გასართობისაკითხავისასარგებლო

მენდელი

მენდელის დამსახურება კაცობრიობის წინაშე და მის მიერ აღმოჩენილი კანონების გავლენა თანამედროვეობაზე მნიშვნელოვანია. ამ გარემოების მიუხედავად, ნიუტონისა და დარვინისგან განსხვავებით, მენდელის გარდაცვალების დღეს (1884 წ) მისი წვლილი მეცნიერებაში ჯერ კიდევ შორს იყო საყოველთაო აღიარებისგან.

ჩვენი მიზანია მოგითხროთ მენდელის ცხოვრებისა და ნაშრომების შესახებ.

მოკლე მიმოხილვა ბიოგრაფიიდან:

მენდელი დაიბადა გერმანელი გლეხების ოჯახში. გრეგორს ბუნებისადმი ინტერესი ბავშობიდანვე ჰქონდა. ის მებაღედ მუშაობდა, სწავლობდა მეფუტკრეობას. გახდა ავგუსტინელთა ორდენის ბერი და მეცნიერი,რომელსაც ხშირად გენეტიკის ფუძემდებლად მოიხსენიებენ. მენდელი სწავლობდა ნიშან-თვისებების გადაცემას ბარდაში. მან დაამტკიცა, რომ მემკვიდრეობითობა კანონებს ემორჩილება.

მენდელის ნაშრომების ბედი:
მენდელის ნაშრომის მნიშვნელობა მხოლოდ მეოცე საუკუნეში გახდა ცნობილი, როდესაც რამდენიმე სხვადასხვა მეცნიერი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მივიდა იმ დასკვნებამდე, რომლებიც გრეგორს ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში ჰქონდა ჩამოყალიბებული. დღეს მეცნიერები უკვე მენდელის გენეტიკას იყენებენ. ხელახალმა აღმოჩენამ საფუძველი ჩაუყარა ახალი დისციპლინის — გენეტიკის განვითარებას.

მენდელის კანონები: 1856-1863 წლებში მენდელმა გამოიყვანა და შეისწავლა ბარდის (Pisum sativum) 29 000 მცენარე და

ჩამოაყალიბა სამი კანონი: პირველი – პირველი თაობის ჰიბრიდების ერთგვაროვნების კანონი,როდესაც ვლინდება მხოლოდ ერთი, დომინანტური ნიშან-თვისება. მეორე–მეორე თაობაში დათიშვის კანონი,როდესაც ვლინდება ორივე მშობლის ნიშან-თვისებები დათიშვით 3:1 (დომინანტური:რეცესიულთან), მესამე–ნიშან-თვისებათა დამოუკიდებლად გადაცემის კანონი– ცალკეული წყვილი ნიშნის მემკვიდრეობა ერთმანეთზე არაა დამოკიდებული.

 

ექსპერიმენტის შესახებ:
მცენარეთა ჯგუფი 21 ათას ინდივიდუალურ მცენარეს შეიცავდა.ამასთან, თითოეული მცენარის ანალიზი 7 სხვადასხვა ნიშან-თვისების მემკვიდრეობით გადაცემის შესწავლას ითვალისწინებდა. არა მარტო ექსპერიმენტის გულმოდგინე დაგეგმვა მენდელის მიერ, არამედ საცდელ ობიექტად ბარდის (ლათ.Pisum sativum) არჩევანიც მის მეცნიერულ შორსმჭვრეტელობასა და დეტალებისადმი უზადო ყურადღებას წარმოაჩენს. მენდელი მოქმედებდა ყოველმხრივ დახვეწილი გეგმის მიხედვით.

მისივე განსაზღვრებით, ბარდა არჩეულ იქნა შემდეგი ფაქტების გათვალისწინებით:

1) ბარდის სხვადასხვა ჯიშები ავლენდნენ თვისებებს, რომლებიც მათთვის დამახასიათებელი იყო და ადვილად განირჩეოდა სხვა ჯიშების თვისებებისგან;
2) ხელოვნური დამტვერვის მეთოდი ამ მცენარის შემთხვევაში შედარებით მარტივი იყო და სანდო, ადვილად განმეორებად შედეგებს იძლეოდა
3) ჰიბრიდებისა და მათი შთამომავლობის ნაყოფიერება არ მცირდებოდა როგორც ჰიბრიდიზაციის (ანუ ჯვარედინი დამტვერვის), ისე თვითდამტვერვის შედეგად.

