არქივი

სიცილისა და ტყუილების დღე – პირველი აპრილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

image

პირველი აპრილი – სიცილის, ხუმრობების და ტყუილების დღეა. სიცილი ხომ ჯანმრთელობის ელექსირია?- ჰოდა, ჩემო ძვირფასებო, მოამზადეთ ხუმრობები თქვენი მეგობრებისათვის, გაასულელეთ კოლეგები და თანამშრომლები და შეიტანეთ მასაში სიცილის ჯადოსნური, განკურნებადი ძალა. მე კი შთაგონებისათვის გიამბობთ, თუ როგორ აღნიშნავენ ამ დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

 

პორტუგალია

 

image

 

ამ დღესასწაულის აღსანიშნავად პორტუგალიელები მაღაზიის თაროებიდან იტაცებენ ყველანაირ ფქვილს და დილიდან საღამომდე მთელი ქვეყანა ფქვილის ღრუბლებში იძირება. თითოეული ცდილობს სხვებს რაც შეიძლება ბევრი ფქვილი შეაყაროს, ხოლო მისი ჩამოფერთხვა, ტრადიციის თანახმად, მანამ არ შეიძლება, სანამ 2 აპრილი არ დადგება.

 

საფრანგეთი

 

image

 

თითოეული თავმოყვარე ფრანგი დღესასწაულის წინა დღეს ქაღალდის თევზს აკეთებს. დილით ის ამ თევზს რომელიმე გულუბრყვილო გამვლელს ზურგზე მიაწებებს, შემდეგ კი უკან გაჰყვება მას და მხიარულად იხითხითებს მის ზურგსუკან. მაინც რატომ ითვლება საფრანგეთში თევზი ამ დღესასწაულის სიმბოლოდ? ყველაფერი მარტივად აიხსნება: ფრანგებმა კარგად იციან თევზაობის ავან – ჩავანი და მშვენივრად ესმით, რომ პატარა, აპრილის ლიფსიტა ძალიან იოლად დასაჭერია.

 

შოტლანდია

 

image

 

კილტების მოყვარულები პირველ აპრილს “კუდის დღეს” უწოდებენ. ხუმრობა წელს ქვევით-აი რა ხიბლავთ მათ. ამ დღეს ყველა შოტლანდიელს ყურადღება გადატანილი აქვს ერთმანეთის ეგრეთ წოდებულ მეხუთე წერტილზე (უკანალზე): თუ ადრე ისინი უბრალოდ ჭიკარტებს უდებდნენ ერთმანეთს სკამზე, ახლა სპეციალურ ბალიშებს დებენ, რომლებიც ადამიანის დაჯდომის დროს მეტად უხერხულ ხმებს გამოსცემს. აი ასე, პატარა ბავშვებივით უყვართ ხუმრობა შოტლანდიელებს.

 

ფინეთი

 

image

 

ფინეთში პირველ აპრილს უკვე საუკუნეებია, რაც აღნიშნავენ სახლის სულების დაბადების დღეს. ეს სული კი ყველასათვის ცნობილია თავისი ოხუნჯობებით. ვინ ჩაასხა წყალი ჩექმებში? -სახლის სულმა; ვინ ჩაყარა საშაქრეში მარილი? – სახლის სულმა; ვინ მიაწება კარების სახელურზე გამჭვირვალე სკოჩი? – რაღა თქმა უნდა, ისევ ცუღლუტმა ფინელმა სახლის სულმა.

 

ესპანეთი

 

image

 

წარმოდგენაც კი ძნელია იმისა, თუ რა ხდება პირველ აპრილს ესპანეთის ქუჩებში. ზოგი უმიზეზოდ იცინის, ზოგი მთვრალი დაბორიალებს, ზოგს კიდევ ხის ძირში სძინავს. სხვათაშორის, ესპანელები ძალიან სიცოცხლისმოყვარული ხალხია და სიცილის წამლის გარეშეც ხარობენ ცხოვრებით დილიდან დაღამებამდე.

 

image

 

ჰო, მართლა, ყველაზე მნიშვნელოვანი კინაღამ დამავიწყდა. იცოდით, რომ დედამიწაზე არსებობს ეგრეთწოდებული სიცილის ყვავილი? – მისი პაწაწინა მარცვლები ადამიანში შეუჩერებელ, უმიზეზო სიცილს იწვევს, რომელიც 30-35 წუთი გრძელდება. ხუმრობა ხომ არაა ნახევარსაათიანი გადამდები სიცილი? სიცილის დასრულების შემდეგ ადამიანი, ვინც ეს თესლი შეჭამა, 2-3 საათი ძილს მიეცემა ხოლმე. მცენარეს დურმანი (მათრობელა) ეწოდება.

 

image

 

ასე რომ, ჩემო ძვირფასებო, გაუმარჯოს ჯანსაღ, გულწრფელ, გულიდან ამოსულ სიცილს! იცინეთ მთელი სულით და გულით; გაუღიმეთ, გაეხუმრეთ ერთმანეთს, თანაც ეს გააკეთეთ არამარტო პირველ აპრილს, არამედ ყოველდღე, რადგან ყველაზე გრანდიოზული დღესასწაული სამყაროში – ეს ჩვენი სიცოცხლეა. ასე რომ დატკბით სიცოცხლით და დღესასწაულად აქციეთ თქვენი ცხოვრების ყოველი დღე.

 

მხიარულ პირველ აპრილს გისურებთ, მეგობრებო!!!

 

image

 

წყარო : intermedia.ge

Back to top button