გართობაკულტურა

მტირალა ანუ ნესტიანი აღმართი

მტირალა ანუ ნესტიანი აღმართი
ადიხარ და ადიხარ ოცდაათგრადუსიან აღმართზე და აღარ მთავრდება. სულ რაღაც ათი კილომეტრია, მაგრამ უაზროდ იწელება. მართალია, სწორი ეკიპირება გაქვს: Adidas-ის სპეციალური ბათინკები, Black Diamond-ის ზემოხერხებული ზურგჩანთა, კარავზე და საძილე ტომრებზე აღარაფერს ვიტყვი, მაგრამ შეგრძნება გაქვს, რომ ფეხშიშველა და ბორკილებშებმული მიდიხარ სადღაც უსასრულoბაში. ზაფხულია, ცხელა და ნესტია. გარშემო დეკას, დუმფარების და ათასი სხვა კენკროვან-ეკლიანი-ჯუნგლოვანი ბუჩქები შიშველი ფეხებით უნდა გათელო, რომ საცალფეხო ბილიკს გააგნო. მიუხედავად შენი თავგანწირვისა და cool ჩაცმულობისა, საერთოდ არ გავხარ National Geographic -ის ჰოუმფეიჯზე ნანახ ძალიან ფერად ფერებში გადაწყვეტილ გარუჯულ და ამაყ მოგზაურს. ყოველი ნაბიჯის გადადგმისას ოფლიანი შორტები გეწებება დაკაწრულ ფეხებზე. შენი სხეული იმდენად გემახინჯება ამ მომენტში,გიკვირს, რომ შენ გაქვს ეს უსარგებლო ფეხები, ტანი და ხელები გამობმული. თვითდაჯერებულობაც ნელდება ყოველი მომდევნო კოღოს ნაკბენის პროპორციულად. ნელ ნელა გშორდება ყველა საიმიჯო თვისება და ფიქრობ: რატომ მეგონა, რომ სრულყოფილი ვიყავი, მგონია, რომ ჩემი თავის საწყალი ასლი მიაბიჯებს ჩემს მაგივრად.

ამასობაში მთაზეც ააღწევ, და რა დაგხვდება იქ? ნუ, ლამაზი ბუნება რა თქმა უნდა, მაგრამ შენ ამხელა გზაზე მხოლოდ ნისლიანი ნაძვების სანახავად არ ასულხარ. პირველი შეგრძნება: შიშველი დგახარ საკუთარ თავთან და ხედავ ადამიანს, რომელსაც არ იცნობდი, რომელიც უცხოა, მოგწონს თუ არ მოგწონს, ჯერ ვერ ვხვდები, უბრალოდ გაცნობა გინდება და იქვე სადღაც თავში გეგმავ შემდეგ საჰაიკო ტურს, უფრო რთულს და შორს და ფიქრობ, რა მაგარი იქნება, რომ ამ ტიპს მალე კარგად გაუგებ. მერე სულს მოითქვამ, მიმოიხედები, ნისლი ჩამოწვება ხეებში და გაიფიქრებ, რა მაგარ ადგილას ხარ. შემდეგ ხვდები, რომ ოფლიანი აღარ ხარ, გაუსაძლისი მახინჯი ნაბიჯების გადადგმა აღარ გიწევს და ის გაუცხოებული სიშიშვლეც სადღაც ქრება. ბოლოს კმაყოფილი სახით იწყებ ჩანთის ამოლაგებას. უკვე იცი შემდეგ ვიქენდზე სად წახვიდე. გიბრუნდება შენი იმიჯის შეგრძნება.ფიქრობ: რა მაგარი ვარ და თავში ალაგებ ფოტოსიუჟეტს ინსტაგრამისთვის.

tatullia

ვწერ იმისთვის, რომ ჩემმა ისტორიებმა სხვა გააღიმოს

მსგავსი ამბები

Back to top button