უკატეგორიო

დანტე და მისი ჯოჯოხეთი

შუა საკუნეების ბნელეთისა და რენესანსის  გარიჟრაჟზე ქვეყანას   მოევლინა  გენიალური პოეტი დანტე ალიგიერი, რომელმაც კაცობრიობას აჩუქა  უკვდავი პოეტური და ფილოსოფოსური  ტრაქტატი ”ღვთაებრივი კომედია”. მრავალი საუკუნე გავიდა დანტე ალიგიერის მოღვაწეობის შემდეგ, თუმცა მისდამი და განსაკუთრებით მისი შემოქმედებისადმი ინტერესი დღემდე არ ცხრება. ინტერესს დანტეს ცხოვრების შესახებ იწვევს უამრავი საინტერესო და თანაც ბუნდოვანი ისტორია, რაც, ერთი მხირვ, განაპირობა დანტეს რთულმა ცხოვრებამ, ხოლო, მეორე მხრივ მრავალსაუკუნოვანმა დაშორებამ. რაც შეეხება შემოქმედებისადმი ინტერესს, ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ, როცა უშუალოდ განვიხილიავთ მის შემოქმედებას. რაც შეეხება დანტეს ბიოგრაფიას, უდიდესი იტალიელი პოეტი მოღვაწეობდა მე-13 საუკუნეში, თუმცა, სამწუხაროდ მისი დაბადების წელი დაზუსტებით უცნობია, მაგრამ მაინც არსებობს ვარაუდი, რომელიც ეყრდნობა პოეტისვე სიტყვებს, რომლითაც იწყება „ღვთაებრივი კომედია“:

„უსიერ ტყეში, ამ ცხოვრების ნახევარგზაზე

ანაზდეულად გამოვფხიზლდი გზადაკარგული.“

ეს ფრაზა, როგორც ცნობილია, დაიწერა 1300 წელს. ბიბლიურად სიცოცლის ხანგლივობად  70 წელი ითვლება (ფსალმუნი 89, 10), შესაბამისად „ნახევარგზა“ 35 წელი იქნებოდა, ანუ 1300 წელს, როდესაც დანტემ „ღვთაებრივ კომედიაზე“ მუშაობა ( მისი წარმოსახვითი მოგზაურობა) დაიწყო 35 წლის ასაკში. თუ ამ აზრს დავუჯერებთ, პოეტის სავარაუდო დაბადების თარიღია 1265 წელი. დანტეს ცხოვრების  დეტალები მისი შემდგომი თაობებისთვის უცნობია. ჩვენამდე მოაღწია   მისი სახელოვანი თანამედროვის, ცნობილი რომანის ”დეკამერონის” ავტორის – ჯოვანი ბოკაჩოს მიერ დაწერილმა დიდი პოეტის ”ბიოგრაფიამ”.

