არქივი

როგორ გავიუმჯობესოთ მეხსიერება

9a6b1ef9e46c

ადამიანის ტვინი უზარმაზარ ბიბლიოთეკას ჰგავს, სადაც წიგნების ნაცვლად მეხსიერებაა შენახული. როგორც ყველას ბიბლიოთეკას, ტვინსაც ჭირდება თავისი ბიბლიოთეკარი. ამ საპასუხისმგებლო სამუშაოს ტვინის სტრუქტურული ერთეული – ჰიპოკამპუსი ასრულებს. იგი მოკლე–ვადიან მეხსიერებაზეა პასუხისმგებელი, უფრო მარტივად გასაგები რომ იყოს – ყველა ახალი „წიგნი“ ანუ ინფორმაცია და მოვლენა დროებით მასთან იყრის თავს. შემდეგ იგი ახარისხებს სხვადსხვა სახის მოვლენებს და ინახავს მათ შესაბამის კატეგორიებში, სადაც ისინი სიცოცხლის ბოლომდე აწყვია და იმტვერება. ასეთი თემატური დაყოფა შემდეგ მოსახერხებელს ხდის შენახული ინფორმაციის სწრაფ მოძიებას. უსარგებლო და უინტერესო ინფორმაციებს ჰიპოკამპუსი „პატივს არ ცემს“ და უწესრიგოდ მიყრის სადმე „კუთხეში“, შემდეგ კი უჭირს ამ „გროვაში“ საჭირო ინფორმაციის პოვნა. სწორედ ამიტომ გვიჭირს ხოლმე უცებ გახსენება, სად დავდევით გასაღები ან რა მივირთვით გუშინ საუზმეზე. გარდა ამისა, ჰიპოკამპუსს პირადი, სუბიექტური „გემოვნებაც“ აქვს და ზოგერთ ინფორმაციას „ხელთან ახლოს“ ინახავს, ზოგს კი აითვალწუნებს და სადმე „შორეულ თაროზე“ შემოაგდებს. ამიტომაც ხდება, რომ ზოგჯერ წამში გვახსენდება საბავშვო ბაღის მასწავლებლის სახელი, რომელიც მას შემდეგ საერთოდ არც შეგვხვედრია და ვერაფრით ვიხსენებთ სამი დღის წინ დაზუთხულ რომელიღაც ლათინურ ტერმინს ან უშინაარსო წესდებას.
ნებისმიერ ასაკში და საქმიანობაში გვჭირდება კარგი მეხსიერება და არსებობს მისი გაუმჯობესების სხვადასხვა საშუალება.
10.

8bdd544c9a73
ალკოჰოლის მიღება საკმაოდ სასიამოვნო და ადვილად შესასრულებელი საშუალებაა. რა თქმა უნდა, ეს არ გულისხმობს ლოთობას. ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება უარყოფით გავლენას ახდენს ორგანიზმზე და პირველ რიგში, ტვინის სხვადასხვა უბნებზე. მაგრამ ზომიერი რაოდენობით ღვინის მიღება აუმჯობესებს ტვინის მოქმედებას და შესამჩნევად ხელს უწყობს მეხსიერების გაუმჯობესებას. ჩატარებული კვლევების თანახმად, ის ადამიანები, რომლებიც ზომიერად მოიხმარდნენ ღვინოს, ბევრად უკეთესად ართმევდნენ თავს მეხსიერებისა და უნარ–ჩვევების ტესტირებებს, ვიდრე ისინი, ვინც ალკოჰოლის ჭარბად ან საერთოდ არ მოიხმარდნენ. გარდა ამისა, იმ ადამიანებს ვინც დღეში 1–2 ჭიქა ღვინოს იღებს, თითქმის 50% ნაკლები შანსი აქვს ალცჰეიმერის დაავადების განვითარებისა.
თუმცა, სანამ ამ მეთოდს მიმართავათ, ჯერ ოჯახის ისტორიას გადახედეთ – ალკოჰოლისადმი განსაკუთრებული მიდრეკილება ხომ არ გაქვთ გენებში. და თუ ეს ასეა, შეგიძლიათ ყურძნის წითელი ჯიშები მიირთვათ – ისინიც საკმაოდ ეფექტურია.
9.

08dc3b861798
ცხოვრების სხვადსხვა სტრესული სტუაციებიდან გამომდინარე, ადამიანი ხშირად ბრაზდება ან ღიზიანდება. აგრესიის ნებისმიერი სახით გამოვლინება კი პირდაპირ „ჭამს“ ჩვენი ტვინის მეხსიერების უბნებს. ხშირად სტრესის გამომწვევი ფარული დეპრესიაა. მისი სიმპტომები კი ესოდენ ნაცნობი უყურადღებობა, კონცენტრაციის ნაკლებობა, გულმავიწყობა და გონებაგაფანტულობაა.
დეპრსესიას იწვევს სისხლში კორტიზოლის რაოდენობის გაზრდა, რაც თავისთავად იწვევს თავის ტვინში ამ ჰორმონის მომატებას. მისი უარყოფითი ზემოქმედების შედეგად ჰიპოკაამპუსი პატარავდება. იმ ადამიანებს, რომლებსაც თუნდაც მრავალი წლის წინ ჰქონდათ დეპრესია, ჰიპოკამპუსი 15% –ით მცირე ზომის აქვთ. ამის გამო არათუ ძველის გახსნება, არამედ ახალი ინფორმაციის დამახსოვრებაც გაძნელებულია. დეპრესიისთვის ასევე დამახასიათებელია ძირითადად უარყოფითი მოვლენების დამახსოვრება.
დეპრესიით გამოწვეული მეხსიერების დარღვევები ადვილად ინკურნება, მთავარია დროულად აღმოვაჩინოთ ნამდვილი მიზეზი და ყველაფერი ნაადრევ სკლეროზს არ დავაბარალოთ . თანამედროვე მედიკამენტების მიღებით უკვე ადვილი შესაძლებელია ჰიპოკამპუსის რეგენერაცია.
8.

7179c0ce476c
როგორც კი ამ პოსტის კითხვას დაამთავრებთ, აბრძანდით და მსუბუქად წაივარჯიშეთ – ტვინის ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია მოძრაობა. ტვინის მუშაობა დამოკიდებულია მისთვის ჟანგბადისა და გლუკოზის მიწოდებაზე, რაც თავის მხრივ დამოკიდებულია სისხლის მოძრაობაზე. უმოქმედობა ანელებს სისხლის ცირკულაციას და ჟანგბადის მომლოდინე ტვინის ქმედითუნარიანობაც იკლებს. უმოძრაობა ხელს უწყობს სიმსუქნის განვითარებასაც, რაც თავის მხრივ იწვევს სისხლძარღვების სანათურის შევიწროვებას. ესეც საბოლოო ჯამში ტვინის სისხლმომარაგებას აქვეითებს. ასე რომ, მეტი ივარჯიშეთ, ფეხით ისეირნეთ ან უბრალოდ ხშირად იცეკვეთ
7.

7615fadd9a46
ეს სახალისო მეთოდი იმაზე ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ. ინფორმაციის დასამახსოვრებლად გამოიყენეთ სიტყვების ვიზუალიზაცია. მაგალითად, სამ საათზე ვიღაც ფრანგი სუპერპროფესორის ლექციას უნდა დაესწროთ. წარმოიდგინეთ, ნაპოლეონის ქუდში გამოწყობილი თმაგაჩეჩილი სათვალიანი მოხუცი, რომელიც ლექციას უტარებს სამ გოჭს – ნიფ–ნიფს, ნაფ–ნაფს და ნუფ–ნუფს ცნობილი ზღაპრიდან. დარწმუნებული იყავით, რომ არავითარ შემთხვევაში არ დაგავიწყდებათ ლექციის დრო. სურათის შექმნაში აბსოლუტური თავისუფლება გენიჭებათ. მთავარია, რაც შეიძლება სწრაფად, წამებში მოხდეს იმიჯის გონებაში აღბეჭდვა. რაც უფრო უცნაური, სულელური და ალოგიკური იქნება წარმოსახვა, მით უფრო კარგად დაგამახსოვრდებათ. ვთქვათ, სახლიდან ნაჩქარევად გადიხართ და კარის გამოხურვისას ხვდებით, რომ ტელევიზორის პულტი აბაზანაში შეგყვათ, საღამოს კი ძებნა მოგიწევთ. იმწამსვე წარმოიდგინეთ, პულტი როგორ იღებს შხაპს და ქაფით მოთხუპნული ბოლო ხმაზე მღერის. რაც არ უნდა დაღლილი დაბრუნდეთ სახლში, ორ წამში გაგახსენდებათ, პულტი სად დაგრჩათ.
მსუბუქად რომ ვთქვათ, ცოტა უცნაურად კი ჟღერს ეს ყველაფერი, მაგრამ რაც უფრო ხშირად მიმართავათ ამ მეთოდს, მით უფრო მალე გადაგივათ ჩვევაში და ნაკლებად დაგჭირდებათ ყოველ წუთას „ნოუთებში“ ჩანიშვნა.
6.

