გასართობისაკითხავისასარგებლო

სისხლის გადასხმის ისტორია

ძველად სისხლი სასწაულმოქმედ სითხედ იყო აღიარებული. მიაჩნდათ, რომ მისი მიღება სიცოცხლეს ახანგრძლივებდა. ცნობილია, რომ ჰიპოკრატე ფსიქიკის დარღვევების მქონე პაციენტებს ჯანმრთელი ადამიანის სისხლის დალევას ურჩევდა. მკურნალობის ანალოგიური მეთოდის შესახებ ინფორმაცია ცელსიუსის ნაშრომებშიც მოიპოვება. თურმე ეპილეფსიით დაავადებულებსა და მოხუცებულებს მომაკვდავი გლადიატორების სისხლს ასმევდნენ. სისხლს გამაახალგაზრდავებელ უნარსაც მიაწერდნენ.

მაგალითად, ცნობილია, რომ მოხუცი რომის პაპი ინოკენტი VIII  სამი 10 წლის ბიჭუნას სისხლით მკურნალობდა, თუმცა ამან ვერ უშველა – მალე გარდაიცვალა. სამკურნალო მიზნით ცხოველთა სისხლს ბრძოლის დროსაც სვამდნენ, ამიტომ ეგვიპტელ მეომართა რაზმებს უკან ყოველთვის ცხვრის ფარა მისდევდა. ცხვრის სისხლით ეგვიპტელები დაჭრილებს მკურნალობდნენ. 1628 წელს ინგლისელმა სწავლულმა ჰარვიმ ცოცხალ ორგანიზმში სისხლის მოძრაობის პრინციპი აღმოაჩინა, რითაც სისხლის გადასხმის მეთოდის შემუშავებას ჩაუყარა საფუძველი. ერთი ძაღლისგან მეორისთვის სისხლის გადასხმის პირველი წარმატებული ექსპერიმენტები 1666 წელს ინგლისელმა ანატომმა რ. ლოუერმა განახორციელა, 1667 წელს კი ფრანგმა ექიმმა დ. ბ. დენიმ პირველად სცადა ცხოველისგან ადამიანისთვის სისხლის გადასხმა.

მან ცხელებით მომაკვდავს ბატკნის ერთი ჭიქა სისხლი გადაუსხა. მიუხედავად იმისა, რომ ავადმყოფი სიკვდილს გადაურჩა, სხვა პაციენტები სისხლის გადასხმაზე არ თანხმდებოდნენ. მაშინ სწავლულმა განაცხადა, რომ ის, ვინც სისხლს გადაისხამდა, დიდ გასამრჯელოს მიიღებდა. უმალვე გამოჩნდა ერთი ხელმოკლე მუშა პარიზის ღატაკთა კვარტლიდან და ექიმს ცდებისთვის საკუთარი თავი შესთავაზა. სისხლის გადასხმის შემდეგ მუშამ თავი კარგად იგრძნო და საკუთარი სისხლი ახლა სხვებს შესთავაზა გადასასხმელად. ასე იქცა იგი პირველ დონორად კაცობრიობის ისტორიაში (დონორი გახლავთ პირი, რომელიც ნებაყოფლობით აძლევს ავადმყოფს საკუთარ სისხლს). დენის მიერ ჩატარებულ ყველა გადასხმას მშვიდობიანად არ ჩაუვლია – იყო გართულებები, სიკვდილის შემთხვევები, რის გამოც საფრანგეთში სისხლის გადასხმა აიკრძალა.

მიზეზი, ცხადია, ის გახლდათ, რომ ცხოველისა და ადამიანის სისხლი შეუთავსებელია. ადამიანის ორგანიზმში ცხოველის სისხლი იშლება. თუმცა მომაკვდავი ადამიანისთვის ჯანმრთელის სისხლის გადასხმის აზრი ექიმებს მაინც არ ასვენებდა. 1832 წელს პეტერბურგელმა მეანმა გ. ვოლფმა პირველად განახორციელა ადამიანისგან ადამიანისთვის სისხლის გადასხმა. რეციპიენტი (ის,  ვისაც სისხლი გადაუსხეს) გახლდათ მშობიარე, რომელმაც ბევრი სისხლი დაკარგა.

გადასხმამ წარმატებით ჩაიარა – ქალი გადარჩა. დონორობას ხანგრძლივი ისტორია აქვს. აღმავლობას დაცემა მოსდევდა, იყო პერიოდები, როდესაც სისხლის გადასხმა კანონით გახლდათ აკრძალული. ჯერ ერთი, ტექნიკური თვალსაზრისით მეტად რთული პროცედურა გახლდათ (არც არის გასაკვირი – მაშინ ხომ საინექციო ნემსები და თანამედროვე შპრიცები არ არსებობდა, 1656 წელს ქრისტოფერ რენი საინექციო ნემსად ფრინველის ნაკრტენს იყენებდა, შპრიცად კი ცხოველებისა და თევზის ბუშტს), მეორეც, ხშირად მძიმე გართულებებს იწვევდა.

ზოგიერთი შემთხვევა სიკვდილითაც კი მთავრდებოდა. იმხანად ყოველივე ამის მიზეზი, ცხადია, არ იცოდნენ. ახლა უკვე ცნობილია, რომ გართულებები და სიკვდილი სისხლის შეუთავსებლობის ბრალი იყო, რომ ადამიანისთვის არათუ ცხოველის, არამედ ყველა ადამიანის სისხლის გადასხმაც არ შეიძლება. სისხლის ჯგუფობრიობის აღმოჩენამ სისხლის გადასხმის მეთოდის სრულყოფასა და დონორობის განვითარებაში უდიდესი როლი შეასრულა – ნათელი მოეფინა პოსტტრანსფუზიული გართულებების მიზეზსა და არსს, შესაძლებელი გახდა მათი თავიდან აცილება.

სისხლის ჯგუფობრიობის გათვალისწინებით პირველი გადასხმები 1909 წელს ამერიკელმა ქირურგმა ჯ. კრაილიმ განახორციელა. მას შემდეგ სისხლის გადასხმის მეთოდი უფრო და უფრო დაიხვეწა და სრულყოფილი გახდა. დღეს დონორობის ინსტიტუტი სცდება ვიწრო სამედიცინო პრობლემის ჩარჩოებს, რომელიც სამკურნალო დაწესებულებათა სისხლით მომარაგებას გულისხმობს; დონორობა სოციალურად აქტუალურ პრობლემად მიიჩნევა, ვინაიდან ადამიანთა ურთიერთდამოკიდებულებას ასახავს და, აქედან გამომდინარე, მთელი საზოგადოების ინტერესებს ეხება.

თეგები
Close
Close