გართობაუცნაური

თამაში ჭვავის ყანაში(ნაწილი20,21,22)

8fcc3bbb40ed

ნაწილი 20

ვიჯექი და ვსვამდი, ვთვრებოდი, ჟანინისა და თინას გამოსვლას ველოდებოდი, მაგრამ ისინი უკვე წასულიყვნენ იქიდან. ერთი თმადახვეული მოსირისტიანო ტიპი მიუჯდა როირალს და ახალი მომღერალი გამოვიდა – ვიღაც ვალენსია. არც ეს ექნა ღმერთს, მაგრამ თინას და ჟანინს კი ჯობდა, სხვა რო არა იყოს რა, უფრო კარგ რამეებს მღეროდა. როიალი ზედ დახლთან მიედგათ, საცა მე ვიჯექი და ვალენსია იქვე იდგა, ჩემს გვერდით. თვალი ჩავუკარი, მაგრამ თავი ისე დაიჭირა, ვითომ არც მხედავს. ისე დავითვერი, რომ სულ გამოვლენჩდი, თორემ თვალს რას ჩავუკრავდი! სიმღერა რომ დაამთავრა, ისე ხელად გაიძურწა, რომ ვისკიზე მოპატიჟებაც ვეღარ მოვასწარი. მეტრდოტელს დავუძახე ისევ. ვუთხარი, ვალენსიას სთხოვე ერთ ჭიქა ვისკიზე დამეწვიოს-
მეთქი. შემპირდა, ვეტყვიო, მაგრამ გაგიგონია! როდის მომხდარა, რომ დანაბარები ვინმეს გადაეცეს.
ჰოი, ბიჭო, ღამის პირველ საათამდე ვეგდე იმ ოხერ ბარში. ისე გავილეშე, რომ ფეხზე ვერა ვდგებოდი. თვალებში ვერ ვიყურებოდი. ოღონ იმას კი არ ვივიწებდი, რომ ჩხუბი და აყალ-მაყალი არ შეიძლებოდა. ვერიდებოდი, ვინმემ არ დამინახოს, ან არ მკითხოს, რამდენი წლისა ხარო. მაგრამ რად გინდა, თვალებში ვერ ვიყურებოდი. სულ რომ გავილეშე და მომეღო ბოლო, ისევ ის სულელური ფიქრი ამეკვიატა – თითქოს ნაწლავებში ტყვია მქონოდეს გაჭედილი. ვზივარ მარტოდმარტო ბარში და ნაწლავებში ტყვია მაქვს გარჭობილი. ხელი მუცელზე მიდევს, რომ როგორმე სისხლი შევაჩერო. არ მინდა იატაკი მოისვაროს და ვინმემ გაიგოს ჩემი დაჭრის ამბავი. ვმალავ ჩემს დაჭრილობას. უცებ ისევ მომინდა ჯეინთან დარეკვა, აბა თუ დაბრუნდება-მეთქი. ანგარიში გავისტუმრე, ბარიდან გამოვედი და ტელეფონის ჯიხურისკენ გავემართე. ხელი ისევ მუცელზე მიდევს, რომ სისხლმა არ იდინოს. ჰოი, ბიჭო, როგორ დავითვერი!
მაგრამ ჯიხურში რომ შევედი, ჯეინთან დარეკვის სურვილმა გადამიარა. ალბათ, ძალიან მთვრალი რომ ვიყავი, იმიტომ. ავიღე და სალი ჰეისს დავურეკე.
ერთი ოცჯერ მაინც გადავატრიალე ალბათ ციფერბლატი, მანამ სწორად ავკრეფდი. ჰოი, ბიჭო, სულ ვეღარ ვიყურებოდი თვალებში.
– ჰელო, – შევძახე მე, როცა ვიღაც გამომეპასუხა იმ ოხერ ტელეფონში, ისე ვიყავი გალეშილი, რომ საშინლად დავიღრიალე.
– ვინ არის? – იკითხა ქალის გამყივანმა ხმამ.
– მე ვარ. ჰოლდენ კოლფილდი. სალისთან მალაპარაკეთ, გენაცვა.
– სალის სძინავს. ბებია გელაპარაკებტთ. ამ შუაღამისას რა რეკვა აგიტყდა ჰოლდენ? იცი მაინც, რა დროა?
– ვიცი. სალის უნდა ველაპარაკო. ძალიან საჭირო საქმეა. დამალაპარაკეთ.
– სალის სძინავს, ყმაწვილო. ხვალ დაურეკეთ. ღამე მშვიდობისა.
– გააღვიძე, ეი, გააღვიძე-მეთქი. ჩქარა!
მერე სხვა ხმა გამომელაპარაკა.
– მე ვარ ჰოლდენ, – სალი იყო, – რა მოგელანდა?
– სალი ხარ? შენა ხარ?
– მე ვარ, რა გაღრიალებს? მთვრალი ხომ არა ხარ.
– ჰო. მოიხედე-მეთქი. შობა-ღამეს მოვალ, კარგი? იმ ოხერ შობის ხეს მოგირთავ. კარგი? კარგი, სალი?
– კარგი. სად გალეშილხარ? წადი, დაიძინე. სადა ხარ ახლა, ვინ გახლავს.
– სალი, მოვალ დაშობის ხეს მოგართვევინებ. კარგი? ჰა? კარგი?
– ჰო, ჰო. წადი და დაიძინე. სადა ხარ, ვინ გახლავს?
– არავინ. მე ვარ და ჩემი თავი. – ჰოი, ბიჭო, რა მთვრალი ვიყავი! ხელი ისევ მუცელზე მედო. – დამჭრეს!.. როკის ბანდამ დამჭრა. გაიგე? გაიგე, სალი?
– არაფერი არ მესმის. წადი დაიძინე. მეც უნდა დავიძინო. ხვალ დამირეკე.
– ეი, სალი! არ გინდა, შობის ხე მოგართვევინო? ჰა, არ გინდა? ჰა?
– ჰო, ჰო. კარგად იყავი. შინ წადი და დაიძინე.
მილი დამიკიდა.
– კარქა იყავი, კარქა იყავი, სალი, ჩემო გოგონა. ჩემო საყვარელო სალი, – ვლუღლუღებდი მე. ხომ წარმოგიდგენიათ, რა გალეშილი ვიქნებოდი. მერე მეც დავკიდე მილი. უცებ გავიფიქრე, ალბათ პაემანიდან ახალი დაბრუნებული იყო-
მეთქი. ან ლანტებთან იქნებოდა ან სხვაგან სადმე, იმ კოხტა-პრუწა ენდროვერთან. თითქოს ყველანი ერთ დიდ ჩაიდანში ცურაობენ და დამტკბარ-დაშაქრული სიტყვებით მიმართავენ ერთმანეთს, გულისამრევად იმანჭებიან და იგრიხებიან. თავბედი ვიწყევლე, ნეტა რას დავურეკე-მეთქი. მაგრამ რომ დავთვრები, ჭკუას ვკარგავ.
კარგა ხანს ვიდექი იმ ოხერ ჯიხურში. ტელეფონზე მქონდა ხელი ჩაჭიდებული, რომ არ ჩავკეცილიყავი. მართალიმოგახსენოთ, მაინცდამაინც კარგად ვერა ვგრძნობდი თავს. ბოლოს, როგორც იყო, ჯიხურიდან გამოვედი და მამაკაცების საპირფარეშოსკენ წავედი. კრეტინივით შევბარბაცდი. შევედი, პირსაბანში ცივი წყალი მოვუშვი და შიგ თავი ჩავრგე. გამშრალებისათვის ვიღას ცხელოდა. თავისით ჩამოიწრიტოს ეს ძაღლიშვილი-მეთქი, ვიფიქრე. მერე ფანჯარასთან მივბარბაცდი და რადიატორზე ჩამოვჯექი. თბილი და სასიამოვნო იყო. ერთიანად ვძიგძიგებდი და მეამა. საოცარია: რამდენი არ დავმთვრალვარ, სულ ძიგძიგი ამიტანს ხოლმე.
საქმე არაფერი მქონია, რადიატორზე ვიჯექი და იატაკის თეთრ პატარა ფილებს ვითვლიდი. სულ გავიწუწე. წყალი წურწურით ედინებოდა თავიდან და კისერში ჩამდიოდა. საყელო, ყელსახვევი, პერანგი გასაწური გამიხდა. მთელი გალონი წყალი ჩამეღვარა. მაგრამ მთვრალი ვიყავი და ყველაფერი ფეხებზე მეკიდა. ცოტა ხანიც, და ის ტიპი არ შემოვიდა, ვალენსიას აკომპანიატორი! აი, თმადახვეული, მოსირისტიანო ვაჟბატონი. შემოვიდა და თავისი ოქროსფერი თმის ვარცხნას მოჰყვა. მანამ ივარცხნიდა, ერთმანეთს გამოველაპარაკეთ, თუმცა დიდი ხალისი არ გამოუჩენია.
– ჰეი, ბარში რომ შებრუნდები, ვალენსიას ნახავ? – ვკითხე მე.
– სულ ადვილი შესაძლებელია. – მითხრა მან. ენამახვილობა არ დამიწყო ამ ნაბიჭვარმა! დამებედა – ყოველ ფეხის ნაბიჯზე ამ ოხუნჯ ნაბიჭვრებს უნდა გადავეყარო.
