არქივი

ბავშვების წერილები ღმერთს

9a23cfca2a01

უდიდესი ჰუმანისტი და განმანათლებელი იანუშ კორჩაკი წერდა, სრულყოფილებისთვის, უმჯობესია, მოზრდილმა ადამიანმა ბავშვების იგნორირების ნაცვლად, მათი სულის სიმაღლემდე გაზრდაზე იზრუნოს, რადგან პატარების მიერ აღქმული სამყარო და დამოკიდებულება სუფთა ემოციურობით, სინატიფითა და სპონტანურობით განსხვავდება ჩვენი პრაგმატული, ვითომ, გაანალიზებული და სასტიკი დამოკიდებულებების გამო.

პატარები, ნამდვილად, განსხვავდებიან ჩვენგან და ამ სხვანაირობის გემო ყველა ჩვენგანისთვის ნაცნობია, ვისაც საკუთარი თავი გვახსოვს. ბავშვებს საკუთარი აზრი აქვთ კეთილისა და ბოროტის შესახებაც, საკუთარი კრიტერიუმები, მართალი დამოკიდებულება, არ თვალთმაქცობენ, სისულელეებსაც წრფელი გულით აკეთებენ და ცხოვრებაში ყველაზე საჭირბოროტო, სიკვდილ-სიცოცხლის თემასაც მისაბაძი სიმარტივით ეკიდებიან.
ფსიქოლოგებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომლის ფარგლებშიც 6-10 წლის, 1-4 კლასელ ბავშვებს სთხოვეს წერილი მიეწერათ ღმერთისთვის, დაესვათ ის შეკითხვა, რომელზე პასუხიც მათ ყველაზე მეტად აინტერესებდათ და მოეყოლათ მისთვის, რისი მოყოლაც გულით უნდოდათ.
წარმოგიდგენთ პატარების ბარათებს:
  • როგორ ცხოვრობ ცაში? საჭმელი გაქვს? რამე ხომ არ გჭირდება?
  • ადამიანები ისე იტანჯებიან დედამიწაზე… შენი ჯოჯოხეთი, ნუთუ, კიდე უფრო უარესია?
  • შენ, რა თქმა უნდა, მიყვარხარ, მაგრამ დედიკო და მამიკო მირჩევნია, ხომ არა უშავს?
  • თუ შეიძლება, მე ნუ მოვკვდები რა.
  • დედა რომ არ მყიდულობს ხოლმე გემრიელობებს, შენ კარნახობ ხოლმე ამას?
  • გაზაფხულზე, საღამოს, შენ რომ ვარსკვლავებს რთავ ცაში, დედამიწას თბილ ნიავს უბერავ, გარშემო ჩამი-ჩუმი არ ისმის და სულ სუწყნარეა, რატომ მინდება ხოლმე ტირილი?
  • როგორაა, რომ, ყველაფერი უფლის ნებაა? ზაფხულიც, დედას ავადმყოფობაც, ომიც?
  • უფალო, რამდენი წლის ხარ?
  • კათოლიკეებს ერთი ღმერთი ჰყავთ, მუსლიმებს_მეორე, იუდეველებს_მესამე, ლუთერანებს_მეოთხე, მართლმადიდებლებს_მეხუთე. რამდენნი ხართ, ერთი, მანდ?
  • დედამიწაზე რომ ისვრიან, შენთან არ ისმის ღმერთო?
  • შენ ჭუაც გაქვს თუ მთლიანად სულისგან შედგები?
  • პირველად მშობიარობა ხომ კაცებმა დაიწყეს, გაიხსენე ადამის ნეკნი, ევას რომ მისცა. რა არ მოგეწონა, ეს საქმე რომ ქალს დაავალე?
  • ბიბლიაში რომ წერ “პირველად იყო სიტყვაო”, რომელი სიტყვა?
  • ესე იგი, თუ მე სწორად მესმის ევოლუცია, შენ შექმენი ადამი და ევა, დანარჩენი ადამიანები კი მაიმუნებისგან გაჩნდნენ.
  • ღმერთო, საერთოდ, არსებობ?
  • რა უნდა გავაკეთო ცხოვრებაში, რომ დედამ აღარ მცემოს ხოლმე?
  • რამეთი ხომ არ შემიძლია დაგეხმარო?
  • უფრო ადრე რომელი იყო, ადამი და ევა თუ დინოზავრები?
  • ასე რატომ მინდება ხოლმე ცუდი რამის გაკეთება? შენ მცდი?
  • ყველაფერი ასე ძვირი რატომაა?
  • იცი, როგორ მრცხვენია, არაფრის გამო რომ ვარ ღარიბი?
  • ღმერთო, მოდი დავმეგობრდეთ?
  • დედამიწაზე ამდენი უბედურება და ტანჯვა იმიტომაა, რომ ადამიანებს სიცოცხლესთან გამოთხოვება არ ენანებოდეთ?
  • როგორ ვიცხოვრო ისე, რომ დედამიწაზე ყველა ბედნიერი იყოს?
  • ეს სამყარო რატომ შექმენი, არ იცოდი, რომ აურზაური იქნებოდა?
  • სახლში ისეთი ძაღლური ცხოვრება რატომ გვაქვს, რომ ვერცერთი კატა ვერ ძლებს ჩვენთან?
  • სხვადასხვა წიგნში სხვადასხვანაირად აღგწერენ. შენი ფოტოს ნახვა სად შეიძლება? თუნდაც წარღვნამდელის?
  • რატომაა, რომ როცა ვინმეს აწყენინებ, ხასიათი გიფუჭდება და როცა პატიობ, გახარებული ხდები?
  • მართალია, რომ შენამდე ადამიანები მაიმუნები იყვნენ?
  • ათეისტები გთხოვენ ხოლმე რამეს?
  • რამდენჯერ უნდა შევცდე სიყვარულში? 3 შეცდომა უკვე მაქვს.
  • რატომ ვბერდებით?
  • რატომაა ზოგიერთი ადამიანი ასეთ არამზიანი?
  • რატომაა, რომ სიცოცხლეს შენ აძლევ ადამიანს და მისი წართმევა ნებისმიერს შეუძლია?
  • თუ რამე მტკივა, ეს იმას ნიშნავს, რომ მიბრაზდები?
  • რატომაა, რომ როდესაც მამიკო სამუშაოდან მოდის, სახლი ბნელდება?
  • რატომაა, რომ როდესაც შეყვარებული ხარ, ყველაფერი მოგწონს, შემწვარი კვერცხიც კი?
  • ბედნიერება ყველა ადმაინისთვის არაა სავალდებულო?
  • ბავშვობა მთელ ცხოვრებას გყოფნის?
  • შენ რა ფორმით არსებობ?
  • ჩართე, თუ შეიძლება, მზე. თორემ სახლში გათბობა გამოგვირთეს და ბებოს სცივა.
  • ისე გააკეთე, რომ ყოველთვის კარგად ცხოვრობდე, გქონდეს კარგი სახლი და ბევრი ფული… და გახსოვდეს ვინ გისურვა ეს.
  • ძვირფასო ღმერთო, გეხვეწები, ისე ქენი, რომ ბებიით დაწყებული სპილოებით დამთავრებული, ყველა ბედნიერი, მაძღარი იყოს და ეცვას ფეხსაცმელები.
  • დამეხმარე ღმერთო, მთელი ცხოვრების განმავლობაში კარგად ვისწავლო სკოლაში.
  • ცოტა ხნის წინ 35 დოლარი მომპარეს, ისე ქენი რა, რომ ვინც მომპარა, დაკარგოს და ისევ მე ვიპოვო. რა თქმა უნდა, ის შენ და თავის ბედს ხმამაღლა დაუღრიალებს, ჩვენ ამით გამოვიცნობთ, ვინაა ქურდი და მე და შენ ცოდვის გამო შემოვულაწუნებთ.
  • მე კი მოვთხოვდი ჭკუას ჩემ მშობლებს, მაგრამ მათ საერთოდ არ ესმით ჩემი.
  • გამომიგზავნე რა ერთ ტომარა ფული, მცნება ხომ ამბობს “შეიყვარე შენი მოყვასი და ასმაგად დაგიბრუნდებო?” დათვალე, რამდენი გამომივიდა უკვე.
