არქივი

გალაქტიკა

4a8a73ba7df1
გალაქტიკა წარმოადგენს კოსმოსში არსებულ სისტემას, რომელიც შედგება მტვრისგან, აირისგან და უამრავი ვარსკვლავისგან. გალაქტიკების ზუსტი რიცხვის დადგენა ჯერჯერობით ვერ ხერხდება – მხოლოდ დაკვირვებად სამყაროში მათი რაოდენობა სავარაუდოდ 100 მილიარდია. ამ სისტემებიდან ზოგიერთი ჩვენს „ირმის ნახტომს” ჰგავს, ზოგიც ძალიან განსხვავებულია.

50475915ce9b

გალაქტიკა, რომელიც 1 მილიარდზე ნაკლებ ვარსკვლავს შეიცავს, აღიქმება პატარა გალაქტიკად. ჩვენს სისტემაში მზე ერთ-ერთია 100 მილიარდი ვარსკვლავიდან. გალაქტიკების კლასიფიკაცია ხდება 3 ტიპად: სპირალური, ელიფსური და არასწორი გალაქტიკები.

ac1a8ffe22df
            „ირმის ნახტომის” ხედი ჰიმალაებიდან, მარდი ხოლას ხეობიდან


სპირალური გალაქტიკები, რომელთა შორისაცაა ირმის ნახტომი, შედგებიან ბრტყელი დისკოსგან, რომელსაც ამოზნექილი ცენტრი აქვს და გარს არტყია სპირალური „მკლავები”. გალაქტიკის დისკო შეიცავს ვარსკვლავებს, პლანეტებს, მტვერსა და აირებს – ყველა მათგანი გალაქტიკის ცენტრის გარშემო ბრუნავს რეგულარული წესით. ამ ბრუნვითმა მოძრაობამ, რომელიც წამში ასობით კმ-ის სიჩქარით მიმდინარეობს, შეიძლება დისკოში არსებულ მატერიას სპირალის ფორმა მისცეს. ზოგიერთი სპირალური გალაქტიკა კიდევ უფრო საინტერესო ფორმას იღებს, რაც მათ შესაბამის სახელს აძლევს, მაგალითად სომბრეროს გალაქტიკა.

9e546383bf16

   სომბრეროს გალაქტიკა 

უფრო ხნიერი ვარსკვლავები თავმოყრილი არიან გალაქტიკის დისკოს ამოზნექილ ცენტრში. სპირალურ სისტემებში მრავალი ახალი ვარსკვლავიც ყალიბდება და მათი დისკოები გარშემორტყმულია რგოლით, რომელიც მეცნიერთა აზრით, სავსეა იდუმალი ბნელი მატერიით.

ელიფსური გალაქტიკის ფორმაზე წარმოდგენას მისი სახელიც გვაძლევს. მათ უმეტესად მრგვალი ფორმა აქვთ, თუმცა ერთი რომელიმე ღერძის გასწვრივ უფრო იჭიმებიან, ვიდრე სხვების. შეიძლება იყვნენ თითქმის წრის ფორმის ან იმდენად წაგრძელდნენ, რომ სიგარის მსგავსი მოყვანილობა მიიღონ.

aeda84b25160

სიგარის გალაქტიკა (Messier 82)

ელიფსური გალაქტიკები შეიცავენ დიდი რაოდენობით ძველ ვარსკვლავებს – 1 ტრილიონამდე, თუმცა მცირეა კოსმოსური მტვრისა და სხვა ვარსკვლავთშორისი მატერიის წილი. მათი ვარსკვლავები გარს უვლიან გალაქტიკის ცენტრს, თუმცა სპირალური გალაქტიკისგან განსხვავებით, ეს უწესრიგო მიმართულებებით ხდება. ელიფსურ გალაქტიკებში იშვიათად იქმნებიან ახალი ვარსკვლავები.

