გასართობიკრეატივიუცნაური

ათი შოკისმომგვრელი ქანდაკება, რომელთა ხილვა ნამდვილად ღირს

image

მაშ ასე, თქვენს წინაშეა ათი ყველაზე შემზარავი ქანდაკება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.

 

image

 

1. ბლუციფერი

image

“ბლუციფერი” დენვერის აეროპორტთან ახლოს მდებარეობს. სინამდვილეში ეს სულაც არაა ქანდაკების ნამდვილი სახელი. იგი ერთ-ერთი მეტსახელია ძეგლისა, რომელიც ქალაქის მცხოვრებლებმა მას უწოდეს. გარდა “ბლუციფერისა”, ქანდაკებას “სიკვდილის ლურჯ კვიცსა” და “სატანის ცხენსაც” უწოდებენ. ქანდაკების ორიგინალი სახელი “ლურჯი მუსტანგია”, მაგრამ საკმარისია ერთხელ შეხედოთ მას და მაშინათვე მიხვდებით, საიდან წამოვიდა ეს მეტსახელები. თეორიულად ესაა ყალყზე მდგომი ანატომიურად ნორმალური ცხენი, მაგრამ საკმარისია შეხედოთ მის თვალებს და ხვდებით, რომ ეს სატანის ცხენია.

 

image

 

გასაოცარი სულაც არაა, რომ დენვერის მცხოვრებთა უმეტესობას არ უყვარს ეს სტატუა. მან თავის შემქმნელსაც კი უბედურება მოუტანა: ლუის ჰიმენესი, მუშაობდა რა ათი მეტრის სიმაღლეზე ამ 4100 – კილოგრამიან ქანდაკებაზე, უბედური შემთხვევის წყალობით მისი მსხვერპლი გახდა: მოქანდაკეს თავში დაეცა სტატუის უზარმაზარი ფრაგმენტი. ის ადგილზევე გარდაიცვალა. გარდა ამისა, შეთქმულების თეორიის მომხრეები ფიქრობენ, რომ ეს არის აპოკალიფსის ცხენი გამოცხადების წიგნიდან.

 

2. კეტცალკოატლის ქანდაკება სან-ხოსეში

 

image

 

კეტცალკოატლი-აცტეკების ღმერთია, რომელიც ნაწილობრივ გველი იყო, ნაწილობრივ ფრინველი, საერთო ჯამში კი-დრაკონი. ის აცტეკების ღმერთების უფროსს წარმოადგენდა.

1992 წელს სკულპტორ რობერტ გრემს სთხოვეს გაეკეთებინა სტატუა, რომელიც იქნებოდა არამარტო ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობა, არამედ პატივისცემის გამოხატულებაც ქალაქის ესპანურენოვანი ოჯახების მიმართ, რომლებიც სან-ხოსეს მშობლიურ ქალაქად თვლიდნენ, ძეგლი აგრეთვე უნდა ყოფილიყო თავისებური გახსენება იმ ადამიანებისა, ვინც დააარსა ქალაქი. ასე შეიქმნა კეტცალკოატლი.

ჩვენ არ ვიცით, რამ მოახდინა დიდი გავლენა-სკულპტორის ამბიციებმა თუ 500 ათასმა დოლარმა, რომელიც გრემს ქალაქმა გადაუხადა.

 

image

 

თავდაპირველად მოქანდაკე უზარმაზარი ბრინჯაოს სტატუის დადგმას გეგმავდა, მაგრამ შემდგომში ეს გეგმა რატომღაც შეიცვალა. ფაქტი ერთია, როცა ქანდაკება გაიხსნა, ქალაქის მაცხოვრებლები აღშფოთებული დარჩნენ მისი ხილვით. მათ ჩათვალეს, რომ ძეგლი ქალაქის შეურაცხყოფა იყო და ბევრი საპროტესტო მიტინგიც კი მოეწყო მისი განადგურების მოთხოვნით, მაგრამ ჯერჯერობით ის ისევ თავის უწინდელ ადგილას დგას.

