გასართობისაკითხავისამხედრო

ცნობები ქართლ-კახეთის ჯარის შესახებ ერეკლე II-ს მეფობის ხანაში (ნაწილი I)

http://i038.radikal.ru/1501/1f/3dcaa3cbb0d9.jpg

XVIII საუკუნის ქართლ-კახეთის ჯარი წარმოადგენდა ფეოდალური ტიპის არმიას, რომელიც წარმოადგენდა ბატონყმურ ჯარს, სადაც ყმა ლაშქრობდა თავისი ბატონის ხელქვეით. ასეთი ლაშქარი შედგებოდა როგორც პროფესიონალი მოლაშქრეებისგან, თავად-აზნაურთა და მსახურთაგან ისე ყმა გლეხებისაგან. ლაშქრის ორგანიზება თავადს ევალებოდა. ეს იყო ერთგვარი სამხედრო იმუნიტეტი, რომელიც თავის სათავადოში თავადს საკუთარი სურვილისამებრ ჯარის შეკრების თავისუფლებას ანიჭებდა. ფეოდალური ლაშქარი არ იყო მუდმივი სამხედრო ძალა, მის შეკრებას საკმაო დრო სჭირდებოდა და დიდწილად დამოკიდებული იყო თავადთა კეთილგანწყობაზე მეფის მიმართ. ამავე დროს იკვეთება ტენდენცია, რომ ომი აღარ არის მხოლოდ პროფესიონალ მეომართა, ფეოდალთა კლასის საქმე როგორც ეს კლასიკური ფეოდალიზმის IX-XV პერიოდში იყო და მასში უკვე გლეხებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები.

ერეკლე II-სა და თეიმურაზ II-ს მეფობის დროს შეიქმნა ე.წ. `ლაშქარნივსების” თანამდებობა. „ლაშქარნივსები” აღრიცხავდნენ მოლაშქრეებს თავიანთი შეიარაღებით. ამის შემდგომ ჯარის გამოძახება ხდებოდა ლაშქარნივსების მიხედვით. ასევე ერეკლემ სცადა ჩამოეყალიბებინა ე.წ. „ნოქარი” – ადგილობრივი მოსახლეობისგან გამოყვანილი დაქირავებული სამხედრო შენაერთი, რომლის ქირას (ყოველ ნოქარს წელიწადში 25 მანეთი ეძლეოდა) თვითონ მოსახლეობა იხდიდა. პირველად ასეთი ჯარის შექმნა ქართლ-კახეთს ნადირ შაჰმა დააკისრა. სავარაუდოდ, ნოქარი 1755 წლიდან გამოიყენებოდა და ძირითადად ლეკების თარეშის წინააღმდეგ იყო მომართული. მტრის დიდი ძალების შემოსვლისას კი ნოქარი მეფის ლაშქარს შეუერთდებოდა. ნოქარი საშუალოდ 1000-დან 2000 მეომრისგან შედგებოდა. ეს იყო მუდმივი ლაშქარი და მას ფეოდალურ მიწისმფლობელობასთან არანაირი საერთო არ ჰქონდა. ჯარის რაოდენობას ზღუდავდა ისიც რომ მისი შენახვა საკმაოდ ძვირი ჯდებოდა და მოსახლეობას ყოველწლიურად 25 000 მანეთზე მეტის გაღება უწევდა.
ნოქარის ძალები არ აღმოჩნდა საკმარისი, მეტი მოქირავნის შენახვა კი სახელმწიფოსთვის ძვირადღირებული იყო, ამიტომ 1774 წლიდან შექმნეს ე.წ. „მორიგე ჯარი”. შედგა ამისთვის განკუთვნილი დავთრები, რომლებშიც გამოთვლილი იყო საომრად გასაწვევთა რაოდენობა, მათი ბატონისა და თვითონ მოლაშქრეთა სახელ-გვარები და ვის რომელ თვეში მოუწევდა სამხედრო სამსახური. „მორიგეში” ქვეყნის ყველა სრულწლოვანი მამაკაცი, თავის სამყოფი სურსათ-სანოვაგით, წელიწადში ერთი თვის მანძილზე მსახურობდა. მორიგე ჯარში გაუსვლელობისთვის არსებობდა სასჯელი – პატიმრობა, ფულადი ჯარიმა, გაწკეპვლა და ა.შ. ამის საკომპენსაციოდ მეფემ გლეხების სურ-სათის გადასახადი – კომლზე 3 კოდი პური – გააუქმა. „მორიგე ჯარის” სისტემა უნდა არსებულიყო ჯერ კიდევ 1756 წლიდან, თუმცა განსხვავებული სახით, 1774 წლამდე, ე.ი. „მორიგის” განჩი-ნების შედგენამდე, „მორიგის” გაყვანა ხდებოდა არა საყოველთაო გაწვევით, არამედ შეწერით. შეწერა ხდებოდა სადროშოების მიხედვით. სადროშოს ტერი-ტორიაზე მოსახლე მებატონეებს, აზნაურებს, თავადებს და ეკლესიას მეფე შეა-წერდა ყოველთვიურად გამოსაყვანი ჯარის გარკვეულ რაოდენობას, ამ ბატონის ყმა-მამულის სიდიდის შესაბამისად. თავდაპირველად ნოქარი როგორც ჩანს მორიგე ჯართან ერთად არსებობდა, შემდგომ კი ადგილი მთლიანად მორიგე ჯარს დაუთმო.