მენდელის ექსპერიმენტების უპირატესობა

უპირატესობა სხვა მკვლევარების მიერ ჩატარებულ ცდებთან შედარებით, უმთავრესად შემდეგი გარემოებით განისაზღვრება: მენდელი შეჯვარებისთვის იყენებდა ახლონათესაურ ფორმებს (ერთი სახეობის სხვადასხვა ჯიშებს) და ამ შეჯვარების შედეგად მიღებული ჰიბრიდები გამოირჩეოდნენ ისეთივე ნაყოფიერებით, როგორც მათი მშობლები. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ შვიდი სხვადასხვა ნიშან-თვისებიდან მენდელი თითოეული ნიშნის მემკვიდრეობით გადაცემას სხვა ნიშნებისგან დამოუკიდებლად იკვლევდა.

მენდელი აკვირდებოდა ბარდის მცენარეებზე სულ 7 თვისების მემკვიდრეობითი გადაცემას:dc1651c33e5b

1) ღეროს სიგრძე (გრძელი ან მოკლე);

2) ყვავილების განლაგება ღეროზე (მის გასწვრივ ან კენწეროში);

3) პარკის ფორმა (მსხვილი ან დანაოჭებული);
4) პარკის ფერი (ყვითელი ან მწვანე);

5) მარცვლის ფორმა (გლუვი ან დანაოჭებული);

6) მარცვლის ფერი (ყვითელი ან მწვანე);

7) ყვავილის ფერი (თეთრი ან იასამნისფერი).

ადვილი დასადგენი ნიშნები და თითოეული ნიშნის დამოუკიდებელი ანალიზი

ყველა ნიშანი ადვილი დასადგენია და მკვეთრად გამოირჩევა თავისი “მეწყვილისგან”: თითქმის შეუძლებელია ყვითელი და მწვანე მარცვლების, თუნდაც გრძელი და მოკლე ღეროს ერთმანეთში არევა, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია დიდი მასშტაბის ანალიზისთვის.

თითოეული ნიშნის დამოუკიდებელი ანალიზი კი ნიშნავს, რომ თუ ყვითელი გლუვი მარცვლების მქონე მცენარეს მწვანე დანაოჭებულმარცვლებიან მცენარესთან აჯვარებდნენ, მენდელი ცალკე აღნუსხავდა მარცვლის ფერის მემკვიდრეობით გადაცემის სტატისტიკას და ცალკე – მარცვლის ფორმის მემკვიდრეობის ამსახველ შედეგებს.
მენდელის კანონების ახსნა და მაგალითი:
1) სეგრეგაციის (დათიშვის) კანონის თანახმად, ნებისმიერ ნიშან-თვისებას განსაზღვრავენ “ფაქტორები”, რომლებიც უცვლელად გადაეცემიან შთამომავლობას.
ეს ფაქტორები (გენები) შეიძლება არ გამოვლინდნენ ორგანიზმში, მაგრამ ხდება მათი შენარჩუნება და მემკვიდრეობით გადაცემა,სადაც კვლავ შესაძლოა მათი გამოვლინება.

ყოველ ორგანიზმს რომელიმე ნიშან-თვისების განმსაზღვრელი გენის ორი ასლი აქვს, რომლისგანაც ერთს დედისგან იღებს, მეორეს კი – მამისგან.

სეგრეგაციის მაგალითი

მაგალითად: ყვითელი და მწვანე მარცვლებიანი მცენარეების შეჯვარების შედეგად მიღებულ ყველა მცენარეს ყვითელი მარცვლები აქვს: მართალია, ისინი შეიცავენ როგორც ყვითელი, ისე მწვანე ფერის განმსაზღვრელ გენებს, მათგან მხოლოდ ყვითელი გამოვლინდება. ასეთი მცენარეების თვითდამტვერვის შედეგად მიღებული შთამომავლობიდან ზოგიერთს მწვანე ფერის მარცვლები უვითარდება.

სეგრეგაციის მაგალითის ახსნა

როგორც აღვნიშნეთ, პირველ თაობაში ყველა მცენარეს აქვს როგორც ყვითელი, ისე მწვანე ფერის განმსაზღვრელი გენი, ამ თაობის თვითდამტვერვისას ეს ფაქტორები ერთმანეთისგან დაითიშება და შთამომავლობას თითოეული მშობლისგან ან მხოლოდ ყვითელი ფერის განმსაზღვრელი გენი გადაეცემა, ან – მხოლოდ მწვანე ფერისა. ამის შედეგად შესაძლოა ისეთი მცენარეების წარმოქმნა, რომლებშიც ორივე გენი მწვანე ფერის განმსაზღვრელია და სწორედ მათში ვითარდება მწვანე მარცვლები.

