გართობაუცნაური

შეძლება თუ არა ადამიანის გადაადგილება დროსა და სივრცეში

178e9a496580
შეიძლება თუ არა ადამიანის გადაადგილება სივრცეში?

1960 წელს ონტარიოს შტატში, უამრავი ადამიანის თვალწინ, 13 წლის ბიჭი დაიკარგა. მას ვერავინ ხედავდა. დიდი ხნის ძებნის შემდეგ კი ბიჭი უეცრად იმავე ადგილას გაჩნდა, თითქოს არსად წასულიყო. 1954 წელს აინშტაინი კალიფორნიის ერთ–ერთ საზღვაო ჯგუფთან ერთად საიდუმლო ექსპერიმენტზე მუშაობდა. ერთხელ მეცნიერი იძულებული გახდა, ექსპერიმენტი შეეწყვიტა, რადგან ტრაგედია დატრიალდა. მათ ახლოს მდებარე ხომალდი და მისი ეკიპაჟი მოულოდნელად გაუჩინარდა. ძებნა გამოაცხდეს, მაგრამ უშედეგოდ. რამდენიმე დღის შემდეგ კი ხომალდი კალიფორნიიდან 6 ათასი კილომეტრით დაშორებულ ადგილას აღმოაჩინეს. ეკიპაჟის ყველა წევრი მკვდარი იყო. ამის შემდეგ აინშტაინის ჯგუფს მუშაობა აღარ გაუგრძელებია. სავარაუდოდ, ექსპერიმენტის დროს ხელოვნური ტელეპორტაცია მოხდა…

ასე რომ, ფანტასტიკური ჟანრის ლიტერატურასა და ფილმებში აღწერილი დაუჯერებელი ამბები რეალობიდან არცთუ ისე შორს დგას და მათი მეცნიერული კვლევები დღემდე გრძელდება. “სარკე” ამ თემაზე ასტროლოგ რამაზ გიგაურს ესაუბრა.

რამაზ გიგაური:– ტელეპორტაცია (ბერძნ. “ტელე”, ანუ “შორს”, ინგლის. “პორტეიჯ” – “გადატანა”) – ეს არის მატერიალური სხეულის მყისიერი გადაადგილება სივრცესა და დროში. ეს ტერმინი პირველად 1930 წელს ჩარლზ ფორტონმა გამოიყენა.

მეცნიერებაში ტელეპორტაცია სხვადასხვა ტექნოლოგიური საშუალებისა და ხერხის გამოყენებით მიიღწევა. ამერიკელმა მეცნიერებმა თეორიულად ტელეპორტაციის რამდენიმე ხერხი აღმოაჩინეს – “არხობრივი”, “შემსრუტავი” და “გამომაძევებელი”. პრაქტიკულად კი მხოლოდ ერთი, კვანტური ტელეპორტაცია იქნა დადასტურებული.

თანამედროვე ამერიკელი მეცნიერი ერიკ დეივისი ტელეპორტაციის გარშემო დიდი ხნის მანძილზე მუშაობდა. 2004 წელს მან აშშ–ის სამხედრო ხელმძღვანელობას საკუთარი გამოკვლევების შედეგები წარუდგინა. მოხსენებამ სამეცნიერო წრეებში საკმაოდ დიდი ხმაური გამოიწვია. მეცნიერი რეკომენდაციას იძლეოდა, გაღრმავებულიყო ფსიქიკური ტელეპორტაციის შესწავლა. აქვე უნდა ითქვას, რომ დეივისს ნება დართეს, გამოეყენებინა გასაიდუმლოებული დოკუმენტებიც, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად ტელეპორტაციას ეხებოდა. ერიკ დეივისმა ჩამოაყალიბა ტელეპორტაციის კონცეფცია და იგი ხუთ ნაწილად დაყო. ეს კონცეფცია საკმაოდ საინტერესო და ყურადსაღებია, იქიდან გამომდინარე, რომ მეცნიერს ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ხელმძღვანელობამ ექსპერიმენტების გაგრძელების უფლება და საშუალება მისცა.

– ტელეპორტაციის კონკრეტული მაგალითების შესახებ რა გსმენიათ?

