არქივი

რაინდული სული

http://s019.radikal.ru/i615/1404/b2/2d09136f037e.jpg

შეიძლება ითქვას, რომ რაინდული სულისკვეთება ლაიტმოტივად გასდევს მთლიანად შუა საუკუნეების ეპოქას. ჯვაროსნული ლაშქრობები პირდაპირ ასოციაციას ქმნის შუა საუკუნეებთან, ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ მათში მონაწილე მებრძოლებმა სამუდამოდ დაიმკვიდრეს ადგილი მსოფლიო ლიტერატურაში, ხელოვნებასა და რაც მთავარია, ისტორიაში.

http://s019.radikal.ru/i615/1404/b2/2d09136f037e.jpg
ტამპლიერები

შუა საუკუნეების კულტურა ყველაზე მეტად რელიგიური და პოლიტიკური მოტივებითაა განპირობებული. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს იბადება რომანული, გოთიკური და სხვა საინტერესო, სტილი, მასშტაბურად არ იქმნება მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული ძეგლები და ხელოვნების ნიმუშები. ფინანსური და მატერიალური მიზნებიც წინა პლანზე იწევს. ეს ფაქტი ერთ-ერთ განმაპირობებელ მიზეზად მიმაჩნია, რაინდობის ინსტიტუტის ასე თვალსაჩინოდ წარმოჩენისა. ანუ, არაფერი ყოფილა რაინდობაზე უფრო აღმაფრთოვანებელი, რაც დაჩრდილავდა მის მნიშვნელობას.
საინტერესოა, საიდან იღებს სათავეს რაინდთა ინსტიტუტი. რთულია, და ალბათ შეუძლებელიც, იმის თქმა, თუ ვინ იყო პირველი რაინდი ისტორიაში, მაგრამ დაზუსტებით შეგვიძლია დავასახელოთ ტექსტი, რომელმაც სათავე დაუდო ლიტერატურას რაინდებზე; კაროლინთა სახელმწიფოს მეთაურმა, კარლოსმა გადაწყვიტა, რომ არაბი ამირას წინააღმდეგ დახმარებოდა ვესტგოთებს. მან ამალასთან ერთად გადაიარა იბერიის მიწები, ბრძოლაში დამარცხდა და უკან გამობრუნებულს ბასკებმა ამოუხოცეს ჯარი, რომლის მეთაური ვინმე როლანდი ყოფილა. სწორედ მის შესახებ იქმნება პირველი ცნობილი საერო ტექსტი, „სიმღერა როლანდზე“. სიდ კამპეადორი გახლდათ კასტილიელი რაინდი, რომელმაც სახელი რეკონკისტის, ქრისტიანების მიერ დაკარგული მიწების დაბრუნებისთვის ბრძოლის, დრო გაითქვა. ხალხმა მას „სიმღერა ჩემს სიდზე“ მიუძღვნა. ჯვაროსნული ლაშქრობების დროს უამრავი მსგავსი თემატიკის ტექსტი დაწერილა, რომელიც „ჯვაროსნული სიმღერების“ სახელით არის ცნობილი.

