არქივი

რა გზავნილები დაუტოვეს ადამიანებს კოსმოსიდან?

f0afb877e1c9

რა გზავნილები დაუტოვეს ადამიანებს კოსმოსიდან?

ცნობილი ჰოლივუდური სათავგადასავლო ფილმების ციკლ “მუმიაში” არცთუ მთლად გამოგონილი და ზღაპრული ამბები ვითარდება. ფილმში არის ეპიზოდი, სადაც გაცოცხლებული ეგვიპტური მუმია უდაბნოში საშინელ ქარიშხალს დაატრიალებს. რეჟისორი და სცენარისტი ფილმის გადაღებისას მეცნიერულ ჰიპოთეზებს ეყრდნობოდნენ თუ საკუთარ მხატვრელ ფანტაზიებს უცნობია. სამაგიეროდ, ცნობილია, რომ ძველეგვიპტური მაგიით ქარიშხლის გამოწვევის შესახებ შრომა ქართველ მეცნიერს მართლაც აქვს და ამ ნაშრომით რამდენიმე წლის წინ პენტაგონი და მსოფლიოში ცნობილი რამდენიმე სამეცნიერო ინსტიტუტი დაინტერესდა. ლაპარაკია ქართველი გეოგრაფოსის, მეცნიერებათა დოქტორ გიზო ვაშაკიძის ნაშრომზე “პერსონალური ტორნადო ფარაონის სულისთვის”. მასში თეთრი პირამიდის საშუალებით ტორნადოს ხელოვნური გამოწვევის ფაქტებზეა საუბარი, ანუ, მეცნიერის მტკიცებით, ეგვიპტელებს ტორნადოს ხელოვნურად გამოწვევა შეეძლოთ. ეს, როგორც ისტორიული და მეტეოროლოგიური კვლევით, ასევე ლაბორატორიული ცდებითა და პირამიდების ტექსტებში არსებული იეროგლიფების გაშიფრვით დასტურდება.

ამჯერად ქართველ მეცნიერს დასაბეჭდად უკვე მზად აქვს წიგნი “ციური ექსპრესი”, რომელიც დღემდე საიდუმლოებით მოცულ პიქტოგრამებს (ნახაზები ქვებზე) ეხება. ცოტა ხანში ალბათ ეს ნაშრომიც მსოფლიოს მეცნიერების ყურადღების ქვეშ მოექცევა, რადგან ბატონმა გიზომ უძველეს ქვებზე არსებული ნახაზები გაშიფრა. მისი აზრით, ეს ნახაზები კაცობრიობას უცხო ცივილიზაციამ დაუტოვა, რომელიც დედამიწას მრავალი საუკუნის წინ სტუმრობდა. ამ გეომეტრიულ ფიგურებში დიდი ინფორმაცია ინახება, საკუთრივ ქართულ პიქტოგრამებში კი – გაცილებით დიდი და მნიშვნელოვანი, ვიდრე სხვა ქვეყნებში აღმოჩენილ ნახაზებში.

გიზო ვაშაკიძე:

– საქართველოს უძველესი მხარეები – თუშეთი და ხევსურეთი კავკასიონის მთავარ ქედზეა განლაგებული. მრავალი ასეული წელია ეს მხარე საიდუმლო შინაარსის ნახაზებს ინახავს, რომლებიც ქვებზეა ამოკვეთილი. მოხატული ქვები ციხე–კოშკებსა და საცხოვრებელ ნაგებობებშია ჩაშენებული. ნახაზები ქვებზე რამდენიმე ათასი წლის წინათ არის დატანილი. მეცნიერთა აზრით, თავდაპირველად ქვები მდინარე არაგვთან არსებულ წარმართულ ტაძარში იყო განლაგებული. საქართველოში ქრისტიანობის შემოსვლის პერიოდში წარმართული ტაძრის ქურუმებმა ქვები მთებში გადამალეს. ანალოგიური ნახაზები მოკვლეულია რუსეთში, თურქეთში, ესპანეთში, იტალიაში, აფრიკაში, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში. მათ გაშიფრვას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ვინაიდან ხაზვის სისტემის “გასაღების” მიგნება ჩვენი პლანეტის სხვადასხვა კონტინენტზე არსებული ანალოგიური ნახაზების შინაარსს ფარდას ახდის.