  • მომეცი ჯადოსნური ჯოხი და შეგეშვები.
  • კარგი კალიგრაფია გამიჩინე რა, მაშინ საკონტროლოს ნორმალურად დავწერ და თან ჩემი წერილების წაკითხვაც გაგიადვილდება.
  • მინდა, რომ მთელი სამყარო მეგობრულად ცხოვრობდეს. არ ომობდნენ. არ მინდა ომი. ნუ, კარგი, ახლა გადავიდეთ უკეთეს ნაწილზე. მინდა ვიყო მდიდარი, ამინ.
  • მე მინდა, კარგად ვიცხოვრო, კარგად კი არა, ძალიან კარგად.
  • გამომიგზავნე, ღმერთო, ფისუნია, რომელსაც მე რომ მომწონს, ის სახელი ერქმევა.
  • გეხვეწები, ღმერთო, გეხვეწები! ისე ქენი, რომ დედიკომ აღარასდროს ჭამოს აბები.
  • მინდა, დედამიწაზე მშვიდობა იყოს, მინდა მესამე კლასში გადავიდე, მინდა სწრაფი ველოსიპედი და კიდევ ტუალეტში გასვლა.
  • დიდ ხანს ვიფიქრე, რა მეთხოვა, იქნებ ძაღლი? მერე ვთქვი, რომ სისულელეების გამო შენი შეწუხება არ ღირს. რამე უფრო მნიშვნელოვანი უნდა გთხოვო. ასე რომ, მინდა, რომ დედა სამსახურიდან ყოველთვის მხიარული და კეთილი დაბრუნდეს ხოლმე.
  • მინდა, რომ ახალგაზრდობაში ვიცხოვრო კარგად და ბედნიერად, სიბერეში მარტო ბედნიერადაც შეიძლება.
  • ერთ ანგელოზი მაინც მაჩვენე ჩუმად.
  • დაე, დედამიწაზე არავინ არასდროს იტიროს.
  • დედა დამიბრუნე.
  • შემიყვაროს იმან, ვინც მე მომწონს, სამაგიეროდ, მე ცოლად მოვიყვან.
  • დედამიწაზე რაც იარაღია, ყველა დაამტვრიე, ღმერთო.
  • ბევრი უცრემლო დღე მინდა.
  • ამბობენ, რომ ადამიანი დედამიწაზე სხვა რამედ ბრუნდება, ისე ქენი, გთხოვ, რომ მე ჩემ ძაღლად მოვიდე და ის კიდე მედ… და ჩვენ ისევ ერთად ვიქნებით.
  • ხანგრძლივი და მხიარული ცხოვრება მომიწყვე.
  • მოდი, სიკვდილამდე შევხვდეთ ერთმანეთს.
  • მოწევას თავს გავანებებ, ოღონდ დედიკო და მამიკო შეარიგე ღმერთო.
  • ჩემთვის არ გთხოვ, კაცობრიობისთვის მინდა რაღაც. გეხვეწები, ისე მოაწყვე, რომ ადამიანებმა იმაზე 11 წლით მეტი იცხოვრონ, ვიდრე ცხოვრობენ ხოლმე.
  • ისე ქენი, რომ ადამიანები მშვიდად და ბედნიერად კვდებოდნენ.
  • შენს სახლში მინდა სტუმრად მოსვლა. ასე ერთ კვირაში მეცლება.
  • დაე ადამიანებმა სხვა ადამიანები აღარ მოკლან.
  • მე მინდა, რომ ჩემი დაბადების დღე წელიწადში ერთხელ კი არა, ხუთჯერ იყოს. საჩუქრების გამო კი არა, უფრო ხშირად ვნახავდი მამიკოს.
  • მე მინდა, ყველა იღიმებოდეს, ვისაც შევხედავ.
  • მშვიდი და წყნარი სიბერე მინდა.
  • როდესაც ჩემი ძაღლი დედამიწას დატოვებს, შენთან წაიყვანე. ნამდვილი მეგობარი გეყოლება. 7 საათისკენ გაასეირნე ხოლმე. ყველაფერს ჭამს, არ დაუყვირო, შეიძლება დაგიღრინოს.
  • ღმერთო, ისე გააკეთე, რომ ცაზე ბებოს და ბაბუს სახეები გამოისახოს და გამიცინონ.
