გასართობისასარგებლოსურათები

შუა საუკუნეების არქიტექტურა – გოთიკა

შუა საუკუნეები  ევროპის ისტორიის ეტაპია ანტიკურ ეპოქასა და ახალ ისტორიას შორის.ამ დროს ევროპაში მოხდა ანტიკურობის, ძველი გერმანული, კელტური და სლავური კულტურების და ქრისტიანობის სინთეზი ხელოვნების მრავალ დარგში, რომელთა შორისაც განსაკუთრებით საყურადღებოა შუა საუკუნეების არქიტექტურა, რომელსაც გოთიკის სახელით ვიცნობთ. სიტყვა “გოთიკური” ამ არქიტექტურულ სტილს მოგვიანებით ეწოდა და თავდაპირველად დამაკნინებელი კონოტაციის მატარებელი იყო. “გოთიკური” ხელოვნება, ეს იყო გუთების, ანუ ბარბაროსების ხელოვნება, რომლებმაც დაივიწყეს რომაული ტექნიკა და წესები. გოტიკური არქიტექტურა სწრაფად გავრცელდა და გაბატონებული იყო მთელს ევროპაში XVI საუკუნის შუა ხანებამდე, იმ დრომდე, სანამ იტალიური რენესანსის გავლენით ნეოკლასიკური სტილი განვითარდა.აღსანიშნავია, რომ იგი დაიბადა ილ დე ფრანსში XII საუკუნის მეორე ნახევარში, რადგან პირველი გოტიკუნი ნაგებობები გაჩნდა სწორედ ილ დე ფრანსის ტერიტორიაზე, 1130-1150 წლებში.  ამიტომაცაა რომ ამ სტილს მაშინ ლათინურად francigenum opus-ს ანუ “ფრანგული წარმოშობის ხელოვნებას” უწოდებდნენ. გითიკური არქიტექტურა განსაკუთრებით პოპულარული გახდა კაპეტინგების მეფობის პერიოდში. მიზეზი კი გახლდათ ის, რომ ამ პერიოდში მოსახლეობის დემოგრაფიული გაზრდა მოითხოვდა რელიგიური ნაგებობების გაფართოებას, რადგან დიდი იყო მორწმუნეთა რიცხვი. პირველი ნაგებობა, რომელიც რომაულ სტილს საგრძნობლად სცილდება, თუმცა ჯერ კიდევ არ არის გოთური არქიტექტურით აგებული, არის სენ-დენისის სააბატო. გოთიკური სტილის გავრცელების საფუძველი გახდა ასევე ჩრდილოეთ საფრანგეთის საეპისკოპოოებს შორის კონკურენცია: ყოველ ეპისკოპოსს სურდა უფრო ლამაზი და დიდი ტაძარი, ვიდრე მის მეზობელს ჰქონდა. ამგვარად განვითარდა ახალი სტილი ჯერ საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქებში, შემდეგ კი დასავლეთ ევროპაში, ყველა ქვეყანაში თავისებური ნიუანსით.

გოთიკური სატაძრო არქიტექტურა ნამდვილად შეიძლება ჩაითვალოს ევროპული კულტურის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად, რადგან შუა საუკუნეების ხელოვნებისთვის ეს სტილი ძალზედ თამამი სიახლე იყო. ევროპაში გოთიკა უეცრად გაჩნდა და ზოგისთვის თავიდან მიუღებელიც კი აღმოჩნდა. აღორძინების ხანის იტალიელ მხატვარ ჯორჯო ვაზარის ის არ მოსწონდა და ამბობენ, თითქოს ამ მიმდინარეობას სწორედ მან შეარქვა სახელად “გოთური” – “ბარბაროსულის” მნიშვნელობით. თურმე მოლიერიც აღშფოთებული საუბრობდა მასზე, თუმცა, მათგან განსხვავებით, ძალიან ბევრი ადამიანი აღტაცებული იყო ამ სტილის სიდიადით, სილამაზით და იდუმალებით. XIX საუკუნეში ბევრმა ამ არქიტექტურულ სტილში პოეტური წარმოსახვის სიმბოლოებიც დაინახა. შატობრიანისთვის გოთიკური ტაძრები სავსე იყო რელიგიური ექსტაზით და გალური ტყეების მომხიბვლელობით, ახალგაზრდა გოეთესთვის კი უმაღლესი ჰარმონიის გამოხატულებას წარმოადგენდა. და მაინც, რა იყო ასეთი განსაკუთრებული ამ სტილით აგებულ ტაძრებში?