– მოიხედე. ჩემგან მოკითხვა გადაეცი. ისიც ჰკითხე, მეტრდოტელმა თუ გადასცა ჩემი დანაბარები. კარგი?
– რატომ შინ არ წახვალ, მაკ? რამდენი წლის იქნები?
– ოთხმოცდაექვსისა. მოიხედე. ჩემს მოკითხვას გადასცემ?
– რატომ შინ არ წახვალ, მაკ?
– არ მინდა და იმიტომ. ჰოი, რას უკრავ როიალზე? – ვუთხარი მე. ისე მოველაქუცე, თორემ, მართალი თუ გინდათ, საძაგლად უკრავდა. – რადიოში უნდა გამოხვიდე. ამისთანა კოხტა ბიჭი ხარ. თანაც რა ოქროსფერი კულულები გაქვს! იმპრესარიო გინდა?
– შინ წადი, მაკ. ნუ გაჯიუტდები. შინ წადი და დაწექი.
– თუკი შინა არა მაქვს! არ გეხუმრები, იმპრესარიო არ გინდა?
პასუხი არ გაუცია. შებრუნდა და გავიდა. თმის ვარცხნა ერთის წუთითაც არ შეუწყვეტია. ივარცხნიდა და ხელებს იტყაპუნებდა. რაღა ეგ და რაღა სტრედლეიტერი. ეს კოხტა ბიჭები სულ ერთმანეთსა ჰგვანან. თმას დავარცხნიან, გაისწორებენ და ზურგს შეგაქცევენ.
ბოლოს, რადიატორიდან რომ ჩამოვედი და გარდერობისკენ გავემართე, გზაში ტირილი ამოვუშვი. არ ვიცი რა მომივიდა, მაგრამ ვტიროდი კი. ალბათ იმიტომ, რომ საშინელი მარტოობა ვიგრძენი და ნაღველი შემომაწვა. შევედი გარდერობში და პალტოს ნომერი ვეღარ ვნახე. თუმცა, მეგარდერობე ქალი ძალიან კეთილი აღმოჩნდა, უნომროდ მომცა პალტო და ჩემი ფირფიტაც – «პაწაწინა შერლი
ბინზი». ეს ფირფიტაც თან დამქონდა. დოლარიანი გავუწოდე ამ სიკეთისათვის, მაგრამ არასდიდებით არ აიღო. შინ წადი და დაიძინეო, მეხვეწებოდა. პაემანს დავუნიშნავ-მეთქი, დავაპირე, მუშაობას რომ დაამთავრებდა, მაგრამ არ ქნა. დედად გეკუთვნიო. ჩემი ჭაღარა თმა ვაჩვენე და ორმოცდაორი წლისა ვარ-მეთქი, ვუთხარი, – ხუმრობით, რა თქმა უნდა. ძალიან კეთილი ქალიიყო. წითელისანადირო ქუდი ვაჩვენე, და მოეწონა. ძალათი დამახურა, რადგან სულ სველი მქონდა თმა. დიდებული ქალი იყო.
გარეთ რომ გამოვედი, ერთბაშად გამოვფხიზლდი, მაგრამ ისე ციოდა, რომ კბილებმა სულ კაწკაწი დაიწყეს. ვერასდიდებით ვერ გავაჩერე. მედისონ ავენიუმდე ფეხით ვიარე და ავტობუსს დავუწყე ლოდინი, რადგან ფული ცოტაღა დამრჩა და ტაქსებში ვეღარ გავფლანგნავდი. არადა ჭირისდღესავით მეზარებოდა იმ ოხერ ავტობუსში ასვლა. თან არ ვიცოდი, საით უნდა წავსულიყავი. ავდექი და პარკამდე ფეხით გავსწიე. ვიფიქრე, ბარემ პატარა ტბასთან მივალ და ვნახავ, იხვები რას აკეთებენ, იქვე არიან თუ გაფრინდნენ-მეთქი. ვერ იქნა და ვერ გავიგე – აქვე რჩებოდნენ თუ მიფრინავდნენ. პარკი შორს არ ყოფილა, არსად არ მიმეჩქარებოდა – ის კი არა და, არც ვიცოდი დასაძინებლად სად უნდ წავსულიყავი – მეც ავდექი და პარკისკენ გავსწიე. დაღლილობას სულაც არ ვგრძნობდი. ეს იყო, რომ გული საშინლად მეწურებოდა.
შევდგი თუ არა პარკში ფეხი, საშინელება დატრიალდა: ფიბის ფირფიტა დამივარდა და ნამსხვრევებად იქცა. დიდ კონვერტში იდო, მაგრამ მაინც დაიმსხვრა, ისე დამწყდა გული, რომ ლამის ავღრიალდი. მაგრამ თავი შევიკავე, კონვერტიდან ნამსხვრევები ამოვიღე და პალტოს ჯიბეში ჩავიწყე. რიღას მაქნისი იყო, მაგრამ გადასაყრელად ვრე გავიმეტე. პარკის სიღრმეში შევედი. ჰოი, ბიჭო, როგორ ბნელოდა.
რაც დავიბადე, სულ ნიუ-იორკში ვცხოვრობ და ხუთი თითივით ვიცი მთელი ცენტრალური პარკი, რადგან პატარაობისას გორგოლაჭებზედაც იქ დავხრიგინებდი და ველოსიპედით სეირნობაც იქ მიყვარდა, მაგრამ ის პატარა გუბურა, ვერა და ვერ ვიპოვნე. ვიცოდი კი სად უნდა ყოფილიყო – ზედ სამხრეთ გასასვლელთან. მაინც ვერ მივაგენიპ. ალბათ, მე რომ წარმომედგინა, იმაზე უფრო გალეშილი ვიყავი. ავაღირე თავი და მივდიოდი და მივდიოდი. სულ უფრო ჩამობნელდა და ჩამოსკვარამდა, სულ უფრო და უფრო მელანდებოდა რაღაც საშინელებები. კაციშვილს არ შევხვედრივარ. მით უფრო კარგი, თორემ შიშით ალბათ ერთ მილზე გადავხტებოდი. ბოლოს, როგორც იქნა, მივაგენი. ალაგ-ალაგ გაყინულიყო. იხვები არსადა ჩანდა. სულ შემოვუარე იმ ოხერ ტბას – ერთგან ლამის შიგ გავადინე ზღართანი – მაგრამ ერთი გაქუცული იხვიც არ შემინიშნავს. ვიფიქრე, თუ მართლა აქ არიან, ალბათ ნაპირთან ახლოს სძინავთ, ბალახის სიახლოვეს არჩევენ-მეთქი… მაშინ იყო, კინაღამ რომ ჩავვარდი. მაგრამ არ აღმოჩნდა.
ბოლოს ბაღის გრძელ სკამზე ჩამოვჯექი. შევარჩიე, საცა ნაკლები სიბნელე იყო. ჰოი, ბიჭო, რა საცოდავად ვძიგძიგებდი! ხომ ქუდი მეხურა, მაგრამ უკან თმები ყინულის პაწაწინა ლოლუებივით ჩამომეკიდა. დავფეთდი. ფილტვების ანთება გამიჩნდება და მოვკვდები-მეთქი. წარმოვიდგინე, როგორ მიაცილებენ ჩემს კუბოს მილიონობით თვალთმაქცები. აგერ ჩემი დეტროიტელი პაპაც, რომელიც სულ ქუჩის სახელწოდებებს ისვრის ხოლმე, ავტობუსით რომ მივდივართ სადმე. აქვე არიან მამიდები – ორმოცდაათი მამიდა მაინც მეყოლება – და ათასი ბედოვლათი ნათესავი. ჰო, რა ჭედვა იქნება! ელი რომ მოკვდა, ყველა
მოჩინდრიკდა, უკლებლივ. ერთი ბიცოლა მყავს – მუდამ პირი უყვარს – თურმე დაიჟინა: შეხედეთ, შეხედეთ, რა წყნარად წევსო. ეს დ.ბ.-მ მითხრა შემდეგ. მე იქ არ ვყოფილვარ. ისევ სააავადმყოფოში ვიწექი. ხელი რომ ვიტკინე, საავადმყოფოში წამიყვანეს. ერთი სიტყვით, მაგრად დავფეთდი, ფილტვების ანთება გამიჩნდება და მოვკვდები-მეთქი. თმები სულ ლოლუებივით ჩამომეკიდა. დედა და მამა შემეცოდა. განსაკუთრებით დედაჩემი. ჯერ ელის სიკვდილიც ვერ მოუნელებია. ვხედავ, როგორ საცოდავადა დგას და არ იცის, ჩემს ტანსაცმელს და სპორტულ მოწყობილობებს რა მოუხერხოს. ერთი ფიქრი კი მამშვიდებდა ცოტათი – ფიბს არასდიდებით არ მოუშვებდა ჩემს დასაფლავებაზე, ჯერ პატარაა. ეს იყო ერთადერთი ნუგეში. მერე წარმოვიდგინე, როგორ შექუჩდებიან ყველანი და როგორ ჩამფლავენ სამარეში, მერე ქვას დამადებენ, ზედ ჩემი სახელი იქნება ამოჭრილი. ირგვლივ კი სულ მკვდრები არიან. ჰოი, ბიჭო, მოკვდები თუ არა, მაშინვე წაგაჩიქჩიქებენ და ჩაგფლავენ. მე მაინც იმედს არ ვკარგავ: ვინმე როგორ არ გამოიჩეს იმდენ ჭკუას, რომ, როცა მოვკვდები მდინარეში გადამაგდონ, ან სადმე, საცა უნდა იყოს. ოღონდ იმ ოხერ სამარეში არ ჩამფლან. კვირაობით მოვლენ და მუცელზე ყვავილებს დაგაყრიან, და ათასნაირ ამისთანა სისულელეს. მკვდარს რა ჯანდაბად უნდა შენი ყვავილები? არაფრად.
