევე როგორც არ არსებობს სამხრეთ პოლუსის სამხრეთი ნაწილი.

  • როგორ გგონიათ, კაცობრიობა ‘იცოცხლებს’ იმდენ ხანს, რომ ადამიანმა სამყაროს სიღრმეებში შეაღწიოს?
  • ჰარვი ბეთი, ჯორჯიის შტატი, აშშ

    – მე ვფიქრობ, კაცობრიობა საკმაოდ დიდხანს იცოცხლებს და მოახდენს მზის სისტემის კოლონიზებას. თუმცა მზის სისტემაში არცერთი პლანეტა თუ თანამგზავრი არაა ჩვენი სიცოცხლისთვის ისე შესაფერისი, როგორც დედამიწა. ანუ მაინც ბუნდოვანია, თუკი დედამიწა საცხოვრებლად არახელსაყრელი გახდება, შეძლებენ თუ არა ადამიანები გადარჩენას. იმისთვის, რომ ასეთი შემთხვევებისგან თავი დავიზღვიოთ, ჯერ ვარსკვლავებამდე უნდა მივაღწიოთ, ამას კი გაცილებით დიდი დრო სჭირდება. იმედი ვიქონიოთ, რომ კაცობრიობა მანამდე არ გადაშენდება.

  • რომ შეგეძლოთ ალბერტ აინშტაინთან საუბარი, რას ჰკითხავდით?
  • ჯუ ჰუანგი, კონეკტიკუტის შტატი, აშშ

    – მე ვკითხავდი, რატომ არ სჯეროდა მას შავი ხვრელების არსებობის. მისი ფარდობითობის თეორიის მიხედვითაც ცხადია, რომ დიდი ვარსკვლავის ან გაზის ღრუბლების ბოლო სტადია შავი ხვრელებია. მაგრამ ის ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ მანამდე ყოველთვის ხდებოდა აფეთქებები, რომელიც ხელს უშლიდა შავი ხვრელის შექმნას. რა მოხდება, თუკი ეს აფეთქება არ განხორციელდა ან საერთოდ არ ხდება?

  • რომელი მეცნიერული აღმოჩენის ხილვას ისურვებდით თქვენს ცხოვრებაში?
  • ლუსა ზანზი, მასაჩუსეტსის შტატი, აშშ

    – ძალიან მინდა, ბირთვული ენერგია გახდეს პრაქტიკული მოხმარების და ჩაანაცვლოს დღეს არსებული საწვავი. ეს იქნება ულევი ენერგია გვერდითი ეფექტების გარეშე, რომელიც არ გამოიწვევს გარემოს დაბინძურებას ან გლობალურ დათბობას.

  • როგორ გგონიათ, რა მოსდის სიკვდილის შემდეგ ჩვენს გრძნობებს?
  • ელიოტ გიბერსონი, ვაშინგტონის შტატი, აშშ

    – ჩემი შეხედულებით ტვინი კომპიუტერია და გრძნობები – ამ კომპიუტერის პროგრამა. როცა კომპიუტერი გამორთულია, პროგრამა მუშაობას წყვეტს. თეორიულად, შესაძლებელია ნერვული ბადის შექმნა და გრძნობების გაცოცხლება, მაგრამ ამისთვის ადამიანის მთელი მეხსიერების “აღდგენაა” საჭირო, ამიტომ დღევანდელი გადმოსახედიდან ჯერჯერობით შეუძლებელია.

  • საზოგადოებაში ცნობილია, რომ ქვენ შესანიშნავი ფიზიკოსი ხართ. თავისუფალ დროს რითი ერთობით, რა არის თქვენი ინტერესის სფერო?
  • კეროლ გილმორი, მისურის შტატი, აშშ

    – მიზიდავს მუსიკის ბევრი მიმდინარეობა – პოპი, კლასიკა, ოპერა. ასევე ხშირად ვადევნებ თვალს “F1”-ის რბოლებს ჩემს ვაჟთან, ტიმთან ერთად.

  • როგორ თვლით, თქვენმა ფიზიკურმა შეზღუდულობებმა ხელი შეგიშალათ სამეცნიერო სფეროში თუ პირიქით?
  • მარიანა ვიკულა, ფინეთი

    – მართალია, მოტორული ნეირონების დაავადება მჭირს, მაგრამ სამაგიეროდ სხვა სფეროებში წარმატებას მივაღწიე. ფიზიკა ერთ-ერთი მათგანია, სადაც ამ დაავადებას დიდად არ შეუშლია ხელი და პოტენციალის გამოყენება შევძელი. ასევე ჩემი წიგნებიც საკმაოდ წარმატებულად გაიყიდა.

  • გრძნობთ თუ არა განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას, როცა იცით, რომ ხალხი თქვენგან ელის პასუხს ყველა იმ კითხვაზე, რაც სიცოცხლის საიდუმლოებებს ეხება?
  • სიუზან ლესლი, მასაჩუსეტსის შტატი, აშშ

    – სიცოცხლესთან დაკავშირებულ ბევრ კითხვაზე ჯერაც არ მაქვს პასუხი. იმ დროს, როცა ფიზიკოსები და მათემატიკოსები დაუფიქრებლად გიპასუხებენ, როგორ შეიქმნა სამყარო, ადამიანის საკითხში ბევრი ამოუხსნელი ამოცანა აქვთ. თუმცა სწორედ ეს ხდის ადამიანებს ცნობისმოყვარეს, განსაკუთრებით ქალებს.

  • როგორ ფიქრობთ, ოდესმე ადამიანები ამოხსნიან ფიზიკის ყველა ამოცანას და ამოიწურება ეს სფერო?
  • კარსტენ კურცი, გერმანია

    – ვიმედოვნებ, არა. ამ შემთხვევაში უმუშევარი დავრჩები.

    Image.geotorrents.com

    მსგავსი ამბები

    Back to top button