არქივი

თაგვი, რომელიც კომპიუტერში თავისუფლად დაძვრება

c313430f801a
კომპიუტერთან მუშაობისას ყველა იყენებს თაგვს, ე.წ. მაუსს. თუ ის კარგად ფუნქციონირებს, მის არსებობას ვერც კი ვგრძნობთ და ალბათ არც ის მოგვდის თავში აზრად, ამ პატარა რაღაცის შექმნასაც რომ თავისი ისტორია აქვს. მის გამოგონების შესახებ სხვადასხვა ვერსია არსებობს, ხოლო ის, თუ ბოლო 46 წლის განმავლობაში, ანუ მისი თავდაპირველი სახის გამოშვებიდან დღემდე, რამდენი თაგვი იქნა წარმოებული, საერთოდ უცნობია.

ამ სფეროში მოღვაწეთა ერთი ნაწილის მტკიცებით, კომპიუტერის თაგვი ქსეროქსის ლაბორატორიაში შექმნეს. მეორენი კი ირწმუნებიან, რომ ის კომპანია “ეფლის” შეკვეთით დამზადდა.

სინამდვილეში თაგვი, იგივე X და Y პოზიციის ინდიკატორი, ანუ თაგვის ფორმის მანიპულატორი, 1964 წელს შეიქმნა. მაუსი სტენფორდის კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელმა, დუგლას კარლ ენგელბარტმა გამოიგონა. ენგელბარტი წლების განმავლობაში ოპერაციული სისტემის – “ონ ლაინ სისტემის” – შექმნაზე მუშაობდა. მუშაობის პროცესში გაჩნდა “ფანჯრული” ინტერფეისის შექმნის იდეა, ხოლო თაგვი გაკეთდა, როგორც შესაძლო მანიპულატორი ფანჯრებთან მუშაობისას. რეალურად ამ მანიპულატორის შექმნის იდეა 1963 წელს გაჩნდა, ხოლო 1964 წელს პირველი მოქმედი პროტოტიპი დაამზადეს.

პირველი კომპიუტერული თაგვი ხელით დამზადებული ხის კოლოფი იყო, რომლის შიგნით ორი პერპენდიკულარული ბორბალი და ღილაკი იყო მოთავსებული. თაგვის მოძრაობისას ბორბალი მაგიდაზე გადაადგილდებოდა და მოწყობილობის მოძრაობის მიმართულების და სიდიდის განსაზღვრის საშუალებას იძლეოდა. ეს მონაცემები ეკრანზე კურსორის მოძრაობას ემთხვეოდა.

1968 წლის 9 დეკემბერს პირველად გაიმართა “ონ ლაინ სისტემის” და მასთან ერთად თაგვის პროტოტიპის დემონსტრირებაც. 1970 წელს კი ენგელბარტმა პატენტი მიიღო “დისპლეის სისტემის ჩ და ნ კოორდინატორის ინდიკატორზე”.

ენგელბარტი მანიპულატორის შექმნაზე მარტო არ მუშაობდა, მან მხოლოდ გამოიგონა თაგვი, იდეა კი პრაქტიკულად მისმა მოსწავლემ, ბილ ინგლიშმა განახორციელა.

მოგვიანებით ჯეფ რალიფსონმა არსებითად გააუმჯობესა თაგვის კონსტრუქცია და მისთვის პროგრამული უზრუნველყოფაც შეიმუშავა. შემდგომი ნაბიჯი 1972 წელს გადაიდგა. გაუმჯობესებული თაგვი ბილ ინგლიშმა შექმნა, რომელიც ენგელბარტის ლაბორატორიიდან კვლევით ცენტრში გადავიდა სამუშაოდ. ამჯერად კორპუსის დიზაინი თანამედროვე მაუსისას დაემსგავსა.

მე-20 საუკუნის 80–იან წლებამდე თაგვი ეგზოტიკურ მოწყობილობად რჩებოდა. 1983 წელს არსებობდა თაგვის სხვადასხვა მოდელის მწარმოებელი და გამყიდველი 10–მდე კომპანია. მაუსი საკმაოდ ძვირი ღირდა. მაგალითად, კომპანია “ზე მაუს ჰაუზის” თაგვები 400 დოლარამდე ღირდა (პლუს 300 დოლარი თაგვის შესაერთებლისათვის). სიძვირეს თაგვის რთული მექანიკური მოწყობილობა განაპირობებდა.

1970 წელს კომპანია “ეფლმა” შექმნა პერსონალური კომპიუტერი “მაკინტოში”. მისთვის სტივ ჯობმა 20–30 დოლარამდე თვითღირებულების მაუსები შეუკვეთა. შედეგად თაგვი დაიხვეწა და თანამედროვე სახე მიიღო. კომპიუტერულმა თაგვმა პოპულარობა სწორედ “ეფლ მაკინტოშის” კომპიუტერების მეშვეობით მოიხვეჭა.

რაც შეეხება ამ მოწყობილობის სახელწოდებას, ენგელბარტი მუდამ აღნიშნავდა: “არ ვიცი, რატომ შევარჩიეთ სახელწოდებად თაგვი. ეს უეცრად მოხდა და ახლა მისი შეცვლა აღარ შეგვიძლია”. 1968 წელს ენგელბარტმა თავისი გამოგონებისთვის 10.000 დოლარი მიიღო. 2000 წლის 1 დეკემბერს ენგელბარტი უამრავი გამოგონებისათვის, მათ შორის მაუსისთვისაც, ტექნოლოგიის ნაციონალური მედლით დაჯილდოვდა (მეცნიერთა უმაღლესი ამერიკული ჯილდო).

კომპიუტერული თაგვი ხშირად იცვლება, მაგრამ ბოლო მათგანის გამოჩენამ არა ერთი ადამიანი გააკვირვა. კომპანია “დენმარკმა” კომპიუტერის თაგვი “აირმაუსი” შექმნა, რომელსაც წინა მოდელებისგან განსხვავებით, ჩვეულებრივი მანიპულატორი არ გააჩნია. ახალი მოდელი ხელთათმანის მსგავსად უნდა ჩაიცვათ. თაგვი მაჯასა და ორ თითზე მაგრდება. ეს უკაბელო მოწყობილობა მოძრაობის აღსაქმელად ლაზერს იყენებს და დამუხტვის გარეშე მუშაობა ერთი კვირის მანძილზე შეუძლია. როგორც აცხადებენ, ამჟამად კომპანია უახლესი მაუსის სიჩქარისა და კურსორის მართვის სიზუსტის გაუმჯობესებაზე მუშაობს.

“აირმაუსი” ნახევარი ან ერთი წლის შემდეგ გამოვა გასაყიდად და მისი ღირებულება 129 დოლარი იქნება. ჯერჯერობით უცნობია, გაიყიდება თუ არა მოწყობილობა აშშ–ის საზღვრებგარეთ.

წყარო: sana.ge

მსგავსი ამბები

Back to top button