http://i023.radikal.ru/1404/89/b2555604dbd5.jpg

ფაქტი, რომ არსებობდა „რაიდთა სასულიერო ორდენი“, ხაზს უსვამს იმას, რომ რაინდები არა უბრალოდ წარსულის გმირები, არამედ იმთავითვე დაფასებულნი იყვნენ მათი თანამედროვეების მიერ. იმ პერიოდის მონაზონი დებდა სამ სამონაზვნო ფიცს: უბიწოების, სიღატაკისა და მორჩილებისას. შუა საუკუნეების რელიგიურმა გარემოებებმა და ჯვაროსნულმა ლაშქრობებმა კი საფუძველი ჩაუყარა მონაზონ-რაინდთა ინსტიტუტს. ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამ სამი ვალდებული ფიცის გარდა, კიდევ ერთს – ურწმუნოთაგან წმინდა მიწის დაცვის აღთქმას დებდნენ. ამ მძიმე ხვედრის დასაფასებლად რაინდთა რამდენიმე ორდენი არსებობდა, მათ შორისაა: მალტის, ტაძრის რაინდთა (ტამპლიერთა), ტევტორთა, კავალერთა და სხვა ორდენები.
რაინდის და თანამედროვე ადამიანის შედარებისას, ჩემი აზრით, განსხვავებას უფრო დიდს დავინახავთ, ვიდრე მსგავსებას. დღეს თუ ჩვენი ცხოვრების მიზანი არის სამსახური, ოჯახი, არსებობა და სიცოცხლე, მათი ღირსება იყო. თითქოს მიჭირს არჩევანის გაკეთება, რომელია უკეთესი ან უარესი, მაგრამ იმის თქმა, რომ რაინდული სულისკვეთება გასაოცრად რომანტიკული და მომაჯადოვებელია, თამამად შემიძლია. შორს რომ არ წავიდეთ, ჩვენთვის ასე საამაყო „ვეფხვისტყაოსანიც“ ხომ რაინდული მოტივებით ინსპირირებული და თავისი ეპოქისთვის თემატური პოემაა, თანაც ძალიან დახვეწილად და მაღალმხატვრულად შექმნილი. მახსოვს, როგორ ვდაობდით კლასში „ვეფხისტყაოსნის“ განხილვისას, იყო თუ არა მუდამ მომტირალი მოყმე ნამდვილი რაინდი. ერთი შეხედვით, ტირილი უღირსი საქციელია მამაკაცისთვის, მაგრამ ეს დღევანდილი გადმოსახედიდან ჩანს ასე. ჩემი აზრით, პერსონაჟის ამ ჭრილში განხილვისას, მეთორმეტე საუკუნის „ქუდი უნდა დაიხურო“, რათა სათანადოდ შეაფასო სიტუაცია.

http://s018.radikal.ru/i504/1404/2d/9d51da10223b.jpg

ჩემთვის საკვირველი ფენომენია კურლუაზიური სიყვარულის ისტორიები, უფრო სწორად ფაქტი, რომ იგი ასე ერთხმად მიღებული და გავრცელებული იყო. აშკარაა, რომ თითოეულ ეპოქას თავისი დამახასიათებელი შტრიხი აქვს, მაგრამ ასე გლობალურად იწერებოდეს ერთი და იგივე სიუჟეტის ტექსტები, ცოტა უცნაურად მეჩვენება. კურლუაზიური სიყვარულის ისტორიის ქვაკუთხედი არის რაინდის გრძნობა სულიერი და ფიზიკური მშვენიერებით გამორჩეული ქალის მიმართ. როგორც წესი, მამაკაცი მიდის ბრძოლაში, ან უბრალოდ გაურკვეველი მიმართულებით. ამით იგი სრულ მზადყოფნას აცხადებს სიყვარულის დასამტკიცებლად. ამ შემთვევაში, ჩნდება წარმოდგენა, რომ ქალი იერარქიულად მამაკაცზე ზემდგომია. იგი არაფერს აკეთებს, პირიქით მის გამო, ან უფრო ზუსტად – მისი ყურადღების მისაქცევად, აკეთებენ ყველაფერს, და ისიც უფრო მნიშვნელოვან ფიგურად წარმოჩნდება. თუ რაინდი მისთვის სიყვარულის, ერთგულების და მამაცობის დასამტკიცებლად სიცოცხლესაც კი არ იშურებს, ნიშნავს იმას, რომ იგი ქალისგან სანაცვლოდ საპასუხო გრძნობას ელის. მიუხედავად იმისა, რომ აქ ღალატთან და სისხლისღვრასთან გვაქვს საქმე, პუბლიკა მაინც მოხიბლული რჩება ასეთი სიყვარულის ისტორიით.

http://i024.radikal.ru/1404/3d/22ada6da2192.jpg

რაინდებს ბრძოლის წესების, ცხოვრების, ოჯახის, სიყვარულის, მოვალეობების განსხვავებული გაგება ჰქონდათ. განსხვავებული არა მხოლოდ ჩვენგან, 21-ე საუკუნის ადამიანებისგან, არამედ მათი თანამედროვე, „არარაინდი“ მოქალაქეებისგანაც. წარმოუდგენლად ჟღერს, მაგრამ ქალთან, თანაც გათხოვილ, არაპატიოსან ქალთან, დატოვებული ფიცი, თავზეხელაღებულ და უკომპრომისო არსებად აქცევდა რაინდს. მე კი ასოციაცია მიჩნდება, რომ მათი ასეთი საქციელის წმინდა მიზეზს, არა მართლა ქალის დაპატრონება, არამედ ხავსმოდებული ყოველდღიურობისგან გაქცევა და თავისუფლების მოპოვება წარმოადგენდა.

Back to top button