 

3. პრაღელი უსახო ბავშვები

image

პრაღაში მდებარეოობს ჟიჟკოვის ტელეანძა- ქვეყნის ყველაზე მაღალი შენობა, რომელიც 216 – მეტრიან კოშმარს წარმოადგენს. კურიოზია, რომ მან უამრავი ჯილდო მიიღო, როგორც საუკეთესო სკულპტურულმა ნამუშევარმა, მაგრამ ამავე დროს მეორე ადგილი უჭირავს ჩეხეთის უშნო შენობების რეიტინგში.

 

image

 

იმის მაგივრად, რომ პრაღელები უბრალოდ შეგუებოდნენ შენობის ტიტულს: ერთ -ერთი ყველაზე მახინჯი შენობა პრაღაში”, მათ მოინდომეს მისი გალამაზება. ამ გარდაქმნამ კი გამოიწვია ის, რომ ანძის მნახველ სუსტი ნერვების მქონე ბევრ ადამიანს შენობის ხილვა ღამეულ კოშმარად გადაექცა. 2000 წელს ანძის ზოგიერთ ადგილას გაჩნდა უსახო ჩვილი ბავშვების ფიგურა, რომლებიც აღმა-დაღმა დაბობღავენ ანძაზე.

 

image

 

ეს იყო ქალაქის ყველაზე არაორდინალური და წინააღმდეგობრივი სკულპტორის-დავიდ ჩერნოვის ნამუშევარი; ბოჭკოვანი მინისაგან გაკეთებული უსახო ჩვილების უზარმაზარი ფიგურები ქალაქის სხვა ადგილებშიც გამოჩნდა. ეს არის შემზარავი, შიშისმომგვრელი ფიგურები, რომელთა შეხედვა საშინელ შეგრძნებას იწვევს, მით უმეტეს, რომ ბავშვებს სახის ნაწილი უჩანს, ხოლო სად გაქრა დანარჩენი – სხეულის შიგნით შეიწოვა რამემ თუ ასეთი სახით დაიბადნენ ჩვილები-ეს მხოლოდ სკულპტურების ავტორმა იცის.

 

4. “ქალწული-დედა” და “ჭეშმარიტება”

 

image

 

ისევე, როგორც ბევრი მხატვარი, დემენ ჯერსტიც საკმაოდ არაორდინარული ადამიანია. მაგრამ ეს არაა ერთადერთი მიზეზი, თუ რატომ არ უყვარს ის ადამიანებს. საქმე იმაშია, რომ ჰერსტის სტატუები : ” ქალწული დედა” და “ჭეშმარიტება”, მხილველს შიშის ზარს სცემს.

ორივე ქანდაკება: “ქალწული დედა” და “ჭეშმარიტება” ფეხმძიმე ქალის უზარმაზარ სკულპტურას წარმოადგენს. მათ სანახევროდ შემოხსნილი აქვთ კანი, საიდანაც ჩანს კუნთები და მუცელში მყოფი ნაყოფი. “დედა ქალწულის” სიმაღლე 10 მეტრია და ის 13 ტონას იწონის. 2014 წელს ქანდაკება შეიძინა ერთ მანჰეტენელმა მაგნატმა და თავისი სახლის ეზოში დადგა, რის გამოც მას ომი გამოუცხადეს მეზობლებმა.

 

image

 

“ჭეშმარიტებაც” ზუსტად ამ სტილშია გადაწყვეტილი, თუმცა ესაა გრანდიოზული ქანდაკება, სიმაღლით 20 მეტრი, რომელსაც თავს ზემოთ აღმართული აქვს ხმალი და მისი მზერა მიმართულია ჩრდილოეთ დევონისაკენ. ინგლისის ამ ზღვისპირა ქალაქის მცხოვრებთა ნაწილს მიაჩნია, რომ ძეგლი ქალაქის ღირსშესანიშნაობაა, თუმცა მათი უმეტესობა მას ჰანიბალ ლექტორის წარმოსახვის ნაყოფად მიიჩნევს.