დანტე ალიგიერი სამშობლოში (და არა მხოლოდ) უზენაეს პოეტადაა აღიარებული და მისი ცხოვრების შესახებ უმთავრესად მაინც მისივე ნაწარმოებიდან ვიგებთ. ჩვენთვის არაფერია ცნობილი დანტეს მშობლების შესახებ. იგი წარმოშობით  რომაელ მოქალაქეთა მაღალი ფენიდან ყოფილა. დაუმთავრებია ბოლონიის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და ფლობდა რამდენიმე უცხო ენას. მონაწილეობდა კამპალდინოს ბრძოლაში. პრიორების არჩევნებში „ასი კაცის საბჭოს“ წევრი გახდა, მოგვიანებით კი ფლორენციის პრიორი. როდესაც გველფების პარტია თეთრებად და შავებად გაიყო, დანტე თეთრებს მიემხრო. 1302 წელს შავებმა გაიმარჯვეს, დანტეს კი დაუსწრებელად მიუსაჯეს კოცონზე დაწვა და ქონების კონფისკაცია. ასე დაიწყო პოეტის მოხეტიალე ცხოვრება. ლექსების წერა ახალგაზრდობაში დაუწყია, ლტოლვილობამ კი დიდი დაღი დაამჩნია მის შემოქმედებას. საბოლოოდ რავენაში დამკვიდრდა. იგი იბრძოდა, რათა იტალიური პოეზია სხვადასხვა გავლენისაგან გაეთავისუფლებინა და განედევნა არაფრისმთქმელი რიტორიკა. დანტეს მოღვაწეობა, შეიძლება ითქვას, მიზნად ისახავდა შუა საუკუნეების მწერლობის გამოცოცხლებას და ამ მიზნით მან შექმნა უდავოდ ყველა დროის საუკეთესო პოემა „ღვთაებრივი კომედია“.  როგორც ფიქრობენ, დანტეს ამ ნაწარმოების შექმნის იდეა ჯერ კიდევ ყმაწვილკაცობაში, უფრო ზუსტად , ფალკო პორტინარის ოჯახში სტუმრობის დროს დაებადა, მას შემდეგ, რაც იხილა თავისი პოეტური შთაგონების წყარო – პატარა მშვენიერი ბეატრიჩე. პოემის წერა მან ფლორენციაში დაიწყო და დაამთავრა რავენაში – გვიდო ნოველო დე პოლენტის ოჯახში ცხოვრების პერიოდში.

განსაკუთრებით საინტერესოა დანტეს და მისი სატრფოს, ბეატრიჩეს, ისტორია, რომელიც ჩვენი განხილვის საგანთანაც უშუალო კავშირშია. ლეგენდის მიხედვით, დანტეს ბეატრიჩე 8 წლის ასაკში შეჰყვარება, გოგონა მასზე ერთი წლით უფროსი იყო. როგორც ცნობილია, ბეატრიჩე არ იზიარებდა პოეტის სიყვარულს, იგი 24 წლის ასაკში მოკლეს, თუმცა კი მარად დარჩა პოეტის შთაგონების წყაროდ. ბეატრიჩეს მიუძღვნა მრავალი ლირიკული თხზულება, 31 სასიყვარულო ლექსი და ორი უდიდესი ნაწარმოები :”ახალი ცხოვრება” და ”ღვთაებრივი კომედია”, სადაც ბეატრიჩე სამოთხეში დანტეს მეგზურის როლშია გამოყვანილი და ბოლოს ღვთისმშობლის სახედაც კი გვევლინება.

რავენაში დაკრძალული პოეტის ნეშტს მას შემდეგ დაუწყეს ძებნა რაც „ღვთაებრივი კომედია“ გამოქვეყნდა. პოეტის ნეშტისათვის ბრძოლა საუკუნეების განმავლობაში გრძელდებოდა.

საინტერესოა რატომ ჰქვია ამ მართლაც ღვთაებრივ პოემას კომედია. სინამდვილეში, დანტემ მას მხოლოდ კომედია უწოდა, ღვთაებრივი კი პოემას იტალიელმა მწერალმა და პოეტმა, ჯოვანი ბოკაჩომ დაუმატა. კომედია იმ დროისათვის გამოხატავდა ნაწარმოებს, რომელიც ძრწოლის მომგვრელი ამბით იწყებოდა და სრულდებოდა ბედნიერად. პოემა, რომელიც 14 წლის განმავლობაში იქმნებოდა, ეყრდნობოდა შუა საუკუნეებში გავრცელებულ მისტიკურ პრინციპს, რომლის მიხედვითაც, იმქვეყნიური სამყაროს ხილვა სულის გადარჩენის გზაა. ესაა შუა საუკუნებიის თეოლოგიური თვალთახედვით სამი მდგომარეობა: ყოფნა, განწმენდა და განახლება, რომელთაც შეესაბამება სამი სამყარო: ჯოჯოხეთი, სალხინებელი და სამოთხე.

