საკითხავისასარგებლო

ედიტ პიაფი

მისი ნამდვილი გვარია გასიონი, მაგრამ თაყვანისმცემლები პიაფის სახელით იცნობენ, რაც პარიზულ სლენგზე ბეღურას ნიშნავს.

ბეღურასავით პატარა, თავის განუყრელ შავ კაბაში გამოწყობილი ედიტ პიაფი პარიზის ჭეშმარიტი სულისა და ტემპერამენტის გამოხატულება გახდა. მისი დაბადებაც უცნაური იყო: დედამისს მშობიარობის ტკივილები უეცრად დაეწყო. მამა ექიმის მოსაყვანად გაიქცა, მარტოდ დარჩენილი ქალი ისტერიკამ შეიპყრო; მოლოდინმა ძალიან დიდხანს გასტანა – ქმარი არ ჩანდა და დილის ხუთ საათზე ქუჩაში გამოვიდა დახმარების სათხოვნელად. ბედად, მშობიარე პოლიციელებმა შენიშნეს.

სწორედ მათ გასწიეს„ბებიაქალის მაგივრობა. ასე, პირდაპირ პარიზის ქუჩაში, მოევლინა სამყაროს დიდი ედიტ პიაფი, რომელიც მუდამ ამაყობდა თავისი არაჩვეულებრივი წარმომავლობით, არადა,“დედამ ჯერ ისევ ჩვილი მიატოვა. მამა პროფესიონალი ჯამბაზი იყო და პარიზის ქუჩებში მართავდა წარმოდგენებს. ყოველი წარმოდგენა პატარა ედიტის სიმღერით მთავრდებოდა, რის შემდეგაც  გოგონა თუნუქის თეფშით  ჩამოუვლიდა ხოლმე ხალხს კუთვნილი „ჰონორარის“ მისაღებად.

8 წლის იყო, დედა რომ გაიცნო. მამამ კაფეში შეიყვანა, იქ კი უცნობი ქალი მიუახლოვდა და კოცნა დაუპირა. გოგონამ ლოყა აარიდა და გამოუცხადა: მამა მიკრძალავს უცხო ადამიანების კოცნასო. მამამისს ნაღვლიანად გაეღიმა და მიუგო: ამას შეიძლება აკოცნინო, დედაშენიაო.

პირველი ნამდვილი კონცერტი პარიზულ კაბარე “ჯერნისში” ჰქონდა. კონცერტისთვის სვიტერის ბოლომდე მოქსოვა ვერ მოასწრო, ცალი სახელო  დაუსრულებელი დარჩა, მაგრამ რაკი სხვა სამოსი არ გააჩნდა, სცენაზე მოსასხამით გავიდა, იქ კი, როგორც ყოველთვის, ყველაფერი გადაავიწყდა. განცდებით შეპყრობილმა ორივე ხელი შემართა და„საიდუმლოც“ გამოაშკარავდა. როცა ეს შენიშნა, გვიანღა იყო… გულგაჩერებული ელოდა სტვენასა და დაცინვას, მაგრამ პარიზმა იცნო თავისი ჭეშმარიტი შვილი და დარბაზიდან „”ბრავო!” გაისმა.

არანაირი განათლება არ ჰქონია, ნოტებსაც ვერ ცნობდა. მუსიკას გულით გრძნობდა. ერთ-ერთი რეპეტიციის დროს მომღერალთა გუნდი და 80-კაციანი ორკესტრი უწევდა აკომპანირებას. უცებ რაღაც არ მოეწონა და გაჩერდა. დირიჟორი არწმუნებდა, ყველაფერი რიგზეაო. მაინც თავისი დაიჟინა და მევიოლინეების კუთხისკენ მიუთითა. ბოლოს ერთ-ერთი მუსიკოსი წამოდგა და აღიარა: ნახევარი ტონით მაღალი ნოტი ავიღეო.

თეგები
Close
Close