არქივი

ლურჯთმიანის სტუმრობა ქალაქში

v2SDNnPSAVfLUWWVNiI6IJhW1aYWV6rN9FfgS5mXTZ23mgbYBL09D1ekRoU2dN72iZQm YLL TeDGhTq7g=s1200

ქალაქის ვერცერთი მცხოვრები ვერ წარმოიდგენდა,საღამოს მათი ქუჩების თავზე ცოცხიანი არსება თუ იფრენდა. მოუხდათ. ყველამ ფეისბუქს მიმართა, წერდნენ, პოსტავდნენ, რა ხდება ნეტავო.მოკლედ იყო ერთი კომენტარობანა. შავცოცხიანი მონსტრი კი იცვლიდა ადგილებს სახურავებიდან ხეების, ხეებიდან ბოძების მიმართულებით.შფოთავდა საზოგადოება.გამგეობის შენობაში საგანგებო სხდომა მოიწვიეს. თბილისს უნდა გავაგებინოთო, მერმა.საკრებულოს წევრმა აზრი გამოთქვა, რა გავაგებინოთო. ტელეფონზე გუბერნატორმა დარეკა. დიახ, ბატონო, დიახ, ვცდილობთ ვაკონტროლოთ სიტუაცია, ალბათ ვინმეს ფოკუსებიაო. გადაწყდა: ხალხი დავამშვიდოთ, რომ მომვალი დღესასწაულის ღონისძიების სამზადისში ილუზიონისტი ვარჯიშობს და ღამის განმავლობაში მოვძებნოთ და დავაკავოთო.ინტერნეტს რა ვუყოთო? ჩვენს ხელში არაა, გავთიშოთო, ვითომ დაზიანდა რამეო. მობილური ინტერნეტის ფული კიდევ სად აქვთ ჩვენს ქალაქელებსო.

ჩამობნელდა. ცაში აღარაფერი მოძრაობდა რამდენიმე გზააბნეული ჩიტის გარდა და ყველა დაწყნარდა.კანტიკუნტადღა ჩანდა პოსტები ფეისბუქში. გამგეობის შენობაში მაინც ენთო შუქი. პოლიციის უფროსი ვერცერთი საპატრულო ეკიპაჟისგან კარგს ვერაფერს იგებდა.ისხდნენ, ყავას სვამდნენ და ბჭობდნენ.

რატომ გარბიან აქეთ იქით, ვერც კი ვკითხე ვერავის ის, რის გამოც გამოვფრინდი აქეთ- მსგავსი ფიქრებით იყო უცნობის თავი?(სავარაუდოდ თავი) სავსე, როდესაც გამგეობის შენობის გვერდზე კაკლის ხის ფოთლებს შორის ოდნავ გამოჩნდა ლურჯი ბრჭყვიალა და გაბურძგნული თმები. ამ დროს შენობიდან მოხუცი გამოვიდა.ალბათ უთხრეს, წადი დაიძინე, მაინც ვერაფერს გვეხმარებიო. თავის უსარგებლობაზე ჩაფიქრებული კაცი ნელა გამოუყვა ქუჩას და ცრემლიც კი მოერია. თვალი რომ მოიწმინდა და ხელი ჩამოიღო, უცნობი დაინახა და ადამიანურ ენაზე ხმა გაიგო: როგორო, რატომო. მოხუცი შიშისგან გაქვავდა. ეჰო, ამოიოხრა მეორემ, თითი დაადო ქვას და ის ნამსხვრევებად იქცა. გაფრინდა, იქნებ სახლების ფანჯრებში ვნახო რამეო. მიფრინდა კორპუსის დამწვარ აივანთან. ცოცხი მიაყუდა და მოაჯირზე ჩამოჯდა. ხვრინვა ისმოდა ოთახიდან და შეიხედა. რკინის საწოლზე კაცს ეძინა, თმაგაცვენილი ქალი აუთოვებდა,ისეთი მოწყენილი და გადაღლილი ჩანდა, ტირილი მოგინდებოდა. ლურჯი თმები რომ დაინახა, ჯერ არაფერი თქვა. ხმა რომ გაიგო, კივილი დაიწყო. სტუმარი გადახტა აივნიდან, მოაჯირზე აყუდებული ცოცხი კი დარჩა. იმ ქალმა კიდევ წლების შემდეგ პირველად გაიცინა, ოღონდ გაცინებული დარჩა. შეშინებულმა მონსტრმა კი ქვეითად გააგრძელა ქალაქის ქუჩებში სიარული. მთვრალი მობანცალებდა, მგონი ბანცალის გარდა აღარაფერი დარჩენოდა. შენ მაინცო, კითხვა რომ გაიგო ამ მთვრალმა, შიშისგან დაიღვარა. მერე მსუქანი პოლიციელი გამოეკიდა, რომელიც იქამდე ფიქრობდა, რა დროს ეს ამბავი იყო, ჩემი ხელფასის პატრონი შუბლში ტყვიას უნდა იშენდესო. ესროლა და ტყვიასავით გავარდა. გამთენიისას სოფელში ჩავიდა უკვე დაღლილი უცნობი. იქ დედა ბავშვს გაუბრაზდა, დიდი ბიჭი ხარ უკვე, როგორ იქცევიო. სლუკუნ-სლუკუნით ეზოში გამოსულ ბავშვთან რომ მივარდა , ერთს გკითხავო, ის უცებ გაქრა. შავცოხიანი არსება ბოლოს ტყეში მიიმალა, ოღონდ ცოცხის გარეშე უკვე.

დილას ქალაქი შეძრული იყო ღამის ამბებით. გამგებელმა გუბერნტორთან დარეკა, იქიდან თბილისში. ჩამოვიდნენ ფორმიანები, უფორმოები, ამბის მომკითხავები და გამკითხავები. გამოცოცხლდა აღარ ერქვა ქალაქს.ცოცხი იპოვეს, მძინარე კაცი გაოგნებული უყურებდა. წაიღეს სასწრაფოდ ექსპერტიზაზე.

მესამე დღეს ქალაქიდან ყველა ჩამოსული წავიდა. გამგებელი მოხსნეს, გაუჩინარებული ხალხი უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოაცხადეს და ბევრი პატაკი დაწერეს. ქალაქელებს კი გაახსენდათ გაქვავებულები, დაღვრილები, გავარდნილები და მოიწყინეს. წერდნენ და პოსტავდნენ, ნეტა მაინც რა იყო ესო. მორწმუნეები ამბობდნენ, ანტიქრისტემ გაგვაფრთხილაო, ინტელექტუალები პარალელურ ცივილიზაციებზე საუბრობდნენ, მთავრობა ოპოზიციის პროვოკაციას აბრალდებდა. ამ სტუმრობის მიზეზი მაინც ვერავინ დაადგინა. აღარც უკითხავთ დიდად.

ლურჯთმიანს კი სახეზე შავი სითხე ჩამოსდიოდა. არ უნდოდა, არ ეგონა, არ იცოდა. თავისდაუნებურად კი ამდენი რამე შეცვალა ქალაქისთვის. არ იცოდა აქამდე, ამხელა ძალა თუ ჰქონდა მის ხმას. მართლა არ უნდოდა. ცრემლიც არ იცოდა აქამდე, თუმცა აღარ უკვირდა. ამის შემდეგ ხმა აღარ ამოუღია და ვერავინ გაიგო, რომ ის მხოლოდ ერთი რამის გასაგებად ჩაფრინდა ქალაქში. აინტერესებდა, რატომ ტირიან ადამიანები.

tatullia

ვწერ იმისთვის, რომ ჩემმა ისტორიებმა სხვა გააღიმოს

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button