„ღვთაებრივი კომედია“ საკმაოდ სიმეტრიულადაა  დალაგებული. იგი შედგება 3 ნაწილისაგან, თითოეული 33 სიმღერისაგან, საბოლოოდ კი ვიღებთ 99 სიმღერას ანუ ლექსს, შესავათლან ერთად კი 100 ლექსს. ეს რიცხვები შესაძლებელია საკრალურ რიცხვებსაც დავუკავშიროთ.

როდესაც ღმერთმა მთავარანგელოზი ლუციფერი ამპარტავნებისათვის ციდან დედამიწაზე ჩამოაგდო, ჩრდილო ნახევარსფეროზე თავით ჩაესო დედამიწის ცენტრში, სადაც დემონად გადაიქცა, მის გარშემო კი ჯოჯოხეთი წარმოიშვა. ჩრდილო ნახევარსფერო ხვრელით უკავშირდება სამხრეთ ნახევარსფეროს. ზუსტად აქ მდებარეობს სალხინებელი იგივე განსაწმენდელი. როდესაც ლუციფერი თავით ჩაერჭო  მიწაში, მოპირდაპირე მხარეს ამოიბურცა მთა, საიდანაც სამოთხისაკენ მიდიან მონანიე სულები, ნამდვილი სამოთხე კი 9 ცის ზევითაა. ჯოჯოხეთი წარმოადგენს ძაბრისებრ ჩაღრმავებულ ადგილს, რომელიც 9 გარსისაგან შედგება. მისი ბოლო კი დედამიწის ცენტრს, ბირთვს ემთხვევა. აქ არის სამთავიანი დემონი, პირში 3 დიდი მოღალატით: იუდა ისკარიოტელი, ბრუტუსი და გაიუს კასიუს ლონგინიუსი.

პოემის დასაწყიში ავტორი მოგვითხრობს, თუ როგორ დაიკარგა იგი უსიერ ტყეში (უდაბური ტყე, რომელშიც დანტე იკარგება თავისი ცხოვრების შუაგზაზე, ცხოვრებისეული გართულების სიმბოლოა.), სადაც მას ხვდება სამი ცხოველი, რომელთაც სიმბოლური დატვირთვა გააჩნიათ. პირველი ესაა ჯიქი-ავხორცობისა და ფუფუნების მოყვარეობის სიმბოლო, მეორე ესაა ლომი-ძალაუფლებისა და სიძლიერის სიმბოლო, ხოლო მესამეა ძუ მგელი-სიხარბის, სიძუნწისა და მომხვეჭელობის სიმბოლო. ეს სამი ცხოველი სიმბოლურად განასახიერებს სამ ადამიანურ მანკიერებას.  ამ ალეგორიებს პოლიტიკური განმარტებაც ენიჭება, კერძოდ: უსიერი ტყე ეს არის იტალიაში, ფლორენციაში გაბატონებული მონარქია და სამი მხეცი , რომლებიც ფლორენციის განვითარებას აბრკოლებენ. მგელი რომის ეკლესიას, პაპის კურიას განასახიერებს. ლომი უხეში ძალის სიმბოლოა- საფრანგეთის. ვირგილიუსი დანტეს ეუბნება, რომ მგელს დაამარცხებს ძაღლი, რომელიც არც ლითონით და არც მიწით იკვეთება ანუ ლითონი-ანგარება, მიწა-ტერიტორიული პრეტენზიები. ცხოველთაგან დამფრთხალი დანტე გადაეყარა ვერგილიუსს (უდიდესი რომაელი პოეტი, ძვ.წ. I საუკუნე), რომელიც სთავაზობს მას წინამძღოლობას იმქვეყნიურ სამყაროში. აქ ვერგიულისსაც სიმბოლური დატვირთვა აქვს, იგი განასახიერებს ადამიანურ გონიერებას. ვერგილიუსი ამბობს, რომ იგი გამოაგზავნა დანტეს სატრფომ, ბეატრიჩემ, რათა გაუძღვეს სამოთხის კარამდე, სადაც უკვე ბეატრიჩე უწინამძღვრებს მას, რადგაც ვერგილიუსს, როგორც წარმართს, არ აქვს სამოთხეში შესვლის უფლება. ვერგილიუსის ნათქვამის მიხედვით, ბეატრიჩეს დანტეს გასაჭირი შეატყობინა ლუჩიამ (სირაკუზელმა წამებულმა), ხოლო ლუჩიას ღვთისმშობელმა აუწყა, ბეატრიჩემ კი თავის მხრივ ვერგილიუსი გამოაგზავნა სატრფოს დასახმარებლად. დანტე თანხმდება ვერგილისს და ასეთ რამეს ეუბნება:

„შენ იქნები, მგოსანო, ჩემი

მასწავლებელი, მბრძანებელი და წინამძღოლი.“

მგზავრები ჯოჯოხეთის კარს მიადგნენ სადაც შემდეგი წარწერა დახვდათ:

„ჩემს უკან სუფევს ტანჯვისა და ცრემლთა ქალაქი

ჩემს უკან სუფევს უნაპირო, უსაზღვრო სევდა,

ჩემს უკან შავი სამყაროა სულთა წარწყმედილთა.

 

„მართლსაჯულება ფუძედ ჰქონოდა ჩემს დიად შემქმნელს,

მე ვარ ნაყოფი ნაყოფი ღვთაებრივი ძალმორჭმულობის,

უმაღლეს სიბრძნის და პირველი სიყვარულისა.

 

„ჩემს გაჩენამდე წარმავალი არ არსებობდა,

მარადიული ყოფნა არის ჩემივე ხვედრი.

თქვენ, აქ მოსულნო, იმედები დასტოვეთ ყველა! (თარგმანი: კ. გამსახურდია)

ეს სიტყვები გადმოგვცემს ჯოჯოხეთს, როგორც მარადიული იუმედობის საუფლოს, რომლისგანაც გათავისუფლება შეუძლებელია. ესაა ადგილი ჭირის, ვარამისა და ტკივილისა, რომელიც ღმერთმა მიუსაჯა ცოდვილ სულები.

1-ლი სარტყელი, ლიმბრი

როგორც კი შევიდნენ, მგზავრებს მრავალ ენაზე შემოესმათ გინება, ღრიანცელი, დრტვინვა, ღმუილი – ეს იმ ადამინათა საბრალო სულებია, რომელთაც თავიანთ სიცოცხლეში არც სიკეთე ჩაუდენიათ და არც ბოროტება, „თავისთვის ზრუნავდნენ მხოლოდ“. ისინი არც სამოთხემ მიიღო და არც ჯოჯოხეთმა – „არარაობას ბოროტებამაც შეხედა ზიზღით.“ დანტე და ვერგილიუსი მდინარე აქერონტზე მენავე ქარონს გადაყავს და ისინი ჯოჯოხეთის პირველ წრეს იხილავენ. იქ იმყოფებიან სულები უნათლავ ყრმათა, აგრეთვე დიდებულ წარმართთა, რომელთა შეცოდება ისაა, რომ „ ნათლისღება ამ ბეჩავებს არ ღირსებიათ, მათ უცხოვრიათ ქვეყანაზე ქრისტეზე ადრე“. მათ შორისაა თავად ვერგილიუსიც. მხოლოდ ზოგიერთი (აბელი, ნოე, მოსე, აბრაამი, დავითი…) ატაცებულა აქედან უფლის ნებით.    

დანტემ  პირველ წრეში იხილა ძველი  ქვეყნის დიდი მწერლები. ისინი შედარებით უკეთეს მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, მხოლოდ სწუხდნენ და არ იტანჯებოდნენ. დანტეს გაორების გრძნობა იპყრობს: ერთი მხრივ, უდიდეს სიმპათიას განიცდის ანტიკური პერიოდის დიდი მწერლებისადმი, მაგრამ მეორე მხრივ, იგი თავს ვალდებულად თვლის, იხელმძღვანელოს ქრისტიანული დოგმებით, რომელთა თანახმად, სამყაროს უდიდეს შემოქმედთ უფლება არ აქვთ შევიდნენ სამოთხეში, რადგან მოუნათლავნი არიან.