სამხედრო რეფორმის შედეგად ერეკლე II-ს ხელში აღმოჩნდა 5000 მეომარი, რომელიც ფაქტობრივად რეგულარულ ჯარს წარმოადგენდა და არა ფეოდალურ ლაშქარს.
მორიგე ლაშქარი ოფიციალურად არასდროს გაუქმებულა, მაგრამ თავადებმა მოახერხეს მისი შესუსტება და ბოლოს სავსებით გაქრობა. უდიდესი ზიანი მოუვიდა მორიგე ლაშქარს მისი ხელმძღვანელის ლევან ბატონიშვილის მოულოდნელი სიკვდილით (1781 წ.). სხვა ბატონიშვილები აგრე რიგად არ ზრუნავდნენ მორიგე ჯარზე და მალე ეს საქმე ანგარი მოხელეების ხელში, მათი საკუთარი შემოსავლის წყაროდ იქცა. ქრთამით ესა თუ ის თავადი სულ უფრო ადვილად ახერხებდა თავისი ყმებით მორიგეში გასვლისაგან თავის დაღწევას. მორიგეთა რიცხვმა თანდათან იკლო და ბოლოს სულ გაქრა.
ერეკლე უბრძანებს თავადებს, შემოკრიბონ ჯარის ის გარკვეული რაოდენობა, რომელიც მას სჭირდება და რაც მათი ქვეშევდრომობის ოდენობას შეესაბამება. იგი მათ მიუთითებს, რომ ამა და ამ დღეს, ამა და ამ ადგილას გამოცხადდნენ ერთი თვის საგზლით. ამ დროის გასვლის შემდეგ, რომელიც გამიზნულია ლაშქრობის განსაგრძობად, ისინი ერეკლემ უნდა ასაზრდოოს. ამის გარეშე ნება აქვთ გაბრუნდნენ, თუ იმედმა ნადავლის შოვნისა, რაც ყოველთვის მათ ეკუთვნით, ისინი არ შეაკავა. კავალერიას ქმნიან ისინი, ვისაც ცხენები ჰყავთ. ერთი დროშის მოლაშქრენი ემორჩილებიან თავიანთ ბატონს, ეს უკანასკნელი კი ემორჩილება ერეკლეს, რომელიც ამ ჯარს თავისი ნება-სურვილის მიხედვით განალაგებს. იმ შემთხვევაში, თუ სადროშოს უფროსს თავისი ჯარის სარდლობა არ შეუძლია, რაც იშვიათად ხდება, მას ცვლიან იმ პირით, რომელსაც ამ მოვალეობას ერეკლე დააკისრებს (ფრაგმენტი გოტლიბ ტოტლებენის ადიუტანტის შარლ დე გრაი დე ფუას ცნობებიდან, 1769-70 წწ.)