– ერთ–ერთი პირველი ჩანაწერი ტელეპორტაციის შესახებ ესპანურ არქივებში გვხვდება, რომელიც 1593 წლის ოქტომბერში მექსიკაში მომხდარ შემთხვევას აღწერს. ესპანური არმიის მაიორმა რიგით ჯარისკაცებში უცნაურად ჩაცმული ჯარისკაცი შეამჩნია, რომლის ჩაცმულობა და ეკიპირება სხვა ჯარისკაცებისგან სრულიად განსხვავებული იყო. როდესაც მაიორმა ჯარისკაცს შენიშვნა მისცა, ჯარისკაცი ესპანურად ალაპარაკდა: “მე ჟილ პერესი მქვია. გამგზავნეს გუბერნატორის სასახლის დასაცავად. თუმცა სასახლემდე ვერ მივაღწიე. ვხვდები, რომ ვიმყოფები სულ სხვა ადგილას, უცნობ ადამიანებში. თუმცა მეც ესპანელი გახლავართ”. მაიორის შეკითხვაზე, რომელი გუბერნატორის სასახლეს იცავდა, ჯარისკაცმა უპასუხა, ფილიპინებზე ესპანური კოლონიების გუბერნატორის სასახლესო. ჯარისკაცი ამის გამო კინაღამ ინკვიზიციის მსხვერპლი გახდა, რადგან სასულიერო პირებს იგი ეშმაკი ეგონათ, თუმცა ჯარისკაცი მართლაც ფილიპინებიდან, ესპანური კოლონიიდან აღმოჩნდა. იგი ერთ–ერთმა ოფიცერმა, რომელიც რამდენიმე წლის წინ სწორედ ფილიპინებზე მსახურობდა, სახეზე იცნო. შესაძლოა, პერესი მოხვდა ე. წ. ასტრალურ არხში, სადაც დრო და მანძილი არ არსებობს, ამ დროს იგი ფიზიკურად გადაადგილდა.

მისგან განსხვავებით, ნაკლებად “გაუმართლა” იაპონელ სამურაის. 1862 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ იორკში, სამურაი, რომელმაც გამვლელების ყურადღება თავისი ჩაცმულობით და დაბნეულობით მიიქცია, დააპატიმრეს. გაირკვა, რომ სამურაი იაპონიაში, კუნძულ ჰონსიუზე, მე–15–16 საუკუნეების მიჯნაზე ცხოვრობდა. გზაზე მიმავალმა მოულოდნელად გონება დაკარგა და შემდგომში, უკვე მე–19 საუკუნეში, ამერიკის შეერთებულ შტატებში აღმოჩნდა.

სხვათა შორის, ერთ–ერთი ლეგენდის მიხედვით, ცნობილი გრაფი სენ–ჟერმენი დაპატიმრების შემდეგ ბასტილიის ციხიდან სწორედ ტელეპორტაციის გამოყენებით გაიქცა. მან სარკე მოითხოვა. მცველებმა მიუტანეს. მეორე დღეს სენ–ჟერმენის საკანში მხოლოდ გატეხილი სარკე ნახეს, გრაფი კი არსად იყო.

1943 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში სამხედრო–საზღვაო ძალებში მეცნიერების მიერ ჩატარდა ექსპერიმენტი, რომლის დროსაც გაქრა ნაღმოსანი გემი “ელდრიჯი”, მასზე 181 ადამიანი იმყოფებოდა. გემი ასეულობით კილომეტრის დაშორებით გამოჩნდა. ეს ფაქტი გასაიდუმლოებული იყო და ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი მხოლოდ მე–20 საუკუნის დასასრულს გახდა.

– შეიძლება თუ არა, რომ ქალაქის ან კუნძულის ტელეპორტაცია მოხდეს თუ ეს მოვლენა მხოლოდ სულიერ არსებებზე ვრცელდება?

– რაც შეეხება დასახლებული პუნქტის ტელეპორტაციას, ეს ალბათ შეუძლებელია, რადგან ქალაქი არის შენობების ერთობლიობა, რომელიც აშენებულია მიწაზე, ანუ ტელეპორტაციას განიცდის ობიექტი, რომელსაც შეუძლია გადაადგილება.

– რას ყვებიან ტელეპორტაციის შემდეგ დაბრუნებული ადამიანები? იმ დროს რა ემართებათ, რას გრძნობენ?

– ადამიანებს არ ახსოვთ მათი გადაადგილების მიზეზი და მარშრუტი. უმეტეს შემთხვევაში, ისინი გონებას კარგავენ. ბუნებრივია, შეგრძნება საკმაოდ არასასიამოვნო იქნება, რადგან ადამიანის ორგანიზმი გადადის კატალეფსიურ მდგომარეობაში, რომლის დროსაც ცნობიერი და ქვეცნობიერიც კი გათიშულია.

– როგორც ყვებიან, მათ, ვინც ტელეპორტაციის შემდეგ ბრუნდება, ასაკი არ ეტყობათ და იმდენივე წლის არიან, რამდენი წლისაც გაუჩინარებისას იყვნენ. ეს სიმართლეა? როგორ მიმდინარეობს ბიოლოგიური პროცესები ამ დროს ადამიანის ორგანიზმში?