კარგ ამინდში დედაჩემი და მამაჩემი ძალიან ხშირად მიდიან ხოლმე ელის საფლავზე და გულზე ყვავილებს აწყობენ. ერთი-ორჯერ მეც ვახლდი, მაგრამ მერე აღარ მოვინდომე. ჯერ ერთი, ვერაფერი სასიამოვნოა ამ ოხერი სასაფლაოს ნახვა. ირგვლივ სულ მკვდრები და საფლავის ქვები. როცა მზე ანათებს, კიდევ ჰო, მაგრამ ორჯერ – ზედიზედ – ჩვენს იქ ყოფნაში წვიმა დაუშვა. საშინელება იყო. ზედ იმ ოხერ ქვას აწვიმდა, მის მუცელზე ამოსულ ბალახს და ყველაფერს ირგვლივ. მისული ხალხი – სასაფლაოზე მისული ხალხი – მაშინვე დაიძრა და კისრისტეხით შევარდნენ თავთავიანთ მანქანებში. ამან სულმთლად გამაგიჟა. ყველას შეუძლია მანქანაში ჩაჯდეს, რადიო ჩართოს და სადმე კარგი რესტორანისკენ გასწიოს სადილის მისართმევად… ყველას შეუძლია, ელის გარდა. საშინელებაა. განა არ ვიცი, რომ სასაფლაოზე მისი სხეულია მხოლოდ, სული კი ზეცაშია, და ათასნაირი ამისთანა სისულელე, მაგრამ მაინც ვერ ითმედა გული. არ მინდოდა, რომ ის იქ ყოფილიყო. თქვენ არ იცნობდით, რომ გცნობოდათ, მაშინ გამიგებდით. როცა მზეა, კიდე ჰო, მაგრამ რას გაიგებ, მზეს როდის მოეხუსტურება ამოსვლა.
უცებ გადავწყვიტე, როგორმე ეს ფილტვების ანთება ამომეგდო თავიდან: ფული ამოვიღე და ქუჩის ფანრის მბჟუტავ შუქზე დათვლა ვცადე. სამი დოლარი, ხუთი ოც-ოც ცენტიანი და ორიც ათ-ათიანი შემომრჩენოდა. მთელი სიმდიდრე გამიფლანგავს რაც პენსიდან წამოვედი. რა ვქენი, არ იკითხავთ – ტყასთან მივედი და გაუყინავ წყალში ჩავუშვი ჩემი ოცცენტიანები და ათცენტიანები. თვითონვე არ ვიცი, რატომ, მაგრამ ასე კი ვქენი. ალბათ, ფილტვების ანთებასა და სიკვდილზე ფიქრი გავაყოლე. მაინც ვერაფერს გავხდი.
ახლა ის წარმოვიდგინე – მე რომ ფილტვების ანთება შემეყაროს და მოვკვდე, ფიბის რა მოუვა-მეთქი. ბავშვობაა ასეთი ფიქრი, მაგრამ თუკი ვერ მოვიშორე! ალბათ ცუდა გახდება, ამნაირი რამე რომ დამემართოს. ძალიან კარგად არის ჩემთან. ესე იგი, ძალიან ვუყვარვარ. ნამდვილად. ერთი სიტყვით, ვერასდიდებით ვერ მოვიშორე ეს ფიქრი, და ბოლოს გადავწყვიტე, თუკი მართლა სიკვდილი მეწერა, ბარემ შინ შევპაარულიყავი და ფიბი მენახა. სახლის გასაღები თან მქონდა და ყველაფერი. ფეხაკრეფით შევიპარებოდი და
გამოველაპარაკებოდი. სადარბაზო კარები მაფიქრებდა ცოტათი. საშინლად ჭრიალებს. ძველისძველი სახლია, მნეც ერთი უქნარა ნაბიჭვარია და ყველაფერს ჭრაჭუნი გაუდის. იმის შიში მქონდა, დედამ ან მამამ არ გაიგონოს-მეთქი. მაგრამ გადავწყვიტე მაინც მეცადა ბედი.
პარკიდან გამოვედი და შინისკენ გავსწიე. მთელი გზა ფეხით გავიარე. შორს არ ვცხოვრობდით მაინცდამაინც. დაღლილიც არ ვყოფილვარ და სიმთვრალემაც გამიარა. ოღონდ საშინლად ციოდა და ირგვლივ კაცის ჭაჭანება არ იყო.

ნაწილი 21

რამდენი წელია, ბედს ჩემთვის ასე არ გაუღიმიმა: შინ რომ მივედი, ჩვენი ძველი მელიფტე პიტი აღარ დამხვდა. ვიღაც ახალი მოსულიყო, პირველად ვხედავდი ჩემს სიცოცხლეში. ასე რომ, შესვლისთანავე თუ არ შევეფეთებოდი დედაჩემს ან მამაჩემს, დამშვიდებულად შემეძლო მენახა ფიბი და მერე ისე გავძურწულიყავი, რომ კაციშვილს აღარ გაეგო. მართლაც რომ გამიღიმა ბედმა: ეს ახალი ბიჭი ცოტა მოშტეროც აღმოჩნდა. დიკსტაინებთან ამიყვანე-მეთქი დაუდევრად ვუთხარი. დიკსტაინები ჩვენი სართულის მეზობლები იყვნენ. სანადირო ქუდი ადრევე მოვიხადე, რომ ვინმეს საეჭვოდ არ მოვჩვენებოდი. ისე შევვარდი ლიფტში, თითქოს ძალიან მეჩქარებოდა.
ბიჭმა ლიფტის კარები დაკეტა და ის იყო უნდა დავძრულიყავით, რომ უცებ მობრუნდა და მითხრა:
– შინ რომ არ არიან დიკსტაინები! მეთოთხმეტე სართულზე ავიდნენ სტუმრად.
– არა უშავს, – ვუთხარი მე, – დავუცდი. ძმიშვილი ვარ მათი.
გამოლენჩებული თვალები დაეჭვებით შემომაშტერა.
– არ გირჩევნია, დაბლა დაუცადო, ძმობილო?
– მართლაც აჯობებდა, – ვთქვი მე, – მაგრამ ფეხს მტეხს და უმოძრაოდ უნდა მედოს. შესასვლელთან დავჯდები სავარძელში და დავიცდი.
არც გაუგონია, რა ვთქვი. «ჰოო», ესღა მომიგდო და ლიფტი დასძრა. ყოჩაღ, ბიჭო, კარგად გამომივიდა. უცნაური კია – კაცს რამე გაუგებრად უნდა წაუდუღუნო და უსათუოდ იმას გააკეთებს, რასაც შენა სთხოვ.
ჩვენს სართულს რომ მივადექით, ლიფტიდან გამოველი – კოჭლობით გამოვედი – და დიკსტაინების კარებისაკენ წავჩლახუნდი. ლიფტის კარების დაკეტვის ხმა რომ გავიგონე, ხელადვე შემოვბრუნდი და ჩვენი ბინისკენ გავემართე. ყველაფერი კარგად იყო. სიმთვრალესაც კი ვეღარ ვგრძნობდი, ჯიბიდან გასაღები ამოვიღე და ჩუმად გავაღე ჩვენი კარები. მერე ფრთხილად, ძალიან ფრთხილად შევიპარე და კარი მოვიხურე, ჰოი, რა დიდებული ჯიბგირი გამოვიდოდი.
შესასვლელში, რაღა თქმა უნდა, საშინლად ბნელოდა, დაიმასაც არ უნდა თქმა, რომ სინათლეს ვერ ავანთებდი. ხელის ფათურით უნდა მევლო, რომ რამეს არ წამოვდებოდი და ხმაური არ ამეტეხა. მაგრამ უკვე ვგრძნობდი, რომო შინ ვიყავი. ჩვენს შესასვლელ ოთახში მუდამ თავისებური სუნი დგას, ვერსად ვერ იგრძნობთ ასეთ სუნს. არ ვიცი კი, რისგან უნდა იყოს. კომბოსტოს სუნი ნამდვილად არ არის, არც ნელსაცხებლისა – არ ვიცი, რა ჯანდაბაა, მაგრამ მაშინვე იგრძნობ, რომ უკვე შინა ხარ. პალტოს გახდა დავაპირე, მინდოდა შემოსასვლელშივე დამეკიდა, კარადაში, მაგრამ ამ კარადაში იმდენი საკიდია,
რომ კარს გამოაღებ თუ არა, ჯოჯოხეთივით აუტყდებათ ტკაცუნი. პირდაპირ ფიბის ოთახისკენ გავწიე, ოღონდ ძალიან ფრთხილად, ხელის ცეცებით. ვიცოდი, რომ მოსამსახურე გოგო ვერაფერს ვერ გაიგონებდა, ყრუანჩალა იყო. ბავშვობაში თურმე ძმამ ჩალის ღერო ატაკა ყურში. თვითონვე მითხჯრა. თითქმის აღარაფერი ესმოდა, მაგრამ, სამაგიეროდ, ჩემი მშობლები უნდა გენახათ, განსაკუთრებით დედაჩემი – მწევარივით ცქვეტდა ხოლმე ყურს. ამიტომ ძალიან ფრთხილად ჩავუარე იმათი ოთახის კარებს. სუნთქვა შევიკარი. მამაჩემს სკამი რომ ჩაარტყა თავში, მაინც ვერ გააღვიძებ, მაგრამ დედაჩემი სულ სხვაა – ციმბირში დაახველო, შინ გაიგონებს. საშინლად ნერვიულია. ღამით სანახევროდ არ სძინავს, ზის და სიგარეტსა სწევს.
