გართობაუცნაური

პიტნის ჩაის თამაში

პიტნის ჩაის თამაში

რაღა დაგიმალოთ და საკუთარი თავის მიმართ სტერეოტიპული დამოკიდებულების მსხვერპლი გავხდი. ბავშვობაში აღმოვაჩინე, რომ ფანტაზია არ მაკლდა და გრამატიკაც მეხერხებოდა.უეჭველი მწერალი გამოვიდოდი. უნიჭო, მაგრამ მაინც მწერალი. დავიწყე დღიურიდან, თუმცა ყველასათვის ადვილად მისახვედრ ასაკში ვიფიქრე, რომ დღიური მხოლოდ სენტიმენტალური გოგოებისთვის არის, აი ისეთებისთვის, მარტო ბიჭებთან სიარული რომ აინტერესებთ და მელოდრამები.გადავაგდე ჩემი დღიური და იმის მერე მე ძალიან ღრმა ფილოსოფიურ თემებზე ვმსჯელობ, ვფიქრობ, ისევ ვმსჯელობ, მაგრამ არ ვწერ. ვერ ვწერ. მინდება წერა და ვიწყებ სასოწარკვეთილ ძებნას, რაზე, როდის, როგორ ვწერო. ხანდახან თუ მიმართლებს და ორ წინადადებას ვდებ ისე, რომ აზრი ჩემ გარდა სხვასაც გამოაქვს.

იმ დღესაც შემიჩნდა წერის არანორმალური სურვილი, მაგრამ არ მიმართლებდა. თემა არ ჩანდა.როგორც ჭეშმარიტი დამწყები ამ საქმისა, შევედი ჩემ საყვარელ თუ უბრალოდ ისეთ კაფეში,მე რომ მეგონა ფიქრების დალაგებაში დამეხმარებოდა. შთაგონებული სახით შევუკვეთე ერთი ჭიქა ღვინო. ბლოკნოტი დავიდე მაგიდაზე, თამბაქოც, ჩაფიქრებული ადამიანის განუყრელი ატრიბუტი და დავიწყე შეკრებილი ხალხის და ზუზუნის თვალიერება სასოწარკვეთილი სახით, დამეხმარეთ, დამაინტერესეთ და სიუჟეტი მომიტანეთთქო.მაშინ ძალიან მომწონდა ჩემი თავი, ლამის საკუთარ თავზე დამეწერა, მაგრამ დღიურის სტილი გამოვიდოდა. როგორც ჩანს, ის სტერეოტიპი ბოლომდე წლების მერეც ვერ გავთელე. ნელნელა მომბეზრდა.მეორე ჭიქის შემდეგ კი ფანჯარასთან კი არა ( ფანჯარასთან მე ვიჯექი),ცენტრში, ჩემს პირდაპირ მაგიდაზე კაფის საინტერესო სტუმარი შევამჩნიე.საკმაოდ ბოლო მოდელის ლეპტოპი ჰქონდა გაშლილი. თეთრი ყურსასმენები მაგიდაზე ეყარა.ყველაზე მეტი ყურადღება გამჭირვალე ჭიქაში ჩაყრილმა პიტნის ფურცლებმა მიიქცია.ჩემგან განსხვავებით ამ ბიჭს შთაგონებული სახე არ ჰქონდა. არც ძალით. არც ჰიპსტერს გავდა. ნახევრად სპორტულად ეცვა.ერთი შეხედვით მეოცნებე სტუდენტი იყო, ხმაურიან კაფეში მომავლის პროექტზე რომ მუშაობს.მაგრამ ეკრანს არ უყურებდა.გამიმართლა, დავინახე, რომ პიტნის ფურცლებიანი ჭიქა ორი ცალი ყოფილა თურმე.ორივეს ორთქლი ასდიოდა. ესეც ასე, მოვა ეხლა მეორე და მარტივ და ყველასთვის ნაცნობ სიტუაციას მაინც აღვწერ.სულ არაფერს კი ჯობდა. ვსქროლე ჩემი ტელეფონი, მერე კაპუჩინოც მომიტანეს.დროდადრო პიტნის მაგიდას გავხედავდი.უკვე ორთქლი აღარ ასდიოდა.აგვიანებს აღარ ერქვა. ეჰ, სიუჟეტი ჩემი ფანტაზიისთვის უნდა მიმენდო.მოკლედ ამიყოლია თამაშმა. გამოიცანით, ვისია პიტნა? საქმიანი პარტნიორის? ბიჭმა ტელეფონით სურათი გადაუღო ჭიქას და მერე თავი და თითები ისევ იმ ტელეფონში ჩარგო. მეორე ლეპტოპიანი გამოვრიცხე.ამ დროს მაინც ერთს ფიქრობ. რაღა თქმა უნდა, პიტნის ჩაის იდუმალი პატრონი ყავს, რომელიც არ მოვიდა. ან იქნებ უბრალოდ აგვიანდება, ქალაქში მაინც საცობების დროა.პიტნის ფოთლები ცხელ წყალში ცოტა დაიჭმუჭნა.იქნებ ცივი ჩაი უყვარს და ელოდება გაცივებას, რომ მეორეც დალიოს? გამეცინა. ტელეფონი უკვე ყურთან მიიტანა, მაგრამ ხმა არ ამოუღია. დაძაბულიც არ ჩანდა, საათზე რომ იყურებიან და ოხრავენ ლოდინის დროს. არადა სულ კარისკენ იხედებოდა. ცნობისმოყვარეობა აღარ ერქვა ჩემ მდგომარეობას. ვერც მივიდოდი და ვკითხავდი, სხვანაირად გაიგებდა მაინც.ნეტავ რისი მომცემია განუსაზღვრელი ლოდინი, როცა გინდა , რომ ყველაფერი შემთხვევითობას დააბრალო და არ დაგეგმო ვითომ.მაგრამ შემთხვევითობას ხომ გამოწვევა ჭირდება? კორტასარისეული თამაში გამახსენდა, მეტროს მარშრუტებში შემთხვევითობით გამოწვეული მოვლენები მიგიყვანენ თუ არა ბანალურ, მაგრამ ე.წ. ბედნიერ დასასრულამდე? თუ ეს პიტნის ჩაიც სწორედ ამ შემთხვევითობის თამაშში მონაწილეობს, ხვალაც ამ დროს აქ უნდა დამხვდეს და იქნებ გავიგო, ვის ეკუთვნის ის. ამ უაზრო ფიქრებში გადავწყვიტე, მეორე დღესაც მივსულიყავი და დამედგინა სიმართლე. კმაყოფილმა ამ გადაწყვეტილებით გადავიხადე ანგარიში და დროებით დავტოვე კაფე. ამასობაში ჩაის ანგარიშიც მიჰქონდათ. მეორე დღეს კი თამაში თავის ანაბარა მივუშვი. ალბათ მერჩივნა, ისევ ჩემი ფანტაზიისთვის მიმენდო ამ ისტორიის დასასრული და Happy End მიმეცა, ვიდრე გამეგო სიმართლე: დღესაც ცივდება პიტნის ჩაი მაგიდაზე თუ არც შეუკვეთავთ.

tatullia

ვწერ იმისთვის, რომ ჩემმა ისტორიებმა სხვა გააღიმოს

მსგავსი ამბები

Back to top button