დღემდე გაწეულმა სამუშაოებმა შედეგი ვერ გამოიღო. ჩემი აზრით, ამ პრობლემის გადაჭრაში დაგვეხმარება გეოგრაფიული მიდგომა. უძველეს დროში შექმნილი პიქტოგრამების გამოსახულებებში დაფიქსირებულია ისეთი პირობითი ნიშნები, რომლებიც თანამედროვე კარტოგრაფიაში გამოიყენება – გამოსახულებათა განლაგების საორიენტაციო სიმბოლო, მიმართულების ნიშანი, პერსპექტივის ნიშანი, ბრუნვის ღერძი. ამ მიგნებამ პიქტოგრამების წაკითხვის ნოვაციური მეთოდის შექმნას მისცა საფუძველი. კერძოდ, პირობითი ნიშნების საშუალებით ჩაკეცილი ნახაზების გახსნა ხდება, რის შემდეგაც ნახაზი სრულ ფორმას იღებს და მასში არსებული სრული ინფორმაციის მიღების საშუალებას იძლევა.

– უფრო მარტივ ენაზე რომ ვთქვათ?

– ჩვენ კომპიუტერში, ფაილში ინფორმაცია გვაქვს ჩაკეცილი, საჭიროების შემთხვევაში ვხსნით და ინფორმაცია იშლება. პიქტოგრამებშიც დაახლოებით იგივე სიტუაციაა, ოღონდ იქ ეს ხდება ქვაზე არსებულ ნახაზში, სადაც თავდაპირველად პირობითი ნიშნებით რამდენიმე ხაზი მოჩანს, რომელიც გვკარნახობს, როგორ უნდა გაიშალოს ნახაზი, რომ სრული ინფორმაცია მივიღოთ.

– თქვენ რა ინფორმაცია გაშიფრეთ ამ ნახაზებში?

– პირველ რიგში, მინდა, ვთქვა, რომ აღნიშნული მეთოდით არამარტო საქართველოში, არამედ ესპანეთში, რუსეთში, მექსიკაში, პერუში (ნასკას უდაბნო. ავტ.) აღმოჩენილი პიქტოგრამები გავშიფრე. რაც შეეხება თავად ქვებზე არსებული ნახაზების შინაარსს, ყველა ქვეყანაში არსებულ პიქტოგრამებზე თითქმის ერთი და იგივე შინაარსია, კერძოდ, ძველ დროში დედამიწაზე სხვადასხვა პლანეტიდან ორმა ექსპედიციამ იმოგზაურა. ქვებზე მითითებულია მათი საცხოვრებელი პლანეტის გამოსახულება და გეოგრაფიული აღწერილობა, ფრენის ტექნიკური საშუალებები, ფრენის ტრაექტორიები (მათი პლანეტიდან დედამიწამდე), ელექტრომაგნიტური ტალღების მიმღები და გადამცემი ტექნიკური დანადგარები, მათი ვარსკვლავის კოორდინატები და ა. შ. სწორედ საქართველოში აღმოჩენილ პიქტოგრამებშია ინფორმაცია, რომელიც მათი ვარსკვლავის კოორდინატებს ყველაზე ზუსტად იძლევა.

– და სად არის მათი ადგილსამყოფელი?

– ჩვენგან მეხუთე ვარსკვლავზე, დედამიწასა და გალაქტიკის ცენტრს შორის.

– უახლოეს ვარსკვლავამდე დიდი მანძილია, მით უფრო – მეხუთემდე. როგორ ფარავდნენ ისინი ამ მანძილს?

– გადაადგილებისთვის სარგებლობდნენ ე. წ. შორსმავალი პლანეტის მოძრაობით. მზის სისტემაში 3600 წელიწადში ერთხელ შემოდის მეათე პლანეტა, რომელსაც ელიფსური ფორმის ტრაექტორია აქვს და უდიდესი მანძილით არის დაშორებული დედამიწისგან. დედამიწის “სტუმრები” სწორედ ამ პლანეტის თანამგზავრები იყვნენ. შუმერები მეათე პლანეტის შესახებ წერდნენ, რომ არსებობს პლანეტა, რომელიც 3600 წელიდწადში ერთხელ უახლოვდება მზეს. ის დედამიწაზე სამჯერ დიდია. ნასას კოსმოსურმა სააგენტომ ამ პლანეტის დაფიქსირება შეძლო. ის მართლაც დედამიწაზე 3–ჯერ დიდია და ახლა შორეული კოსმოსიდან ჩვენკენ მოექანება.