ბოლოს, როგორც იქნა, მივაღწიე ფიბის ოთახს, – მთელი ერით საათი კი მოვუნდი. მაგრამ ფიბი იქ არ აღმოჩნდა. სულ გადამავიწყდა, რომ დ.ბ.-ს შინ არ ყოფნის დროს – როცა ჰოლივუდშია ან სხვაგან სადმე – მის ოთახში იძინებს ხოლმე. უყვარს იქ ძილი, რადგან ყველაზე დიდი ოთახია მთელს სახლში. კიდევ იმიტომ უყვარს, რომ დ.ბ.-ს იქ უსაშველოდ დიდი მაგიდა აქვს, ვიღაც ფილადელფიელი ლოთი ქალისგან იყიდა. საწოლიც უშველებელი უდგას – ბარე ათი მილი სიგრძე და ათი სიგანე! არ ვიცი, სად იყიდა ეს საწოლი. ერთი სიტყვით, როცა დ.ბ. შინ არ არის, ფიბი იმ ოთახში იძინებს ხოლმე, და არც დ.ბ. უშლის. უნდა განახათ, როგორ მიუჯდება ამ ვეებერთელა მაგიდას და გაკვეთილებს ამზადებს. საწოლის ხელა ის მაგიდაც იქნება, არც კი ჩანს, როცა მაგიდასთან ზის. და ეს უყვარს სწორედ. თავისი ოთახი არ მოსწონს, ერი ციცქნააო. გაშლილი სივრცე მიყვარსო. ჭკუიდან შეგშლის. ნეტა რად უნდა ამოდენა სივრცე ფიბის? არაფრად.
ერთი სიტყვით, დ.ბ.-ს ოთახში გავედი – ფრთხილად, რაღა თქმა უნდა – და მაგიდის ლამპა ავანთე. ფიბის არც კი გაუღვიძია. ავანთე სინათლე და ერთხანს ასე უხმოდ ვუცქირე ჩემს ფიბის. ლოყა ბალიშზე დაედო და ეძინა. პირი ცოტათი შეღებული ჰქონდა. საოცარია – დიდები რომ ნახო ძილში პირდაბჩენილი, სიცოცხლეს შეგაზარებს, ბავშვებს კი ეგეც უხდებათ. დუჟითაც რომ დაასველონ ძილში ბალიში, მაინც კარგები არიან.
ფეხაკრეფით მივიარ-მოვიარე ოთახი, ყველაფერს დავხედე, ერთბაშად გამომისწორდა გუნება. ფილტვების ანთების შიშიც გამიქრა და ყველაფერი. გავმხიარულდი კიდეც. ფიბის სკამი მიედგა საწოლთან და ზედ ტანსაცმელი დაეწყო. ასე პატარა გოგო და ამისთანა ფაქიზი! სხვა ბავშვებივით კი არ მიჰყრი-მოჰყრის თავის ნივთებს. ძალიან ფაქიზი გოგოა. დედამ ერთხელ წითელი კოსტუმი უყიდა კანადაში და იმ კოსტუმის ჟაკეტი ახლა სკამის ზურგზე გადაეფინა, ბლუზი და სხვა ჩასაცმელები სკამის დასაჯდომზე ელაგა, წინდები და ფეხსაცმელები კი იატაკზე დაეწყო, სკამქვეშ ადრე არ მენახა ეს ფეხსაცმელები. ახლები ჩანდა. ჩემებსა ჰგავდა, მუქი წაბლისფერი იყო, და კანადაში ნაყიდ კოსტუმს ძალიან უხდებოდა. კოხტად აცმევს ხოლმე დედაჩემი. ნამდვილად, დედაჩემს რომ გემოვნება აქვს ზოგ რამეში, სულ ტყუილია! ციგურები და ამისთანები რა მოგახსენო, მაგრამ ტანსაცმლის შერჩევაში ბადალი არ ჰყავს. ისეთი კაბა აცვია ზოგჯერ ფიბის – ჭკუას დაკარგავ. აბა სხვა ბავშვები ნახე, მდიდარი მშობლებიცა ჰყავთ და ყველაფერი, მაგრამ ისე საძაგლად აცმევენ, რომ სიცოცხლე შეგეზარება. ნეტა ერთი განახათ, კანადაში ნაყიდ კოსტუმს რომ ჩაიცვამს ფიბი. არ გეხუმრებით.
დ.ბ.-ს მაგიდას მივუჯექი და გადავხედე, სულ ფიბის სასკოლო ნივთები ელაგა. უმთავრესად წიგნები. ზემოდან «სახალისო არითმეტიკა» იდო. გადავშალე და დავხედე.
ფიბი უეთერფილდ კოლფილდი.
4ბ-1
ეწერა პირველივე გვერდზე.
ჭკუა კინაღამ დავკარგე. მისი მეორე სახელი უეთერფილდი კი არ არის, ჟოზეფინა ჰქვია. მაგრამ არ უყვარს. რაც თავი მახსოვს, სულ ახალ და ახალ სახელებს იგონებს.
არითმეტიკის ქვეშ გეოგრაფიის წიგნი იდო. გეოგრაფიის ქვეშ კი – ორთოგრაფიის სახელმძღვანელო. საერთოდ, ძალიან კარგად სწავლობს, ორთოგრაფია კი ყველაზე უკეთ იცის. ორთოგრაფიის ქვეშ ბლოკნოტები ეწყო. ხუთი ათასი ბლოკნოტი მაინც ექნება. ვერ ნახავ ბავშვს, რომ ამდენი ბლოკნოტი ჰქონდეს. ზემოთა ბლოკნოტი გადავშალე და წავიკითხე. პირველივე გვერდზე ასე ეწერა:
ბერნის დასვენებაზე არ დამეკარგო ძალიან, ძალიან სერიოზული რაღაც უნდა გითხრა.
სხვა არაფერი ეწერა პირველ გვერდზე. მეორეზე კი აი რა წავიკითხე:
რატომ არის ამდენი საკონსერვო ქარხანა სამხრეთ-აღმოსავლეთ ალიასკაში?
იმიტომ, რომ იქ ბევრი გოჯი იცის.
რატომ ასე კარგად ხარობს ტყე იქ?
იმტომ, რომ შესაფერი კლიმატი უწყობს ხელს.
რა გააკეთა ჩვენმა მთავრობამ ალიასკელი ესკიმოსების ცხოვრების გასაუმჯობესებლად?
სახვალიოდ უნდა ვისწავლო!!!
ფიბი უეთერფილდ კოლფილდი
ფიბი უეთერფილდ კოლფილდი
ფიბი უეთერფილდ კოლფილდი
ფიბი უ. კოლფილდი
ქ-ნი ფიბი უეთერფილდ კოლფილდი.
იქნებ როგორმე შერლის გადასცეთ!!!
შერლი შენ ამბობ ლომის თანავარსკვლავედი ვარო, მაგრამ სინამდვილეში მშვილდოსნის თანავარსკვლავედი ხარ ხვალ ჩემთან რომ მოხვალ ციგურებიც გამოიყოლე.
ვიჯექი დ.ბ.-ს მაგიდასთან და ვკითხულობდი. მთეი ბლოკნოტი გადავიკითხე. დიდხანს არ მოვდომებივარ. მაგრამ კიდეც რომ მოვდომებოდი, მაინც არ დამეზარებოდა. მთელი დღე და ღამე შემიძლია ვიკითხო ბავშვების ნაწერები – სულ ერთია, ფიბი იქნება თუ სხვა ვინმე. პირდაპირ ჭკუიდან მშლის ბავშვების ბლოკნოტები. მერე სიგარეტი ამოვიღე და გავაბოლე. მეტი არცა მქონდა. სამი კოლოფი მაინც გავათავე იმ დღეს. ბოლოს გავაღვიძე ფიბი. აბა მთელი ჩემი სიცოცხლე იმ მაგიდასთან ხომ არ ვიჯდებოდი! თანაც მეშინოდა, უცებ დედაჩემი ან მამაჩემი არ შემოვიდეს-მეთქი, გამარჯობის თქმა მაინც მინდოდა მომესწრო. ერთი სიტყვით, გავაღვიძე.