გოთიკური არქიტექტურისთვის დამახასიათებელია ტანწერწეტა, ზეცისკენ მისწრაფებული ტაძრები და საზეიმო ხასიათის რატუშები, წაისრული ფორმები, ახალი კონსტრუქციები (არკბუტანი, კონტრფორსი, ნერვიურიანი კამარა და სხვა), ვიტრაჟები, ქანდაკების, არქიტექტურისა და ფერწერის ღრმა სინთეზი, რომელთა ერთობლიობამაც მსოფლიოს მართლაც რომ შედევრები დაუტოვა.

გთავაზობთ ამ სტილში შესრულებულ ყველაზე გამორჩეული ტაძრებისა თუ ნაგებობების მცირე ჩამონათვალს, რომელთაგან რამოდენიმეზე განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებთ:

  • ამიენის საკათედრო ტაძარი (საფრანგეთი)
  • კელნის საკათედრო ტაძარი (გერმანია)
  • ლინკოლნის საკათედრო ტაძარი (ინგლისი)
  • მაგდებურგის საკათედრო ტაძარი (გერმანია)
  • მილანის საკათედრო ტაძარი (იტალია)
  • პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი (საფრანგეთი)
  • რივერსაიდის ტაძარი (აშშ. ნიუ-იორკი)
  • სანტა-მარია-სოპრა-მინერვა (იტალია. რომი)
  • სევილიის საკათედრო ტაძარი (ესპანეთი)
  • სენ-პიერ დე ბოვეს ტაძარი (საფრანგეთი)
  • ტოლედოს საკათედრო ტაძარი (ესპანეთი)
  • უესტმინსტერის სააბატო (ინგლისი. ლონდონი)
  • ფრანკფურტის ტაძარი (გერმანია)
  • შარტრის საკათედრო ტაძარი (საფრანგეთი)
  • წმინდა ვიტის კათედრალური ტაძარი (ჩეხეთი. პრაღა)
  • წმინდა იოანე ღვთისმეტყველის საკათედრო ტაძარი (აშშ. ნიუ-იორკი)
  • წმინდა სტეფანეს ეკლესია (გერმანია. მაინცი)

                                     

                                          პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი

    პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ასევე ცნობილი როგორც ნოტრდამი —  როგორც აქამდე აღვნიშნეთ, გოტიკური საკათედრო ტაძარია პარიზის ილ-დე-ლა-სიტეს აღმოსავლეთ ნაწილში, მთავარი შესასვლელით დასავლეთიდან. ის დღემდე მოქმედი რომაულ-კათოლიკური კათედრალია (პარიზის ეპარქიის). ალბათ, არავის გაუკვირდება, თუ ვიტყვით, რომ პარიზის ნოტრ-დამი ფრანგული გოტიკური არქიტექტურის ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ ნიმუშად ითვლება.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი კათედრალური ეკლესიაა და აღმართულია კუნძულ სიტეზე, რომელსაც პარიზის შუაგულში ქმნის მდინარე სენის ორი ტოტი. ტაძრის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა 1163 წელს. მშენებლობა დაიწყო პატრონიკეთი, რომელიც დამთავრდა 1182 წელს, მთავარი კორპუსი კი – 1196 წელს. დასავლეთის პორტალებიანი ფასადი ძირითადად დამთავრდა 1208 წელს, ცალკეული ნაწილების მშენებლობა კი XIII საუკუნის შუა წლებამდე გაგრძელდა. ძეგლმა მრავალნაირი გადაკეთება განიცადა. განახლდა XIX საუკუნის შუა წლებშიც კი. ძირითადად იგი იგებოდა ლაონის კათედრალის (XII ს.)ნიმუშით, რომელსაც ადრეული გოტიკის განვითარების ისტორიაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. თუმცა პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს არა აქვს მისი სიმსუბუქე და სინარნარე. ვერც შემდეგი დროის (XIII ს. შუა წლებში) არქიტექტურებმა შეძლეს დაეძლიათ მისი მასიური სიმძიმე, როდესაც მის წინახედს ამთავრებდნენ. როგორც იქნა, ჟან დე შელმა და პიერ დე მონტერიელმა შეძლეს XIII საუკუნის მეორე ნახევარში თავიანთი დროის შესაფერისად მიეღწიათ განივი ნავის ფასადის გოტიკური სიმსუბიქისათვის.

