არქივი

“უვარგისი” ნივთი, რომლის გარეშეც ვერავინ ძლებს

26bba4a85969

თანამედროვე ბურთულიან კალამს საკმაოდ დიდი ხნის ისტორია აქვს. მისი გამოგონება–შექმნა ხანგრძლივი და რთული პროცესი იყო. უძველესი დროიდან მოყოლებული, ადამიანი წერას სხვადასხვა საგნის გამოყენებით ახერხებდა, თუმცა ეს არც ისე ადვილი იყო. საწერი კალმის გამოგონებამდე ყველაზე გავრცელებული და ფართოდ გამოყენებული საწერი საშუალება ფრინველის (ბატის, გედის ან ინდაურის) ფრთა იყო. მასთან დაკავშირებული ყველაზე დიდი პრობლემა ის გახლდათ, რომ ფრთის წვერს მელანი სწრაფად ახმებოდა, რის გამოც, საჭირო იყო წვერის გათლა და მისი ხშირად დასველება.

ცნობილი ფაქტია, რომ უძველესი ჩინელები საწერად აქლემისა და ვირთხის ბეწვისგან დამზადებულ კალმებს იყენებდნენ. თანამედროვეს მსგავსი მელნიანი ავტოკალამი დაახლოებით 1800 წელს გაჩნდა. ზოგიერთი მკვლევრის მტკიცებით, 1884 წელს ედსონ უოტერმანმა გამოიგონა პირველი სრულყოფილი თანამედროვე სახის ავტოკალამი. მკვლევართა უმრავლესობა კი ამტკიცებს, რომ უმარტივესი ბურთულიანი კალამი (ყოველდღიურობაში პასტას რომ ვეძახით), დაახლოებით 1880 წელს შექმნა ამერიკელმა ჯონ ლაუდმა. მაშინ ყველაზე დიდ პრობლემას მელანი წარმოადგენდა, რომელიც შედარებით თხევადი გახლდათ და ფურცელზე არასასიამოვნო კვალს ტოვებდა, ხშირად ჯიბეს სვრიდა, ზედმეტად სქელი კი ხმებოდა და ბურთულას მოძრაობის საშუალებას არ აძლევდა.

დაახლოებით ამ დონეზე იყო კალმის წარმოების ტექნოლოგია, როდესაც მას ძმებმა ბიროებმა მოჰკიდეს ხელი. მრავალი პროფესიის დაწუნების შემდეგ ერთ–ერთმა ძმამ, ლადისლავ ბირომ, შემთხვევით ჟურნალისტიკას მოჰკიდა ხელი, თუმცა სულ მალე ძალიან ინანა. ამის მიზეზი კი საწერი კალმის უვარგისობა იყო, რაც მის ნერვებზე საშინლად მოქმედებდა. მელანი კალმიდან გაზეთის ფურცელზე ითხაპნებოდა, ხოლო მისი წვერი მელნით გაჟღენთილ ადგილს ხევდა. ერთი სიტყვით, ნაწერი კი არა, მელნის ტბა იდგა. მაშინ ლადისლავმა დახმარებისათვის ქიმიკოს ძმას, გეორგს მიმართა და ძმები კალმის გაუმჯობესებას ერთად შეუდგნენ.

ერთ–ერთი შვებულების დროს ბიროებმა ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე ერთი სიმპათიური ხანდაზმული ბატონი გაიცნეს. ძმებმა ახალგაცნობილს თავიანთი საწერი კალამი აჩვენეს, რომელიც სანდომიან კაცს ძალიან მოეწონა. მამაკაცი არგენტინის მაშინდელი პრეზიდენტი აუგუსტო იუსტო აღმოჩნდა და ძმებს თავის ქვეყანაში ბურთულიანი კალმის მწარმოებელი ფაბრიკის გახსნა შესთავაზა. ამ საუბრიდან რამდენიმე წლის შემდეგ მეორე მსოფლიო ომიც დაიწყო და ძმებმა მოხუცის შეთავაზება გაიხსენეს. ჯიბეში მხოლოდ 10 დოლარი ჰქონდათ, მაგრამ ბიროები სამხრეთ ამერიკაში მაინც ჩავიდნენ.

პრეზიდენტის დახმარებით 1943 წელს გეორგმა და ლადისლავმა არგენტინაში პირველი ფაბრიკა გახსნეს. მათ საშინელი მარცხი განიცადეს, რადგან ისეთივე შეცდომა დაუშვეს, როგორიც მათმა წინამორბედებმა. ძმები სიმძიმის ძალას დაეყრდნენ, რომლის საშუალებითაც მელანი ბურთულაზე გადადიოდა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ კალამი აუცილებლად ვერტიკალურ მდომარეობაში უნდა ყოფილიყო. ამის გამო კი მელანი კვლავ ჟონავდა.

ამასობაში ერთ–ერთმა ამერიკულმა კომპანიამ თავად გადაწყვიტა კალმის წარმოება და ამ უფლების მოსაპოვებლად ძმებს 500.000 დოლარი გადაუხადა.

თანდათანობით სიახლე ხალხშიც იძენდა პოპულარობას, თუმცა ერთი პრობლემა ყოველთვის არსებობდა – კალამს მელანი გასდიოდა და ბევრ აუცილებელ დოკუმენტსა თუ ძვირადღირებულ სამოსს აფუჭებდა.

გაყიდვამ თანდათანობით იკლო, ისევე როგორც კალმის ფასმა. იმ დროს კალამი 12 დოლარი და 50 ცენტი ღირდა. ბურთულიანი კალამი, რომელიც ერთი საუკუნის წინ ფუფუნების საგნად ითვლებოდა, უკვე 19 ცენტად იყიდებოდა, მაგრამ ასეთი დაბალი ფასის მიუხედავად, კალმის ერთხელ ყიდვის შემდეგ ადამიანი თავბედს იწყევლიდა და პირობას დებდა, რომ ასეთ უვარგის ნივთს აღარასოდეს შეიძენდა.

გასული საუკუნის 60–იან წლებში გამოიგონეს ყველასთვის კარგად ცნობილი ფლომასტერი და მის პრინციპზე მომუშავე უამრავი სახეობის კალმისტარი, რომლის ვერტიკალურად დაჭერა აუცილებელი აღარ იყო. აქედან დაიწყო უამრავი ფორმისა თუ სახეობის საწერი საშუალების შექმნა.

წყარო: sana.ge

მსგავსი ამბები

Back to top button