უცნაური

წაწლობა

915b2bc97b75
წაწლობის ტრადიცია და ფენომენი ერთ-ერთი ყველაზე უძველესია ჩვენი ქვეყნის წეს-ჩვეულებათაგან. იგი ძირითადად გავრცელებული იყო აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში და ერთობ ორიგინალურობითაც გამოირჩეოდა. წაწლები, როგორც წესი, იყვნენ ერთმანეთის ბავშვობის მეგობარი ქალ-ვაჟი, რომელთა მეგობრობა პირველ რიგში, იმით იყო გამოხატული, რომ მათ ღამითაც კი ერთად უნდა დაეძინათ.
ფშავური ტრადიციის მიხედვით, წაწლებს უფლება ჰქონდათ, ერთმანეთთან ყოველმხრივი ალერსისა, ოღონდ მათ შორის სექსის არსებობა ამ წესის დიდ დარღვევად ითვლებოდა და მსგავს შემთხვევებში უფრო მეტად ვაჟი ისჯებოდა, როგორც წაწლობის ფიცის გამტეხი და ადათ-წესის მოღალატე.

გიორგი მალხაზიშვილი, ისტორიკოსი:”წყვილ წაწლების ურთიერთდამოკიდებულების შესახებ არა მხოლოდ ცალკეულ ოჯახს, არამედ მთელ სოფელს უნდა სცოდნოდა, რადგან ნაწაწლები ქალის გათხოვების შემთხვევაში არავის გასჩენოდა რაიმე ეჭვი. წაწლები ძირითადად მცირე ასაკიდან და უმეტესად, რაიმე ახლობლობა-მეგობრობის კრიტერიუმებით ირჩეოდნენ, ხშირად მშობლების მიერ.

დაშვებული იყო გვიანდელი წაწლობა, ანუ ქალ-ვაჟის მოწიფულობის ასაკში დაკავშირება ამ წესით, თუმცა მშობელთა სურვილის გარდა, თვითონ საწაწლო კანდიდატების თანხმობაც აუცილებელი იყო. ხშირი იყო შემთხვევები, როცა სტუმარსა თუ ახალგაცნობილ კაცს, რომელიც რაიმეთი სიმპატიას დაიმსახურებდა მასპინძელთა (ამ შემთხვევაში მთიელ მასპინძელთა) თვალში, პატივისცემის მიზნით ოჯახის ყველაზე ახალგაზრდა გასათხოვარ ქალს გვერდით უწვენდნენ, როგორც წაწალს, თუმცა კაცს სექსის უფლება ამ შემთხვევაშიც არ ჰქონდა.

სწორედ აქედან დამკვიდრდა ქართულ ზღაპარ-მითებსა თუ ზეპირსიტყვიერებაში საწოლში ჩაწოლილ ქალსა და კაცს შორის ხანჯლის დადების წესი, რათა ისინი არ მიჰკარებოდნენ ერთმანეთს. ხშირად სწორედ ამ ხერხს მიმართავდა გაწაწლებული სტუმარი კაცი, რომელსაც ნამდვილად ვერ ექნებოდა გარანტია იმისა, რომ აუცილებლად შეიკავებდა თავს და ქალს არ მიეკარებოდა. შუაში ჩადებული ხანჯალი ამ მხრივ ერთგვარი დამზღვევის როლსაც თამაშობდა და იმასაც ხაზს უსვამდა, რომ სტუმარი კაცი ნამდვილად არ აპირებდა მთიელთა ამ წესის დარღვევას”.
e5859f4ff08b

წაწლობის ღამის ”შედეგების” გასაგებად მთელი ოჯახი იკრიბებოდა, რამეთუ ყველას აინტერესებდა, დაარღვია თუ არა წესი ახალგაზრდა წაწალმა წყვილმა. ამის გასაგებად კი ძალზე მარტივი რამ იყო მოფიქრებული. ის ღამე რომ გათენდებოდა, ქალს მიუტანდნენ წყალს, რომლითაც ხელები უნდა დაებანინებინა წუხანდელი წაწლისათვის. თუკი ქალი დაუსხამდა კაცს წყალს და დააბანინებდა ხელებს, ხომ კარგი, ე.ი. ყველაფერი რიგზე იყო. თუ არადა, ეს უკვე იმას ნიშნავდა, რომ ადათი დაირღვა და მათ შორის ”რაღაც იყო”.

19-ე საუკუნეში ფშავში ჩასული ერთ-ერთი თბილისელი ეთნოგრაფი წაწლობასთან დაკავშირებით ერთ-ერთ ასეთ საინტერესო ფაქტს გადააწყდა, რომელიც შემდეგ თავის წიგნშიც აღწერა და ჩვენც საჭიროდ ჩავთვალეთ, ეს ამბავი რა თქმა უნდა, შემოკლებით გიამბოთ. ამ ამბიდან კარგად ჩანს წაწლობის ცალმხრივი მანკიერებანი.

”ხევსურეთში ორი ოჯახი ერთმანეთს სამტროდ იყო გადაკიდებული და ურთიერთის ”სისხლიც ემართათ”, ამიტომ ერთი თვეც არ გავიდოდა ისე, რომ დაპირისპირებული მხარეებიდან თუნდაც ერთი კაცი მაინც არ მომკვდარიყო. ერთ-ერთი მხრიდან მოწინააღმდეგის სისხლის წყურვილით განსაკუთრებით გამოირჩეოდა ვინმე მგელიკა, რომელსაც მეორე მხარემ ვერაფერი მოუხერხა.