dc35420b6296

ყურადღების მოკრება, კონცენტრირება – აუცილებელია მეხსერების ეფექტურად მუშაობისთვის. 8 წამი სწორედ ის დროა, რაც ინფორმაციის დამახსოვრებისთვისაა აუცილებელი. ლექსის სწავლის დროს ხშირად გავიწყდებათ სტროფის დასაწყისი, უცებ ჩახედავთ წიგნს, წაიკითხავთ და უცბადვე დახურავთ. შედეგი – ის სიტყვა ისევ არ გახსოვთ. დახედავთ საათს, ან კალენდარს – ვერ დაიმახსოვრებთ და ხელახლა ამოწმებთ. 8 წამი ინფორმაციის გააზრებისა და ვიზუალური დამახსოვრებისთვის აუცილებელია. მართალია, ყოველ წუთას წამების თვლას ვერ დაიწყებთ, ამიტომ უბრალოდ ცოტა უფრო დიდხანს შეყოვნდით დასამხსოვრებელ მასალაზე – დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ასე უფრო ნაკლები დრო დაგეხარჯებათ, ვიდრე ერთი და იგივე ქმედების რამოდენიმეჯერ გამოერებაში.
ასევე ეფექტურია ინფორმაციის ხმამაღლა წარმოთქმა – დიახ, როგორც სკოლის მოსწავლე გაკვეთილის სწავლისას( ოღონდ გარშემოც მიმოიხედეთ – ვინმე არ „გააკვირვოთ“). მაგალითად, თქვით ხმამაღლა „ სათვალეს ვტოვებ სამზარეულოს მაგიდაზე“, ან „საღამოს რომ უნდა დავურეკო, იმ ტიპს ჰქვია „ესადაეს“. ბევრად უფრო გაგიადვილდებათ გახსენება.
მუშაობის ან მეცადიენობის დროს შეამცირეთ გარეშე ხმაური, დაუწიეთ მუსიკას, გამორთეთ ტელევიზორი. სამუშაო მაგიდა ისე დადგით, რომ თვალი რაც შეიძლება ნაკლებ მოვლენებს ხედავდეს. ეს ყველაფერი დაგეხმარებათ ყურადღების კონცენტრირებაში.
შეხვედრაზე, კონფერენციაზე და ისეთ ადგილას, სადაც ასევე ყურადღების მობილიზებაა საჭირო, თავიდან ამოიგდეთ ისეთ უსარგებლო რამეებზე ფიქრი, რასაც იმ მომენტში მნიშვნელობა არ აქვს – რატომ ჩაიცვით ეს ნაცრისფერი და არა ის ლურჯი პიჯაკი, რა დაგხვდებათ საღამოს ვახშმად, რატომ მიაღწია ამ მელოტმა და მინუსშვიდიან სათვალიანმა ტიპმა თქვენზე მეტს ცხოვრებაში, ღამით ნანახ ძალიან საინტერეო ფილმში რატომ მოკლა რეჟისორმა ბოლოს ის გოგო და ა.შ. დაუსრულებლად. უსმინეთ და იფიქრეთ მხოლოდ იმაზე, რაც იმ მომენტში გჭირდებათ.
5.