მის გაღვიძებასაც ხომ ბევრი რამე უნდა! ლოგინზე უნდა ჩამოუჯდე და უთხრა: «ფიბი, გაიღვიძე!» მაშინვე დააჭყეტს თვალებს.
– ჰოლდენ! – თვალის გახელისთანავე იყვრია. კისერზე მომხვია ხელები. ძალიან მოსიყვარულე ბავშვია. საკვირველია, ერთი ციდა ბალღი და ასეთი მოსიყვარულე! ზოგჯერ მეტისმეტიც მოსდის. მე ვაკოცე. როდის ჩამოხვედიო, მკითხა. ზედვე შეატყობდი, რომ საშინლად გაეხარდა ჩემი დანახვა.
– რა გაღრიალებს! ეს წუთია, მოვედი. როგორა ხარ?
– დიდებულად. ჩემი წერილი არ მიიღე? ხუთ გვერდზე გავაჭრელე…
– მივიღე… რა გაღრიალებს! მადლობელი ვარ.
წერილი კი მივიღე, მაგრამ პასუხის დაწერა ვეღარ მოვახერხე. სასკოლო წარმოდგენის ამბავსა მწერდა. თვითონაც მონაწილეობდა თურმე იმ წარმოდგენაში. ნურაფერ საქმეს ნუ გაიჩენ პარასკევ საღამოს, მოდი და ნახეო, მწერდა.
– კარგი პიესაა? – ვკითხე მე, – რაო, რა ჰქვიაო?
– «საშობაო წარმოდგენა ამერიკელებისათვის». საძაგელი პიესაა, მაგრამ მე ბენედიქტ არნოლდს ვთამაშობ. ყველაზე დიდი როლი მერგო, – მითხრა მან. ხელად არ გამოფხიზლდა! ერთიანად აენთება ხოლმე, ამისთანა რამეებს რომ გიამბობ, – მოქმედება როცა იწყება, მე ვკვდები მაშინ. შობის წინა ღამეა, მოჩვენება გამომეცხადება და მკითხავს, შენაო, არა გრცხვენიაო, და ამისთანა რაღაცეებს. ხომ გაიგე? ვითომ, სამშობლოს რომ უღალატეო, არა გრცხვენიაო? არ მოხვალ? ლოგინში წამოჯდა, – აკი მოგწერე ყველაფერი. მოხვალ?
– მოვალ, აბა რას ვიზამ, როგორ არ მოვალ!
– მამა არ წამოვა. კალიფორნიაში უნდა გაფრინდეს, – თქვა მან. ჰოი, ბიჭო, რა ხელად გამოფხიზლდა. ორი წამი არც კი უნდა მის გამოფხიზლებას. მუხლებზე წამოიჩოქა ლოგინში და ხელზე ხელი მომკიდა. – მოიხედე. აკი დედამ, ოთხშაბათამდე არ ჩამოვაო. ოთხშაბათს უნდა ჩამოვიდესო.
– რა დროა? დედამ თქვა, გვიან დავბრუნდებითო. ნორუოლკში არიან დაპატიჟებულები, კონეკტიკუტში. აბა თუ გამოიცნობ, დღეს რა გავაკეთე? რა კინო ვნახე? გამოიცანი!
– არ ვიცი… დაიცადე, არ გითხრეს რომელ საათზე…
– «ექიმი» – შემაწყვეტინა ფიბიმ, – იცი რა კინოავ! მარტო ლისტერების კლუბში გადიოდა. მხოლოდ ერთი დღით. დღეს გაუშვეს და მორჩა. ერთი კენტუკელი ექიმია, აიღებს და ბავშვს საბანს შემოახვევს თავზე. ეს ბავშვი ხეიბარია და სიარული არ შეუძლია. მერე იმ ექიმს ციხეში ჩასვამენ. დიდებული რამეა.
– ერთი წუთით მომისმინე. არ გითხრეს, რომელ საათზე…
– ექიმს კიდე ეცოდება და საბანსაც იმიტომ შემოახვევს თავზე. უნდა რომ დაახრჩოს. სამუდამო ციხეს მიუსჯიან ამ ექიმს, მაგრამ საბნით გაგუდული ბავშვი ხშირად გამოეცხადება ხოლმე ძილში და მადლობას უხდის. ერთი სიტყვით, გულმოწყალე მკვლელი გამოდის. მაგრამ თვითონვე იცის, რომ მისი ციხეში ჩასმა სამართლიანია, რადგან ღმერთის საქმეებში ჩარევას არავინ ეკითხება. ერთი ჩემი კლასელი გოგოს დედამ წაგვიყვანა. ალის ჰოლმბორგის დედამ. ჩემი ყველაზე კარგი მეგობარია. მთელს კლასში მასავით არავის არ შეუძლია…
– ერთი წამით მომისმინე, – ვუთხარი მე, – რაღაც უნდა გკითხო. რომელსა საათზე დავბრუნდებითო, არ უთქვამთ?
– საათი არ უთქვამთ, მაგრამ ძალიან გვიან დავბრუნდებითო. მამამ მანქანა წაიყვანა, რომ მატარებელზე ჯახირი აღარ დასჭირდეთ. მაქანაში რადიო გვაქვს, იცი! მაგრამ დედა ამბობს, როცა დიდი მოძრაობაა, ნუ ჩართავთო.
ცოტათი დავმშვიდდი. აღარ ვღელავდი. ჯანდაბას, ვიფიქრე, მომისწრებენ და მოისწრონ!
უნდა გენახათ ჩემი ფიბი. ლურჯი პიჟამა ეცვა და საყელოზე წითელი სპილოები ჰქონდა გამოხატული. ჭკუას კარგავდა სპილოებზე.
– მაშ, კარგი სურათი ნახე, ჰა? – ვკითხე.
– დიდებული. ოღონდ ალისი ცოტათი გაციებული იყო და დედამისმა მოსვენება აღარ მისცა, ხომ არ გაჟრჟოლებსო, ზედ შუაგულ კინოს დროს. აგერ გასაგიჟებელი ამბები ხდება ეკრანზე, ეს კი გადმოსწევს თავს და. ხომ არ გაჟრჟოლებსო, ნერვები მომიშალა.
ფირფიტის ამბავი ვუთხარი.
– ფირფიტა ვიყიდე, იცი. მაგრამ გზაში გამიტყდა – პალტოს ჯიბიდან ნამტვრევები ამოვიღე და ვაჩვენე. – გადაკრულში ვიყავი.
– ნატეხები მომეცი, – მითხრა მან, – ვაგროვებ, – ხელიდან გამომტაცა და მაგიდის უჯრაში ჩააწყო. გამაგიჟებს პირდაპირ!
– დ.ბ. არ ჩამოდის საშობაოდ? – ვკითხე მე.
– დედამ თქვა, იქნებ ჩამოვიდეს, იქნებ არაო. გააჩნია, როგორ ექნება საქმსახურის საქმე. შეიძლება ჰოლივუდში დასტოვონ და ანაპოლისზე სცენარი დააწერინონ.
– ანაპოლისი საიდან მოიგონე!
– იმიტომ, რომ შიგ სიყვარულიც არის ყველაფერიც. აბა თუ გამოიცნობ, ვინ უნდა ითამაშოს? რომელმა კინოვარსკვლავმა? აბა გამოიცანი!
– სულაც არ მაინტერესებს. ანაპოლისი! ღმერთო ჩემო, რა დ.ბ.-ს საქმეა ანაპოლისი, რა გაეგება! სად მისი მოთხრობები და სად ანაპოლისი! – ვთქვი მე. ჰოი ბიჭო, ამისთანა ამბები გამაგიჟებს პირდაპირ. ეს ოხერი ჰოლივუდი! – ხელზე რა მოგივიდა? – ვკითხე მე. იდაყვზე კარგა მოზრდილი სალბუნი შევნიშნე. უსახელებო პიჟამა ეცვა და იმიტომ შევნიშნე.
– ბაღის კიბეზე ჩამოვდიოდი და ჩემმა კლასელმა ბიჭმა მკრა ხელი, კორტის ვაინტრაუბია ერთი, – მითხრა ფიბიმ, – გინდა გაჩვენო? – და იმ ოხერი სალბუნის მოძრობა დააპირა.
– ნუ, არ გინდა! რადა გკრა ხელი?
– რა ვიცი, მგონი, უნდა ვძულდე, – თქვა ფიბიმ, – ერთი გოგოა ჩვენს კლასში, სელმა ეტერბორი, მე და იმ გოგომ სულ მელნით მოვუსვარეთ სვიტრი.
– როგორ შეიძლება! პატარა ბალღი ხომ არა ხარ?!
– არ, მაგრამ, ბაღში რომ გავალთ, საცა არ უნდა წავიდე, უსათუოდ უნდა გამომყვეს. სულ კუდში დამდევს. ნერვებს მიშლის.
– იქნებ მოსწონხარ. ამისთვის მელანში ამოსვრა როგორ იქნება…
– სულაც არ მინდა მისი მოწონება, – თქვა ფიბიმ. დაეჭვებით შემომხედა, – ჰოლდენ, მითხრა მან, – აკი ოთხშაბათამდე არ უნდა ჩამოსულიყავი?!
– რაო?
გაფაციცებული უნდა იყო, ფიბის რომ ელაპარაკები. ისეთი მახვილიჭკუა აქვს, რომ სულ ტყუილია!