ერეკლე II-ს სამსახურში ჰყავდა მოქირავნე ლეკებიც. ამას შარლ დე გრაი დე ფუაც აღნიშნავს, როდესაც აღწერს როგორ დაესხა თავს ტოტლებენი თავისი ჰუსართა ორი ასეულით მათ, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა ლეკები ერეკლეს სამსახურში იყვნენ ქირით.
გენერალ გოტლიბ ტოტლებენის ადიუტანტის, შარლ დე გრაი დე ფუას მიხედვით: საქართველოში ლაშქარი შემდეგნაირად იკრიბება: ქართლი და კახეთი შვიდ სადროშოდაა დაყოფილი. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ერეკლეს სადროშოა. მასში შემოკრებილია პირადად მეფის ყველა ყმა, რომელსაც სამხედრო სამსახურის გაწევა ძალუძს. მეორე სადროშო პატრიარქისაა, სადაც თავმოყრილია ეკლესია-მონასტრების ყმა გლეხები. მათ მეთაურს ერეკლე ნიშნავს. მესამე სადროშო თავადი ერისთავისაა და აერთიანებს გლეხებს მისი კუთვნილი მიწებიდან, სხვათა შორის, ქალაქ ახალგორიდან, რომელიც მთლიანად მას ეკუთვნის. მეოთხე სადროშო თავადი ამილახვრისაა, რომელსაც ქალაქი გორი ეკუთვნის. მეხუთე – თავადი ციციანოვის, ერეკლეს სიძის. მისი მიწები კახეთშია. მეექვსე – თავადი ორბელიანოვის, რომელსაც მიწები აგრეთვე კახეთში აქვს. და ბოლოს მეშვიდე – თავადი მაჩაბლის. ამ თავადის მიწები ადრე იმერეთში შედიოდა, მაგრამ შედეგ მაჩაბელმა თავი დააღწია იმერეთის ქვეშევდრომობას და ერეკლეს ქვეშევრდომი გახდა. ამასთანავე მან რამდენიმე გამარჯვება მოიპოვა ყუბანელებზე და დროშის ქონების უფლება მოიპოვა. ეს დროშები პატარა ბაირაღების ფორმისანი არიან. დროშის ქონების უფლების მქონენი პატარა მეფეებს წარმოადგენენ. თავის სამფლობელოში მათ ყველაფრის უფლება აქვთ, მაგრამ ერეკლეზე არიან მთლიანად დამოკიდებულნი და ერეკლეს ნებართვის გარეშე სრულიად არა აქვთ ნება ომის გამოცხადებისა, ლაშქრის შეკრებისა. როდესაც ერეკლე ბრძანებს, რომ ისინი შემოკრბნენ, ისინი იძულებულნი არიან დაემორჩილნონ განკარგულებას.

ერეკლე გააჩენს სამართალს მათ შორის წარმოქმნილი უთანხმოების მოსაგვარებლად. როდესაც რომელიმე გვარის უფროსი კვდება, მემკვიდრეობა ტოლ ნაწილად იყოფა ყველა მემკვიდრეზე. სცნობენ მხოლოდ ერთ უფროსს, რომელსაც ეკუთვნის დროშა. თავადი ამილახვარის სახლი უკიდურესად დაქუცმაცებულია და დროშის მფლობელი ამჟამად არაფრით სხვებზე უფრო შეძლებული არ არის. სავარაუდოდ XVIII საუკუნის 50-იან წლებში ერეკლემ ჩამოაყალიბა „მდევარი ჯარიც”, რომელიც ალბათ უფრო ლეკთა ხშირი შემოსევების წინააღმდეგ იყო განკუთვნილი. დასახელებული სადროშოების მეთაურებიდან ამილახვარი ზემო ქართლის სადროშოს სარდალი და უმეტესად გორის მოურავიც იყო. დე გრაი საუბრობს რევაზ ოთარის ძე ამილახვარზე, რომლის ქალიშვილი ცოლად ჰყავდა ერეკლეს ვაჟს იულონს. დე გრაი დე ფუა ციციანოვად აღნიშნავს დავით ციციშვილს, ორბელიანოვად დავით ორბელიანს, მაჩაბელად იესე მაჩაბელს. XV საუკუნის შემდგომ, როდესაც ჩამოყალიბდა ქართლის სამხედრო სადროშოები, პატრიარქის სადროშოს მეთაურად მეფე ძირითადად ციციშვილების გვარის წარმომადგენელს ნიშნავდა.

 

წყარო : samxedro-istoria.blogspot.com

თეგები

fridrix

რიგითი პიროვნება, რომლის მთავარ მიზნად შეილება დაისახოს იმ ისტორიებსი გადმოცემა, რომლებიც ამ ხნის მანძილზე დააგროვა და მზადაა ხალხის ინტერესის ობიექტად გამხადოს ისინი.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე

Close
Back to top button
Close
Close