საინტერესო ფაქტები ტუტანჰამონზე
აღმოსავლეთ ევროპის მამაკაცთა ნახევარი და ბრიტანელ მამაკაცთა 70% ეგვიპტის ფარაონ ტუტანჰამონის (რომელიც ეგვიპტეს 3000 წლის წინ მართავდა) მემკვიდრე და შორეული ნათესავია.
ასეთ დასკვნამდე მივიდნენ შვეიცარიის კვლევითი ცენტრის, IGENEA-ს მკვლევრები, რომლებიც გენეტიკის საკითხებზე მუშაობენ. მეცნიერებმა თავიანთი მოსაზრება ამ საკითხზე ფარაონის მუმიფიცირებული სხეულის ნაშთიდან აღებული დნმ-ის ნიმუშების შესწავლის შემდეგ გამოთქვეს.
ახალი ამბების საერთაშორისო სააგენტო “როიტერის” ინფორმაციით, ასევე გაირკვა, რომ P161ა2 ჰაპლოჯგუფს განეკუთვნება ესპანელ მამაკაცთა 70% და ფრანგ მამაკაცთა 60%. ფარაონიც მეცნიერებს ამ ჯგუფში ეგულებათ. პოპულაციურ გენეტიკაში, რომელიც კაცობრიობის გენეტიკურ ისტორიას შეისწავლის, ჰაპლოჯგუფი მსგავსი ჰაპლოტიპების ერთობლიობაა, რომლებსაც ადგენენ ქრომოსომების თვისებების მემკვიდრეობით გადაცემის მიხედვით.
აღსანიშნავია, რომ ეს ჰაპლოჯგუფი თანამედროვე ეგვიპტელთა მხოლოდ 1%-ში თუ გვხვდება. მეცნიერთა აზრით, ეს მიუთითებს, რომ ფარაონებსა და დღევანდელ ევროპელებს საერთო წინაპარი ჰყავდათ.
“საოცარი იყო, რომ ტუტანჰამონის მონათესავე გენეტიკური მასალები თანამედროვე ევროპელებს აღმოაჩნდათ. ეგვიპტეში ხომ მრავალი ჰაპლოჯგუფი არსებობს, რომელსაც შესაძლოა მიეკუთვნებოდეს ძველი ეგვიპტის მეფეების დნმ-ის ნაწილები. ვფიქრობთ, რომ ფარაონისა და თანამედროვე ევროპელების საერთო წინაპარი კავკასიაში 9,5 ათასი წლის წინ ცხოვრობდა”, – აცხადებს კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი რომან შოლცი.
მეცნიერთა გათვლებით, P161ა2 ჰაპლოჯგუფის გავრცელება თანამედროვე ევროპის ტერიტორიაზე 9000 წლის წინ, სოფლის მეურნეობის განვითარებასთან ერთად დაიწყო.
ამის მიუხედავად, მეცნიერებს უჭირთ პასუხი გასცენ კითხვას, ფარაონის გენეტიკური ხე, მამის მხრიდან, როგორ მოხვდა ძველ ეგვიპტეში.
ახლა გენეტიკოსთა წინაშე დგას ამოცანა: დნმ-ის უფრო ზუსტი ანალიზის შედეგად დაადგინონ ლეგენდარული ფარაონის “უახლოესი ნათესავები”.
მათი კვლევის შედეგებმა პუბლიკის დიდი ყურადღება უკვე მიიპყრო.