– აკი ოთხშაბათამდე არ უნდა ჩამოსულიყავი! ხომ არ გამოგაპანღურეს? ჰა?
– ხომ გითხარი, ადრე გამოგვიშვეს-მეთქი. მთელი კლასი დაგვითხოვეს და…
– არა, გამოგაპანღურეს! ნამდვილად! – თქვა ფიბიმ. მერე ფეხზე მუშტი დამკრა. თუ მოეხუსტურა, იცოცხლე ჩხუბი უყვარს, – ნამდვილად გამოგაპანღურეს! ო, ჰოლდენ! – ხელი პირზე მიიფარა. საშინელი აღელვება იცის, ღმერთმანი.
– ვინ გითხრა, გამომაპანღურესო? როდის გითხარი…
– გამოგაპანღურეს! გამოგაპანღურეს! – თქვა მან და ისევ დამკრა მუშტი. თუ ფიქრობთ, არ სტკენიაო, ძალიანაც შემცდარხართ. – მამას ვერ გადაურჩები! მითხრა მან, მერე პირქვე დაემხო და ის ოხერი ბალიში თავზე წაიფარა. სულ არ არ იცის! ნამდვილ გიჟს დაემსგავსება ხოლმე.
– კარგი ერთი! – ვუთხარი მე, – როგორ თუ ვერ გადავურჩები. რატომ არ უნდა გადავურჩე. რა დამიშავებია… გეყოფა, ფიბი, გადააგდე ეს ოხერი ბალიში. რატომ ვერ უნდა გადავურჩე?!
მაინც არ მოიშორა ბალიში. გულით თუ არ უნდა, მოკვდება და არ გააკეთებს. დაიჟინა, მამას ვერ გადაურჩებიო. ისე დუდღუნებდა ბალიშქვეშ, რომ ნახევარს ვერ გაიგებდი.
– როგორ თუ ვერ გადავურჩები! ნეტა რას ამბობ! ჯერ ერთი, შინ დარჩენას არც ვაპირებ. ვიშოვი სამუშაოს სადმე რანჩოში და ვიქნები ჩემთვის. ერთ ბიჭს ვიცნობ, ბაბუამისს უშველებელი რანჩო აქვს კოლორადოში. წავალ და იქ მოვეწყობი, – ვუთხარი მე, – წერილებს მუდამ მოგწერ, თუ წავედი. გეყოფა ახლა, გადააგდე ეს ოხერი ბალიში. ჰე, ფიბი. კარგი, გეყოფა. თუ ღმერთი გწამს, მოიშორე ეგ ბალიში.
თქვენც არ მომიკვდეთ. ისევ ბალიშში აქვს თავი შერგული. ძალათი მოვგლეჯ-მეთქი, ვიფიქრე, მაგრამ რას გახდები! შენ დაიღლები და იმას ვერაფერს დააკლებ. ისეთი ღონიერია! თვითონვე თუ არ აიღო, ვერასდიდებით ვერ ააგლეჯ ბალიშს.
– გეყოფა ფიბი, გამოდი, გენაცვალე, – ვეღიჭინები მე, – აბა ჰე… უეთერფილდ. გამოდი-მეთქი.
არა და არა. ზოგჯერ ისე გაჯიქდება, რომ ვერაფერს ვერ შეასმენ. ბოლოს ავდექი და სასტუმრო ოთახში გავედი. მაგიდაზე სიგარეტის ყუთი იდო. რამდენიმე სიგარეტი ავიღე და ჯიბეში ჩავიწყე. გაბრუებული ვიყავი.

ნაწილი 22

როცა შევბრუნდი, ბალიში უკვე გადაეგდო – ვიცოდი, ასე იზამდა – მაგრამ მემაინც არ მიყურებდა, მიუხედავად იმისა, რომ უკვე გულაღმა იწვა. მივედი და ისევ ჩამოვუჯექი ლოგინზე. გაბუსხული სახე გვერდზე მიღრიცა. ბოიკოტი გამომიცხადა, რაღა ეს და რაღა პენსელი მოფარიკავე ბიჭები, ისინიც ასე გამებუტნენ, ის ოხერი მახვილები რომ დამრჩა მეტროში.
– შენი ჰაზელ უეთერფილდი რას იქმს? – ვეკითხები, – მეტი აღარაფერი დაგიწერია მაგაზე? შენ რომ გამომიგზავნე, ის ერთი მოთხრობა ჩემოდანში მაქვს, სადგურზე დავტოვე. ძალიან მომეწონა.
– მამას ვერ გადაურჩები.
ჰოი ბიჭო, თუ რამე აიჩემა, რაღას შეაჩერებ!
– არაფერსაც არ მიზამს. დიდი, დიდი, ძველებურადვე გამჯოროს, და მერე სამხედრო სასწავლებელში მიმცემს. მეტი რა უნდა მიქნას? მაგრამ, ჯერ ერთი, მე აქ აღარ დავდგები. უნდა წავიდე. კოლორადოში წავალ ალბათ, იმ რანჩოში.
– რატომ მაცინებ! ცხენზე ჯდომაც კი არ იცი.
– ვინ არ იცის? რას ამბობ. მაგასაც ხომ ბევრი რამე უნდა! ორ წუთში გასწავლიან, – ვუთხარი მე, – ხელს ნუ ახლებ! – სალბუნს იძრობდა. – თმა ვის შეაკრეჭინე? – ახლაღა შევნიშნე – ვიღაცას ბითურულად შეეკრიჭა თმა. სულ დაემოკლებინა.
– რა შენი საქმეა! – მტრისას, ისე შემოგიღრენს ზოგჯერ: თავბედს გაწყევლინებს. – ალბათ, ახლაც ყველა საგანში ჩაფლავდი, – რომ აღარ მოეშვა ამ ღრენას! პირდაპირ სასაცილოა – მასწავლებელივით რომ დაიქოქება ეს თითისტოლა ღლაპი!
– არა, ყველაფერში არ ჩავჭრილვარ, – ვუთხარი მე, – ინგლისური ჩავაბარე, – უცებ ავიღე და ტაკუნებზე ვუჩქმიტე, გვერდზე გადმობრუნებულა და ტაკუნები გარეთ გამოუბზეკია. თუმცა, რაღა გამობზეკა – ხეირიანად არც ეტყობოდა, მიფსხრიკული ჰქონდა. არც კი სტკენია, ისე ვუჩქმიტე. მაინც მომიქნია ხელი, ხელზე უნდოდა ჩემთვის დაეკრა, მაგრამ ამაცილა.
უცებ მეუბნება.
– ოჰ, რატომ შვრები ამას? რატომ შვრები? – ვითომ, ისევ რატომ გამოგრიცხესო. მაგრამ ისე მითხრა ეს, რომ გული ჩამწყვიტა.
– შენ მაინც ნუ მკითხავ, ფიბი, თუ ღმერთი გწამს. გული გამიწყალდა ამდენი შეკითხვით. რატომ და იმტიომ, რომ მილიონი მიზეზია. ამისთანა საძაგელ სკოლაში ჯერაც არ მოვხვედრილვარ. საითაც არ გაიხედავ – ცარიელა თავლთმაქცობა! სულ არამზადებითაა გამოტენილი. ჩემს დღეში არ მინახავს ამდენი არამზადა. ვთქვათ, ვინმეს ოთახში სხედხართ და ყბედობთ, და უცებ ვიღაცამ კარზე დააკაკუნა – შემოსვლა უნდა. არაფრისდიდებით არ შემოუშვებენ, თუ ცოტა მოშტერო დაზღმურლიანი ვინგმე აღმოჩნდა. გადაუკეტავენ კარებს და მორჩა. მერე რაღაც ოხერი საიდუმლო საზოგადოება მოიგონეს – ვაჟკაცობა არ მეყო, რომ უარი მეთქვა და არ შევსულიყავი. ერთი გულისგამაწვრილებელი, ზღმურდლიანი ბიჭია, რობერტ ეკლი, იმანაც მოინდომა შესვლა. ძაან გულით უნდოდა, მაგრამ არ მიიღეს. იმიტომ რომ გულისგამაწვრილებელი და ზღმურდლიანი იყო, გახსენებაც კი აღარ მსიამოვნებს. აქოთებული სკოლაა, დამერწმუნე.
ფიბის ხმა არ ამოუღია, მაგრამ მისმენდა კი. კეფაზე ვატყობდი, რომ მისმენდა. მუდამ გულისყურით გისმენს ხოლმე, როცა ელაპარაკები. და საოცარი ისაა, რომ ყველაფერს გაიგებს, რაც არ უნდა უთხრა, ნამდვილად.
მე ისევ პენსის ამბებს ვუყვებოდი. ისე მომეხასიათა რატომღაც.
