უცნაური

თბილისელი ქალბატონი მოჩვენებას დაუმეგობრდა

32b6651b1f2a

თბილისში მცხოვრები შუახნის ქალბატონი, თამილა ჩუბინიძე, ირწმუნება, რომ სახლში მოჩვენება ჰყავს და მას ყველა ამჩნევს, ვინც კი მათ სახლში მიდის.

ქალბატონი თამილა რედაქციაში გვეწვია და იმის დასამტკიცებლად, რომ არაფერი ეჩვენებოდა, თან კარის მეზობელიც მოიყვანა. ჩვენმა სტუმარმა მთხოვა, სახლში გავყოლოდი და საკუთარი თვალით მენახა ის ყველაფერი, რასაც იქ მოჩვენება ჩადიოდა. პოლტერგეისტთან (პოლტერგეისტი გერმანული სიტყვიდან მომდინარეობს. “პოლტერ” გრგვინვას, ხმაურს ნიშნავს, ხოლო “გეისტი” – მოჩვენებას, სულს, ანუ პოლტერგეისტი არის დემონური სული, რომელიც თავის თავს ამჟღავნებს მოძრაობით, ხმაურით) შეხება არასოდეს მქონია. ცნობისმოყვარეობამ მძლია, წინადადებას დავთანხმდი და ქალბატონ თამილას სახლში გავყევი.

უნდა გამოგიტყდეთ, რომ სახუმარო განწყობა მქონდა და ნამდვილად არ ველოდებოდი, რომ ბინის რომელიმე კუთხიდან თეთრი (ან შავი) კალთების ფრიალით მოჩვენება გამოვარდებოდა. ასეც მოხდა. სახლში ტახტის გადასაფარებელი იატაკზე ეგდო, ბალიშებიც იქვე ეყარა. ჩემმა მასპინძელმა მოწმედ თავისი მეზობელი მოიყვანა, შენ ხომ ნახე, რომ ყველაფერი მილაგებული დავტოვე, ეს გადასაფარებელიც გავასწორეო. მეზობელმა დაუდასტურა. მასპინძელმა გატეხილი ჭურჭელიც მაჩვენა. მითხრა, ამ დღეებში მოჩვენება გაბრაზებულია და რაღაცეებს ამტვრევსო. ინტერვიუ ისე ჩავწერე, რომ პოლტერგეისტის ხმაურს, ანცობებსა თუ ნაგლობებს არ შევუწუხებივარ. მასპინძელი და მისი მეზობელი კი მიმტკიცებდნენ, ალბათ მოეწონე და მშვიდად არისო.

არ ვიცი, იმ მგრძნობიარე პოლტერგეისტს რამდენად მოვეწონე, მაგრამ იმ ისტორიების მოყოლა, რაც იქ მოვისმინე, მკითხველებისთვის მაინც გადავწყვიტე. პარანორმალური მოვლენების მკვლევარებსაც დავუკავშირდი. მათ ჩემს მონაყოლში საეჭვო ვერაფერი ნახეს. მითხრეს, რომ ადვილი შესაძლებელია, სწორედ მისტიკურ მოვლენასთან გვქონდეს საქმე და იმ ქალბატონს სახლში პოლტერგეისტი მართლაც ჰყავდეს.

საქართველოში პოლტერგეისტის არსებობის შესახებ არაერთი სტატია და წიგნიც დაბეჭდილა, მაგრამ ამ მოვლენის შესახებ ზოგადად მიდგომა არასერიოზულია, უცხოეთში კი უფრო სერიოზულად ეკიდებიან და იკვლევენ კიდეც. ქალბატონი თამილას პოლტერგეისტით ჯერ არავინ დაინტერესებულა, თუმცა მას სურვილი აქვს, რომ ეს შემთხვევა გამოიკვლიონ.

– როდის შენიშნეთ, რომ თქვენს სახლში უჩვეულო რამ ხდებოდა?

– ერთადერთი ძმა გარდამეცვალა. ჩვენ ერთ სახლში ვცხოვრობდით. მას რუსი მეუღლე ჰყავდა. ჩემი ძმა რომ გარდაიცვალა, მეუღლე აქ აღარ გაჩერდა. მას ერთი შვილი, ანუ ჩემი ძმის გერი რუსეთში ჰყავდა. თქვა, უკან, ჩემს შვილთან უნდა დავბრუნდეო. ჩემს ძმისშვილსაც ხელი მოჰკიდა და წაიყვანა. ეს ამბები მას შემდეგ დაიწყო.