– ქართულ ფოლკლორში უდიდესი ცოდნაა დაფარული. მაგალითად, არის ერთი ქართული ზღაპარი, სადაც ახალგაზრდა ბიჭი ერთი ღამით გრძნეულ ქალთან მიდის. მეორე დილით ის სახლში ბრუნდება, მაგრამ მას სრულიად სხვა სურათი ხვდება – შეცვლილია ის გარემო, სადაც ცხოვრობდა, საკუთარი სახლის ადგილას სხვა სახლი ხვდება, მისი ოჯახის წევრებიდან ყველა გარდაცვლილია. ბიჭი აღმოაჩენს, რომ მას დიდი ხნის დაკარგულად მიიჩნევდნენ, ანუ გრძნეულ ქალთან გატარებული ერთი ღამე დედამიწის ათეულობით წელს უდრიდა. აქედან შეიძლება დასკვნა გამოვიტანოთ, რომ ბიჭის ორგანიზმში ბიოლოგიური პროცესები და უპირველესად დაბერების პროცესი შეჩერდა. ტელეპორტაციის დროს, იმ ხნის მანძილზე, როცა სხეული გადაადგილდება, მასზე დედამიწის ბიოლოგიური პროცესები თითქმის არ მოქმედებს. ჩვენს პლანეტაზე დრო არსებობს, იქიდან გამომდინარე, რომ იგი ბრუნავს როგორც საკუთარი ღერძის, ისე მზის გარშემო, ანუ ეს არის დღეღამური და წლიური ციკლები. სწორედ ამ ციკლთა და ასევე სხვა ციკლთა მონაცვლეობა გვაძლევს დროს. წარმოვიდგინოთ, რომ გაჩერდა დედამიწა და მთვარე, რომელიც დედამიწის გარშემო მოძრაობს და აყალიბებს თვიურ ციკლს, ეს გამოიწვევს დროის შეჩერებას, ანუ დედამიწაზე ბიოლოგიური (და არამარტო) პროცესები შეჩერდება. აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ სწორედ დედამიწის ბრუნვის გამო ჩერდება წყალი იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც ახლაა. თუ წყლით სავსე ვედროს სწრაფად დავატრიალებთ, მაშინ იქიდან წყალი არ გადმოიღვრება, ანუ წყალი გადმოღვრას ვერ მოასწრებს. ასეა დედამიწაზეც.

ავიღოთ კოსმოსში კოსმონავტების დიდი ხნის მანძილზე ყოფნის ფაქტი. იქ ორგანიზმი გაცილებით ნელა ფუნქციონირებს. კონკრეტულად ეს ფაქტიც აღელვებდათ მეცნიერებს. მათ აინტერესებდათ, შესაძლებელი იყო თუ არა ადამიანის ჩასახვა კოსმოსში. ეს შეუძლებელი აღმოჩნდა, ანუ კოსმოსში ბიოლოგიური პროცესები ისე არ მიმდინარეობს, როგორც დედამიწაზე. სწორედ ასე ხდება ტელეპორტაციის დროსაც. ორგანიზმში ბიოლოგიური პროცესები ძალიან ნელა მიმდინარეობს ან საერთოდ შეჩერებულია.

– ბერმუდის სამკუთხედში ტელეპორტაციის პრინციპი ხომ არ მოქმედებს?

– ბერმუდის სამკუთხედი ამოუხსნელი ფენომენია, თუმცა უნდა ითქვას, რომ დაკარგული გემების, თვითმფრინავებისა და ადამიანების რაოდენობა მიუთითებს, რომ აქ ჩვეულებრივ კატასტროფებს არ აქვს ადგილი. ფაქტია, რომ ბერმუდის სამკუთხედში დაკარგული გემები ყოველთვის უკვალოდ არ ქრება. მაგალითად, გემი “მალბორო”, რომელიც იქ მოხვდა, მოულოდნელად აღმოჩნდა ინდოეთის ოკეანეში, ათასობით კილომეტრის დაშორებით. ეკიპაჟის ნახევარი უგზო–უკვლოდ გაქრა, ხოლო დარჩენილი ნაწილი კი გარდაიცვალა. სხვა გემის ეკიპაჟი, რომელმაც გემი “მალბორო” აღმოაჩინა, გაოგნებული იყო. მაგალითად, გემის მესაჭე ცოცხალივით იდგა შტურვალთან…

ტელეპორტაციის თემას ხშირად იყენებენ კომპიუტერულ თამაშებში, ფანტასტიკის ჟანრის ლიტერატურასა და ფილმებში. მაგალითად, “ჰარი პოტერის” ავტორი ჯოან როულინგი ტელეპორტაციას თავის ნაწარმოებებში ტრანსგრეისს უწოდებს. აღსანიშნავია, რომ ეს ტერმინი პირველად გამოიყენეს ძმებმა სტრუგაცკებმა ზღაპრულ ნოველაში “ორშაბათი შაბათს იწყება”. ტელეპორტაციას, როგორც მაგიურ მოვლენას, აღწერს მიხეილ ბულგაკოვი თავის უკვდავ რომანში “ოსტატი და მარგარიტა”. ტელეპორტაციას თავის ნაწარმოებში ასევე აღწერენ ლუის კეროლი, კარლოს კასტანედა, სტივენ კინგი, მაქს ფრაი, რობერტ ჰაინლაინი, ალფრედ ბესტერი, ლარი ნაივენი, ფილიპ ხოსე ფარმერი, ენ მაკფერი, რობერტ შეკლი, ჯეიმს ჰანა და სხვები.

მსგავსი ამბები

Back to top button