რაც შეეხება მის უშუალოდ არქიტექტურულ შტრიხებს, მას აქვს 130 მეტრი სიგრძე, 50 მეტრი სიგანე და 34 მეტრი სიმაღლე. იგი ხუთნავიანი კათედრალური ტაძარია; გარდა ამისა, ეს დიადი ქმნილება თვალს აჯადოებს თავისი ურიცხვი ქანდაკებებით, ნაძერწი და ჭედური ჩუქურთმიანი დეტალებით. ყოველივე ერთად შეერთებული კი ქმნის მშვენიერ ანსამბლს.

ალბათ, არ იქნებოდა სწორი, ამ ტაძარზე საუბარი ისე დაგვესრულებინა, რომ არ გვეხსენებინა ვიქტორ ჰიუგოს ამავე სახელწოდების გენიალური რომანი „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“, რომელშიც ასახულია XV საუკუნის პარიზის ცხოვრება. რომანის მთავარი პერსონაჟების გრძნობებისა და მოქმედების ჩვენებით ჰიუგო აყენებს ისეთ ზოგადსაკაცობრიო პრობლემებს, როგორიცაა სიყვარული, ცოდვა, სიკვდილი. რომანი ვითარდება სამი მთავარი მოქმედი გმირის – არქიდიაკონ კლოდ ფროლოს,ულამაზესი ბოშა ქალის ესმერალდასა და ზართა მრეკველ მახინჯ კვაზიმოდოსა ირგვლივ, რომელიც სწორედ ამ ტაძარს აფარებს თავს. ჰიუგოს ეს განუმეორებელი რომანი არაერთხელ გაუცოცხლებიათ სცენაზე როგორც მიუზიკლის, ასევე ტელეეკრანებზე მულტიპლიკაციური ფილმის სახით.

ვიქტორ ჰიუგო -

ამავე სახელწოდების მიუზიკლი

ყველასათვის საყვარელი კვაზიმოდო და ესმერალდა მულტიპლიკაციურ ფილმში

                                                                       

                                                   შარტრის საკათედრო ტაძარი


   შარტრის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარი მდებარეობს შარტრში, პარიზიდან 80 კმ-ში და წარმოადგენს მაღალი  გოტიკური არქიტექტურული სტილის საუკეთესო ნიმუშს მთელ საფრანგეთში.

რომანული სტილის ნაგებობის ფუნდამენტზე ახალი შენობის აღმართვა 1145 წელს დაიწყო, თუმცა 1194 წლის ხანძარს მხოლოდ ტაძრის დასავლეთის ფასადი გადაურჩა და ეს ნაწილი ადრეულ გოთურ სტილშია. კათედრალის ძირითადი კარკასი აღდგენილ იქნა 1194-1220 წლებში, რაც საკმაოდ მცირე დროა შუასაუკუნეების ტაძრების მშენებლობისთვის.