 

5. უთავო ქანდაკება

 

image

 

ფილიპინების ქალაქ ლეგასპის საფოტო განყოფილებაში თუ მოხვდებით, საკმაოდ უცნაურ და შემზარავ სანახაობას წააწყდებით: ეს არის მუხლებზე მდგომი უთავო ადამიანის ქანდაკება. მისი პოზა მიუთითებს იმაზე, რომ მახვილი, რომლითაც თავი მოკვეთეს, სულ ახლახანს დაეშვა ძირს. სტატუის გარშემო კითხვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხები. ერთ-ერთი ოფიციალური ვერსიის თანახმად, ეს არის მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ადამიანების ხსოვნის მემორიალი.

 

image

 

ადგილობრივი ლეგენდის თანახმად, 1945 წლის 22 ნოემბერს მუშებმა იპოვეს მამაკაცის უთავო სხეული, რომელიც დაფლული იყო ზღვის ნაპირას, ქვიშაში ელბეის უბეში მდებარე ქალაქ საბანგის გარეუბანში. რადგან მისი უნიფორმა კარგ მდგომარეობაში იყო, ჩათვალეს, რომ გვამი ქვიშაში მცირეოდენი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა. ბევრი ეძებეს გარდაცვლილის თავი, მაგრამ უშედეგოდ. ქალაქის ერთმა ქველმოქმედმა ადამიანმა გადაწყვიტა უკვდავეყო ამ ადამიანის ხსოვნა და საკუთარი თანხით გააკეთებინა სკულპტორს ეს სტატუა. რამდენად მართალია ეს ისტორია, არ ვიცით, მაგრამ ერთი ცხადია: არსებობს თავმოკვეთილი ადამიანის ქანდაკება, რომელიც მნახველში ძრწოლას და შიშის ზარს იწვევს.

 

6. სინდისის მოსასხამი

image

“სინდისის მოსასხამი”-ეს სკულპტურა საკმაოდ შემზარავი და შიშისმომგვრელია, მაგრამ ამავე დროს საოცრად ლამაზი. მოსასხამიანი ფიგურა ძირს დაშვებული თვალებით და აწურული მხრებით პირველად 1980 წელს გამოჩნდა მხატვარ ანა ხრომის ნახატში. ფიგურა იყო ცარიელი და გვიჩვენებდა, რომ მოხუცი ქალისაგან არაფერი არ დარჩა, გარდა მოსასხამის ნაკეცებისა.

ეს თემა მოგვიანებით ისევ გამოჩნდა, როცა ანამ სკულპტურას მიმართა. ამჯერად იდეის ხორცშესხმა მოხდა ცარიელი მოსასხამის ფორმაში, რომელიც სიმბოლურად გვიჩვენებს ჩვენი ცხოვრების გზას – გზას, რომელსაც ჩვენი სინდისი გვკარნახობს.

მარმარილოსაც კი, რომელშიც გამოკვეთილია ქანდაკება, თავისი ისტორია აქვს. ის ზუსტად იმ კარიერზეა მოპოვებული, საიდანაც მოჰქონდა მიქელანჯელოს მასალა თავისი ქანდაკებებისათვის. ეს კარიერი ერთადერთია მსოფლიოში, სადაც შესაძლებელია მარმარილოს ყველაზე დიდი ნატეხების ამოღება.

 

image

 

ანა ხრომის სკულპტურა ხომ გიგანტურია – ის 200 ტონას იწონის. ქანდაკება იმდენად მასშტაბური ზომებისაა, რომ მის გამოსაკვეთად მარმარილოს თავდაპირველი დამუშავება თავად კარიერზე აწარმოეს. “სინდისის მოსასხამის” შედარებით მცირე ვერსიები ევროპის მრავალ ქალაქშია მიმოფანტული-რომიდან დაწყებული პრაღათი და მონაკოთი დამთავრებული.

 

7. უიკჰემის უთავო ფიგურების პარკი

image

უიკჰემის პარკში, რომელიც პალმირისაკენ (ტენესის შტატი) მიმავალ გზაზე მდებარეობს, წარმოდგენილია შემზარავი კოლექცია უთავო ქანდაკებებისა, რომლებიც ყოველთის როდი იყვნენ ასეთი საშინელი, უფრო მეტიც, სტატუებს წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, რომ ოდესმე თავების გარეშე დარჩებოდნენ.

