საკითხავისასარგებლოუცნაური

ნანორევოლუციის მოლოდინში

როცა ძველმა ბერძნებმა მცირე ზომების აღსანიშნავად ტერმინი “ნანო” (ჯუჯა; მეტრის  მემილიარდედ ნაწილს ნიშნავს) შექმნეს, ვერც იფიქრებდნენ, ამ სახელს რა დაუკავშირდებოდა.


ვარაუდობენ, რომ უახლოეს მომავალში ნანონაწილაკებით შექმნილი ტექნოლოგიები არა მხოლოდ კაცობრიობის ცხოვრების წესს, არამედ იერსაც შეცვლის. “ნანორევოლუციის” დაწყება კი დაახლოებით 2025 წლისთვის “იგეგმება”.

უკვე 2015 წლისათვის ნანოპროდუქციის ბაზრის მოცულობა 1.1-1.2 ტრილიონი დოლარი იქნება. აქედან ნანოტექნოლოგიების წარმოებაზე ყველაზე მეტს დახარჯავს ჩინეთი – 145 მლრდ დოლარს… თუმცაღა, ეს ფული არაფერია იმასთან შედარებით, რასაც ნანორევოლუცია ჰპირდება კაცობრიობას – ამ უცნაურ და ფანტასტიკურ რევოლუციას მსოფლიო იმედით და შიშითაც ელის – ხომ არ მოინდომებს ადამიანი ღვთის განგებულებით შექმნილის შეცვლას? და თუ მოინდომებს, ეს უეჭველად გაანადგურებს კაცობრიობას. ხოლო თუ ტექნიკის ფანტასტიკური მიღწევები ადამიანის სამსახურში ჩადგება, მრავალი უბედურებისგან დავიხსნით თავს.

პირველი ნანოკონფერენცია საქართველოში საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტის თაოსნობით ჩატარდა და მასში 200 ქართველი მეცნიერი მონაწილეობდა. ამ წერილში მოყვანილი ფაქტები ფანტასტიკას უფრო ჰგავს, არადა მას რეალური საფუძველი გააჩნია.

ტერმინი “ნანოტექნოლოგია” იაპონელებს ეკუთვნის. იგი ნივთიერებათა მხოლოდ ფანტასტიკურ დაპატარავებას, უხილავად ქცევას კი არ ნიშნავს, არამედ იმას, რომ ზომების ასეთ ინტერვალში ნივთიერებები გარდაიქმნებიან სრულიად სხვა, ჯერარარსებულ ნივთიერებებად. მათ ფაქტობრივად, სასწაულების მოხდენის უნარი აქვთ და მასშტაბურ ნივთებს ფუნქციებს უკარგავენ.

მაგალითისთვის: ვერც 207-ტონიანი ტანკი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელებმა შექმნეს და ვერც რუსების 39-ტონიანი ზარბაზანი საუკუნეთა მანძილზე ვერ “მოახერხებს” იმდენს, რამდენსაც თვალით უხილავი ნანორობოტი წამში.

კაცობრიობა ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა შეუძლებლის შეძლებისკენ. დღესაც ცოცხალი არიან ადამიანები, რომლებიც ამერიკაში 1946 წელს შექმნილი რამდენიმესართულიანი სახლის სიმაღლის კომპიუტერზე მუშაობდნენ. 2008 წელს უკვე გაიყიდა სერიული პროცესორი, რომლის ელემენტები 45 ნანომეტრის ზომისაა, ანუ ადამიანის თმის დიამეტრზე 1000-ჯერ და მეტად ნაკლები.

* * *

მაინც რა შეუძლია ნანოტექნიკას: ის ემორჩილება არა მხოლოდ ნაცნობ ფიზიკურ კანონებს, არამედ აქვს ტალღური თვისებები. ანუ თავისით შეუძლია გადაადგილდეს, დაიშალოს და კვლავ წარმოიქმნას ახალ ნივთიერებად. ასეთი ნივთიერებებისგან დამზადებული კომპიუტერი ნახევარ საათში ასრულებს ყველა იმ ოპერაციას, რისთვისაც თანამედროვე კომპიუტერს იმდენი დრო დასჭირდებოდა, რაც სამყაროს შექმნიდან დღემდეა გასული. ერთ-ერთმა კანადურმა კომპიუტერულმა ფირმამ უკვე დაამზადა ამგვარი კომპიუტერის ელემენტები.

ამ კომპიუტერს შეუძლია მოახდინოს ადამიანის სრული მოდელირება და ის იკისრებს ადამიანის ყოველგვარ ფუნქციას. ამერიკაში, ერთმა კომპანიამ უკვე შექმნა მოდელირებული თაგვის ტვინი, რომელმაც 2 წამი იმუშავა და მართა ყველა ის ფუნქცია, რასაც ორი წამის განმავლობაში თაგვი “აკონტროლებს”, დაწყებული ჭამიდან, დამთავრებული სასიცოცხლო ორგანოების მუშაობით.

რამდენი ასეთი ფუნქცია აქვს ადამიანის თავის ტვინს და რეალურად რისი კონტროლი შეუძლია, ამის გაზომვა ამჟამად შეუძლებელია. რადგან როგორც ცნობილია, დღეს შესწავლილია ადამიანის ტვინის ძალზე მცირე შესაძლებლობები.

თეგები
Close
Close