– ორად ორი ხეირიანი მასწავლებელია მთელს სკოლაში და ისინიც თვალთმაქცები არიან, – ვუთხარი მე, – ერთი ბერიკაცი გვასწავლის, მისტერ სპენსერი. როცა არ უნდა ესტუმრო, ცოლი ყოველთვის ცხელ შოკოლადს მოგიმზადებს და ყველაფერი. ნამდვილად კარგი ხალხია. მაგრამ უნდა ნახო, რა ემართება, როცა დირექტორი თარმერი შემოვა ისტორიის გაკვეთილზე და უკან ჩამოჯდება. ასე იცის ხოლმე – შემოვა და მთელი ნახევარი საათი ზის, სულ უკან. ვითომ ინკოგნიტოდ დადის, რაღა. ზის ასე ერთხანს ბაიყუშივით და უცებ წამოიწყებს – ხან რას ისვრის და ხან რას, წარამარა აწყვეტინებს მოხუც სპენსერს თავისი უკბილო ხუმრობებით. საწყალმა სპენსერმა კი აღარ იცის, კვდება კაცი – ქირქილებს, იკრიჭება, იგრიხება; ვითომ დიდი პრინცი მყავდეს ეს ოხერი თარმერი.
– ნუ ილანძღები.
– რომ გენახა, გული აგერეოდა, ღმერთმანი, – ვუთხარი მე, – ახლა ვეტერანების დღე! ასეთი დღე აქთ დაწესებული, ვეტერანების დღეს ეძახიან. 1776 წლიდან მოყოლებული, ვისაც კი დაუმთავრებია პენსის სკოლა, ყველა დამთხვეული იქ იყრის თავს, თავიანთი ცოლებით, შვილებით და რა ვიცი. მთელი დღე იქ დალაყუნობენ. ერთი ბერიკაცი უნდა ნახო, ორმოცდაათი წლისა იქნება, მოვიდა და კარებზე დააკაკუნა – სააბაზანოში თუ შეიძლება შევიდეო. ნეტა ჩვენ რას გვკითხავს, სააბაზანო ეგერაა, დერეფნის ბოლოში. მაგრამ რა მინდაო, აღარ იკითხავ? უნდა ვნახო, ფეხსადგილის კარს ჩემი ინიციალები თუ აჩნიაო. თურმე ოთხმოცდაათი წლის წინ თავისი ოხერი, უბედური და უბადრუკი ინიციალები ამოუჭრია ფეხსადგილის კარზე, და ახლა ამოწმებს, კიდევ თუ აჩნიაო. რაღას ვიზამდით, ავდექით და გავყევით მე და ჩემი ამხანაგი. მანამ ყველა ფეხსადგილის კარი არ შეამოწმა, იქვე ვიდექით და ველოდით. ეძებს თავი ოხერ ინიციალებს და თან ენას ერთის წუთითაც არ აჩერებს. პენსიში რომ ვსწავლობდი, ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი დღეები ის იყოო, და ათასნაირ დარიგებას გვაძლევს, ცხოვრებაში როგორ უნდა მოიქცეთო. ჰოი ბიჭო, როგორ გაგვიწვრილა გული! ცუდი კაცი კი არ იყო – სულაც არა. მაგრამ მარტო ცუდმა ხალხმა როდი იცის გულის გაწვრილება, კარგსაც შეუძლია. განა ბევრი რამე უნდა: შენი ინიციალები უნდა ეძებო ფეხსადგილის კარებზე და თან სულელური დარიგებები აძლიო ხალხს. მორჩა. გული გაწვრილებას მეტი არაფერი უნდა. რა ვიცი, იქნებ ისე ცუდად არ ემოქმდა ჩემზე, რომ თან სულის ხუთვა არა ჰქონოდა ამ კაცს. სულს ვეღარ ითქვამდა, კიბეზე რომ ამოვიდა. ეძებს თავის ინიციალებს და საცოდავად ქლოშინებს, ნესტოები ებერება. თან გეცინება და თან გეცოდება. დარიგებებსაც რომ არ ივიწყებს: მე და სტრედლეიტერს გვეჩიჩინება – ასე და ასეო, რაც შეიძლება ბევრი რამე უნდა მიიღოთ პენსიდანო. ო,. რომ იცოდე ფიბი! ყველაფერი როგორ გითხრა. არაფერი არ მომწონდა იმ პენსიში. ყველაფერი როგორ უნდა გითხრა.
ფიბიმ რაღაც თქვა, მაგრამ ვერ გავიგონე. ისე ჩაერგო თავი ბალიშში, რომ ვერაფერს ვერ გაიგონებდი.
– რაო? – ვკითხე, – თავი ასწიე, ბალიშში რომ ჩაგირგავს, რაღას გავიგონებ!
– შენ ხომ არაფერი არ მოგწონს!
ეს რომ მითხრა, კიდევ უფრო მომეწურა გული.
– ვინ გითხრა?! რატომაც არ მომწონს. როგორ თუ არ მომწონს! საიდან მოიგონე? ასე რატომ მელაპარაკები?!
– იმიტომ, რომ არაფერი არ მოგწონს. ერთი სკოლაც არ აღმოჩნდა შენი მოსაწონი. რამდენი რამე არ მოგწონს. არაფერი არ მოგწონს.
– არაფერიც! მომწონს. ცდები შენ – დიახ, ცდები! ასე რატომ მელაპარაკები? – ჰოი ბიჭო, როგორ მომეწურა გული.
იმიტომ, რომ არ მოგწონს, – მითხრა მან, – აბა ერთი რამე დამისახელე, რა მოგწონს.
– დაგისახელო? დაგისახელო, რა მომწონს? ძალიან კარგი.
მაგრამ, ჩემდა საუბედუროდ, უცებ ვეღრაფერი მომაგონდა. იცის ხოლმე ასე.
– ყველაზე უფრო რა მოგწონს? – ჩავეკითხე ფიბის.
მაგრამ პასუხი არ გაუცია. იწვა ზურგშექცეული, მოკუნტული, სადღაც იქით – საწოლის კუთხეში, ათასი მილით ჩემგან დაშორებული.
– მოიხედე, ხმა გამეცი, – ვუთხარი მე, – ძალიან რა მიყვარს, ის გითხრა, თუ რაც უბრალოდ მომწონს?
– ძალიან არ გიყვარს.
– გეტყვი, – ვთქვი, მაგრამვერაფერიმოვიგონე. ის მონაზვნებიღა გამახსენდა, ქეციან ჭილის ჩანთებში ფულს რომ აგროვებდნენ. განსაკუთრებით ერთი მათგანი, რკინის ჩარჩოიანი სათვალე რომელსაც ეკეთა. და კიდევ ერთი ბიჭი, რომელიც ელქტონ-ჰილში იყო ჩემთან ერთად. ჯეიმს კასლი ერბვა იმ ბიჭს, ელქტონ-ჰილში ერთად ვსწავლობდით. იქვე ერთი უსაშველოდ გაბღენძილი ბიჭი გვყავდა – ფილ სტეიბლი. ჯეიმს კასლმა რაღაც თქვა იმ ბიჭზე და მერე არასდიდებით უკან არ წაიღო თავისი სიტყვა. დიდი გაბღენძილი ვინმეაო, ჯეიმს კასლმა თქვა, და სტეიბლის ერთ-ერთმა არამზადა ამხანაგმა არ დააყოვნა, მაშინვაე მიუტნაა ენა. სტებილმა ხელადვე მოუყარა თავი მასავით ბინძურ ექვს ნაბიჭვარს, ოთახში შეეჭრნენ ჯეიმს კასლს, კარი გადარაზეს და თავზე დაადგნენ – სიტყვა უკანვე წაიღეო, მაგრამ არაფრისდიდებით არ წაიღო ჯეიმსმა. მაშინ მისდგნენ. არ გეტყვი, რა უქნეს – გახსენებაც კი გულს მირევს – მაგრამ ჯეიმს კასლმა არასდიდებით უკან არ წაიღო თავისი ნათქვამი: ერთი უნდ აშეგეხედათ – გაწლიკული ბიჭი იყო, სუსტი, სუტი – ფანქრის სიმსხო მაჯები ჰქონდა. მაგრამ სიტყვა უკან მაინც არ წაიღო. ბოლოს ადგა და ფანჯრიდან გდახტა. მე სააბაზანოში ვიყავი, შხაპის ქვეშ, მაგრამ მაინც გავიგონე, როგორ მოადინა მიწაზე ბრაგვანი. უცებ ვიფიქრე, სკამი ან რადიო, ან ამისთანა რაღაც გადააგდეს ეზოში-მეთქი; ბიჭი თუ გადახტებოდა, რას წარმოვიდგენდი. მერე გავიგონე, როგორ გამოჯლიგინდნენ დერეფანში და კიბეებზე დაეშვნენ. ხელად წამოვისხი ჩემი აბანოს ხალათი და მეც გავიქეცი. ვხედავ – ქვის საფეხურებზე არა გდია ეს ჩვენი ჯეიმს კასლი! უკვე მკვდარი იყო, ირგვლივ სულ სისხლი და ჩამსხვრეული კბილები. ვერავინ ვერ ბედავდა მიახლოებას. ერთი სვიტრი ვათხოვე, ის სვიტრი ეცვა. იმ ბიჭებისთვის, ოთახში რომ შეუცვივდნენ, არაფერიც არ უქნიათ, გამორიცხეს მხოლოდ. ციხეშიაც კი არჩაუსვამთ.