”ბოლოს თურმე მგელიკას მოშორებაზე მეოცნებე გვარს ასეთი რამ მოუგონა. ისინი მივიდნენ ხევისბერთან (ალბათ ყველამ იცით ხევისბერს რაოდენ დიდ პატივს სცემდნენ მთაში) და სთხოვეს, რომ მტრობა აღარ გვსურს, მათთან შეგვარიგეო და ამის აღსანიშნავად ქეიფისა და სუფრის ხარჯებს ჩვენი გვარი იკისრებსო.

”ხევისბერმაც ითავა მათი შერიგების პროცედურა, მეორე გვარიც იოლად დაითანხმა, რადგან მათ უფრო მეტი კაცი ჰყავდათ მოკლული. გველიკას ნათესავებმა იფიქრეს, ჩვენი რა მიდის თუკი შერიგება უნდათ, შევრიგდეთ, სისხლი მაგათი მხრიდან უფრო მეტი დაიღვარაო.

”მართლაც გაიშალა სუფრა, სადაც ორივე გვარის წარმომადგენლებმა დიდი ქეიფი გამართეს ვითომდა შერიგების აღსანიშნავად, მაგრამ შერიგების ინიციატორი გვარის ეშმაკობა უკვე შემდეგ გამოჩნდა. კაცებმა მგელიკას (როგორც მეორე გვარში ყველაზე ვაჟკაცს) სთხოვეს, რაკიღა შევრიგდით, ბარემ ერთმანეთს წაწლობის მადლითაც შევეკრათ და ამიტომ ეს ღამე ჩვენი გვარის ერთ-ერთ ქალწულთან, როგორც წაწალმა, ისე გაატარეო.

”მგელიკაც რას იფიქრებდა, დარჩა იმ ღამეს მტრის ოჯახში და მიუხედავად იმისა, რომ წაწლობის წესი პატიოსნად აღასრულა, დილით ქალმა თავის გვართან წინასწარი შეთანხმების მიხედვით, ხელი მაინც არ დააბანინა, აქაოდა ჩვენს შორის სექსი იყოო.

”ატეხა მგელიკამ ერთი ამბავი, მართალი ვარ, ქალი ტყუისო, მაგრამ, როგორც წაწალი გოგოს გამსინჯავმა ქალებმა დაადასტურეს, რომ ვითომდა მართლაც მომხდარიყო მათ შორის ”რაღაც”, წინააღმდეგობა მაინც ვეღარავინ, მათ შორის ვერც მგელიკას ნათესავებმა ვეღარ გასწიეს და უდანაშაულო დამნაშავე, როგორც წაწლობის წესის დამრღვევი ისე დაისაჯა სიკვდილით.

”დასჯილის ნათესავებმა პირველ რიგში იმიტომ შეიკავეს თავი ”დამნაშავის” დაცვისაგან, რადგან ამ შემთხვევაში მათ წინააღმდეგ არა მარტო ერთი გვარი, არამედ მთელი თემი ამხედრდებოდა”.

ასე დაასჯევინა წაწლობის ტრადიციის ”სიწმინდემ” ქალის ნათესავებს მოსისხლე მტერი, ანუ ხანდახან ისეც კი ხდება, რომ ადამიანები კი არ ემორჩილებიან ადათ-წესებს თუ ტრადიციებს, პირიქით, ისინი აქეთ იმორჩილებენ მათ. ქართველი ეთნოგრაფის მიერ აღწერილი ეს ამბავიც, ვგონებ ამის მკაფიო მაგალითია.

მიჩნეულია, რომ აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში წაწლობის ინსტიტუტის არსებობა განაპირობა შემდეგმა ხუთმა გარემოებამ: 1. მამაკაცის უდიდესმა გავლენამ ქალზე; 2. სინდისის კულტის უზენაესობამ; 3. და-ძმობის მცნების ფართოდ გაგებამ; 4. კაცის მხრიდან ეთგულების სიმტკიცის დადგენის სურვილმა; 5. ადრეული ასაკიდანვე საწინააღმდეგო სქესის ადამიანის ფიზიკური აგებულების შესწავლის მიზანმა.

არსებობს მოსაზრება, რომ ახალგაზრდულ ასაკში ნაწაწლები ყმაწვილი სრულფასოვან მამკაცად, ნაწაწლები გოგო კი, სრულფასოვან ქალად ყალიბდება, ანუ, ურთიერთობას, რომლიდანაც ერთი ნაბიჯია სექსამდე, სხვა არაფერი შეიძლება ეწოდოს, თუ არა ”გაკვეთილები სექსის შესახებ”.

და მიუხედავად იმისა, რომ წაწლობის ტრადიცია საქართველოში დღეს აღარ არსებობს, მისი ისტორიული კვალი 21-ე საუკუნეშიც კი შეიმჩნევა ქართველ ახალგაზრდებში, რაც ”პეტტინგის” ანუ სექსამდე არმისული გახშირებული სიმრავლით გამოიხატება.

რა თქმა უნდა ”პეტტინგი”, როგორც ასეთი, სხვა ქვეყნებშიცაა გავრცელებული, მაგრამ საქართველოში ამ მხრივ მართლაც გამორჩეული სიტუაციაა, რადგანაც ”ქალიშვილობის ინსტიტუტის” დღემდე არსებობა ერთგვარი გაგრძელებაა წაწლობის უძველესი ტრადიციისა.

რა გამართლებას უძებნით ამ ტრადიციას, ანუ რა მოგწონთ და რა არა მასში?

Back to top button