– თქვენ სახლში მარტო ცხოვრობთ?

– კი, რძლისა და ძმისშვილის წასვლის შემდეგ მარტო დავრჩი. მე ერთხელ ვიყავი გათხოვილი, მაგრამ არ გამიმართლა. ამ სახლში მარტო ვცხოვრობ, თუმცა სიმარტოვეს უკვე ვეღარ დავარქმევ იმას, რაც აქ ხდება. ჩემთან ერთად აშკარად ვიღაც ცხოვრობს.

– ეს როდიდან შეამჩნიეთ?

– თავიდან ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა. ჯერ იმ ხმაურს ყურადღებას არ ვაქცევდი. იტალიურ ეზოში ვარ გაზრდილი და ხმაური ჩემთვის უჩვეულო არ ყოფილა. კედლებიდან ზოგჯერ მეზობლების ლაპარაკიც კი ისმოდა ხოლმე. მეგონა, რომ ის ხმა, რაც მე მესმოდა, მეზობლების ბინიდან ან ეზოდან მოდიოდა. ბოლოს ხმებმა ძალიან შემაწუხა. ღამის 3 საათზე რაღაც საშინელი ჭახანი მაღვიძებდა, თითქოს ქვაბები ერთმანეთს მიანარცხესო. ზუსტად ერთსა და იმავე დროს მეორდებოდა. ვიფიქრე, ეტყობა, მეზობელი სპეციალურად მიკეთებს–მეთქი. ჩვენ ერთი ოთახი სადავო გვქონდა. ამიტომ მეგონა, ჩემი ჭკუიდან შეშლა უნდოდა. ერთ დღეს გავედი და ვეჩხუბე. მას ძალიან გაუკვირდა, მითხრა, შენ მართლა გაგიჟებულხარო. ერთ ღამეს კი ხმაურმა ისევ გამაღვიძა, ამჯერად ქვაბები თითქოს იატაკზე დაანარცხესო. სამზარეულოში გავვარდი, ქვაბები მართლაც ძირს ეყარა.

იმ დღიდან კი ნივთებმაც დაიწყო მოძრაობა. მეგონა, მართლა ავად ვიყავი. ვერ წარმომედგინა, რომ ბალიში თავისით აიწეოდა ჰაერში და მერე ძირს დაენარცხებოდა.

– ეს ხშირად ხდებოდა?

– თავიდან მხოლოდ ღამის 3 საათზე მაღვიძებდა ხმაური, მერე კი დღისითაც და ღამითაც ხმაურობდა, ნივთები ერთი ადგილიდან მეორეზე გადაადგილდებოდა. მეზობლებს გავუმხილე, რომ ჩემს სახლში უჩვეულო რამ ხდებოდა, მაგრამ მანამდე არ მიჯერებდნენ, სანამ საკუთარი თვალით არ ნახეს.

ტანია – ქალბატონი თამილას მეზობელი:

– მეზობლები ამბობდნენ, თამილა ძმის სიკვდილმა გააგიჟაო. მე მეცოდებოდა და მასთან ხშირად შემოვდიოდი. ერთ დღეს ყავა მომიტანა და მაგიდაზე დამიდო. თვითონ კი სამზარეულოში გავიდა. მე ფინჯანისთვის ხელი არ მიხლია, ის ჩემ თვალწინ თითქოს ჰაერში აიწია და ყავა კაბაზე გადამესხა. თვალებს არ ვუჯერებდი! ვიფიქრე, ხელი წამოვკარი და დამეღვარა–მეთქი. ერთ დღეს კი დივანზე ვიჯექი. თამილაც ჩემ გვერდით იყო. უცებ კარადიდან ლარნაკი გადმოვარდა და გატყდა. ძალიან შემეშინდა, ავკანკალდი. თამილაც გაოცებული იყურებოდა. დივანთან ნოხი ეფინა. ის თითქოს ვიღაცამ გადაკეცა და ჩემს ფეხებზე გადააფინა. შეშინებული გარეთ გავვარდი. მეზობლებს მოვუყევი. ასეთი შემთხვევა სხვა მეზობელმაც ნახეს. ერთხელ თასში ვაშლები ელაგა. მისთვის ხელი არავის უხლია. ვაშლებს თითქოს ვიღაც სათითაოდ მაგიდაზე აგორებდა და იატაკზე ყრიდა. ამ ფაქტს სამი ქალი შევესწარით.