მათი შემქმნელის-ენოხ ტანერ უიტჰემის სიკვდილის შემდეგ პარკში მოთავსებული ფიგურები გახდა მსხვერპლი არამარტო ტენესის მკაცრი კლიმატისა, არამედ იმავდროულად ვანდალიზმისა.

 

image

 

ორი ათეული წლის განმავლობაში ეს ფერმერი გულმოდგინედ ქმნიდა ფიგურებს. პენსიაზე გასული ენიხი სწორედ ამ გზით გამოხატავდა თავის სიყვარულს ხელოვნების, კერძოდ სკულპტურის მიმართ. უიტჰემმა შექმნა უამრავი ფიგურა ადამიანების, ცხოველების და ფრინვლებისა, მაგრამ სკულპტორის სიკვდილის შემდეგ ქანდაკებებს სააოცარი რამ დაემართათ: ისინი ერთიმეორის მიყოლებით კარგავდნენ თავებს, ბევრ მათგანს კი კიდურებიც აღარ აქვს. საბოლოო ჯამში ისინი ხელოვნების ნიმუშებს კი არა, საშინელებათა ფილმიდან გადმოსულ პერსონაჟებს დაემსგავსნენ.

 

8. ნებ-სანუს მოძრავი სტატუა

image

ნებ-სანუს ეს ძველეგვიპტური სტატუა ინახება მანჩესტერის (ინგლისი) მუზეუმში და ძალიან ჰგავს ტიპიურ ეგვიპტურ ქანდაკებას. ის პატარა ზომისაა- სულ 25 სანტიმეტრი სიმაღლის, ერთი შეხედვით სხვებისაგან არაფრით გამორჩეული, მაგრამ ბოლო წლებში სტატუას უცნაური რამ დაემართა: მან გადაადგილება დაიწყო დახურული ვიტრინის შიგნით. თავდაპირველად ვერავინ შენიშნა, რომ ფიგურის მდებარეობა შეიცვალა. მუზეუმის მეთვალყურეებმა ეს სრულიად შემთხვევით აღმოაჩინეს და სათვალთვალო კამერა დადგეს ქანდაკების ვიტრინასთან ახლოს, რათა თვალყური ედევნებინათ მისთვის. ჩანაწერმა ცხადად აჩვენა, რომ ქანდაკება დღის განმავლობაში მოძრაობდა, ანუ ადგილს იცვლიდა.

ქანდაკება, რომელიც თითქმის 4000 წლისაა, თავდაპირველად ოსირისისათვის შეწირული ძღვენი იყო. ის 80 წლის განმავლობაში ინახებოდა მუზეუმში და უცნაური არაფერი შეუნიშნავთ მეთვალყურეებს, თუმცა აღმოჩენამ, რომ სტატუა მოძრაობს, ბევრი თეორია თავდაყირა დააყენა. ზოგი მკვლევარი თვლიდა, რომ ქანდაკებაში ჩასახლებულია ადამიანის სული, სხვების აზრით კი სტატუა 180 გრადუსით შემობრუნებას ცდილობს იმიტომ, რომ მის ზურგზე ამოტვიფრული წარწერა წაიკითხოს მნახველებმა: წარწერა ინსტრუქციას იძლეოდა, თუ როგორ უნდა შეეწირათ ოსირისისათვის “ლუდი, პური, ხარი და ფრინველები…”

 

9. ცხენზე ამხედრებული წმინდა ვაცლავი

image

წმინდა ვაცლავი ზუსტად იმავე სკულპტორის მიერაა შექმნილი, ვინც უსახო მცოცავი ბავშვების ქანდაკებები შექმნა. ცნობისათვის: წმინდა ვაცლავი ჩეხეთის მფარველად ითვლება და მისი სტატუა, უზარმაზარი და ნაკლებადშემზარავი, პრაღაში, ვაცლავის მოედანზე დგას. წმინდა ვაცლავი ამ ქანდაკებაზე სრულიად ნორმალურ ცხენზე ზის.

 

image

 

აი დავიდ ჩერნოვის მიერ გამოქანდაკებული წმინდა ვაცლავი კი, გარდა იმისა, რომ მკვდარ ცხენზე ზის, უფრო უარესი, ეს ცხენი ფეხებითაა ჩამოკიდებული. მას აქვს მოდუნებული სხეული, უსიცოცხლოდ ჩამოკიდებული თავი და გადმოგდებული ენა.

