გასართობისამხედროსასარგებლო

სციპიონ აფრიკელი

http://www.picz.ge/img/s1/1501/22/1/1707fca66248.jpg

პუბლიუს კორნელიუს სციპიონი (ძვ.წ.236-183) ძველი რომაული ოჯახის, სციპიონების წარმომადგენელი იყო. მან თავი გამოიჩინა იტალიაში ჰანიბალის წინააღმდეგ გამართულ ბრძოლებში, ხოლო მამისა და ბიძის დაღუპვის შემდეგ, 24 წლის კორნელიუსი მთავარსარდლად აირჩიეს და ესპანეთში გაგზავნეს, სადაც მისი ბიძა და მამა დაიღუპნენ კართაგენელებთან ომში. ლივიუსი წერს, რომ: “ელჩებისთვის გაცემულ პასუხებში, მათთვის ნათქვამ სიტყვაში გამოსჭვივოდა ღირსება, საკუთარ ძალებში დარწმუნება, სიდიადე და, ამასთან ერთად, გულახდილობა”. ესპანური კამპანიის წარმატებით დასრულების შემდეგ, რომლის დროსაც სციპიონმა კართაგენელები განდევნა პირენეის ნახევარკუნძულიდან და დაიკავა ესპანეთში მათი მთავარი ქალაქი ახალი კართაგენი, რომაელებმა იგი კონსულად აირჩიეს და სიცილიის პროვინცია ჩააბარეს, საიდანაც მან რამდენიმე რეიდი მოაწყო აფრიკაში, ხოლო ძვ.წ. 205 წელს ჯარით გადასხდა. რიგი გამარჯვებების შემდეგ, ჰანიბალი აფრიკაში დაბრუნდა და ძვ.წ. 202 წელს იმ დროის ორი უდიდესი სარდალი ერთმანეთს შეხვდა ზამას ბრძოლაში.

http://www.picz.ge/img/s3/1501/22/2/288e09203b64.jpg

ძვ.წ. III-II სს. რომაელი ლეგიონერები (უკან მარჯვნიდან ჰასტატი და პრინციპი, წინ – ველიტი)

რომის არმია იმ დროის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი და წარმატებული სამხედრო მანქანა იყო. რესპუბლიკის ადრეულ ხანაში რომს პროფესიული ჯარი არ ჰყავდა. ლეგიონში ბრძოლის უფლება მხოლოდ მიწათმფლობელ მოქალაქეებს ჰქონდათ, მათთვის კი ჯარისკაცობა ძირითადი საქმიანობა არ იყო. ომის დროს ათასობით მამაკაცს გაიწვევდნენ, რომელთაც საკუთარი საჭურველ-იარაღი უნდა ჰქონოდათ. ბრძოლების შემდეგ ისინი კვლავ სახლში ბრუნდებოდნენ სერვიუს ტულიუსის (დაახლ. ძვ.წ. 578-535) რეფორმის შემდეგ რომაული სამხედრო შენაერთი – ლეგიონი, 40 ცენტურიას ანუ ასეულს ითვლიდა ანუ ერთ ლეგიონში 4000 მძიმედ აღჭურვილი ჯარისკაცი შედიოდა, შემდეგ კი რაოდენობა 60 ცენტურიამდე გაიზარდა. რომაულ ჯარში ცხენოსნები ნაკლებ როლს ასრულებდნენ. მათი ძირითადი მიზანი იყო მტრის დაზვერვა და დევნა. მხედრების ე.წ. Equites რაოდენობა დიდი არ იყო და საშუალოდ თითოეულ ლეგიონში 300-600 კავალერისტი მსახურობდა. კართაგენთან ომების დროს რომაელები იძულებულები გახდნენ უფრო გაეძლიერებინათ ცხენოსანი ჯარი, რათა ჰანიბალის მძლავრ კავალერიასთან ბრძოლა შეძლებოდათ.