ნიშან-თვისებათა დამოუკიდებლად გადაცემის კანონი

ამ კანონის თანახმად, ყოველი ფაქტორი (გენი) სხვა ფაქტორებისგან დამოუკიდებლად გადაეცემა მემკვიდრეობით. მენდელის ექსპერიმენტის შემთხვევაში ეს მართლაც ასე იყო.
მენდელი 7 ნიშან-თვისების მემკვიდრეობითობას იკვლევდა; მან ისეთი სტატისტიკური შედეგები მიიღო, რომლებიც ერთმანეთისგან დამოუკიდებელი მემკვიდრეობითობით აიხსნებოდა. აუცილებელია აღინიშნოს ერთი გარემოება: ბარდას 7 წყვილი ქრომოსომა აქვს და მენდელის არჩეულ ყველა ნიშანზე თითო ქრომოსომა “მოდიოდა” (ესე იგი, ამ ნიშნების განმსაზღვრელი გენებიდან ყველა ცალ-ცალკე ქრომოსომაზე იყო განლაგებული).
მენდელს რომ თავისი ანალიზისთვის ნებისმიერი მერვე ნიშანი დაემატებინა, მაშინ, სულ ცოტა, ორი გენი ერთსა და იმავე ქრომოსომაზე აღმოჩნდებოდა და არა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, არამედ ერთად (ე.წ. შეჭიდულობის პრინციპის თანახმად) გადაეცემოდა შემდეგ თაობებს.
მენდელის ექსპერიმენტის მნიშვნელობა
ამ ანალიზის შედეგები საფუძვლად დაედო ყველა მომდევნო შრომას მემკვიდრეობითობის შესახებ. დასანანია, რომ ეს აღმოჩენები დარვინის თვალთახედვის მიღმა დარჩა: დარვინისა და მენდელის იდეების შერწყმა ევოლუციის თეორიას განავითარებდა.

შემდგომში მენდელი შეეცადა, თავისი ექსპერიმენტების შედეგები სხვა ცოცხალ ორგანიზმებზე (როგორც მცენარეებზე, ისე ცხოველებზე) შეემოწმებინა. ამ კვლევების შედეგები ნაკლებად წარმატებული იყო, ალბათ იმის გამო, რომ კვლევის ობიექტებს არ ჰქონდათ ის თვისებები, რომლებიც მენდელმა ბარდის ანალიზის დროს დიდი გულმოდგინებით შეარჩია.

აბატი

1868 წელს მენდელი მონასტრის აბატად აირჩიეს. ადმინისტრაციული სამუშაოს მოზღვავებამ იგი აიძულა, ექსპერიმენტებისთვის თავი დაენებებინა. მენდელის აბატად ყოფნის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ეპიზოდია მის მიერ იმ გადასახადზე უარის თქმა, რომელიც ბისმარკის მთავრობამ კათოლიკურ მონასტრებს 1873 წელს დაუწესა.
მაშინაც კი, როდესაც მთავრობის წარმომადგენლებმა მას კომპრომისის სანაცვლოდ სენატორობა შესთავაზეს, მენდელმა უარი განაცხადა და უსამართლო გადასახადის წინააღმდეგ ბრძოლისთვის თავი არ დაუნებებია. საბოლოოდ ამ ხანგრძლივმა კონფლიქტმა მის ჯანმრთელობასაც დაასვა დაღი – 1884 წლის 6 იანვარს გრეგორ იოჰან მენდელი ქრონიკული ნეფრიტის შედეგად გარდაიცვალა.

აღიარება
მხოლოდ გარდაცვალებიდან 35 წლის შემდეგ მიეგო მას საკადრისი პატივი: მენდელის კანონები ხელახლა იქნა აღმოჩენილი. მენდელის წვლილი გენეტიკის როგორც კლასიკურ, ისე თანამედროვე ასპექტებში (გენური ინჟინერია, გენმოდიფიცირებული ორგანიზმები) ჭეშმარიტად განუზომელია.
დასკვნა
მენდელის ცხოვრების თითქმის ყველა ეტაპს გმირობის კვალი ატყვია: ჭაბუკობის წლებში, სიღარიბის პირობებში, სწრაფვა განათლების შესაძენად;
მოწიფულობისას – უაღრესად რთული ექსპერიმენტების ჩატარება და დასრულება, დაბრკოლებებისა და იმედგაცრუების მიუხედავად;
სიცოცხლის ბოლო ათწლეულის განმავლობაში – ბრძოლა უსამართლო დაბეგვრის წინააღმდეგ სამონასტრო ქონების დასაცავად. გრეგორ მენდელის გარდაცვალებისას, მისი როგორც მეცნიერის სახელი უცნობი იყო.

(ანა მახარაძე)

წყარო : eniuss.wordpress.com      24saati.ge

 

მსგავსი ამბები

Close
Close