მე-2 სარტყელი
შემდეგ მგზავრები ჯოჯოხეთის მეორე წრეს ეწვევიან, რომელსაც დემონი მინოსი განაგებს. აქ იმყოფებიან ხორციელი ტკბობის მოყვარულთა სულები. მათ შორისაა კლეოპატრა, მშვენიერი ელენე, სემირამიდა, ფრანჩესკა და პაოლო. ამ წრეში პოეტი წარმოგვიდგენს ქალის- ფრანჩესკა და რიმინისა და ვაჟის- პაოლოს სიყვარულის ამაღელვებელ სურათს. ისინი კითხულობენ წიგნს ლანსელოტის თავშეუკავებელი სიყვარულის შესახებ.  ამ ამბავმა ისე გაიტაცა ფრანჩესკა და პაოლო, რომ სრულიად დაივიწყეს შიში ერთად ყოფნისა….. როცა შეყვარებულებმა მიაღწიეს ეპიზოდს, სადაც ლანსელოტმა აკოცა შეყვარებულს, მათი ტუჩებიც უნებლიედ შეერთდნენ ხანგრძლივი კოცნით. ეჭვის გამო ფრანჩესკას ქმარმა – დიანჩინო მალატესტიმ მოკლა შეყვარებულები. ეს ტრაგედია თავადაც მწარე სიყვარულით შეპყრობილმა პოეტმა ისე მძიმედ განიცადა, რომ გულშეწუხებული მიწაზე დაენარცხა. გასარკვევია, რატომ  მოახვედრა პოეტმა ეს ორი მოსიყვარულე არსება ჯოჯოხეთის ცეცხლში. აქაც, ავტორი, ერთ მხრივ შეყვარებულთა მხარეზეა, ხოლო, მეორე მხრივ, არ შეუძლია არ დაიცვას საუკუნეთა მორალური დოგმები, რომელთა თანახმად მოუნანიებლად გარდაცვლილებს არ აქვთ უფლება შევიდნენ სამოთხეში.

მე-3 სარტყელი

ჯოჯოხეთის მესამე წრეში დანტე და ვერგილიუსი იხილავენ მსუნაგთა და ღორმუცელათა სულებს, რომელთაც მძვინვარე ცერბერები დარაჯობენ. მათ შორისაა პოეტის თანაქალაქელი ჩიაკო, რომელიც დანტეს სთხოვს, მისი ამბავი მოუთხროს ფლორენციელებს.

მე-4 სარტყელი

მეოთხე წრეში იტანჯებიან მფლანგველნი და ძუნწნი (მათ შორის არიან პაპები და კარდინალებიც), რომელნიც ტალახის მორევაში იტანჯებიან.

მე-5 სარტყელი

მეხუთე წრეში იტანჯებიან ავგულები,მრისხანენი და ზარმაცნი.

მე-6 სარტყელი

ამის შემდეგ დანტე და მისი მეგზური შედიან ჯოჯოხეთის ქალაქ დიტეში, სადაც მეექვსე წრეში იხილავენ ცეცხლში გახვეულ ერეტიკოსთა აკლდამებს, რომელთა შორისაც დანტე ხედავს პაპ ანასტასიუსს, რომელიც სიცოცხლეში არაფერს ეკითხებოდა კარდინალებს და თვითნებურად განაგებდა სამწყემსოს დიაკონ ფოტინის დახმარებით.