http://www.picz.ge/img/s4/1501/22/d/d4b972bbc692.jpg

ჰანიბალისა და სციპიონის შეხვედრა

ზამას ბრძოლაში მათ ნუმიდიელთა ბრწყინვალე ცხენოსანი ჯარიც შეურთდათ, რითაც სციპიონის კავალერიის რიცხოვნობამ ჰანიბალის მხედრობისას გადააჭარბა. რომაელი ლეგიონერი შეიარაღებული იყო ხმლით (Gladius), შუბით (Pilum) და დიდი, ოვალური ფარით (Scutum), ხოლო მსუბუქი ქვეითი ჯარი (ველიტები) ძირითადად ხელშუბებით. ჯარისკაცები მწკრივში იბრძოდნენ მანიპულებად (120 მეომარი) და ცენტურიებად დაყოფილები. უფრო მსხვილი ერთეული კოჰორტა – ხუთასეული იყო. ზამას ბრძოლაში სციპიონმა დაახლოებით 30 ათასი ქვეითი და 8 ათასამდე ცხენოსანი, მათ შორის 6000 ნუმიდიელი გამოიყვანა.
ბრძოლა
კართაგენის მიმდებარე ტერიტორიები მტრის მეომრებით იყო სავსე, ამიტომ ჰანიბალი თავისი ჯარით ზამასთან მივიდა, კართაგენიდან 5 დღის სავალზე. მისი მზვერავები რომაელებს ჩაუვარდათ ხელში, მაგრამ სციპიონის ბრძანებით მათ ბანაკის დათვალიერების საშუალება მისცეს და უკან გაგზავნეს ჰანიბალთან. ასეთმა თავდაჯერებულობამ გააოცა და ამავდროულად შეაშფოთა ჰანიბალი, მან რომაელ სარდალს შეხვედრა სთხოვა. სციპიონი დათანხმდა და კართაგენელს კართაგენიდან ექვსი კილომეტრზე მდებარე ადგილზე შეხვდა. სარდლები განმარტოვდნენ და თან მხოლოდ თარჯიმნები იახლეს. ჰანიბალი ცბიერად შეეცადა მოწინააღმდეგის შეცდენას და კართაგენისთვის უფრო მისაღები პირობების შეთავაზებას, მაგრამ სციპიონი ურყევი იყო. მან უპასუხა: “შენ თითქმის ნახევრის გადმოცემაზე უარს ამბობ და სამოწყალოდ გვაძლევ იმას, რაც ისედაც ჩვენს ხელთაა, როგორც ჩანს, მშვიდობა თქვენთვის აუტანელია – მაშ ვიომოთ!”. გამოუცდელი ქვეითებისა და მცირე კავალერიის გამო ჰანიბალი იძულებული გახდა უარი ეთქვა ჩვეულ სტილზე, როდესაც ფლანგებიდან ალყაში აქცევდა მოწინააღმდეგეს.

ზამას ბრძოლის გეგმა (c)Nika Khoperia

ზამასთან მან თავისი არმია სამ ხაზად განალაგა: პირველ რიგში თავისი დაღუპული ძმის, მაგონის ჩამოყვანილი მოქირავნეები განალაგა(ლიგურიელები, გალები, ბალეარელი შურდულოსნები და მავრიტანელები), მეორე რიგში კართაგენელები და ლიბიელები დააყენა, ხოლო სულ უკან თავისი მძიმედ აღჭურვილი, გამოცდილი ვეტერანები. მისი ტაქტიკა მარტივი იყო – გამოეყენებინა თავისი უფრო მრავალრიცხოვანი ქვეითი ჯარის მასობრივი იერიში და რომაელთა ცენტრი გაერღვია, რომელიც ასევე სამ ხაზად იყო განლაგებული კართაგენელთა ანალოგიური ფორმაციით(გამოცდილი ჯარი ზურგში იდგა). რათქმაუნდა ეს არ იყო ყველაზე ეფექტური გეგმა, მაგრამ რა ძალებიც გააჩნდა ჰანიბალს, იმის კვალობაზე საკმაოდ რეალისტურ ვარიანტად იკვეთებოდა. სციპიონმა ზამას ბრძოლაში ლეგიონერები არა კოჰორტებად, არამედ მანიპულებად განალაგა, ამიტომ მათ შორის დერეფნები გაჩნდა. ამ დერეფნების ამოსავსებად რომაელმა სარდალმა ველიტები გამოიყენა და უბრძანა რომ მტრის სპილოებისთვის გზა მიეცათ და ზურგიდან და გვერდებიდან დაეშინათ შუბები. კართაგენელთა ჯარის შენაერთებს შორის კომუნიკაციის სისუსტე თავიდანვე გამოჩნდა. ჰანიბალი მესამე რიგში, თავის ერთგულ ვეტერანებთან იდგა და ბრძოლისთვის განაწყობდა მათ, ხოლო წინა რიგების მეთაურობა მის სარდლებს დააწვათ. რომაელთა რიგების გასარღვევად სპილოები დაიძრნენ, მაგრამ სციპიონის ტაქტიკამ გაამართლა: რომაელებმა შენაერთებს შორის გაატარეს სპილოები და გვერდებიდან და ზურგიდან ერთდროულად დაუშინეს შუბები.

