არქივი

ქართული სპორტის ვარსკვლავები – დავით ყიფიანი

დავით ყიფიანი

70-იანი წლების მიწურულსა და 80-იანი წლების დასაწყისში, ქართველ ფეხბურთელთა შესანიშნავი კოჰორტიდან, მართლაც რომ გამორჩეული გახლდათ დავით ყიფიანი. თუ ადრე ქართველი გულშემატკივარი ბორის პაიჭაძის, გაიოზ ჯეჯელავას, მიშა მესხისა და სლავა მეტრეველის სანახავად დადიოდა სტადიონზე, ამ წლების გულშემატკივრები დავით ყიფიანის მიერ მოწყობილ სპექტაკლებზე მიიჩქაროდნენ.

ეს იყო დაუვიწყარი საღამოები, დიდებული სპორტული სანახაობები, რომელიც ქართველთა ლამაზი გამარჯვებით მთავრდებოდა.

ეს იყო ის დრო, როდესაც ეროვნული თვითშეგნება სწორედ სტადიონზე აღწევდა აპოთეოზს. სხვა ასპარეზი ამგვარ განწყობას დახშული ჰქონდა.

ძნელია სიტყვებით აღწერო ის სილამაზე, ბურთის ფლობის განუმეორებელი ტექნიკა, მოედნის შესანიშნავი ხედვა, რაც დავით ყიფიანს ჰქონდა. ეს უნდა გენახა, უნდა დამტკბარიყავი იმ ეპიზოდური აფეთქებებით, რომელიც მატჩის ნებისმიერი მონაკვეთისას იყო მოსალოდნელი. დავით ყიფიანი არაპროგნოზირებადი ფეხბურთელი იყო. ის ვერ ჯდებოდა მკაცრ ტაქტიკურ სქემებში, რომელიც მაშინ გახლდათ დამკვიდრებული საბჭოთა კავშირის ნაკრებში. ამიტომაც, მიუხედავად ყიფიანის ევროპული აღიარებისა, ვერა და ვერ გამოინახა მისთვის ადგილი ნაკრების ძირითად შემადგენლობაში. თუმცა მის მიერ ჩატარებული 19 მატჩი არ უნდა იყოს ურიგო შედეგი, მაგრამ ფაქტია – რა თამაშსაც ყიფიანი აჩვენებდა და რა რეზონანსიც ჰქონდა მის გარჯას, იგი გაცილებით მეტ ყურადღებას იმსახურებდა. მაგრამ რეალობა, როგორც ვთქვით, საკმაოდ მკაცრი იყო. იმდენად მკაცრი, რომ მშრალმა და ერთფეროვანმა სქემატურმა თამაშმა ვერ აიტანა იმპროვიზირება და გამოსავალიც ჭეშმარიტად საბჭოური მოინახა – დავით ყიფიანის ტალანტის იგნორირება.

სხვა რა შეიძლება ვუწოდოთ იმ ფაქტს, რომ 1976 წელს, მონრეალის ოლიმპიადაზე, სადაც, ფაქტიურად, ვალერი ლობანოვსკის კიევის “დინამო” იყო წასული, დათო ყიფიანისთვის ორიოდე წუთიც კი არ გაიმეტეს, რათა ფეხბურთის ეს ჯადოქარი მოედანზე გასულიყო და ბრინჯაოს მედალი მასაც რგებოდა.

არადა, მომდევნო 1977 წელს, დავით ყიფიანმა მართლაც რომ ფურორი მოახდინა, ძლიერად ჩაატარა მატჩები და დამსახურებული აღიარებაც მოიპოვა – ის საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ამ წელს ყველაზე გამორჩეული კი, მაინც მილანის “სან სიროზე” გამართული მატჩი გახლდათ ადგილობრივი “ინტერის” წინააღმდეგ, სადაც იტალიის ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ფაკეტი გამოდიოდა. სწორედ ფაკეტის, ამ გამოცდილსა და მართლაც უძლიერეს მცველს აართვა ოსტატურად ბურთი დათო ყიფიანმა და ლამაზი გოლი გაუტანა მასპინძლებს.

როგორც ჩანს, ნაკრებში იგნორირება სრულიად არ აღმოჩნდა საბჭოთა ჟურნალისტებისთვის დამაბრკოლებელი ფაქტორი საიმისოდ, რომ ღირსეული მიეზღოთ ჩვენებურისთვის. პირველად ქართული ფეხბურთის ისტორიაში, ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელად სწორედ ყიფიანი დასახელდა.

ჭეშმარიტი ტრიუმფი 1980-1981 წლის ევროპის თასების მფლობელთა თასის მოპოვება გახლდათ. ეს იყო ქართული ფეხბურთის საუკეთესო მიღწევა. ეს ტრიუმფი იოლად არ მოსულა.

“ფეინოორდთან” გამართული ნახევარფინალური თამაშის შემდეგ, ცნობილი მწერალი გურამ ფანჯიკიძე იგონებს:

“ვუყურებდი დავით ყიფიანის დასისხლიანებულ ფეხებს და გული მეკუმშებოდა. აშკარა იყო – მის პერსონალურ მეურვეს გულმოდგინედ შეესრულებინა დავალება. დავითმა სევდიანი ღიმილით მითხრა – მსაჯი შეხვედრის წინ, როგორც წესი, შემოდის გასახდელში და ბუცებს გვიმოწმებს, ამ მატჩის წინ კი, რატომღაც ჩვენთან არ გამოჩნდა, ეტყობა ჩვენთან კონტაქტს თავიდანვე მოერიდაო…”

მიუხედავად ასეთი ბრძოლისა, მსაჯთა მიკერძოებისა, თბილისის “დინამომ” შესძლო ღირსეულად გასვლა თასის ფინალში, სადაც მისი მეტოქე “კარლ ცაისი” გახლდათ. დავით ყიფიანმა ეს მატჩი შესანიშნავად ჩაატარა და თავისი გონივრული გადაცემის შედეგად უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა ვიტალი დარასელია.

 

ეს იყო ყველაზე ლამაზი წამი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, ისევე, როგორც თავად დავით ყიფიანი გახლდათ ქართული ფეხბურთის ყველაზე ლამაზი და ამოუცნობი, ლეგენდაშეფერილი მოვლენა…

დავით ყიფიანი

 

წყარო : goalscore.ge

 

mishkamishka10

მე ვარ მიშიკო ჭელიძე
Back to top button