გასართობისამხედროსასარგებლო

ბრძოლა ზამასთან, 19 ოქტომბერი, ძვ.წ. 202 წ.

http://www.picz.ge/img/s4/1501/22/d/de56bb74195f.jpg

აფრიკის ცხელ მიწაზე ღამეს დაესადგურებინა, ცა ვარსკვლავებით იყო მოჭედილი, ნახევარმთვარე დაჰყურებდა უძველეს ქალაქ კართაგენს, მის მასიურ კედლებსა და უზარმაზარ ნავსადგურს, მაგრამ ქალაქს არ ეძინა, თითქოს რაღაცას შეეშფოთებინა ის სხვადასხვა ეროვნებისა და რჯულის ხალხი, რომელიც ამ გალავნის მიღმა სახლობდა, დაძაბულობა იგრძნობოდა, სუფეტები და სენატორები ბაალის ტაძართან იყვნენ შეკრებილები, ხოლო ჩირაღდნიანი მონები ღამეული სიბნელის გაფანტვას ცდილობდნენ. ჰანონი და ჰისგონი გაცხარებულები საუბრობდნენ რომაელთა წინააღმდეგ მომავალი მოქმედებების შესახებ. ამ დროს გალავანიდან მცველებმა მხედართა ჯგუფი დალანდეს. ისინი სწრაფად მოუახლოვდნენ კარიბჭეს და მალე მათი ცხენები კართაგენის ვიწრო ქუჩებში მითქარუნობდნენ. მხედრები ბაალის ტაძარს მიუახლოვდნენ, ერთ-ერთი მათგანი დაქვეითდა, მუზარადი მოიხადა და ცეცხლის შუქზე გამოჩნდა, რომ იგი ცალთვალა იყო, მეორე, კუპრივით შავ თვალში კი ამოუცნობი ალი უკიაფებდა, დააოჭებულ და იარებით დაღარულ სახეზე მცირედ გაჭაღარავებული შავი წვერი მოსდებოდა. იგი ჰისგონს მიუახლოვდა. – ჰანიბალ! შესძახეს გაოცებულმა სუფეტებმა ერთად, ბრძოლის შესახებ ცნობა ჩვენამდე არ მოსულა, რა მოხდა? – ასე იმიტომ მოხდა, რომ რომაელებმა უკან დასახევი გზა მოგვიჭრეს და მეც კი ძლივს დავაღწიე თავი, ჯარი დაღუპულია, ომი წაგებულია, სციპიონი რამდენიმე დღეში აქ იქნება, კართაგენი საფრთხეშია – წარმოთქვა კაცმა, რომელიც პირველად და საბოლოოდ დამარცხდა გენერალურ ბრძოლაში…
ზამას ბრძოლა პუნიკური ომების ისტორიაში გარდამტეხ მომენტად და კართაგენის დიდების მზის საბოლოო ჩასვენებად ითვლება. 202 წლის 19 ოქტომბერს აფრიკაში იმ დროის უდიდესი ბატალია შედგა. როგორც ტიტუს ლივიუსი წერს: გამარჯვებულს ჯილდოდ აფრიკა ან იტალია კი არ ერგებოდა, არამედ მთელი მსოფლიო. ზამას ბრძოლაში გენიალურ სამხედრო მოღვაწესა და კართაგენის უდიდეს სარდალს ჰანიბალს, ყველაზე ღირსეული მოწინააღმდეგე შეხვდა პუბლიუს კორნელიუს სციპიონის სახით. რომის გაძლიერება ბევრად უფრო სწრაფი ტემპით განვითარდა, ვიდრე მანამდე, როდესაც კართაგენის მძლავრი, ოლიგარქიული, მდიდარი სახელმწიფო ეცილებოდა ხმელთაშუა ზღვის აუზში გაბატონებაში. ამავდროულად ზამას ბრძოლის შემდეგ კართაგენი წელში ვეღარ გაიმართა და საბოლოოდ მესამე პუნიკური ომის შედეგად ძვ.წ. 146 წელს დაეცა. რომაელებმა ის მიწასთან გაასწორეს და მარილი დათესეს, რაც სიმბოლურად მათი დაუძინებელი მტრის ერთხელ და სამუდამოდ ამოძირკვას ნიშნავდა. Delenda est Carthago (კართაგენი უნდა დაინგრეს) – თქვა კატო უფროსმა. რომმა გაიმარჯვა და კართაგენი მიწასთან გასწორდა…
მოწინააღმდეგე მხარეები

http://www.picz.ge/img/s4/1501/22/7/78f121a3e519.jpg

კართაგენი
კართაგენი ჩრდილოეთ აფრიკის ტერიტორიაზე არსებული ფინიკიური კოლონია იყო (დაარსდა დაახ. ძვ.წ. 814 წ.), თუმცა საუკუნეების განმავლობაში დაცილდა ფინიკიელთა სამშობლოს, რომელიც ხშირად სხვადასხვა დამპყრობლის მსხვერპლი ხდებოდა. იმ დროის კართაგოს ეკონომიკის საფუძველს ფართოდ განვითარებული მონათმფლობელობა და საშუამავლო ვაჭრობა შეადგენდა. ის, ძველთაგანვე მონურ შრომაზე დამყარებულ პლანტაციური მეურნეობის კლასიკურ მხარედ ითვლებოდა. სახელმწიფოებრივი წყობილების მხრივ კართაგო ოლიგარქიული ტიპის მონათმფლობელურ რესპუბლიკას წარმოადგენდა. ხელისუფლებას ორი სუფეტი ახორციელებდა. ყოველწლიურად ხდებოდა სუფეტების გადარჩევა. საკანონმდებლო ხელისუფლებით არსებითად უხუცესთა საბჭო (სენატი) სარგებლობდა, რომელიც 300 წევრისგან შედგებოდა. ძვ.წ. III საუკუნის დასაწყისში კართაგენსა და რომს ბრძოლა მოუწიათ ეპირის მეფე პიროსთან (ძვ.წ. 319/318-272), რომელიც საბოლოოდ დამარცხდა. ამის შემდეგ რომაელები და კართაგენელები ერთმანეთს სიცილიის გამო დაუპირისპირდნენ.

 

წყარო : samxedro-istoria.blogspot.com

თეგები

fridrix

რიგითი პიროვნება, რომლის მთავარ მიზნად შეილება დაისახოს იმ ისტორიებსი გადმოცემა, რომლებიც ამ ხნის მანძილზე დააგროვა და მზადაა ხალხის ინტერესის ობიექტად გამხადოს ისინი.
Close
Close