 მე-7 სარტყელი

მეშვიდე წრეს იცავს ნახევრადხარი მინოტავრი. აქ მდუღარე სისხლის ნაკადში იტანჯებიან ტირანები და ყაჩაღები, რომელთაც ნაპირზე გამოსვლაში ხელს უშლიან მშვილდმომარჯვებული კენტავრები. აქვე არიან უნაყოფო და შეუფოთლავ მცენარეებად ქცეული თვითმკვლელნი, რომელთაც ჰარპიები უმოწყალოდ კორტნიან. მგზავრები მიუყვებიან გზას, რომელიც ღელეს ნაპირზე გადის. ნაკადულს ცეცხლოვანი ოხშივარი ასდის. მათ შემოხვდებათ ცოდვილთა ბრბო. ცეცხლისაგან სახედამწვარ ლანდთა შორის დანტე თავის მასწავლებელ ბრუნეტო ლატინის შეიცნობს, რომელიც ამხილეს თავისივე სქესის ადამიანთა სიყვარულში. ბრუნეტო ყოფილ მოწაფეებს უწინასწარმეტყველებს მიწიერ დიდებას, ამასთან აფრთხილებს, რომ მრავალი გასაჭირის გადატანა მოუწევს. ხვდებიან სხვა წარჩინებულ ფლორენციელებსაც და ისინიც სთხოვენ დანტეს, მოუყვეს თანაქალაქელებს მათი ამბავი, რათა აღარავინ გაიმეოროს იგივე შეცდომები. მეშვიდე წრეშივე იტანჯებიან მევახშენიც, რომელნიც უძირო ჯურღმულში დაბორიალობენ ყელზე ქისაჩამოკიდულნი და საზარლად გმინავენ.

მე-8 სარტყელი

გერიონის დახმარებით დანტე და ვერგილიუსი აღწევენ ჯოჯოხეთის მერვე წრეს, რომელიც თავის მხრივ ათ წიაღს მოიცავს. პირველში ისჯებიან მაჭანკალთა და ქალების მაცდუნებელთა სულები. მეორეში – პირმოთნენი. სხვათაშორის, ერთი ცნობილი მეძავი – ტაისი აქ იტანჯება არა იმიტომ, რომ მრუშობდა, არამედ იმის გამო, რომ კუროს ეპირფერებოდა. მესამეში – საეკლესიო თანამდებობებით მოვაჭრე სასულიერო პირები. რაც შეეხება მერვე წრის მეოთხე წიაღს, აქ იტანჯებიან ცრუ წინასწარმეტყველნი, ვარსკვლავთმრიცხველნი და ჯადოქრები: „ყველას ნიკაპიდან თეძოს თავამდის შებრუნებული ჰქონდა ტანის ზემო ნაწილი და პირის სახე ზურგისაკენ მიბრუნებული… და მდუღარება, თვალებიდან გადმონაჟონი, ამ ბედშავ სულებს უკან გადასდიოდათ…“ როგორც ყველა სხვა ტანჯული, დანტეს ისინი ძლიერ შეეცოდება და ატირდება, მაგრამ ვერგილიუსი ახსენებს – „ცოდვაა სიბრალული ცოდვილთა!“ მეხუთე წიაღში მდუღარე ფისი ქაფქაფებს, სადაც ავი სულები მექრთამეებს ყრიან და კაუჭებს ისე ატრიალებენ, როგორც მზარეული ხორცისა ნაჭერს ატივტივებულს ჩააბრუნებს ჩანგლით ქვაბში“.  მერვე წრის მეექვსე წიაღში იტანჯებიან ფარისეველნი. მეშვიდე წიაღისკენ მიმავალი გზა რთული აღმოჩნდება,  ოღრო-ჩოღრო კლდის ქიმებზე ცოცვით დანტე და ვერგილისუი ძლივს აღწევენ მომდევნო ჯურღმულს და ხედავენ როგორ გესლავენ ასპიტები ქურდების ლანდებს. ცოდვილნი სიმწრისაგან იკლაკნებიან, ცეცხლში ეხვევიან და ინაცრებიან, მერე კი ფენიქსისებრ ხელახლა იბადებიან ფერფლისაგან. ამ ქურდთა შორის არის ვანი ფუჩიც, რომელმაც წმინდა ჭურჭელი მოიპარა საკურთხევლიდან, მის მაგიერ კი მიწიერ ცხოვრებაში პასუხი სხვას აგებინეს, მაგრამ უფლის თვალს არაფერი დაემალა და იგი სამუდამო სატანჯველისათვის გაწირა. მერვე წიაღში დანტე იხილავს ოდისევსს და დიომიდეს. ისინი „შეერთებულნი აქ არიან სასჯელში ისე, ვით ბოროტების ჩადენის დროს ყოფილან ერთად“. მათ გვერდით ეწამებიან სხვა ვერაგი მრჩევლები, რომელთა ბოროტი ჩანაფიქრის განხორციელებისას ქალაქების და ქვეყნების განადგურება მოჰყვა შედეგად. მეცხრე წიაღში ამბოხისა და შფოთის მთესველნი ისჯებიან. აქაა მუჰამედი, რომელმაც რელიგიური განხეთქილება წარმოშვა აზიაში.  მომდევნო, მეათე ჯურღმულში ალქიმიკოსები იტანჯებიან მარადიული ქავილით. აქ არიან აგრეთვე ყალბი ფულისმჭრელები და მატყუარები.