ჩეხურ ფოლკლორში ამ წმინდანზე არის მეტად საინტერესო შენიშვნა: ლეგენდის მიხედვით, ინგლისის მეფე არტურის მსგავსად, წმინდა ვაცლავს და მის რაინდებს მხოლოდ სძინავთ და ელოდებიან იმ დროს, როცა სამშობლოს გაუჭირდება. მაშინ ისინი კვლავ შეკაზმავენ თავიანთ ცხენებს.

 

10. ვან სეან სუკი: ბუდისტური ჯოჯოხეთი

image

ბუდისტური მოძღვრება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს რეინკარნაციას-ადამიანის ხელახლა დაბადებას. მიიღო სიცოცხლის კიდევ ერთი შანსი – ძალიან მიმზიდველი იდეაა, თუმცა ნაკლებად მიმზიდველია ის ფაქტი, რომ ახალი სხეულის მიღებამდე გარკვეული ხნით მოგიწევთ ლოდინი. ბუდისტური თეორიის თანახმად, ადამიანის სიკვდილის შემდეგ ხდება მის მიერ განვლილი ცხოვრების შეფასება და აწონვა. თუ ცუდი გადაწონის კარგს, მაშინ ადამიანის სული პირდაპირ ჯოჯოხეთში იგზავნება, რომ პასუხი აგოს მის მიერ ჩადენილი ბოროტი საქმეების გამო. აქ მას დიდხანს მოუწევს ლოდინი, სანამ ახალ სხეულს უბოძებენ. ასე რომ, თუ თქვენ გაინტერესებთ, როგორ გამოიყურება ნარაკა – ბუდისტური ჯოჯოხეთი, მაშინ უმჯობესია ვან სეან სუკს ესტუმროთ.

ორი ქანდაკება, რომელიც “ჯოჯოხეთის” შესასვლელში შეგეგებებათ (თუკი ამას შეიძლება “შეგებება” დავარქვათ) – ესაა გარდაცვლილი მამაკაცის და ქალის სულები. ეს საკმაოდ შემზარავი წყვილი დახეტიალობს დედამიწაზე, განიცდის რა განუწყევტლივ შიმშილსა და წყურვილს. ზოგიერთ სულს მხოლოდ სიბინძურის ჭამის უფლება აქვს, ზოგ მათგანს კი სასჯელად ისეთი ვიწრო ყელი აქვს, რომ არც წყლის და არც საკვების გადაყლაპვა არ შეუძლია და იძულებულია მუდამ იშიმშილოს.

 

image

 

თითქოს ეს არ იყოს საკმარისი, პარკში არსებობს ქანდაკებების მოედანი, სადაც მნახველს წარმოსახვის უნარსაც კი არ უტოვებენ, ისე აშკარად ახდენენ დემონსტრირებას, თუ რა მოელის მას, ვინც სიკეთის გზას აცდება და ბოროტებას მიჰყოფს ხელს. ზოგი ადამიანი შუაზეა გადახერხილი და მოტნეულია წნეხის ქვეშ, ზოგი მათგანი სისხლისაგან იცლება მათ სხეულში დატოვებული იარაღის გამო, ზოგსაც ღრღნის მტაცებელი ცხოველები, ხოლო ფრინველები ჭამენ მათ შიგნეულს.

 

image

 

ყველაფერი ეს საკმაოდ ამაზრზენია და საშინელი, მაგრამ არის კიდევ ერთი განსაკუთრებული ადგილი განსაკუთრებული ცოდვილებისათვის: მათთვის, ვინც ფიზიკური ძალადობა მოახდინა მშობლებზე ან ბერებზე: ჯოჯოხეთში ამ ცოდვილებისათვის მოწყობილია სპეციალური საწამებელი ორმო, საიდანაც ამოსვლა მათ არ შეეძლებათ მანამ, სანამ ახალი ბუდა არ დაიბადება.

 

წყარო : intermedia.ge

მსგავსი ამბები

Close
Close