  • გეხვეწები მოძებნე ანატოლი პაპანოვის მგელი, ევგენი ლეონოვის ვინი პუჰი, ანდრეი მირონოვის ლეოპოლდი და გადაეცი, რომ გვიყვარს.
  • დაე ყველა ადამიანი ბედნიერი იყოს. მაშინ აღარ გაბოროტდებიან.
  • დაე კარგები იყონ კარგად და ცუდები_ ცუდად.
  • სუპერმენად გადამაქციე. ახლა არ მითხრა, რომ უნდა ვივარჯიშო, ყოველ დღე ვირბინო, დილაობით გავკაჟდე. ეს ყველაფერი ისედაც მესმის მამაჩემისგან.
  • ღმერთო, გეხვეწები, დედა უკვდავი გახადე.
  • ლექსი დავწერე, სულელური ლექსია, არავისთვის მჩვენებია, მაგრამ შენ წაგიკითხავ:
    დიდები ცრემლებით ტირიან, დიდები თვალებით ტირიან,
    პატარები გულით ტირიან, პატარები ცხოვრებით ტირიან,
    მაგრამ თუ უფროსი ტირის ისე, როგორც პატარა,
    მაშინ, ის მართლა ტირის.
  • მასთან ერთად ბაღში დავდიოდი 2 წლის განმავლობაში, მერე მთელ ნახევარ წელს ერთ კლასში ვსწავლობდით და ერთ დღეს გამომიცხადა: “მე და შენ განსხვავებული ადამიანები ვართო” წარმოგიდგენია? სიკვდილზე უფრო ცუდად გავხდი.
  • ვიღაც-ვიღაცეები ისრ ცხოვრობენ, რომ მზეს აბნელებენ.
  • ეჰ, ნეტა ადრე გაგეცანი, ღმერთო, ბაღში რომ დავდიოდი. ახლა ცოტა შევიცვალე.
  • წუხელ გენიალური რაღაც გავიგე, ერთი სასაფლაო არსებობს, სადაც ადამიანებს თავის საყვარელ, გარდაცვლილ ცხოველებთან ერთად მარხავენ. ყოჩაღ, რომ ადამიანებს ასეთი აზრი მიაწოდე.
  • აი, დააკვირდი, თუ მაინც მოვკვდებით და ჩვენი ცოდნა დაიკარგება, რატომ უნდა ვიწვალოთ?
  • იცი, რაც დედამ მიგვატოვა ჩვენ და მამას ისე გვინდება ხოლმე ქალის მოფერება.
  • როგორი საშიშია, რომ ხვალე შეიძლება არც კი დადგეს.
  • ღმერთო, დაპატიჟებული ხარ ჩემ დაბადების დღეზე, რომელიც შედგება 4 აგვისტოს 14 სათზე. გელოდები. ფული თუ არ გაქვს, საჩუქრის გარეშე მოდი.
  • ყვავილები უფრო ლამაზი გაგიკეთებია, ვიდრე ადამიანები.
  • მე მგონი შენ ნიჭერი ადამიანები დროზე ადრე მიგყავს შენთან. შენც მოგწონს ისინი?
  • შეძლებ ჩემი ცოდვები მომიტევო? თუ არა, მე მათ ჩადენას გავაგრძელებ, მაგრამ უკვე მშვიდი სინდისით.
  • ოდესმე გაგიყვია ქათმის ფეხი ექვს ნაწილად? ჩვენ ოჯახში მასე ვსადილობთ.
  • მე ცუდი ვარ, მაგრამ ქვა იმან მესროლოს ვინც კარგია, შენ არა.
  • ჩვენ უფრო ნათლად გვესმის შენი, ვიდრე უფროსებს.
  • მე ჯერ კიდევ პატარა ვარ, მესამე კლასში ვსწავლობ. ცოდვები ჯერ არ ჩამიდენია, მაგრამ ვაპირებ.
  • არ მინდა დიდების ქვეყანაში. იქ ყველაფერი ტყუილია.
  • აბა, მეორედაც შექნიდი ადამიანს?

(წყარო – interest.ge)

LUKAbarca

my name is Luka.I'm 15 years old.I am from Georgia

მსგავსი ამბები

Back to top button