მეტი ვერაფერი მოვიგონე: მარტო ის მონზონი, საუზმის დროს რომ ვნახე, და ელქტონ-ჰილელი ჯეიმს კასლი. მაგრამ საოცარი ისაა, რომ მართალი თუ გინდათ, იმ ჯეიმს კასლს ხეირიანად არც კი ვიცნობდი. უწყინარი ბიჭი იყო, ერთ კლასში ვსწავლობდით. მაგრამ ის ოთახის მეორე კუთხეში იჯდა და არ მახსოვს, რომ გაკვეთილი ეპასუხებინოს, ან დაფასთან გასულიყოს. არიან ხოლმე ბიჭები – იშვიათადა თუ გავლენ დაფასთან, და გაკვეთილის მოყოლაც ჭირივით ეზარებათ. მგონი, ერთხელ მეტადაც არ გამოვლაპრაკებივარ – სვიტრი რომ მთხოვა, ის იყო ერთადერთი ჩვენი საუბარი. ლამის იქვე მოვკვდი,. ისე სახტად დავრჩი, სვიტრი რომ მთხოვა. მახსოვს, სააბაზანოში კბილებს ვიხეხავდი, როცა მთხოვა. ბიძაშვილმა უნდა გამომიაროს და მანქანით გამასეირნოსო. ისიც კი გამიკვირდა – საიდან იცის, რომ ასეთი სვიტრი მაქვს-მეთქი. მე პირადად არაფერი ვიცოდი მისი, გარდა იმისა, რომ საკლასო ჟურნალში სწორედ ჩემს წინ ეწერა. კარლ რ., კაბლ ვ., კასლი კოლფილდი… ჯერაც არ დამვიწყებია. მართალი თუ გინდათ, კინაღამ უარი ვტკიცე სვიტრის თხოვებაზე, იმიტომ რომ ხეირიანად არ ვიცნობდი.
– რაო? – ფიბის ვკითხე. რაღაც მითხრა, მაგრამ ვერ გავიგონე.
– ერთი რამეც კი ვერ მოგიფიქრებია!
– რას ამბობ! როგო არა. როგორ არა.
– მაშ სთქვი.
– ელი, მაგალითად, – ვუთხარი მე – ელი მიყვარს. ასე შენთან ჯდომა ლალაპარაკიც მიყვარს, და ყველაფრის მოგონება და…
– ელი ხომ მოკვდა!.. სულ ეს რომ დაგიჟინია! კაცი რმო მოკვდება და ცაში წავა და ყველაფერი, იმისი ნამდვილი…
– ვიცი, რომ მოკვდა! შენ გგონია, არ ვიცი? მაგრამ მაინც მიყვარს. არ შემიძლია თუ რა? რა ვუყოთ, რომ მოკვდა, სიკვდილის გამო ხომ არ გადაიყვარებ ადამიანს?.. მით უმეტეს ცოცხლებზე ათასჯერაც უკეთესი თუა ის კაცი.
ფიბის არაფერი უთქვამს, როცა სათქმელი არაფერი აქვს, ასე გაჩუმდება ხოლმე.
– ასე რომ ვსხედვართ, ეგეც მიყვარს. ნამდვილად. შენთან ასე ჯდომა და ათასი რამის გახსენება და ლაყბობა…
– ეგ სულ სხვაა.
– ვითომ რატომ? სწორედ ეგ არის საქმე. მაშ რა ჯანდაბა უნდა იყოს?! ხალხს რომ ჰკითხო, ყველაფერს გაგიბიაბრუებენ. გული გააწყალეს, ჯანდაბას მაგათი თავი!
– ნუ ილანძღები. კარგი, კიდევ დაასახელე რამე. სთქვი, რა გინდა გამოხვიდე – მეცნიერი, ვექილი თუ სხვა რამე?
– სადაური მეცნიერი მე ვარ. მეცნიერება რა ჩემი საქმეა!
– მაშ ვექილი?.. მამასავით.
– ვექილობა კარგია, მაგრამ მე მაინც არ მიმიწევს გული, – ვუთხარი მე, – იცოცხლე კაი საქმეა უდანაშაულო ხალხის დაცვა და გამოსარჩლება, მაგრამ ვექილები ამას თავის დღეში არ აკეთებენ. ვექილი თუ ხარ, ფული უნდა ხვეტო, გოლფი ან ბრიჯი ითამაშო, მანქანა იყიდო, მარტინი სვა და გამოწკეპილი იარო. ვთქვათ, მართლაც იცავ და ექომაგები უდანაშაულო ხალხს, ეგეც ბევრს არაფერს ნიშნავს, იმიტომ, რომ შენ თვითონვე არ იცი, რატომ აკეთებ ამას – მართლა გულით გსიამოვნებს ალალი ხალხის დახსნა თუ გინდა გამოჩენილი ვექილის სახელი მოიხვეჭო და ყველა ბეჭებზე გითათუნებდეს ხელს და გილოცავდეს, როცა რაიმე ოხერ საქმეს მოიგებ სასამართლოში, სწორედ ისე, როგორც იმ ბინძურ კინოებშია. საიდან უნდა გაიგო, ეს თვალთმაქცობაა თუ სულითა და გულით ეხმარები! მთელი უბედურება ისაა, რომ ამას ვერ მიხვდები.
არა მგონია, რამე გაეგოს ფიბის ჩემი ყბედობისა. ჯერ პატარაა, რა ესმის, მაგრამ გულისყურით კი მისმენდა. ხოლო როცა ადამიანი გისმენს, ესეც კარგია.
– მამას ვერ გადაურჩები. იცოდე, მოგკლავს, – თქვა მან.
მაგრამ მე აღარ ვუსმენდი. თავში რაღაცამ გამკრა, რაღაც გიჟურმა ფიქრმა.
– იცი რა მინდა გავხდე? – ვუთხარი მე, – იცი რა? რა თქმა უნდა, ჩემს ნებაზე თუ მიმიშვეს და არაფერი ჯანდაბა არ გადამეღობა.
– რა? სთქვი. ოღონდ ნუ ილანძღები.
– ეს სიმღერა თუ გახსოვს – «ნეტა ვინმეს თუ დაიჭერ ჭვავის ყანაში»… მე მინდა რომ…
– «თუ დაიჭერ» კი არა, «ნეტა ვინმეს თუ შეხვდები ჭვავის ყანაში» – გამისწორა ფიბიმ. – ეს ლექსია. რობერტ ბერნსის ლექსი.
– მეც ვიცი, რომ რობერტ ბერნსის ლექსია.
ფიბი მართალი იყო. ლექსში მართლაც ასეა – «ნეტა ვინმეს თუ შეხვდები ჭვავის ყანაში», მაგრამ მაშინ არ ვიცოდი.
– მე კი მეგობნა, «ვინმეს თუ დაიჭერ» იყო, – ვუთხარი ფიბის, – ერთი სიტყვით, თვალწინ მიდგას, როგორ თამაშობენ პატარა ბავშვები დიდველზე, ჭვავის ყანაში. ათასობით ბავშვია და თან არავინ ახლავთ – ესე იგი, დიდი არავინ გახლავთ – ჩემს მეტი. მე კიდე საშინელი ციცაბო კლდის პირას ვდგავარ, და რას ვაკეთებ –
ბავშვებს ვიჭერ, რომ უფსკრულში არ გადაიჩეხონ. თუ გამორბის და წინ არ იყურება, არც იცის, რომ უფსკრულს უახლოვდება, უცებ გამოვვარდები და ხელს ვტაცებ. მთელი მეტს არაფერს ვაკეთებ – ბავშვებს ვიჭერ ჭვავის ყანაში. ვიცი, რომ სიგიჟეა, მაგრამ ეს მინდა, სხვა არაფერი. ისე მეც ვიცი, რომ სიგიჟეა.
ფიბის კარგა ხანს არ გაუღია ხმა. მერე კი, მამას ვერ გადაურჩებიო, ისევ ის მითხრა.
– ჩემი დარდიც ეგ იყოს, თუ ვერ გადავურჩები, – ვუთხარი მე. ბოლოს წამოვდექი, გადავწყვიტე ჩემი ელქტონ-ჰილელი ინგლისურის მასწავლებლისთვის დამერეკა. მისტერ ანტოლინი იყო ეს კაცი და ახლა ნიუ-იორკში ცხოვრობდა. ელქტონ-ჰილიდან წამოვიდა. ნიუ-იორკის უნივერსიტეტში ასწავლიდა ახლა ინგლისურს. ტელეფონზე უნდა დავრეკო-მეთქი, ფიბის ვუთხარი. შენ ნუ დაიძინებ, ახლავე მოვბრუნდები-მეთქი. არ მინდოდა დასძინებოდა, მანამ მე სასტუმროში ვიყავი. ისედაც არ დაიძინებდა, მაგრამ მაინც გავაფრთხილე, უფრო დავიმშვიდე გული.
კარებისკენ რომ გავემართე, ფიბიმ მომაძახა – «ჰოლდენ!» მივბრუნდი.
ლოგინზე წამომჯდარიყო. ისეთი ლამაზი იყო!
– ერთი გოგო გვყავდა სკოლაში, ფილის მარგულისი, ნახე, როგორი სლოკინი მასწავლა.
მე ყური დავუგდე, მაგრამ ისეთი ვერაფერი გავიგონე.
– კარგია, – ვუთხარი და სასტუმრო ოთახში გავედი, რათა მისტერ ანტოლინისთვის დამერეკა.

გაგრძელება იქნება

მსგავსი ამბები

Back to top button