ეს ინფორმაცია ავტომწარმოებლებს ალბათ გაახარებდა, ეკოლოგებს კი საგონებელში ჩააგდებდა – მალე მსოფლიოს ბაზარზე წლიური გაყიდვები 100 მილიონს ასცდება. სააგენტო „დეტროიტ ფრი პრესის“ ინფორმაციით, ეს მალე 2018 წლამდე მოხდება. შედარებისთვის, წელს გაყიდვები 83 მილიონს მიაღწევს. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ გაყიდვების ასეთ ზრდას ჩინეთი კი არა, ამერიკული ბაზრის გამოცოცხლება განაპირბებს, რომელიც ისევ მსოფლიოს უდიდესი საავტომობილო ბაზარია.
ამერიკაში წელს გაყიდვები 15.5 მილიონს მიაღწევს და 2018 წლამდე ზრდას გააგრძელებს. თუმცა, ზრდის ტემპები შემცირდება, რადგან ბაზარი გაჯერებისკენ მიდის. მსოფლიო ბაზარზე გაყიდვები ოთხ წელიწადში დაახლოებით 21 მილიონით გაიზრდება და ამ მატების დაკმაყოფილება არ იქნება იოლი.
ამერიკის გარდა, გაყიდვების ზრდას მალე ევროპაშიც ვარაუდობენ, სადაც ამჟამად ბაზარზე სტაგნაციაა. ზრდის მთავარი მამოძრავებელი კი ევროპული ეკონომიკის მოსალოდნელი გაჯანსაღებაა. თავის მხრივ, ამას უმუშევრობის დონის შემცირება და გაყიდვების ზრდა მოჰყვება. თუმცა ევროპაში გაყიდვების ზრდა, გლობალურ სურათზე მნიშვნელოვან გავლენას მაინც ვერ იქონიებს.
ამერიკის გარდა, ამის პრეროგატივა ჩინეთსაც ეკუთვნის, რომელიც ადრე თუ გვიან, მყარად დაისაკუთრებს მსოფლიოს უდიდესი საავტომობილო ბაზრის სტატუსს.
ანალიტიკური კომპანია „IHS ავტომოტივი“ ვარაუდობს, რომ მსოფლიო ბაზრის მოცულობის ზრდა, ამერიკიდან ავტომობილების ექსპორტს 2 მილიონით გაზრდის. მაგრამ კომპანია პრობლემას ხედავს იმაში, რომ ამერიკული კომპანიები ამერიკაშივე დიდ ინვესტიციებს არ გეგმავენ.