c21bd48a6290

ამა თუ იმ პიროვნების გვარის დასამახსოვრებლად გამოიყენეთ ისევ ვიზუალიზაციის მეთოდი – ეს ადამიანი წარმოსახვაში გადააქციეთ გვარში შემავალ არსებით სახელად. თუმცა ეს მეთოდი აზიურ ქვეყნებში მაინცდამაინც ვერ გამოგადგებათ. სახელის დასამახსოვრებლად კი რამოდენიმეჯერ გაიმეორეთ გონებაში. მაგალითად, გაგაცნეს ვინმე ნანა ჯაფარიძე ( ეს სახელი და გვარი სრული რანდომია). წარმოიდგინეთ მუტფილმ „ალადინში“ რომ ჯაფარაა ( მე პირადად ეს გამახსენდა) და თქვენს წინ მდგომი ნანა გადააქციეთ ულვაშიან ჯაფარად. სახელი რამოდენიმეჯერ გაიმეორეთ გუნებაში – „ნანას სათვალე უკეთია, ნანას მოკლე თმა აქვს, ნანა ბევრს ლაპარაკობს, ნანას გვერდით მაგიდა დგას, ნანა სკამზე ზის, ნანა ჭკვიანია, ნანას ძალიან მაგარი საათი უკეთია, ნანა ნერვებს მიშლის..“ – ანუ არაფრის მთქმელი აღწერა, სადაც მუდმივად ფიგურირებს სახელი. შემდეგ უკვე როდესაც ამ ადამიანს შეხვდებით, აუცილებლად ამოგიტივტივდებათ მისი სახელი და გვარი.
4.

953bd9d07b1ac4ada8105456

ე.წ. დაქუცმაცების მეთოდი უშინაარსო ინფორმაციის დამახსოვრებაში გვეხმარება. როგორ დავიმახსოვროთ, ტელეფონის, სხვადასხვა ექაუნთებისა და ანგარიშების ნომრები? აქაც ასოციაციობანას თამაშია ეფექტური. მაგალითად, დასამხსოვრებელია 101847368. არც არაფერი ლოგიკური კანონზომიერება აქ არ დევს. ამიტომ შევთხზათ რამე ბიოგრაფიული ისტორია– ვთქვათ, 101 დალმატინელი ლეკვი დაიბადა იმ წელს, როდესაც დაიბადა ჩემი და, ანუ 84 ში , 73–ე სკოლაში კი მიმიყვანა დედამ, რომელიც ახლა 68 წლისაა. ყველა ადამიანისთვის თავისი ისტორია არსებობს, ან დაბადების თარიღი ემთხვევა, ან მისამართი, ფეხის ზომა, მანქანის ნომერი, შვილების ასაკი და ა.შ.
3.

287364191c79

ერთხელაც ძველ საბერძნეთში პოეტი სიმონიდესი მიიწვიეს ერთ–ერთ დარბაზობაზე პოემის წასაკითხად. გამოსვლის დამთავრების შემდეგ, როგორც კი პოეტი დარბაზიდან გამოვიდა, მთელი შენობა უცაბედად ჩამოინგრა. გვამები იმდენად იყო დასახიჩრებული, რომ ოჯახებმა ვერ შეძლეს ახლობლების ამოცნობა. მხოლოდ სიმონიდესის დახმარებით მოხდა მათი ამოცნობა, რომელმაც გაიხსენა თითოეული მათგანი იმის მიხედვით, თუ ვინ სად იჯდა.
შემდეგ ნივთების ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით დამახსოვრებას ლოჩის (locus, loci – მდებარეობა) მეთოდი დაერქვა და აქტიურად ისწავლებოდა ძველ საბერძნეთში.
ეს მეთოდი თანამედროვე ცხოვრებაში ასე გამოიყენება. ვთქვათ, ხვალ გაქვთ ბევრი პატარ–პატარა საქმე გასაკეთებელი: სამსახურის შემდეგ უნდა აიღოთ ანალიზების პასუხები, გამოიტანოთ ქიმწმენდიდან პალტო, გადაიღოთ სურათი, გადაიხადოთ კომუნალური გადასახადები, დააბრუნოთ წიგნი ბიბლიოთეკაში.
ახლა ავიღოთ ისეთი ყოველდღიური ქმედებები, რომლებსაც ერთი და იგივე თანმიმდევრობით ვაკეთებთ. მაგალითად, მარშრუტი სამსახურამდე: ჩავუვლით მაღალ კორპუსს, შემდეგ პარკს, შევდივართ არკაში, გავივლით ყავახანასთან და ჩავუხვევთ სუპერმარკეტთან. ახლა კი გონებაში „შევალამაზოთ“ ჩვენი ნაცნობი მარშრუტი : მაღალ კორპუსს გავაკრათ თეთრხალათიანი ექიმის ბილბორდი, პარკში დავდგათ ჩვენი პალტოს ქანდაკება, არკაში ჩამოვკიდოთ ჩვენი გაღიმებული სურათი, ყავახანას ვიტრინებზე გავაკრათ ქვითრები, სუპერმარკეტის დახლებზე კი მხოლოდ წიგნები დავაწყოთ.
იგივე შეიძლება გავაკეთოთ საყიდლების სიაზე და ა.შ.
2.