მე-9 სარტყელი

ჯოჯოხეთის ბოლო, ანუ მეცხრე წრეში გადასვლაში დანტეს და მის მეგზურს ტიტანი ანთეოსი ეხმარება. იგი ხელისგულზე ისვამს მგზავრებს და ათავსებს ღრმა უფსკრულის ფსკერზე – სწორედ იქ, სადაც იმყოფება ლუციფერი. როგორც ვხედავთ, ჯოჯოხეთის კულმინაციური წერტილია მეცხრე წრე. აქ სისხლის გამყინავი სურათი იშლება. მეცხრე წრეში ყველაზე მძიმე დამნაშავეები არიან. დანტე ევედრება მუზას, რომ მისცეს ძალას, რათა შეძლოს აღწერა ჯოჯოხეთის ამ ნაწილისა.  აქ არიან მოთავსებული ქვეყნის მოღალატე-გამცემლები. მათი ტანჯვის სურათი ყველაზე საზარელია. აქ ვხვდებით გრაფ უგოლინოს, რომელიც ოჯახთან ერთად  შეიპყრო არქიეპისკოპოსმა რუჯერიმ. დანტემ უმძიმესი, თუმცა სრულიად დამსახურებული სასჯელი დააკისრა ღვთის მსახურის მანტიას ამოფარებულ ნაძირალას – უგოლინო მუდამ ღრღნის რუჯიერის თავს. თვით უგოლინოც  იმსახურებს ჯოჯოხეთის სატანჯველს, რადგან უღალატა მშობლიურ ქალაქს და ამით მტერს მისი დაპყრობისა და აწიოკების საშუალება მიეცა. არქიეპისკოპოსმა რუჯერიმ უგოტინო და მისი ოჯახი გამოამწყვდია ერთ აკლდამაში და შიმშილით ამოწყვიტა. სწორედ მეცხრე წრეში ვხვდებით სამსახოვან ბოროტ ლუციფერს, რომლის სამ ხახაში კაციბრიობის სამი უდიდესი ცოდვილი იკლაკნება – იუდა ისკარიოტელი, ბრუტუსი და კასიუსი. ეს საშინლად შეძრავს პოეტს და როდესაც ვერგილიუსი ეტყვის, უკვე ყველაფერი ვნახეთ და დროა აქაურობა დავტოვოთო, დანტე წუთითაც არ ყოყმანობს – იდუმალ ბილიკს აედევნება: „ ის, მეგზურითურთ, ნათელ სამყაროს სახილველად უკუქცეული“

ასე დასრულდება დანტესა და ვერგილიუსის მოგზაურობა ჯოჯოხეთში, მათი მოგზაურობა კი გრძელდება სალხინებელში და, როგორც ვთქვით, სრულდება სამოთხეში, ესე იგი, მწუხარე დასაწყისს საბოლოოდ ანაცვლებს ბედნიერება.

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close