803955d1dba3

300 მილიონი სინათლის წლით დაშორებული გალაქტიკები – UGC 1810 და UGC 1813.
ყვავილთან გარეგნული მსგავსების გამო ამ კადრს ასტრონომებმა „კოსმოსური ვარდი” უწოდეს

 

სამყაროში ყველაზე დიდი გალაქტიკებია გიგანტური ელიფსური გალაქტიკები, მათმა სიგრძემ შესაძლოა 2 მილიონ სინათლის წელიწადს მიაღწიოს. ელიფსური გალაქტიკა შეიძლება პატარაც იყოს, ამ შემთხვევაში ჯუჯა ელიფსური გალაქტიკები ეწოდებათ.

გალაქტიკა, რომელიც არც ელიფსურია და არც სპირალური, არასწორ გალაქტიკად იწოდება. მათ აქვთ უწესრიგო ფორმა, რაც ხშირად იმის გამოა, რომ მათ სიახლოვეს მდებარე სხვა გალაქტიკების გრავიტაციული ძალების გავლენას განიცდიან.

ზოგიერთი გალაქტიკა მარტოა ან მეწყვილე ჰყავს, მაგრამ უმეტესი მათგანი წარმოადგენს დიდი გაერთიანებების ნაწილს, რომლებიც ცნობილია, როგორც ჯგუფები, კლასტერები და სუპერკლასტერები.
adcd988461ea

გალაქტიკების გროვა „CL0024+1654″ 

2a71eb005c77

გალაქტიკების კომპაქტური ჯგუფი, რომელშიც შედის გალაქტიკები –
                     NGC 7319, NGC 7318A, NGC 7318B და NGC 7317 

 

ასეთ ჯგუფებში გალაქტიკები ერთმანეთთან ურთიერთქმედებენ და მიზიდულობის ძალის გამო ზოგჯერ ერთიანდებიან. 4 მილიარდ წელიწადში ჩვენი ირმის ნახტომის გალაქტიკა 2 მილიონი სინათლის წლის მოშორებით მყოფ ანდრომედას გალაქტიკას შეუერთდება და ამ პროცესის დანახვა თავისუფლად იქნება შესაძლებელი ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ცაზე.

b513ec6f795f

ანდრომედასა და ჩვენი გალაქტიკების შეჯახება (მხატვრის წარმოსახვა)

ეს გალაქტიკათშორისი პროცესები შეიძლება ბუნებრივი ევოლუციის ნაწილი იყოს, რომლის შედეგადაც არასწორი გალაქტიკები გარდაიქმნებიან და რომელიმე სხვა ფორმას იღებენ, სპირალური გალაქტიკები კი საბოლოოდ ელიფსური გალაქტიკები ხდებიან.

ბევრი ასტრონომის აზრით, გალაქტიკები დიდი აფეთქებიდან მალევე (200 მილიონ წელიწადში) წარმოიშვნენ. სამყაროს შექმნის მომენტიდან მილიწამებში აირის ღრუბლებმა დაიწყეს თავმოყრა, შემდეგ დაშლა და შეკუმშვა გრავიტაციის ქვეშ, რათა გალაქტიკების საშენი ბლოკები შექმნილიყო.

მეცნიერთა აზრი იყოფა იმაზე, თუ როგორ ჩამოყალიბდნენ თავდაპირველად გალაქტიკები. ზოგიერთის აზრით, პირველად გაჩნდა დაახლოებით 1 მილიონი ვარსკვლავის შემადგენლობის პატარა კლასტერები, რომლებიც ცნობილია, როგორც სფერული კლასტერები, მოგვიანებით კი გალაქტიკებად გარდაიქმნენ. მეორე ვერსიით, პირველად ჩამოყალიბდნენ გალაქტიკები და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეს მათში არსებულმა ვარსკვლავებმა თავმოყრა და პატარა კლასტერებად გაერთიანება.
წყარო: http://charliuss.wordpress.com/2012/06/29/galaxies

saladini

mikvars ucnaurobebi

მსგავსი ამბები

Back to top button