– თქვენს კვლევებში ყველაზე უფრო დამაჯერებელ არგუმენტად რომელს გამოყოფდით?

– ქვების ნახაზების მიხედვით ლაბორატორიული სამუშაოები ჩავატარე. კერძოდ, რამდენიმე მაკეტი ავაწყვე, რომლებმაც აშკარად თანამედროვე სახის ხელოვნური თანამგზავრის ფორმა მიიღო. ერთ–ერთი ნახაზის მიხედვით ავაწყვე ანტენა, რომელმაც ელექტრომაგნიტური ტალღების საუკეთესო მიმღების თვისება გამოავლინა. ჩემი სახლიდან უმაღლესი ხარისხით უჩვენებს ყველა არხს, რის ტრანსლირებასაც ჩვენი სატელევიზო ანძა ახდენს.

– როგორ მიიღეს თქვენი აღმოჩენა სამეცნიერო წრეებში?

– ამ თემაზე რამდენიმე სემინარი ჩავატარე. არიან მხარდამჭერებიც და სკეპტიკოსებიც. ჩემთვის, როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის, აუცილებელია, აღვნიშნო, რომ ქვაზე დატანილი ინფორმაცია არ გულისხმობს იმას, თითქოს დედამიწაზე კაცობრიობა სხვა პლანეტიდან ჩამოსულებმა შექმნეს. პირიქით, ქვებზე აღნიშნულია, რომ დედამიწის “სტუმრებს” აქ “მასპინძლები”, ანუ ადამიანები დახვდნენ. უფალმა შექმნა ადამიანი დედამიწაზე და სხვა პლანეტაზეც მანვე შექმნა სიცოცხლე. ჩემი აზრით, ეს მიდგომა ჩვენს რელიგიას არ ეწინააღმდეგება. გაურკვევლობაში ყოფნას კი სწორი პასუხის ცოდნა სჯობს.

– როგორ მოძებნეთ პიქტოგრამების გასაღები, რა დაგეხმარათ ამაში?

– ყველაფერი ღვთის ნებაა! ქვებზე დატანილი მხაზველობის ეს უცნაური სიმბოლიკა გარკვეულწილად ეგვიპტურ იეროგლიფებს წააგავს. როგორც წერის მიმართულება – მარჯვნიდან მარცხნივ, ასევე ზოგიერთი სიმბოლური ნიშანი მათ საერთო აქვთ. მე ეგვიპტური იეროგლიფები გავშიფრე და შესაძლოა, ამან განაპირობა პიქტოგრამების გაშიფრვა. ჩემი აზრით, პიქტოგრამების და ეგვიპტური იეროგლიფების მსგავსება შემთხვევითი არ არის. ეგვიპტური ლეგენდა გვაუწყებს, რომ დამწერლობა, მათემატიკა ციდან დაშვებულმა ღვთაება თოთმა გვასწავლა. ჩემი აზრით, ეგვიპტელები სწორედ დედამიწის “სტუმრებს” ეძახდნენ თოთს, ანუბის, ხნუმს… მათ ასწავლეს დამწერლობა ეგვიპტელებს, აქედან გამომდინარე, პიქტოგრამები ეგვიპტურ იეროგლიფთა წინა სახეა.

– თქვენი ნათქვამით, კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველოში ადამიანი უძველესი დროიდან ცხოვრობდა.

– ქართველები უძველესი ერია და პიქტოგრამების საქართველოში არსებობა ამას კიდევ ერთხელ ადასტურებს. უძველეს დროში დედამიწის “სტუმრებმა” აქ ყოფნის ნიშნად წერილები დატოვეს პიქტოგრამების სახით. ვმადლობდეთ უფალს, რომ ამ საიდუმლო ხელნაწერის გაშიფრვაც საქართველოს ერგო წილად.

წყარო: sana.ge

მსგავსი ამბები

Back to top button