გაცოფებული ცხოველები უკან გაიქცნენ და კართაგენელების საბრძოლო ხაზი არიეს. სციპიონის ფლანგებზე განლაგებულმა მხედრებმა გაიუს ლელიუსისა და მასინისას მეთაურობით იერიში მიიტანეს კართაგენელთა ცხენოსნებზე და მალევე გაფანტეს. სპილოებისა და კავალერიის დამარცხებით ჰანიბალის უპირატესობა გაქარწყლდა. ქვეითებს შორის სისხლისმღვრელი ბრძოლა გაიმართა. ორივე მხარე დიდ დანაკარგებს განიცდიდა. საბოლოოდ კართაგენელთა პირველი და მეორე ხაზი შედრკა და უკან დაიხია. 20 ათასიანი მესამე რიგი კი ურყევად იდგნენ და მტერს ებრძოდა. სციპიონმა ჯარი გადააწყო და მწყობრად შეუტია ჰანიბალის ვეტერანებს. თანაბარი ბრძოლა გრძელდებოდა მანამ, სანამ ლელიუსისა და მასინისას მხედრებმა ზურგიდან არ დაუარეს კართაგენელთა მებრძოლ ნაწილებს. ჰანიბალის განთქმული ვეტერანების უმეტესობა ბრძოლის ველზე განგმირული დაეცა, ხოლო ჯარის საკმაოდ დიდი ნაწილი რომაელებმა ტყვედ ჩაიგდეს. კართაგენელმა მთავარსარდალმა ძლივს მოახერხა თავის გადარჩენა და გაქცევა. სციპიონმა დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა ჰანიბალზე და ხელთ იგდო მისი ბანაკი.
შედეგები
ზამას ბრძოლაში კართაგენელებმა დიდი დანაკარგები განიცადეს. ლივიუსის მიხედვით: “იმ დღეს კართაგენელებს, მათ მოკავშირეებს და დაქირავებულებს დაეღუპათ ოცი ათასზე მეტი კაცი, დაახლოებით ამდენივე ტყვედ ჩავარდა. რომაელებმა ხელთ იგდეს ას ოცდათოთხმეტი საბრძოლო დროშა, თორმეტი სპილო. გამარჯვებულებმა დაახლოებით ათას ხუთასი მეომარი დაკარგეს”. პოლიბიუსი სციპიონის ზარალს ასევე 1500 დახოცილით აფასებს. ლივიუსისგან განსხვავებით აპიანე 25 000 დახოცილ კართაგენელს და მხოლოდ 8 500 ტყვეს ასახელებს, ხოლო რომაელთა – 2500, ამავდროულად მასინისას დანაკარგზე წერს, რომ რომაელებთან შედარებით მეტი იყო. კართაგენში დაბრუნებულმა ჰანიბალმა განაცხადა, რომ ომი საბოლოოდ წაგებული იყო და ზავის დადება აუცილებლობას წარმოადგენდა. რომაელების მიერ წაყენებული მძიმე პირობების მიუხედავად, კართაგენელები დათანხმდნენ, მათ მეტი გამოსავალი არც ჰქონდათ. რომაელთა პირობები კი ასეთი იყო: “დაიტოვებენ მხოლოდ ათ საბრძოლო ხომალდს, რომაელებს გადასცემდნენ ყველა საბრძოლო სპილოს და ახალს აღარ გაიჩენენ. რომაელების თანხმობისა და ნებართვის გარეშე არ იომებენ არც აფრიკაში და არც მის საზღვრებს გარეთ. ხელშეკრულებით კავშირს დადებენ მასინისასთან, ორმოცდაათი წლის განმავლობაში გადაიხდიან ათ ათას ტალანტ ვერცხლს (1 ტალანტი – 26,2 კგ), სციპიონს წარუდგენენ ასარჩევად ას მძევალს არა ნაკლებ თოთხმეტი წლის და არა უმეტეს ოცდაათი წლისა”.

სციპიონ ემილიანუსის (სციპიონ აფრიკელის შვილობილის) სარდლობით რომაელმა ლეგიონერებმა აიღეს კართაგენი (ძვ.წ. 146 წ.)

სციპიონმა დამსახურებლად მიიღო ტიტული “აფრიკელი”, რაც მის დიად გამარჯვებას ასახავდა და იქცა რესპუბლიკის ერთ-ერთ უდიდეს გმირად. ჰანიბალი დროებით კვლავ კართაგენში რჩებოდა, მაგრამ შემდეგ იძულებული გახდა გაქცეულიყო. დროებით თავს სელევკიდების იმპერიას, სომხეთსა და ბითინიას შეაფარა, სადაც უღალატეს და რომაელთა ხელში ჩავარდნას თვითმკვლელობა არჩია (ძვ.წ. 183), იმავე წელს გარდაიცვალა მისი ძლევამოსილი დამმარცხებელი, პუბლიუს კორნელიუს სციპიონ “აფრიკელი”. ზამას ბრძოლის საბოლოო შედეგი რომაელებმა ძვ.წ. 146 წელს მოიმკეს, როდესაც მესამე პუნიკური ომი დასუსტებული კართაგენის დაქცევით, განადგურებით და აფრიკის და მთელი დასავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის რომაულ გავლენაში შესვლით დასრულდა, რასაც საკმაოდ მალე აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის დაპყრობა და რომის მსოფლიო სახელმწიფოდ გადაქცევა მოჰყვა.

 

წყარო : samxedro-istoria.blogspot.com

თეგები

fridrix

რიგითი პიროვნება, რომლის მთავარ მიზნად შეილება დაისახოს იმ ისტორიებსი გადმოცემა, რომლებიც ამ ხნის მანძილზე დააგროვა და მზადაა ხალხის ინტერესის ობიექტად გამხადოს ისინი.

მსგავსი ამბები

Close
Close