გასართობისაკითხავისასარგებლო

კარლ გუსტავ იუნგი

კარლ გუსტავ იუნგი – დაიბადა 1875 წლის 26 ივლისს კესვილში (თურგუს კანტონი, შვეიცარია) ღარიბი პროტესტანტი მღვდლის ოჯახში. იუნგი იხსენებდა, რომ მამა, როგორც ეს კეთილსინდისიერ მღვდელს შეეფერება, იცავდა ყველა წეს-ჩვეულებას, მაგრამ შინაგანად არ იყო დარწმუნებული ღმერთის არსებობაში. იუნგის დედა ემოციურად გაუწონასწორებელი ქალი იყო. შემდგომში იუნგი მას როგორც სულიერად ავადმყოფს დაახასიათებს.

საერთოდ საინტერსეოა, რომ იუნგის სანათესაოში მრავლად მოიპოვებოდა ფსიქიური პრობლემების მქონე ადამიანები, მაგალითად მისი ბიძაშვილი ქალი, რომელიც ამტკიცებდა, რომ მედიუმი იყო. იუნგმა მისი შემთხვევა თავის დისერტაციაშიც კი გამოიყენა. თავად იუნგსაც ქონდა გარკვეული პრობლემები. ის იხსენებდა, რომ ჰქონდა ხოლმე შეგრძნება თითქოს მასში ორი ადამიანი ცხოვრობს, რაც მის პიროვნების გახლეჩაზე მიუთითებდა, თუმცაღა მნიშვნელოვან პათოლოგიაში არ გადაზრდილა. ბავშვობიდანვე გულჩათხრობილ იუნგს არასოდეს ჰყოლია მეგობრები, გარესამყაროს ძნელად ეგუებოდა და საკუთარი აზრების სამყაროში ცხოვრობდა. იგი თავად იყო კლასიკური მაგალითი იმ ტიპისა, რასაც მოგვიანებით “ინტროვერტი” უწოდა.

იუნგს მამამ ლათინური ასწავლა, დედამ კი მსოფლიოს ეგზოტიკური რელიგიები გააცნო ილუსტრირებული საბავშვო წიგნიდან, რომელშიც ყველაზე მეტად მას ინდური ღმერთების ისტორიები იტაცებდა. კარლ იუნგი იხსენებდა, 1887 წლის ზაფხულში, როდესაც ის 12 წლის იყო, მეგობარმა წააქცია, რის გამოც გონება დაკარგა. ეს შემთხვევა მას სკოლის გაცდენის მიზეზის მოძებნაში დაეხმარა. ამის შემდეგ ყოველ ჯერზე, როდესაც დავალების დაწერას ავალებდნენ, მშობლებს ატყუებდა თითქოს გული მისდიოდა და ცუდად იყო. ექიმებმა იფიქრეს, რომ ბავშვს ეპილესია სჭირდა, რაც დამატებით 6 თვიანი დასვენების მიზეზი გახდა. მოგვიანებით მან ყური მოკრა მამამისის საუბარს სტუმართან. მამას ძალიან აღელვებდა შვილის მომავალი, ფიქრობდა, რომ მისი ვაჟი ვერასდროს მოახერხებდა მუშაობას და საკუთარ თავზე სრულყოფილად ზრუნვას. ეს მომენტი გარდამტეხი აღმოჩნდა ახალგაზრდა იუნგის ცხოვრებაში. ის უფრო სერიოზული გახდა და გადაწყვიტა, რომ აუცილებლად შრომისმოყვარე იქნებოდა, დაიწყო ლათინურის მეცადინეობა. თავდაპირველმა მონდომებამ ძალიან დატვირთა მისი ორგანიზმი, მაგრამ მისმა მონდომებამ დაძლია ტრავმა. მალე სკოლაშიც დაბრუნდა.

თავდაპირველად იუნგმა მედიცინის სწავლა გადაწყვიტა, რაზეც შესაძლოა გავლენა იქონია მისმა ბაბუამ, რომელიც ქირურგი იყო. იუნგმა დაამთავრა ბაზელის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი. სტუდენტობისას უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ნაპოვნმა წიგნმა, რომელიც სპირიტუალისტურ მოვლენებს შეეხებოდა, სრულიად შეცვალა მისი ინტერესის სფერო. ამჯერად იუნგი ფსიქიატრიით დაინტერესდა. ის ეცნობოდა არსებულ ლიტერატურას და დროთა განმავლობაში დარწმუნდა, რომ ფსიქიატრია უნდა გამხდარიყო მისი ცხოვრებისეული მიზანი. 1900-1906 წლებში იუნგი მუშაობდა ციურიხის ფსიქიატრიულ კლინიკაში ცნობილი ფსიქიატრის ე. ბლეილერის ასისტენტად. 1903 წელს კარლ იუნგმა დააარსა ლაბორატორია ექსპერიმენტული ფსიქიატრიისთვის. 1909 წლიდან მან მიატოვა ეს ლაბორატორია, რადგან კერძო პრაქტიკას ძალიან დიდი დრო მიჰქონდა.

1900-1913 წლებში იუნგი თანამშრომლობდა ფროიდთან. ციურიხის ფსიქიატრიულ კლინიკაში მუშაობისას, იუნგი ფროიდის იდეების მიმდევარი და მისი თეორიის პროპაგანდისტი გახდა. იგი იყენებდა ფროიდის მიერ შემოღებულ თავისუფალ ასოციაციათა ტექნიკას. ფროიდს და იუნგს ხანგრძლივი მიმოწერა ჰქონდათ, სადაც ორივენი დიდ აღტაცებას და პატივისცემას გამოხატავდნენ ერთმანეთისადმი. იუნგი ფროიდს პირველად 1907 წელს შეხვდა. მათი პირველი შეხვედრა 13 საათს გრძელდებოდა.

1948 წლის აპრილში ციურიხში შეიქმნა კარლ იუნგის ინსტიტუტი. ინსტიტუტში სწავლება მიმდინარეობდა გერმანულ და ინგლისურ ენებზე. მისი მეთოდის მხარდამჭერებმა ინგლისში ჩამოაყალიბეს ანალიტიკური ფსიქოლოგიის საზოგადოება და სხვა მსგავსი საზოგადოებები ამერიკის შეერთებულ შტატებში (ნიუ იორკში, სან ფრანცისკოსა და ლოს ანჯელესში), ასევე ევროპის რამდენიმე ქვეყანაში.

კარლ გუსტავ იუნგის გარდაიცვალა საკუთარ სახლში 1961 წლის 6 ივნისს, კიუსნახტში. დაკრძალეს ქალაქის პროტესტანტული ეკლესიის სასაფლაოზე.

თეგები
Close
Close