პირველ და სამ აპრილს ჩილეში ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. პირველი მიწისძვრის შედეგად წარმოიქმნა ცუნამი, რომლის სიმაღლეც ორ მეტრს აჭარბებდა. სასწრაფოდ მოახდინეს მილიონამდე ადამიანის ევაკუაცია. პოსტში გთავაზობთ მიწისძვრის შედეგების ამსახველ სურათებსა და ვიდეოებს.
პირველი მიწისქვეშა ბიძგები გასულ სამშაბათს, ადგილობრივი დროით 18:46 წუთზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი მდებარეობდა წყნარ ოკეანეში, ქალაქ იკიკედან (მოსახლეობა – 220 000 ადამიანი) ჩრდილო-დასავლეთით 83 კილომეტრში, 10 კმ სიღრმეზე.
ცუნამის პირველი ტალღა, რომელიც ძლიერი მიწისძვრის შედეგად წარმოიქმნა, ჩილეს სანაპიროს დაატყდა თავს და მისმა სიმაღლე ზოგიერთ რეგიონში ორ მეტრზე მეტს მიაღწია. ჩილეს ეროვნული სეისმოლოგიური ცენტრის ცნობით მიწისძვრის სიძლიერემ 8,2 მაგნიტუდას მიაღწია. სასწრაფოდ მოხდა მილიონამდე ადამიანის ევაკუირება. აღსანიშნავია, რომ ქალაქ არიკაში ევაკუაცია გაძნელდა ავტომანქანების უზარმაზარი რაოდენობის გამო – მოსახლეობამ დაიწყო ქალაქის დატოვება და ამის გამო გზაზე საცობი შეიქმნა.
მოსალოდნელი ცუნამის შესახებ გააფრთხილეს ეკვადორის, კოლუმბიის, პანამის, კოსტა-რიკის, სალვადორისა და ნიკარაგუის სანაპირო ზოლში მცხოვრები მოსახლეობაც.
მიწისძვრის შედეგად დაიღუპა ჩილეს 6 მოქალაქე, პერუში კი 9 ადამიანი დაშავდა. 2 600 მდე სახლი განადგურდა.
მეორე ძლიერი მიწისძვრა (7.8 ბალი) 4 აპრილს ღამით დაფიქსირდა. ეპიცენტრი ისევ ქალაქ იკიკედან სამხრეთით, 19 კილომეტრში, 20 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, სეისმოლოგების ცნობით, ცუნამის საშიშროება არ არსებობს.
ალბათ ყველას გვახსოვს, 2010 წელს ჩილეში მომხდარი მიწისძვრა, რომელიც გასული ნახევარი საუკუნის განმავლობაში ყველაზე ძლიერ მიწისძვრად დაასახელეს. მაშინ წარმოქმნილმა ცუნამმა 500-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.
რაც შეეხება მიზეზებს, ჩილეს ლითოსფეროს ფილების საზღვრების გასწვრივ განლაგებულია ე.წ. წყნაროკეანური ცეცხლოვანი რგოლი – 40 ათასი კილომეტრი სიგრძის ვულკანური სარტყელი. სარტყელი მდებარეობს წყნარ ოკეანეში და ეკვრის სამხრეთ და ჩრდილოთ ამერიკას ალიასკის სამხრეთ სანაპირომდე, შემდეგ მიმართულებას იცვლის იაპონიის, ფილიპინებისა და ინდონეზიისკენ და სრულდება ახალი გვინეის, ახალი ზელანდიისა და ოკეანეთის სამხრეთ-დასავლეთით არსებულ რეგიონებში. სწორედ ამ “ცეცხლოვან რგოლში” მდებარეობს პლანეტის ვულკანების უმრავლესობა და აქვე ფიქსირდება მიწისძვრების 90 %.
ვიდეო: ჩილეს მიწისძვრის შედეგად წარმოქმნილი ცუნამის გავრცელების კომპიუტერული სიმულაცია.
ვიდეო: მიწისძვრის შედეგად ნანგრევებში მოყოლილი ძაღლის გადარჩენა