ერთხელ თამილა ჩემთან მოვიდა. საკუთარი თვალით დავინახე, მისი თმა რამდენჯერმე როგორ აიწია.

– ეს როგორ გავიგოთ?

ტანია: თითქოს თმას ვიღაც უწეწავდა.

თამილა: ახლა ავადმყოფად არ მთვლიან, მაგრამ მერიდებიან. თითქოს ჩემი ეშინიათ და სახლშიც არ შემოდიან.

– თქვენ თავს როგორ გრძნობთ?

– მივეჩვიე. ვიცი, რომ სახლში ჩემ გარდა სხვაც ცხოვრობს. შიშს რომ ავყვე, შეიძლება გავგიჟდე, ამიტომ ვეგუები. სხვათა შორის, ჩემს რძალს რუსეთში რომ დავურეკე და ვუთხარი, ჩემთან სახლში რაც ხდებოდა, არ გაკვირვებია. მითხრა, რუსეთში ასეთი რამ ხშირად ხდება, პოლტერგეისტი სახლში ბევრს ჰყავს. მას კეთილად მოექეცი, არაფერი დაუშავო და ისიც არაფერს გავნებს, სახლს დაიცავსო. მეც ვცდილობ, არ ვაწყენინო. მისთვის, როგორც პატარა ბავშვისთვის, მაღაზიიდან კანფეტები მომაქვს და ვეუბნები, ეს შენ მოგიტანე–მეთქი. იმ დღეს ჭკვიანად იქცევა, არ მაწუხებს, არც მაშინებს.

– არ მითხრათ, რომ კანფეტებსაც ჭამს!

– არა, არ ჭამს, მაგრამ ზოგჯერ სადღაც მიმალავს ხოლმე და მერე ვპოულობ. როცა კარგ ხასიათზე ვარ, ისიც მშვიდად არის, კეთილია.

– ჭურჭელს ხშირად ამტვრევს?

– როცა ბრაზდება, მანიშნებს, რომ გაბრაზდა და რაღაც არ მოეწონა. ზოგჯერ ისეთ რამეს აკეთებს, რომ მეცინება. ალბათ ასე ცდილობს, რომ გამამხიარულოს. პოლტერგეისტების შესახებ წიგნები წავიკითხე. ვიცი, რომ ერთ დღეს ისინი ადამიანებს ტოვებენ და უჩინარდებიან. უკვე აღარ ვიცი, მინდა თუ არა, რომ წავიდეს. მის არსებობას მივეჩვიე.

* * *

მსოფლიოში პოლტერგეისტთან დაკავშირებული ისტორიების უმრავლესობა საშინელ ამბებს აღწერს. ყველაზე გახმაურებული შემთხვევა კანადაში მოხდა. ესტერ კოქსს წლების განმავლობაში პოლტერგეისტი სტანჯავდა. მის სახლში უეცრად ხანძარი ჩნდებოდა, ნივთები იმტვრეოდა, რაღაც ძალა ესტერს დანით უზიანებდა სხეულს… ამ ამბის მომსწრე უამრავი ადამიანი იყო. წლების შემდეგ კი ესტერის ცხოვრებიდან პოლტერგეისტი ისევე მოულოდნელად გაუჩინარდა, როგორც გამოჩნდა.

პარანორმალური მოვლენების მკვლევართა ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ პოლტერგეისტი სახლში დაგროვილი ენერგიების ბირთვია, რომელსაც ნივთების გადაადგილება ან დაზიანება შეუძლია. ეს ენერგია ადამიანების ჯანმრთელობისთვისაც სახიფათოა.

მართლმადიდებელი ეკლესია პოლტერგეისტის არსებობას ადამიანთა მცირედმორწმუნეობის გამოვლინებად მიიჩნევს. სასულიერო მამები გვასწავლიან, რომ ადამიანს ნათლობის შემდეგ კეთილი ანგელოზი მფარველობს. თუ პიროვნება ეკლესიურად იცხოვრებს, სახლში საკმეველს დაანთებს, ხატებთან ილოცებს, მის საცხოვრებელში ბოროტი სული ვერასოდეს დაისადგურებს

წყარო: sana.ge

მსგავსი ამბები

Back to top button