შარტრის კათედრალის სილამაზე მრავალი შემოქმედის აღმაფრენის წყარო ყოფილა, არქიტექტურის ისტორიკოსები ხოტბას ასხამდნენ მის დახვეწილ წახნაგებსა და ცადატყორცნილ ჰაეროვან ქიმებს. ძველ ისტორიკოსთა ამგვარ შეფასებას დღესაც სავსებით იზიარებენ, ვინაიდან შარტრის ტაძარი ჭეშმარიტად შეუდარებელია ყველა ფრანგულ გოთურ კათედრალთა შორის. შორიდან იქმნება ილუზია, რომ ის ხორბლის ველებზე ჰაერშია გამოკიდული და მხოლოდ მასთან მიახლოებისას ამჩნევს მნახველი ტაძრის გორაკის ფერდობებზე გარშემო შეფენილ ქალაქს. მისი ორი კონტრასტული ქიმი – ერთი 105 მ. მარტივი პირამიდის ფორმის, 1140 წელსაა აგებული, მეორე კი – 113 მეტრი სიმაღლის, ადრეული მე-16 საუკუნის ფლამბოიანტური ორნამენტებით დამშვენებული გუმბათია დაშენებული შედარებით ადრინდელ კოშკზე—აჭიმულია რუხ მომწვანო სახურავზე; მათ გარშემო კომპლექსური არკ-ბუტანტებია (ე.წ. მფრინავი საყრდენები) შემოვლებული.

რაც შეეხება მის მნიშვნელობას მთელი საფრანგეთის მასშტაბით, ის მართლაც რომ დიდია. ლეგენდის თანახმად 876 წლიდან ტაძარში ინახება ტუნიკა (Sancta Camisia), რომელიც წმინდა მარიამ ღვთისმშობელს ეკუთვნოდა. ეს წმინდა რელიკვია კათედრალისთვის უბოძებია შარლემანს, რომელმაც ის საჩუქრად იერუსალიმზე ჯვაროსნული ლაშქრობის დროს მიიღო. სინამდვილეში საჩუქარი შარლ II-ისგან იყო; სპეციალისტთა შეფასებით ქსოვილი სირიული წარმოშობისაა და დამზადებულია ჩვ.წ. პირველ საუკუნეში. საუკუნეების განმავლობაში შარტრი წმ. მარიამის პილგრიმთა მნიშვნელოვანი ცენტრი იყო და დღესაც მორწმუნენი მთელი მსოფლიოდან ამ წმინდა რელიქვიის პატივსაცემად მოდიან. შარტრის კათედრალი ისტორიულად ქალაქის ყველაზე მნიშვნელოვანი შენობა იყო. ის იყო ეკონომიკური ცენტრიც და ქალაქის ყველა მნიშვნელოვანი ღონისძიება აქ ტარდებოდა. შუა საუკუნეებში კათედრალი შიგადაშიგ ბაზრის ფუნქციასაც ასრულებდა, ბაზილიკის თითოეულ ნიშაში გარკვეული კატეგორიის საქონელი იყიდებოდა, მაგ. ჩრდ. ბოლოში ტექსტილი იყო, სამხრეთ ბოლოში კი საწვავი, ბოსტნეული და ხორცეული. დროდადრო მღვდელთმთავრები ცდილობდნენ ბოლო მოეღოთ კათედრალში ამგვარი საქმიანობისთვის, თუმცა უშედეგოდ. ღვინის გამყიდველებს ეკრძალებოდათ ღვინის ტაძრის სარდაფში გაყიდვა, თუმცა ეკლესიის შუა ნაწილი მათთვის თავისუფალი იყო და აქ ვაჭრობით ისინი გარე გადასახადებისგან თავის არიდებას ახერხებდნენ. აქვე იკრიბებოდნენ სხვადასხვა ხელობის მუშები სამსახურის საშოვნელად. ერთ პერიოდში ქალაქში ერგოტიზმის გავრცელების შედეგად, რომელსაც მრავალი მსხვერპლი ჰყოლია, კათედრალს ჰოსპიტალის ფუნქციაც შეუსრულებია.

