გასართობისაკითხავისასარგებლო

რატომ უნდა მივირთვათ ბრინჯი

ბრინჯით მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი იკვებება. ამ კულტურის სამშობლოდ აზია (თანამედროვე ტაილანდისა და ვიეტნამის ჩრდილოეთი რეგიონები) ითვლება. აზიის თითოეული მცხოვრები წელიწადში საშუალოდ 150 კგ ბრინჯს მიირთმევს. აღმოსავლეთში ბუნებრივი არომატის შესანარჩუნებლად მას არც მარილს უმატებენ და არც სანელებლებს. ზოგგან ბრინჯი სასიცოცხლო ძალისა და ნაყოფიერების სიმბოლოა. ალბათ სწორედ ამით აიხსნება გავრცელებული ჩვეულება – ახალდაქორწინებულთათვის ბრინჯის შეყრა.

ევროპაში ბრინჯი გვიან გავრცელდა. თავდაპირველად ის ძვირფას ეგზოტიკურ მცენარედ მიიჩნეოდა, მისი მარცვლებისგან მხოლოდ სამეფო და სადღესასწაულო სუფრებისთვის განკუთვნილ განსაკუთრებულ ტკბილეულს ამზადებდნენ. თანდათან ბრინჯი ევროპაშიც იქცა ერთ-ერთ ძირითად საკვებად, თუმცა, აზიისგან განსხვავებით, იქ სხვა ინგრედიენტებთან მისი შერევა იმთავითვე დაიწყეს. ბრინჯი სხვადასხვანაირია: თეთრი, მურა წაბლისფერი, ველური. ჩვენ უმეტესად თეთრ ბრინჯს ვიყენებთ, თუმცა მურა და ველური სახეობები უფრო სასარგებლოა.


ბრინჯს მაღალი კვებითი ღირებულება და სხვა ინგრედიენტებთან – ხორცთან, თევზთან, ბოსტნეულსა და ზღვის პროდუქტებთან – შეთავსების შესანიშნავი უნარი აქვს. ორგანიზმისთვის ის ძალზე სასარგებლოა, ვინაიდან მხოლოდ ენერგოდანახარჯს კი არ ანაზღაურებს, არამედ ცილების, ნახშირწყლებისა და მინერალების მნიშვნელოვან წყაროსაც წარმოადგენს.

ამასთანავე, მცირე ოდენობით შეიცავს ცხიმებს. ბრინჯის შემადგენლობა ასეთია: 0,9 გ ცხიმი, 6,4 გ ცილა, 72,5 გ ნახშირწყლები, 70 მგ კალიუმი, 30 მგ კალციუმი, 38 მგ მაგნიუმი, 104 მგ ფოსფორი 100 გრამში. რაც უფრო მეტად არის დამუშავებული ბრინჯი, მით უფრო ნაკლებია მასში სასარგებლო ნივთიერებების შემცველობა. ამით იგი სხვა მარცვლოვნებს ჰგავს. მედიცინაში ბრინჯი ოდითგანვე გამოიყენება საჭმლის მონელების მოსაწესრიგებლად. ის შესანიშნავი სამკურნალო საშუალებაა გართულებული დიარეის (ფაღარათის) დროს. გარდა ამისა, დადგენილია, რომ ბრინჯის ქატო ამცირებს ნაწლავის კიბოს განვითარების რისკს.

ბრინჯში არსებული სახამებლის მონელება ნელა მიმდინარეობს, რითაც, ფაქტობრივად, უზრუნველყოფილია სისხლში გლუკოზის მუდივი გადასვლა და დიაბეტით დაავადებულთა სისხლში შაქრის დონე რეგულირდება. ამ თვალსაზრისით ბრინჯში არსებული სახამებელი დიეტური უჯრედისის როლს ასრულებს. ბრინჯი არ შეიცავს გლუტენს, ამიტომ სასარგებლოა მათთვის, ვისაც ხორბლის აუტანლობა (ცელიაკია, ნაწლავური ინფანტილიზმი) სჭირს. ეს თვისება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვილებისთვის – კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფერმენტთა აქტიურობა მათ ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი აქვთ, ამიტომ გლუტენის შემცველმა ფაფამ შესაძლოა მათ ორგანიზმში ცელიაკიის პროვოცირება მოახდინოს. დიეტოლოგთა უმრავლესობა გვთავაზობს ბრინჯით განტვირთის დღეებს, განსაკურებით მაშინ, როდესაც ზედმეტი წონის პრობლემა გვაწუხებს.

ბრინჯის მარცვლები თეთრდება გახეხვის შემდეგ. ჩენჩოსთან ერთად ბრინჯს სცილდება შიგნითა გარსი, რომელიც ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს. თეთრი ბრინჯი ორგვარია: გრძელმარცვლოვანი და მრგვალი. გრძელმარცვლოვანი მოხარშვის შემდეგ ფანტია რჩება, ხოლო მრგვალი მარცვლები ქმნიან ნაზი, ერთგვაროვანი კონსისტენციის მასას, ამიტომ მათ რძიანი ფაფისთვის ან რიზოტოსთვის იყენებენ. მაღალი ხარისხის ბურღულში არ უნდა იყოს დამტვრეული მარცვლები. დაიყარეთ ცოტაოდენი ხელისგულზე და შეამოწმეთ.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close