7bd06d38240a

გამოიყენეთ საყოფაცხოვრები ნივთები. მაგალითად, დათქვით რაღაც საქმის გაკეთება და მაჯის საათი ამოტრიალებულად გაიკეთეთ. შემდეგ, რამდენჯერაც საათს დახედავთ, ის საქმე გაგახსნედებათ. სანამ არ შეასრულებთ, საათი არ გაისწოროთ. ან თუ დილით აუცილებლად უნდა გააკეთოთ რამე და წინასწარ ხვდებით, რომ დაგავიწყდებათ, აიღეთ რამე საძინებლისთვის უჩვეულო ნივთი, მაგალითად, ტოსტერი, და დადევით იგი შუა საძინებელში იატაკზე. მეორე დილით, როდესაც იატაკზე უადგილოდ აღმოაჩენთ ტოსტერს, აუცილებლად გაგახსენდებათ, თუ რატომ დადეთ იგი. თუ თქვენს სკოლიდან მოსულ შვილს ფეხსაცმელების გახდა ავიწყდება და ტალახიანი ჩექმებით მთელ სახლში დარბის, მაშინ მისი მოსვლისთვის მისი ჩუსტები პირდაპირ კარის სახელურს ჩამოაცვით ან შემოსასვლელის ჭაღზე დაკიდეთ და მას მაშინვე გაახსენდება ჩუსტების არსებობა.
1.
f9e7971cee96
საუკეთესო მეთოდი ისევ და ისევ ტვინის ვარჯიშია. ამ მეთოდების სარგებლობაში შეიძლება დაეჭვდეთ კიდეც, მაგრამ რაც უფრო ხშირად ეცდებით მათ გაკეთებას, მით უფრო სწრაფად და ბუნებრივად გადაგივათ ჩვევაში. დასაწყისისთვის კი შეგიძლიათ ასეთი მარტივი ვარჯიშები გააკეთოთ – ვთქვათ, რესტორანში შეკვეთილ კერძს ელოდებით. მიმოიხედეთ ირგვლივ და სხვა მაგიდებთან მსხდომ ადამიანებს სახელები დაარქვით. შემდეგ დახედეთ თქვენს თეფშს და ეცადეთ გაიხსენოთ, ვის რა „ქვია“. ან საყვარელი გადაცემის ყურების შემდეგ გაიხსენეთ, რა ეცვა წამყვანსა და მის სტუმრებს. სალონში ლოდინისას გადაათვალიერეთ ნებისმიერი ჟურნალი, დახურეთ და გაიხსენეთ, რა სათაურები, რეკლამები ან ცნობილი ადამიანები შეგხვდათ.
ასევე ეფექტურია ამ მეთოდების სხვისთვის ახსნა და სწავლება. ამ დროს თქვენი ტვინი თავად რწმუნდება მათ ეფექტურობაში.
ზემოხსენებული ათივე თუ არა , რამოდენიმე მეთოდის გამოყენება ხელს შეგიწყობთ მეხსიერების გაუმჯობესებაში.

მსგავსი ამბები

Back to top button