კათედრალის დიდებული ფასადის გარდა მისი მნიშვნელოვანი არქიტექტურული ღირსშესანიშნაობაა ტაძრის ინტერიერი და განუმეორებელი მოჭიქული მინის ფანჯრები. ადრეული მე-13 საუკუნით დათარიღებული ფანჯრების მოზაიკა გადაურჩა მე-16 საუკუნის რელიგიურ ომებს და მიიჩნევა, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე სრული კოლექციაა დღემდე შემორჩენილი შუასაუკუნეების მოჭიქული მინისა მსოფლიოში. 1753 წლის მოდერნიზაციის მცდელობისას, მინის ნაწილი ფანჯრებიდან მოხსნილ იქნა ტაძრის კლერკთა მიერ და ამის გამო ორიგინალი 186 მოჭიქულ მინიანი ფანჯრიდან 152 გადარჩა. ეს მინები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი “ცოცხალი” სილურჯის გამო, რომლის ყველაზე თვალსაჩინო ნიმუშია ამ მინით გამოსახული მადონა ყრმით.

ზოგიერთი ფანჯარა სამეფო ოჯახის საჩუქარი იყო, მაგ. ვარდისფერი ფანჯარა ჩრდილოეთ ნიშაში საფრანგეთის დედოფალი ბლანშის მიძღვნილია. სამეფო გავლენა იგრძნობა მართკუთხა პერიფერიულ ფანჯრებშიც, რომელიც სამეფო სიმბოლოებს გამოსახავს ყვითელი ფლორ-დე-ლისებით ლურჯ ფონზე და ასევე ყვითელი ციხე-კოშკებით წითელ ფონზე.

კათედრალის იატაკზე შარტრის ცნობილი თერთმეტწრიანი ლაბირინთია, რომლის სრულ სიგრძეზე გავლა იდენტური იყო იერუსალიმში პილგრიმობისა და მრევლს ცოდვების მოსანანიებლად მასზე მუხლებზე ცოცვას უწესებდნენ. ამ ტრადიციის გამო ლაბირინთს „გზა იერუსალიმისკენ“ ერქვა. ლაბირინთის ცენტრში მოთავსებული გვირილას მაგვარი დიზაინი სიმბოლურად დატვირთულია და გაბრწყინებას ნიშნავს.

საფრანგეთის რევოლუციის დროს შარტრის კათედრალი დანგრევას და ძარცვას გადაურჩა, ხოლო მას შემდეგ ჩატარებულ უამრავ რესტავრაციას მისი თავდაპირველი ბრიწყინვალება არ შეულახავს. ის ყოველთვის იგივე – გოთური ხელოვნების ტრიუმფი – რჩებოდა.

შუა საუკუნეებში კათედრალი ასევე ფუნქციონირებდა, როგორც მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო კერა. შარლემანის სურვილით განათლება ფრანგი ხალხისთვის ხელმისაწვდომი უნდა გამხდარიყო და ვინაიდან ახალი სკოლების აშენება გაცილებით ძვირი იქნებოდა, არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენება უფრო ადვილი იყო. მისი ბრძანებით კათედრალებსა და მონასტრებში სკოლების არსებობა და რელიგიური სწავლება აუცილებელი კრიტერიუმი გახდა მთელ საფრანგეთში. კათედრალურმა სკოლებმა მალე სამონასტრო სკოლებს წაართვა განათლების წამყვანი როლი და უკვე მე-11 საუკუნეში კათედრალი თავად გახდა სკოლის სიმბოლო/სინონიმი. ყველა კათედრალს საკუთარი სპეციალიზაცია ჰქონდა და შარტრის დახელოვნებად ლოგიკის სწავლება ითვლებოდა. შარტრის ახალი ლოგიკა მრავალთა მიერ პარიზისაზე უფრო პროგრესულადაც კი ითვლებოდა.

კათედრალი 1979 წლიდან იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.

 

ინფორმაციის ნაწილი : ka.wikipedia.org

loading...
თეგები

Frida

:)
Close
Close