მითრას ტაძარი საფრანგეთში
არქეოლოგებმა, რომლებიც გათხრებს საფრანგეთის ქალაქ ანჟეში აწარმოებდნენ, მითრას სახელზე აგებული ტაძარი აღმოაჩინეს.
მითრას კულტი ფართოდ იყო გავრცელებული როგორც წინა აზიასა და ჩრდილოეთ აფრიკაში, ასევე საბერძნეთში, რომში, ძველი ევროპის ქვეყნებშიც და კონკურენციას უწევდა ქრისტიანობას. ჩანს, ახალაღმოჩენილი სწორკუთხოვანი ნაგებობა, რომელსაც არცთუ დიდი ფართობი უკავია, III საუკუნეში უნდა აეგოთ.
საკურთხეველში აღმოჩნდა ფრიგიული თასი მითრას ტიპური რელიეფური გამოსახულებით. გამოსახულება, ჩანს ჯერ კიდევ უძველეს დროში დაზიანდა. შესაძლოა ის ქრისტიანებმა დააზიანეს, რომელთაც წარმართული კულტის აღმოფხვრა სურდათ.
არტეფაქტებს შორის, რომელთა მოპოვებაც არქეოლოგებმა მოახერხეს, არის ზეთის სანათურები, სასანთლის ფრაგმენტები, თიხის ფიგურები, IV საუკუნის ვერცხლის ბალთა და ორასამდე მონეტა. ტაძრის შიგნით აღმოჩნდა დიდი რაოდენობით მამლის ძვლები. მითრას ღვთაებისადმი მიძღვნილი სარიტუალო ნადიმისას მამლის კერძი ხომ აუცილებელ ატრიბუტს წარმოადგენდა.