მისტიკასაკითხავისასარგებლო

ანა გიოლდი – უკანასკნელი ჯადოქარი

7 წლის შვეიცარელ ქალბატონს ანა გიოლდს ქალაქ გლარუსიდან, რომელიც მოსამსახურედ მუშაობდა ადგილობრივი ექიმის იაკობ ჩუდის სახლში, წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ იგი ისტორიაში მეტად სამწუხარო რეალობით შევიდოდა. იგი ევროპის ისტორიაში უკანასკნელი ქალბატონი იყო, რომელიც ჯადოქრობის მიზეზით სიკვდილით დასაჯეს 1782 წელს.

შესაძლოა, ვინმე გააკვირვოს იმ ფაქტმა, რომ უკანასკნელი მსგავსი შემთხვევა შვეიცარიაში დაფიქსირდა – ქვეყანაში, რომელიც სახელგანთქმულია არსებული წესრიგით, კანონის უზენაესობითა და სიმშვიდით. თუმცა მხედველობაში უნდა მივიღოთ ისიც, რომ არსებული რეპუტაცია შვეიცარიამ უკანასკნელ 2 საუკუნეში მოიპოვა. იმ დროს როგორც ნაპოლეონის ომამდელ ეპოქაში შვეიცარელები სახელგანთქმულნი იყვნენ პირველ რიგში მეომრებით, აგრეთვე სიველურითა და ცრუმორწმუნეობით. ამიტომ საკვირველიც არ უნდა იყოს ის ფაქტი, რომ ჯადოქრებზე ნადირობას ამ ქვეყანაში  საკმაოდ ფართო გასაქანი მიეცა: XV — XVIII საუკუნეებში მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით შვეიცარიაში ათჯერ მეტი ადამიანი იქნა სიკვდილით დასჯილი ჯადოქრობის მიზეზით, ვიდრე საფრანგეთში.

დავუბრუნდეთ ანა გიოლდის. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ იაკობ ჩუდის რვა წლის ქალიშვილი ცუდად გახდა, კერძოდ გოგონას კრუნჩხვები დაეწყო. ოჯახის უფროსმა თითქოს შეამჩნია, რომ მოსამსახურე ნემსებს უყრიდა საჭმელში მის ქალიშვილს, რის გამოც სამსახურიდან გააგდო იგი. მიუხედავად იმისა, რომ იაკობის ქალიშვილი გამოჯანმრთელდა, საქმე სასამართლომდე მაინც მივიდა. აღმასრულებელ ორგანოში მოწმეები ამტკიცებდნენ, რომ პატარა გოგონა აუტანელი ბავშვი იყო და იგი ხშირად დასცინოდა მოსამსახურეს, მათი აზრით სწორედ ეს გახდა დანაშაულის ჩადენის მოტივი.

გარკვეული პერიოდი ანა გიოლდი იმალებოდა, მაგრამ ადგილობრივმა ხელისუფლებამ მისი შეპყრობისათვის ჯილდო დააწესა, მთავრობის ამ გადაწყვეტილებამ გაამართლა და მალე ქალბატონი მართლმსაჯულების წინაშე წარადგინეს. გიოლდი აწამეს მანამდე, სანამ არ აღიარა, რომ მართლა ცდილობდა გოგონას მოწამვლით მოკვლას, ამავდროულად აღიარა, რომ ეშმაკთან იყო შეკრული, რომელიც დიდი შავი ძაღლის ფორმით ევლინებოდა მას. ამის შემდეგ იგი დამნაშავედ სცნეს და სასიკვდილო სასჯელი, თავის მოკვეთა გამოუტანეს (ცეცხლე დაწვა იმ დროს უკვე გასული იყო მოდიდან).

უნდა ითქვას, რომ სასამართლო ყველაფრის მიუხედავად აცნობიერებდა თუ რა რეაქციას გამოიწვევდა მათი გადაწყვეტილება, სწორედ ამიტომაც ოფიციალურად ანა გიოლდი ბრალდებულ იქნა მხოლოდ მოწამვლით  მკვლელობის  განზრახ ჩადენის მცდელობაში და არა ჯადოქრობაში. მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რომ იმდროინდელი შვეიცარიული კანონები სიკვდილით დასჯას არ ითვალისწინებდნენ მოწამვლისათვის, თუ აღნიშნული ფაქტი მსხვერპლის სიკვდილით არ დასრულდებოდა. მიუხედავად ამისა ანა გიოლდი სიკვდილით დასაჯეს, ამ ფაქტის გამოაშკარავების შემდეგ ყოველივემ დიდი ხმაური გამოიწვია მთელს ევროპაში, საკმაოდ დიდი უსიამოვნებები შეხვდათ გლარუსის ხელისუფალთ. თუმცა რეაქცია დაგვიანებული იყო, მოკლულ ქალბატონს ამით აღარაფერი აღარ ეშველებოდა.

შვეიცარიის პარლამენტში ქალაქ გლარუსის წარმომადგენელი, ფრიც შისერი (Fritz Schiesser), შევიდა თხოვნით ანა გიოლდის ყველა დანაშაულის მოხსნის თაობაზე. შვეიცარიის პარლამენტმა ანას საქმე სასამართლოს შეცდომად აღიარა და მისი იურიდიული რეაბილიტაციისათვის მიიღო გადაწყვეტილება წიგნის  გამოშვების შესახებ, სადაც დაწვრილებით აღიწერებოდა ეს ისტორია. ეს ფაქტი 2008 წლის 7 აგვისტოს დაფიქსირდა, 226 წლის შემდეგ.  აღნიშნული გადაწყვეტილების არსი, მდგომარეობდა იმაში, რომ გიოლდი სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილების მსხვერპლი გახდა. არსებობდა მოსაზრება, რომ გიოლდსა და ექიმ ჩუდის სასიყვარულო კავშირი ჰქონდათ, ამ უკანასკნელმა კი შემდეგი არაადამიანური საშუალებით გადაწყვიტა ფეხმძიმე საყვარლის თავიდან მოშორება. დაზუსტებით რაიმეს მტკიცება შეუძლებელია, თუმცა ლოგიკურად ეს უფრო დამაჯერებელია, ვიდრე შავ ძაღლში ჩასახლებულ ეშმაკთან შეკვრის ისტორია და გოგონას მოკვლის მცდელობა.

თეგები
Close
Close