მოგზაურობა პენსიით
ერთხელ, გიუნტერ ჰოლტორფმა და მისმა ცოლმა, კრისტინამ გადაწყვიტეს, ემოგზაურათ აფრიკაში და ამისთვის თავიანთი მერსედესი G 300GD გამოეყენებინათ. მოგზაურობის თავდაპირველი ხანგრძლივობა მათი გეგმით 18 თვეს შეადგენდა, საბოლოო ჯამში კი ის 23 წლის განმავლობაში გაგრძელდა და ამ პერიოდში წყვილმა 800 ათასი კილომეტრი გაიარა.
მოგზაურობის დაწყების წინ ცოლ-ქმარმა მანქანა ორადგილიანად გადააკეთა და სხვადასხვა აღჭურვილობით დატვირთა. მათ მანქანას, რომელიც საბოლოო ჯამში 23 წლის განმავლობაში ემსახურა, სახელიც კი უწოდეს – ოტო. მიუხედავად იმისა, რომ მანქანის საწვავი საკმაოდ ძვირი ჯდებოდა, წყვილს არც კი უფიქრია მანქანის შეცვლა და ამ ხნის განმავლობაში არც მანქანას უღალატია მათთვის.
მსოფლიოს გარშემო მოგზაურობის იდეა 1989 წელს ჩაისახა და თავიდან მხოლოდ აფრიკის მონახულებას გულისხმობდა. თუმცა მოგზაურობა ძალიან მიმზიდველი აღმოჩნდა ცოლ-ქმრისთვის და 23 წელიწადში კრისტინამ, გიუნტერმა და ოტომ ორასამდე ქვეყანა მოიარეს – ჯამში 800 ათასი კილომეტრი. 2010 წელს კრისტინა გარდაიცვალა, თუმცა მას სურდა, რომ მის ქმარს მოგზაურობა გაეგრძელებინა და ბოლო 1 წელი გიუნტერი თავის შვილ – მარტინთან ერთად აგრძელებდა სხვადასხვა ქვეყნების მონახულებას.
მოგზაურობისას გიუნტერი მარტივი პრინციპებით ხელმძღვანელობდა: 1.არ დატოვო ავტომობილი უყურადღებოდ; 2.საკუთარ თავს თვითონ მიხედე; 3. ყველაფერი თავის დროზე გააკეთე; აღსანიშნავია, რომ წყვილს არასოდეს ჰყოლია სპონსორი და მათ მთელი თავიანთი მოგზაურობა წინასწარ შეგროვებული საპენსიო თანხიდან დააფინანსეს. ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც ამ იდეას მხარდაჭერას უცხადებდა იყო მერსედეს-ბენცი და გასულ წელს მის მუზეუმს შტუტგარტში გადაეცა კიდეც ოტო – გიუნტერისა და კრისტინას ერთგული მეგობარი.
საინტერესოა, რომ საკუთარი გეგმებისა და მარშრუტის შესახებ ისინი არასდროს საუბრობდნენ. ერთის მხრივ, არ ჰქონდათ სურვილი, მეორეს მხრივ კი, თვლიდნენ, რომ ამით უფრო დაცულები იქნებოდნენ გზაზე. შემთხვევით ნაცნობებს თავიანთი გეგმების საერთო მონახაზს უყვებოდნენ, დეტალების გარეშე. ზოგიერთი მათგანი კი შემდგომ ამ გასაოცარი ადამიანების შესახებ სტატიებს წერდა როგორც ჟურნალ-გაზეთებში, ასევე ბლოგებსა და ინტერნეტ საიტებზე.
ვიდეო: